Facebook Twitter

საქმე №ას-177-2023 31 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) და ი.წ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი) შორის, 2018 წლის 12 სექტემბერს, დაიდო N5719888 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 9258.44 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 16% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%, ხოლო დაზღვევის მართვის საკომისიო, ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით.

2. მსესხებლის მიერ 2020 წლის 25 ივნისიდან დაირღვა ნაკისრი ვალდებულება. მსესხებლის დავალიანება 2018 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 7885.76 ლარს საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 6518.31 ლარი, სარგებელი - 929.76 ლარი, პირგასამტეხლო - 372.59 ლარი, ხოლო საკომისიო - 65.10 ლარი.

3. სს „ს.ბ–სა“ და ი.წ–ს შორის, 2019 წლის 25 სექტემბერს დაიდო N6389565 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 816.33 ლარის ოდენობით, 15 თვის ვადით, წლიური 5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის

0.5%-ის ოდენობით.

4. მსესხებელს თანხა, 2020 წლის 26 ივნისის შემდგომ, არ გადაუხდია. შესაბამისად, N6389565 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1097.22 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 701.70 ლარი, სარგებელი - 91.17 ლარი, პირგასამტეხლო - 241.80.

6. მოსარჩელემ, 2021 წლის 5 აპრილს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე, 2022 წლის 1 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში. ამასთან, შექმნილი პანდემიის გათვალისწინებით, ი.წ–ი მიიჩნევს, რომ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით ბანკის მოთხოვნა არის ამორალური, რაც შეეხება გამარტივებულ წარმოებას, ის არ იყო თანახმა აღნიშნულზე, რაც გახდა სააღსრულებო ბიუროსთვის პროტესტით მიმართვის საფუძველი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი.წ–ს 2018 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 7613.17 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 6518.31 ლარი, სარგებელი - 929.76 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი და საკომისიო - 65.10 ლარი. ი.წ–ს 2018 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი თანხა - 6518.31 ლარზე, წლიური სარგებლის 16%-ის გადახდა დაეკისრა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.85 ლარს. ი.წ–ს 2019 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 842.87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 701.70 ლარი, სარგებელი - 91.17 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 417-ე-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე და 867-ე მუხლები გამოიყენა.

9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები) და უარყო აპელანტის პრეტენზია, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია და ამასთან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა განხორციელდა მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად შემოსავლის წყარო.

10.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ფაქტზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე

10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი – სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი – სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის „პირობის თეორიიდან“, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.).

10.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ პანდემიის არსებობა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში გაფორმდა, ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას, ან მოვალე გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულების მატარებელმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან. პალატამ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომ მან პანდემიის საფუძველზე დაკარგა სამსახური, თუმცა საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოპასუხეს არც მისი შემოსავლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი წარმოუდგენია. მართალია, მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების სახეს წარმოადგენს, თუმცა ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას, სასამართლო საკუთარ მსჯელობას მხოლოდ მხარის ზეპირ განმარტებებს ვერ დააყრდნობს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა მისი მტკიცების ტვირთის სფეროში შემავალი იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ გავლენა იქონია მის შესასრულებელ ვალდებულებაზე და არსებობდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

11.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ არ იქნა განხილული და გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობა, გარემოება რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო მხარის მიერ, ანუ ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც კანონით და საერთაშორისო პრაქტიკით ხელშეკრულების ვადის გადატანას (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს ვალდებულების შესრულებისგან. კერძოდ 2020 წლის 29 მარტის მთავრობის დადგენილებით ოფიციალურად გამოცხადდა პანდემია, რის გამოც მოხდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ვარდნა, დაიხურა მთელი რიგი სამსახურები და ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე. მოპასუხე 2020 წლის ივლისის ჩათვლით პირნათლად ასრულებდა მასზე სესხის ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო ივლისის თვიდან დარჩა უმუშევარი და ვეღარ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიერ სასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა სარჩელის მოთხოვნა ორივე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პროცენტს, პირგასამტეხლოსა და განსაკუთრებით მიუღებელ შემოსავალს, დააფიქსირა პოზიცია, რაც სასამართლოს მიერ არც გამოკვლეულა და არ გათვალისწინებულა გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო და ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს, დაუბრუნდეს უკან სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხების შესწავლისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

19. მოპასუხე/კასატორი უთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობა, გარემოება რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო მხარის მიერ, ანუ ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც კანონით და საერთაშორისო პრაქტიკით ხელშეკრულების ვადის გადატანას (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს ვალდებულების შესრულებისგან. კერძოდ 2020 წლის 29 მარტის მთავრობის დადგენილებით ოფიციალურად გამოცხადდა პანდემია, რის გამოც მოხდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ვარდნა, დაიხურა მთელი რიგი სამსახურები და ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე. ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხე მხარეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, რაიმე კანონიერი ძალის მქონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატა მიუთითებს აპელანტის განმარტებაზე, რომ მან პანდემიის საფუძველზე დაკარგა სამსახური, თუმცა საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მართალია, მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების სახეს წარმოადგენს, თუმცა ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას, სასამართლო საკუთარ მსჯელობას მხოლოდ მხარის ზეპირ განმარტებებს ვერ დააყრდნობს. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (იხ., სუსგ Nას-950-2022, 05 დეკემბერი, 2023წ.). თუმცა, პანდემიის არსებობა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც პანდემიის პერიოდში წარმოიშვა ან რომლის შესრულების დრო იმ პერიოდში დადგა, უპირობოდ ათავისუფლებს მოვალეს ვალდებულების შესრულებისგან. მოვალემ, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ., სუსგ-ები Nას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022წ.; Nას-1585-2022, 12 ივნისი, 2023წ.).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (იხ. სუსგ-ები №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მტკიცებულება, რომლითაც მოვალე დაადასტურებდა, რომ ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან სწორედ დაუძლეველი ძალის გამო (vis major) ვერ შესრულდა, საქმეში არ მოიპოვება. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მოვალის მხარეზეა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხ.). შესაბამისად, მსოფლიოში გავრცელებულ COVID პანდემიასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის დაუდასტურებლობის პირობებში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არ იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

21. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.წ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი ია ბახტაძე პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (საგადასახადო დავალება N16984877084, გადახდის თარიღი 05.05.2023), 70% –210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი