საქმე №ას-212-2024 27 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.კ.ჩ–ძე, ს.მ.ს.რ.ვ–ეს, ნ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. დ.ბ–იამ (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ლ.კ.ჩ–ძის (შემდგომში - პირველი მოპასუხე), ს.მ.ს.რ.ვ–ესა (შემდგომში - მეორე მოპასუხე) და ნ.ბ–ის (შემდგომში - მესამე მოპასუხე) მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხე ნ.ბ–ს შორის, 2011 წლის 17 თებერვალს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 4 თვის ვადით გამოსყიდვის უფლებით, თუმცა ფაქტობრივად იყო სესხის ხელშეკრულება, დაფარული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოსარჩელემ ვერ გადაიხადა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რის გამოც ის და ნ.ბ–ი შეთანხმდნენ, რომ თანხას ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა და სესხის სრულად გადახდის შემდეგ ნ.ბ–ი უძრავ ქონებას – საცხოვრებელ ბინას უკან გადაუფორმებდა. აღნიშნულის საფუძველზე, სესხის დაფარვის მიზნით, მოსარჩელის მეუღლე თ.ც–ძემ ნ.ბ–ს საბანკო ანგარიშსწორებით ჩაურიცხა 11 450 აშშ დოლარი;
2.2. მოსარჩელემ ვალი ვერ გადაიხადა და გადაწყვიტა ბინის გაყიდვა შესაბამის ფასად. მაკლერმა ჟ.ზ–ომ აცნობა, რომ ვინმე საფრანგეთის მოქალაქეებს სურდათ ამ ბინის შეძენა 100 000 აშშ დოლარად, თუმცა ამ შეთავაზებას არ დაეთანხმა. მან დაადგინა, ბინის შემძენის ვინაობა, ეს აღმოჩნდა ლ.კ.ჩ–ძე, რომელსაც დაურეკა და გააფრთხილა, რომ 100 000 აშშ დოლარზე გაცილებით მეტი ღირდა უძრავი ქონება;
2.3. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ იყო თანახმა, შეთავაზებულ ფასზე, ბინა მაინც გაიყიდა, რითაც მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან მას სესხის სახით აღებული ჰქონდა 63 250 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი - 11 450 აშშ დოლარი გადაიხადა, გადასახდელი დარჩა 51 800 აშშ დოლარი, სანაცვლოდ მოპასუხეებმა ფაქტობრივად წაართვეს 381 515 აშშ დოლარად ღირებული ბინა. მოპასუხეები მის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, რითაც მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი;
2.4. მოსარჩელეს დღემდე საცხოვრებელი ბინა არ გამოუთავისუფლებია, სადაც დღეისთვისაც მისი ნივთები აწყვია, ხოლო სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
2.5. მოსარჩელემ დარღვეული უფლებების აღსადგენად მიმართა სასამართლოს და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. ნ.ბ–ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, გაასაჩივრა ლ.კ.ჩ–ძემ დას.მ.ს.რ.ვ–ესმა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2013 წლის 7 ოქტომბერს, მიიღო წარმოებაში საკასაციო საჩივარი და, 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, დააკმაყოფილა, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია;
2.6. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2011 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებაში მითითებული მისი საცხოვრებელი სახლის ღირებულება იმ დროისათვის შეფასდა 381 515 აშშ დოლარად (დღეისათვის უფრო ძვირია), სესხის ოდენობა კი შეადგენდა 63 250 აშშ დოლარს, რომლის ნაწილი 11 450 აშშ დოლარი ნ.ბ–ს გადაუხადა. ამდენად, მას მიადგა 329 715 აშშ დოლარის ზიანი (381515-51800=329715) და მის ხარჯზე მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ 329 715 აშშ დოლარით;
2.7. მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივად არა ნასყიდობის, არამედ, სესხის ხელშეკრულება დაიდო, ამას მოწმობს ისიც, რომ იმავე წელს გადაიხადა სესხის ნაწილი – 2 000 აშშ დოლარი. როდესაც გაიგო მყიდველის შესახებ, მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის გამოყენებაზეც, თუმცა ვერ მოესწრო, ნ.ბ–მა, შაბათს, სასწრაფო წესით გაასხვისა ქონება 100 000 აშშ დოლარად;
2.8. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 11 წელია, რაც სადავო ბინაში აწყვია მისი ნივთები. მან პირადადაც ინახულა ლ.კ.ჩ–ძე, თუმცა, მოპასუხე არ დაეთანხმა და მაინც იყიდა სადავო ბინა. მიუხედავად იმისა, საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მან წააგო დავა, რადგან ლ.კ.ჩ–ძე კეთილსინდისიერ შემძენად იქნა მიჩნეული, ცხადია, უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, რადგან 3-4 ჯერ უფრო იაფად შეიძინეს ქონება;
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მათთვის უცნობი იყო ბინის მიმართ დ.ბ–იასა და ნ.ბ–ს შორის არსებული ურთიერთობებისა და დავის შესახებ. ლ.კ.ჩ–ძემ, სურდა რა საცხოვრებელი ბინის შეძენა, მაკლერ ჟ.ზ–ოს ჩაურიცხა 100 000 აშშ დოლარი, რომელმაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ლ ჩხაიძის სახელით შეიძინა ბინა ნ.ბ–ისაგან;
3.2. მოპასუხეები ვერ სარგებლობენ ბინით მიმდინარე დავების გამო. ლ.კ.ჩ–ძემ ბინა შეიძინა კანონიერად, არ დაუდია რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა დ.ბ–იასთან. მაკლერმა აჩვენა ბინა კარგ უბანში, მოეწონა და იყიდა, რაშიც გადაიხადა 100 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მას მოსარჩელისათვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია და არც უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა;
3.3. ამჟამად დ.ბ–იას ნივთები მხოლოდ სარდაფშია განთავსებული, არ მიაქვს და არ ათავისუფლებს, რაზედაც მოპასუხემ აღძრა სარჩელი ხელშეშლის აკრძალვისა და ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა;
3.4. დ.ბ–იას სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეები კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, დ.ბ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით, დ.ბ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ იმსჯელა დ.ბ–იას მეუღლე თ.ც–ძის მიერ ვალის დაფარვის მიზნით გადახდილ 11 450 აშშ დოლარის შესახებ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
10. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.
11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
11.1. დ.ბ–იასა (გამყიდველი) და ნ.ბ–ს (მყიდველი) შორის 17.02.2011წ. სანოტარო წესით დაიდო №110141942 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების საგანი იყო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ......., ს.კ-ით ......... მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 63 250 აშშ დოლარად - 111 946,175 ლარად. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა სრულუფლებიან მესაკუთრედ. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველმა სრულად გადასცა გამყიდველს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის, ხოლო გამყიდველმა მიიღო თანხა;
11.2. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის მიხედვით, დ.ბ–იამ ვერ მოახერხა სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვა, რის გამოც 23.02.2011 წელს აღირიცხა ნ.ბ–ის საკუთრებაში, რომელმაც, თავის მხრივ, 16.06.2012 წელს 100 000 აშშ დოლარად, სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა ლ.კ.ჩ–ძესა დას.მ.ს.რ.ვ–ეს;
11.3. დ.ბ–იამ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სადავოდ გახადა მხარეთა შორის 17.02.2011 წელს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება და 16.06.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, მათი ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა. მოსარჩელე აღნიშნული გარიგებების ბათილობას მათი თვალთმაქცური ხასიათისა და შემძენის არაკეთილსინდისიერების მოტივით ითხოვდა.
11.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ-კ.ჩ–ძისა და ს.მ.ს.რ-ვ–ეს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე დ.ბ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-44, 198; ტომი 2, ს.ფ. 8-30);
11.5. ლ.კ.ჩ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე დ.ბ–იას მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ქმედების დავალდებულებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.03.2017 წლის გადაწყვეტილებით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 38-46). ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, დ.ბ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით - დ.ბ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ უსაფუძვლობას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა განაპირობებს.
13. სსკ-ის 976-ე მუხლი ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, კერძოდ, შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების შესასრულებლად. ეს ნორმა მოიცავს შემთხვევებს, რომელშიც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, ასევე ბათილი ან არშემდგარი ხელშეკრულებების უკუქცევის შემთხვევებს. ზემოხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის უფლების წინაპირობებს. მოთხოვნის უფლების მოცულობა კი გამომდინარეობს სსკ-ის 979-ე-981-ე მუხლებიდან. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების წინაპირობებია: ა) მიმღებისათვის რაღაცის გადაცემა (გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება შეგნებულად და ნებაყოფლობით); ბ) შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა; გ) მიმღების გამდიდრება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოსარჩელის მიერ თითქოსდა მოპასუხეებისთვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა, ანუ თანხის ვალდებულების გარეშე გადახდის ფაქტობრივი გარემოება, არ არის დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, ვერ აბათილებს კასატორი. როგორც ზემოთ აღინიშნა, შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს). განსახილველ საქმეში კი ასეთი მხარე პირველი და მეორე მოპასუხეები არიან, რომელთაც კვალიფიციურად და ამომწურავად განახორციელეს შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი შესატყვისი მტკიცებულებებით გაამყარეს. ამის საპირისპიროდ კი კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, მოპასუხეთა მიერ მითითებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხველი გარემოებები არ დაუსახელებია და საკასაციო საჩივარში ასახული პრეტენზიები არ დაუმტკიცებია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში.
16. სსკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე (შეად.სუსგ-ას №ას-479-2021, 15.10.2021 წ.). სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... (იხ. სუსგ №ას-403-2020, 18.11.2021 წ.). სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (იხ., მ. ახალაძე „უსაფუძვლო გამდიდრება,“ თბილისი, 2018, გვ: 16- 17).
17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ 2011 წლის 17 თებერვლის ნ.ბ–სა და დ.ბ–იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და 2012 წლის 16 ივნისის ნ.ბ–სა და ლ.კ.ჩ–ძეს,ს.მ.ს.რ.ვ–ესს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებას აქვს იურიდიული ძალა, შესაბამისად, იგი არის ნამდვილი ნების გამოვლინების შედეგი და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებების შედეგებიც ნამდვილია და ძალა აქვს. სადავო ქონების მესაკუთრეები არიან ლ.კ.ჩ–ძე და ს.მ.ს.რ.ვ–ესი. ამდენად, მოპასუხეების მიერ დამტკიცებულია, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები, სადავო გარიგებები ნამდვილია და არა თვალთმაქცური; ამდენად, არ გამოვლენილა მოპასუხეების გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და ისინი ვალდებული არ არიან ამ უკანასკნელს სსკ-ის 982.1 მუხლის საფუძველზე აუნაზღაურონ უძრავი ქონების ნაწილის ღირებულება. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ, როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანი გულისხმობს, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სსამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის საქმე №ას-472-448-2013 გადაწყვეტილება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა სწორად არის გადაწყვეტილი, და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს,
21. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. დ.ბ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი