Facebook Twitter

საქმე №ას-891-2023 27 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ი–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ.ა.კ.ღ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.მ.ა.კ.ღ–იმ (შემდგომში - „მოსარჩელე“, მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ი–ვის (შემდგომში „მოპასუხე“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის“ ავტორი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ს.მ.ა.კ.ღ–იმ 2019 წელს 17 ივნისს, ამერიკიდან შემოიყვანა და საქართველოში დაარეგისტრირა ავტომობილი: BMW, ტიპი სედანი, მოდელი: 535I, საიდენტიფიკაციო კოდი: ......., სახელმწიფო ნომერი: ....... აღნიშნული ავტომობილის აშშ-ში შეძენაში, საქართველოში ჩამოყვანასა და რეგისტრაციაში სულ გადაიხადა 15 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში.

2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული ავტომობილი, ხოლო დ.ი–ვმა იკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

2.3. მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და არაკვალიფიციური შესაგებელი წარადგინა, რომლითაც განმარტა, რომ ნასყიდობის ფასი გადაიხადა ზედმეტობით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ს.მ.ა.კ.ღ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ.ი–ვს, ს.მ.ა.კ.ღ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დ.ი–ვმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, შეაფასა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელს დაუპირისპირა ის არგუმენტი, რომ მას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული და საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა კიდეც გარკვეული მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე აპელირებდა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტზე, იგი აღიარებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობას. ამასთან, ნიშანდობლივი იყო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნასყიდობის ფასი მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

5.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში, აღიარებული ფაქტობრივი გარემოების შემდგომი უარყოფის უფლება მხარეს წარმოეშობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შეძლებს გამოვლენილი ნების ნაკლის დადასტურებას. პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტს ნების ნაკლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.მ.ა.კ.ღ–სა და დ.ი–ვს შორის, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომობილზე - BMW; სედანი, მოდელი: 535I, სატრანსპორტო საშ. საიდენტიფიკაციო კოდი: ......., სახელმწიფო ნომერი: ......., და ნასყიდობის საფასურად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი.

5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურების პირობებში, მისი შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა, რომელსაც უნდა ამტკიცებინა ვალდებულების შესრულების, მისი შესრულების მოთხოვნის გამომრიცხავი ან დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა.

5.5. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ, ყურადღება მიაპყრო მოპასუხის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერს, რომელზეც მხარე თანხის გადახდის შესახებ შედავებას აფუძნებდა. თუმცა, მტკიცებულების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ს.მ.ა.კ.ღ–ის გადაერიცხა 9 873 აშშ დოლარი, თუმცა დოკუმენტში ტრანზაქციის განმახორციელებელ პირად მითითებული იყო ნ.ზ–ი, ამასთან გადარიცხვის დანიშნულება იყო პირადი. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ 5020 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ ინვოისებს, სადაც გადამხდელად მითითებული იყო ნ.ი–ვი (მოპასუხის მამა). აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის ოჯახის წევრსა და მოსარჩელეს ჰქონდათ ხანგრძლივი ბიზნესურთიერთობა, მოპასუხის ანგარიშიდან მოსარჩელესთან თანხის გადარიცხვას შესაძლოა ჰქონოდა სრულიად სხვა დანიშნულება, ვიდრე ავტომობილის საფასურის დაფარვაა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.ი–ვმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია.

6.2. კასატორის მტკიცებით, მან სასამართლოში წარადგინა გადახდის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტი, კერძოდ, 2019 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული ქვითარი, რომლითაც დგინდებოდა 9 873 აშშ დოლარის თურქეთიდან შპს „კ–ოს“ საშუალებით გადარიცხვა და 2020 წლის 11 მარტის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი თიბისი ბანკიდან, სადაც მითითებული იყო 5000 აშშ დოლარის მოსარჩელისადმი გადარიცხვის ფაქტი, რაც კასატორის აზრით, ადასტურებდა ვალდებულების შესრულებას.

6.3. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია, რომ 14 873 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა, გადახდილი იყო ამ ინვოისების საფუძველზე, რომელთანაც მოპასუხეს შეხება არ აქვს, თუმცა გაუგებარია, რატომ უარყო საბანკო ამონაწერი და ჩარიცხვის ქვითრები, რომელიც ადასტურებდა საფასურის გადახდას.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა სასამართლო შესაგებელში მითითებულ გარემოებას მხარის აღიარებად მიიჩნევდა თუ არა, მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხის პოზიცია, როდესაც მან წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც სასამართლოს უნდა მიეღო მხედველობაში.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, დ.ი–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 19.08.2019წ. მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუფორმა და გადასცა საკუთრების უფლება ავტომობილზე - BMW; სედანი, მოდელი: 535I, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდი: ......., სახელმწიფო ნომერი: ........

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ზეპირად დადებული, მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული ფასის მყიდველის მიერ გადახდის ნამდვილობა.

13. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ობიექტური და სამართლიანი განაწილების პირობებში, ყოველთვის მყიდველის მხარეზეა (იხ. სუსგ. №ას-864-864-2018 30.04.2020წ). აღნიშნული გარემოების მტკიცების მიზნებისათვის, კანონი არ უთითებს მტკიცებულების რომელიმე კონკრეტულ სახეზე, არამედ, სადავო გარემოება შეიძლება დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით _ მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ).

14. მოსარჩელის მიერ ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დადასტურდა და არც საკასაციო საჩივარი შეიცავს საპირისპირო გარემოების მამტკიცებელ გარემოებას, მოსარჩელემ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი დაადასტურა, რა დროსაც ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, მოპასუხის მხარეზე გადავიდა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე, ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით.

15. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა 2019 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული ქვითარი, რომლითაც დგინდებოდა 9 873 აშშ დოლარის თურქეთიდან შპს „კ–ოს“ საშუალებით გადარიცხვა და 2020 წლის 11 მარტის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი თიბისი ბანკიდან, სადაც მითითებული იყო 5000 აშშ დოლარის მოსარჩელისადმი გადარიცხვის ფაქტი, რაც კასატორის აზრით, ადასტურებდა ვალდებულების შესრულებას. მოხმობილ მტკიცებულებებთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებამდე, ძირითად შემთხვევაში, მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებდნენ კონტრაჰენტის პიროვნებას ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ თუმცა ამის შესახებ უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება (იხ. სუსგ. №ას-1003-924-2017, 01.12.2017წ). კასატორის მიერ მოხმობილი მტკიცებულებებიდან ერთ შემთხვევაში გადამხდელია ნ.ი–ვი (დ.ი–ვის მამა), ხოლო მეორე შემთხვევაში ნ.ზ–ი, რომლის ვინაობა და მოპასუხესთან კავშირიც საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ნიშანდობლივია, რომ მოხმობილ მტკიცებულებაში არა მხოლოდ გადამხდელთა ვინაობაა განსხვავებული, არამედ არ არის მითითებული გადახდის დანიშნულება (ავტომანქანის შეძენა, ნასყიდობის საფასურის გადახდა, დ.ი–ვის ნასყიდობის თანხის გადახდა და ა.შ.), (პირადი დანიშნულებითაა გადახდილი), ამასთან, ხაზგასასმელია, რომ გადახდილი თანხების ჯამი (9 873 აშშ დოლარი და 5020 აშშ დოლარი სულ 14 893 აშშ დოლარი) არ ემთხვევა სარჩელში მითითებულ იმ ნასყიდობის საფასურს, რომლის ოდენობაც მოპასუხის მხრიდან შედავებული არ ყოფილა (15 000 აშშ დოლარი), ამგვარი შეუსაბამობის ფაქტი კი, მოპასუხეს სათანადო, განკუთვნადი, რელევანტური და დასაბუთებული მტკიცებულებების წარმოდგენის გზით არ აუხსნია, რაც მისი საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობას მოწმობს.

16. საკასაციო პალატა მხარეს განმეორებით განუმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულებულად ცნობისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ვალდებულების შემსრულებელ პირსა და მოვალეს შორის კავშირი, ამასთან, სწორედ იმ ვალდებულების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდა, რასაც მხარეს ედავებიან. ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში, აბსოლუტურად არარელევანტურია იმის კვლევა მოპასუხის მამას მოსარჩელესთან რა სახის ბიზნესურთიერთობა ჰქონდა, ვინაიდან ამ გარემოების დადასტურების თუ დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა და შესაბამისად ვერც ვალდებულების შესრულება დადასტურდება, ამიტომ პალატა მიიჩნევს რომ კასატორის ეს პრეტენზიაც უადგილოა. იდენტური დასაბუთებითაა უარსაყოფი კასატორის ის პრეტენზიაც, რომელიც მის მიერ შესაგებელში განხორციელებული აღიარების გაქარწყლებას მიემართება, ვინაიდან მისი გაქარწყლებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი (რისი საფუძველიც არ არსებობს), საქმის მასალებში არ მოიძებნება განკუთვნადი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მტკიცების ტვირთის დაძლეულად მიჩნევის შესაძლებლობას მოგვცემდა.

17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმების სასამართლოს მიერ განსაზღვრის არამართებულობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებული პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (იხ. სუსგ. საქმე №ას-1448-2023, 2024 წლის 20 მაისი).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელემ დაამტკიცა მხარეთა შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქვითრებით გადახდილი თანხა ა) მიემართებოდა მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის გადახდას და ბ) მასსა და ქვითრებში ასახულ გადამხდელებს შორის არსებობდა სამართლებრივი კავშირი, რის გამოც სარჩელი სრულიად მართებულად დაკმაყოფილდა.

19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა 2023 წლის 28 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 585 ლარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დარჩენილი ბაჟის გადახდის ვალდებულება გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის ოდენობა (30%) 587,25 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბაჟი გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ.ი–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი