საქმე №ა-7440-შ-178-2024 13 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ბ–ძე
დოკუმენტი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ნეა იონიის მომრიგებელი სასამართლოს N49/2024 განკარგულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 31 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა გ.ბ–ძის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ ნეა იონიის მომრიგებელი სასამართლოს მიერ გაიცა განკარგულება N49/2024, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი - გ.ბ–ძე არის ერთადერთი ანდირძისმიერი მემკვიდრე ნ.გ-ის (მამის სახელი: კ.) მთლიან მოძრავ და უძრავ ქონებაზე, რომელიც გარდაიცვალა 2022 წლის 05 ივნისს საავადმყოფო დაწესებულებაში ,,ი ელპის''-ში, მდებარე ...... ქუჩა N7, ათენში მცხოვრები სიცოცხლეში ნ. ფ–ას, ატიკა, ........ ქ. N89. საქმე განხილულ იქნა, გადაწყდა და გამოქვეყნდა რიგგარეშე საჯარო სასამართლოს სხდომაზე ნეა იონიაში ატიკაში 27.08.2024 წელს. მითითებული განკარგულებით დგინდება, რომ განმცხადებელმა მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რომელიც ადასტურებს მის სამკვიდრო უფლებას გარდაცვლილი მეუღლის ნ.გ-ის მემკვიდრეობაზე, რომელმაც დატოვა N15476/24-1-2020 საჯარო ანდრეძი. აღნიშნული ანდერძით გარდაცვლილმა პირმა თავის ერთადერთ მემკვიდრედ თავის მთლიან მოძრავ და უძრავ ქონებაზე დატოვა და დაასახელა განმცხადებელი - თავისი მეუღლე.
შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად 01.03.2013 წლიდან 07.11.2024 წლამდე არ არის გაცემული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მოხსნილია, გამოცხადებულია ძალადაკარგულად, შესწორებულია ან გაუქმებულია მემკვიდრეობაზე მამკვიდრებლის ნ. გ-ის უფლებები, რაც აღნიშნულია N49/27-08-2024 წლის განკარგულებაში სამკვიდრო მოწმობის შესახებ, გაცემული ნეა იონიის მომრიგებელი სასამართლოს მიერ.
შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ნეა იონიის მომრიგებელი სასამართლოს N49/2024 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძეს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სამკვიდროს მიღება და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.
სსსკ-ის მე-11 მუხლის ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სუსგ საქმე №ა-2824-შ-78-2023, 01.06.2023წ.; ა-1745-შ-44-2019, 16 აპრილი, 2019 წელი; ა-6404-შ-155-2022, 6 დეკემბრი, 2022 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 186-ე, 187-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ბ–ძეს უარი ეთქვას ნეა იონიის მომრიგებელი სასამართლოს N49/2024 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შაუმდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე