საქმე №ას-1222-2024 27 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „კ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „კ.ს–ი“ (შემდეგ - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს „თ.პ–ის“ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 130 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ გადახდილი 3050 ლარი და მეორე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ გადახდილი 2440 ლარი.
2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნაა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის ანაზღაურება. ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების საგანი უძრავი ნივთია, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და არა - ამავე მუხლით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხონის 6-წლიანი ვადა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საფასური სრულად არ ჰქონდა გადახდილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების შეთანხმებული საფასურის სრულად გადახდის თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლს. ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის მისაღებად შემდეგი წინაპირობები უნდა შესრულდეს: ა) ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა.
8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადავო არ არის. დადგენილია, ისიც რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე აღირიცხა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მან ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად შეასრულა.
9. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს გადაუხადოს ნასყიდობის შეთანხმებული ფასი. ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, მყიდველს ეკისრება. მოპასუხემ შესრულებული ვალდებულების დადასტურების მიზნით მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ნასყიდობის თანხა მოსარჩელეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადასცა. მოსარჩელე კომპანიის ბენეფიციარები იღებდნენ თანხებს მოპასუხისგან და ეს სწორედ ის თანხა იყო, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა. ამ ფაქტის დასადასტურებლად წარდგენილი ხუთი ხელშეკრულებიდან სამი უკავშირდება მოპასუხის მიერ სესხის აღებას, ხოლო ორი - მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისებას. შესაბამისად, ხელშეკრულებები მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტს არ ადასტურებს. მოპასუხის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასამტკიცებლად კი, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მყიდველმა 2018 წლის 9 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი ვერ დაადასტურა. შესაბამისად, 130 000.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილია.
10. რაც შეეხება მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით (მყიდველისათვის ნაყიდი ნივთისა და ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა) ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რაკი მოთხოვნა უკავშირდება ნასყიდობის საფასურის გადახდას და არა - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას, დადგენას ანდა გაუქმებას, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელდეს. სსკ-ის 129.1 მუხლით (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს) კანონმდებელმა, პირველ წინადადებაში მითითებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისგან გამიჯნა იმ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს და აქედან წარმოშობილ მოთხოვნებს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 129.1 მუხლის მეორე წინადადებით წესრიგდება.
12. საკასაციო პალატის განმარტებით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) აკისრია უფლება-მოვალეობები, ანუ ნასყიდობაში ვლინდება მხარეთა თანხვდენილი ვალდებულებები: გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა. შესაბამისად, მასზე სსკ-ის 129.1 მუხლის მოწესრიგება უნდა გავრცელდეს, რომელიც სწორედ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვსწლიან ვადას განსაზღვრავს (იხ.: სუსგ №ას-1344-2018, 05.04.2019წ.).
13. პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებასთან მიმართებით, კერძოდ, მხარეთა შორის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო 2018 წლის 9 მარტს, ამ ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხე ამ თარიღიდანვე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ნასყიდობის საფასურის ბოლო ნაწილის გადახდა უკავშირდებოდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე მშენებლობის დაწყებას. მყიდველმა გაასხვისა რა უძრავი ქონება, რაც საჯარო რეესტრში 2018 წლის 26 აისახა, ამ თარიღიდან ცხადი გახდა, რომ მშენებლობის დაწყების ვალდებულება მოპასუხის მიერ ვეღარ შესრულდებოდა და მოსარჩელეს უკვე ჰქონდა შესაბამისი თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2022 წლის 2 ნოემბერს, ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს მყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის - 130 000.00 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „კ.ს–ის“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.თ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება N 24374158317, გადახდის თარიღი - 29.10.2024 ), 70% - 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა