საქმე №ას-1098-2022 17 იანვარი 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს.მ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 10 მაისს მოსარჩელე შპს „ს.მ–იასა“ და მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3-278/19 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები დააზღვია მოპასუხესთან.
2.2. 2019 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, დედოფლისწყარო-ფიროსმანის საავტომობილო გზაზე ჩავარდა სანიაღვრე არხში, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული, FOTON TUNLAND-ის მარკის ავტომობილი, რეგისტრაციის ნომერი GE035AM. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ჩაძინებამ.
2.3. მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის გამო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხემ მიუთითა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ იმ განმარტებებზე, რომელთა მიხედვით, ჩაძინება შეფასებულია, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა. მოპასუხემ დასძინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართის მიხედვით, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 15 506.98 ლარით. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, ამ თანხას არ შეიძლება აღემატებოდეს სადაზღვევო ანაზღაურება. სარჩელით მოთხოვნილი თანხა კი აღემატება სადაზღვევო ანაზღაურების თანხას.
3.3. მოპასუხე არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას ზიანის ოდენობის შესახებ, ვინაიდან მას არ ჰქონდა საქმისთვის მნიშვნელობა, რადგან არ დგინდებოდა ლოგიკური კავშირი ავარიით დამდგარ ზიანსა და ექსპერტის დასკვნით შეფასებულ ზიანს შორის.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს.მ–იის“ სარჩელი მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების სახით, დაეკისრა 15 506.98 ლარი. მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, 1 705.55 ლარი.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზღვეული ავტომანქანის მძღოლს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოუწვევია მისი მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მძღოლის ქმედება (ჩაძინება) არ გამორიცხავდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობას.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება და განმარტა, რომ ჩაძინება შესაძლოა გაუტოლდეს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლში აღწერილ მდგომარეობას, კერძოდ, ცნობიერების დაკარგვას. ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა ბათილად არის მიჩნეული იმის გამო, რომ აღწერილ გარემოებებში პირს არ აქვს უნარი, სათანადოდ შეაფასოს მის თავს არსებული ვითარება, აკონტროლოს საკუთარი ქცევა და განსაზღვროს ამ ქცევის შესაძლო შედეგი. სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლით აღწერილ მდგომარეობებში, როგორიცაა ცნობიერების დაკარგვა და დროებითი ფსიქიკური აშლილობა, განხორციელებული ნება, სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის მიჩნეული პირის ნამდვილ ნებად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ დავასთან მიმართებით, უხეში გაუფრთხილებლობის შინაარსი სწორად განსაზღვრა სადაზღვევო ურთიერთობის კონტექსტის გათვალისწინებით.
5.4. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ განსახილველ საქმეში აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომ მძღოლი იმყოფებოდა დამამშვიდებელი, თუ სხვა ისეთი მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ, რასაც გააჩნია რეაქციის შენელების ეფექტი ან რომ მძღოლი იყო გამოუძინებელი/გადაღლილი ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ალკოჰოლზე შემოწმების ჩატარების დროის მიხედვით, დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღის საათებში, შებინდებამდე, რა დროსაც, როგორც წესი, ადამიანს არ ეძინება. ამიტომ, ძილის მოგვრის თავიდან ასაცილებლად, ო.ს–ს არ ეკისრებოდა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მძღოლი ო.ს–ი, რომელიც წარმოადგენდა მართვის უფლების მქონე პირს და სამსახურის მიერ უფლებამოსილი იყო, ემართა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, შემთხვევის დროს, როდესაც ასრულებდა სამსახურებრივ დავალებას, გადაჰქონდა მოსარჩელის ძირითადი საქმიანობასთან დაკავშირებული საგნები - სარწყავი მილების შალითები, არ მოქმედებდა სათანადო წინდახედულებით.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლების დარღვევით. მხარე უთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს დათქმებს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, რომელთა დადგომაც განაპირობებს მზღვეველის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი. კასატორი მიიჩნევს, რომ მძღოლმა დაარღვია აუცილებელი წინდახედულობის ნორმა და მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით ვინაიდან, მან არ უზრუნველყო მანქანის გაჩერება, როდესაც იგრძნო ჩაძინების საშიშროება. მისივე მტკიცებით, პირი ყოველთვის გრძნობს, როდესაც არსებობს ჩაძინების საფრთხე, რადგან ამ პროცესს თან ახლავს, მოთენთილობა, მთქნარება და სხვა გარემოებები, რასაც მძღოლმა არ მიაქცია ყურადღება და არ შეწყვიტა სატრანსპორტო საშუალების მართვა.
6.2. კასატორი აგრეთვე განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ პირის ჩაძინება სრულიად დაუსაბუთებლად დაუკავშირა ცნობიერების დაკარგვას, რადგან ჩაძინება არ არის მოულოდნელი, უცაბედი პროცესი, რომელსაც არ ახასიათებს „სიმპტომატიკა“, სწორედ თანმხლები წინარე პირობები განასხვავებს მას ცნობიერების დაკარგვისგან.
6.3. კასატორი მიუთითებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე (2ბ/4839-19, 2ბ/443-17, 2ბ4839-19), რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, ჩაძინება დაკვალიფიცირებულია უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას გამორიცხავს.
6.4. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე, რითიც დგინდებოდა, რომ სადაზღვევო კომპანიამ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მხარეს არ გააჩნდა პრეტენზია. ამასთან, კასატორის მტკიცებით, პირველმა ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მძღოლის მოწმედ დაკითხვისა და მორიგეობის ცხრილის წარმოდგენის თაობაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დეტალების გამოკვლევას.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2019 წლის 10 მაისს, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად, შპს „ს.მ–იასა“ და მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3-278/19 ხელშეკრულება.
- დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა 2019 წლის 6 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შსს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დგინდება, რომ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ო.ს–მა ვერ შეძლო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ჩავარდა სანიაღვრე არხში, მძღოლი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, 250 ლარით.
- გამოკითხვის ოქმის თანახმად, ო.ს–ი მართავდა სამსახურებრივ ავტომანქანას, რეგისტრაციის ნომრით GE035AM, რომლითაც გადაჰქონდა სარწყავი მილების ე.წ. ჩიხოლები. 2019 წლის 6 ნოემბერს ქ. გურჯაანიდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანის მიმართულებით მოძრაობისას, ო.ს–ს ჩაეძინა, რის შედეგადაც [დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება] ჩავარდა სანიაღვრე არხში. შემთხვევის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა მხოლოდ ო.ს–ი.
- მძღოლის ალკოჰოლზე შემოწმების ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 6 ნოემბერს, 17:10:41 საათზე ჩატარებული შემოწმების შედეგი იყო 0.000%. შემოწმების ჩატარების დროისა და უდავო გარემოებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში ო.ს–ი, რომელიც 2019 წლის 6 ნოემბერს მართავდა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით ........ წარმოადგენდა შპს „ს.მ–იის“ თანამშრომელს, რომელსაც გააჩნდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაშასადამე, იგი იყო დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლი.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.03.2020წ. N002085620 დასკვნის თანახმად, 2015 წელს დამზადებული, მსუბუქ ავტომობილ FOTON TUNLAND-ზე, სახელმწიფო ნომრით ....., საიდენტიფიკაციო ნომრით ......, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 21 000 ლარს.
- ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით, გარანტმა - სს „ვ.ბ.ჯ–ამ“, 10.05.2019 წ.-ს გასცა ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუხმობი გარანტია N BGMP0406/070519, საერთო საგარანტიო თანხით - 2 940 ლარი. გარანტია ძალაში იყო პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2019 წლის 10 მაისს წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუხმობი საგარანტიო წერილის ვადა (31.03.2020წ.) ისე გავიდა, რომ მოსარჩელეს (ბენეფიციარს) არ მიუმართავს გარანტისთვის მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის 6 ნოემბერს დამზღვევმა შპს „ს.მ–იამ“ წერილობითი შეტყობინებით მიმართა მზღვეველს და შეატყობინა შემთხვევის თაობაზე, რომლითაც მოითხოვა 2019 წლის 10 მაისის, N3-278/19 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
- 2019 წლის 6 ნოემბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის გამო, მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ არ გასცა სადაზღვევო ანაზღაურება.
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 12 ივნისის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 2019 წლის 6 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების (FOTON TUNLAND, GE035AM) დაზიანების გამო, მიყენებული ზარალის ოდენობა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.03.2020 წ. N002085620 დასკვნის საფუძველზე შეადგენდა 21 000 ლარს; ხოლო ხელშეკრულების თანახმად, ეკისრებოდათ პირგასამტეხლოც 18.11.2019წ.-დან 30.04.2020წ.-მდე, ყოველ დღეზე 42 ლარის ოდენობით, სულ 6 930 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდა 15 დღის ვადაში.
- 2020 წლის 18 ივნისის საპასუხო წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს მიუთითა, რომ მძღოლის ჩაძინების ფაქტს სადავოდ არ ხდიდნენ. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ მომსახურება ხორციელდებოდა ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დაცვით. 10.05.2019წ.-ს წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუხმობი საგარანტიო წერილის ვადა (31.03.2020წ.) ისე გავიდა, რომ მოსარჩელეს (ბენეფიციარს) არ მიუმართავს გარანტისთვის მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. მოპასუხემ ასევე განუმარტა მოსარჩელეს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი (21-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მძღოლს ავალდებულებს იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატის მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ. ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე და სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით ჩაძინება უხეში გაუფრთხილებლობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მეორედაც უარი განუცხადა მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის გამო, სადაზღვევო ვალდებულების შესრულებაზე.
12. სარჩელის მიზანს მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 829-ე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
17. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი ვინაიდან, ავტომანქანის მართვის შეწყვეტით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო ჩაძინებისგან გამოწვეული სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან არიდება.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ პათოსს და განმეორებით აღნიშნავს, რომ დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაამტკიცოს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი, რაც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი კანონისმიერი საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ან/და სადავო ზიანსა და სადაზღვევო შემთხვევას შორის არსებული მიზეზ-შედეგობივი კავშირის არსებობის ფაქტი. სადავოა მხოლოდ სადაზღვევო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონისმიერი (სამოქალაქო კოდექსის 829-ე) შესაძლებლობა.
21. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნების და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა, თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, ასევე მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებები, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იგივე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღვევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტირებაა (იხ., სუსგ №ას-საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი).
22. ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მხარეთა შორის გაფორმებული N3-278/19 ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების მიხედვით: უფლებამოსილ მძღოლად მიჩნეულია შესაბამისი მართვის მოწმობის მქონე დამზღვევი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი, ან შესაბამისი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დამზღვევის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი, რომელსაც გაჩნია შესაბამისი მართვის მოწმობა; სადაზღვევო რისკებია: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან მათი მცდელობის შედეგად; გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა; დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა/ვანდალიზმი. ამავე სადაზღვევო პირობების I ნაწილის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები, მათ შორის, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს: ა) შემთხვევა, თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ, ბ) შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა, თუ მის გარეშე, ამავე მუხლის ო) ქვეპუნქტის თანახმად კი, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით. აგრეთვე, სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა ვალდებულებები სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ძარის სრული განადგურების შემთხვევაში. ამ მუხლის მე-12 პუნქტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში (ა) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (სრული განადგურება/ტოტალი); ბ) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომლის აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს (სრული განადგურება/ტოტალი)), სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შემდგომ, დამზღვევი ვალდებულია, მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას საკუთრების უფლება განადგურებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე; მე-13 პუნქტით კი, დამზღვევი უფლებამოსილია დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება არ გადასცეს მზღვეველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურებამდე.
24. პალატის მოსაზრებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N3-278/19 ამომწურავად განსაზღვრავს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება არ იქნას ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციისაგან განსხვავებულ წესრიგს და ხელშეკრულებით დამზღვევის ბრალეულობის საკითხი ამავე ნორმის შესაბამისადაა მოწესრიგებული, რომლის თანახმადაც დამზღვევის ბრალეულობის შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მხოლოდ განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. სწორედ ასეთი მოქმედებები განიხილება სადავო ხელშეკრულებითაც „მეტისმეტ დაუდევრობად და აუცილებელ ყურადღების არ გამოჩენად უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებლისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული არსებითი პირობების შესაბამისად, მხარეებმა გაუფრთხილებლობა, რომელიც არ ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციაში დაუქვემდებარეს ანაზღაურებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, თავის თავზე აიღო სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ ფართოა. ამ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უხეში გაუფრთხილებლობა, აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხი, განხილულია როგორც მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულებით და მისი მოქმედებით აშკარა უყურადღებობის გამოხატვა ელემენტარული მოთხოვნების მიმართ. ასეთი ხარისხის უყურადღებობად კი, ვერ შეფასდება მძღოლის ჩაძინება საჭესთან, რომელიც აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხით ვერ შეედრება ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მძღოლის საჭესთან ჩაძინება შესაძლოა არც კი იყოს დამოკიდებული მძღოლის ნებაზე. მით უმეტეს, მოპასუხე ვერ უთითებს, რაიმე გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელიც წინ უძღოდა მომხდარ შემთხვევას და რომელიც მიგვითითებს, რომ მძღოლს ფაქტობრივი წინაპირობებიდან გამომდინარე უნდა შეეცნო ჩაძინების საფრთხე. არ ჩანს ისეთი გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მძღოლმა აუცილებელი ყურადღებიანობა არ გამოიჩინა და ამას მოჰყვა მისი გათიშვა ან ჩაძინება, მით უფრო მაშინ, როდესაც ავარია მოხდა დღისით, როდესაც, ჩვეულებრივ, ადამიანს არ ეძინება.
25. საკასაციო პალატა დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის შეფასებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში, ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სხვა ჩაძინების მაპროვოცირებელი გარემოებები. შესაბამისად, ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კასატორი მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ განხილულ მსგავს კატეგორიის საქმეებზე, თუმცა გადაწყვეტილებები არ ერთვის საკასაციო საჩივარს და მისი მოძიება ასევე, ვერ ხერხდება ელექტრონული საძიებო პროგრამით https://ecd.court.ge/. ამ არგუმენტის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეს, და განმეორებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოების (უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც ბრალის ფორმა) არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მძღოლის საჭესთან ჩაძინება შესაძლოა არც კი იყოს დამოკიდებული მძღოლის ნებაზე. მით უმეტეს, მოპასუხე ვერ უთითებს, რაიმე გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელიც წინ უძღოდა მომხდარ შემთხვევას და რომელიც მიგვითითებს, რომ მძღოლს ფაქტობრივი წინაპირობებიდან გამომდინარე უნდა შეეცნო ჩაძინების საფრთხე. არ ჩანს ისეთი გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მძღოლმა აუცილებელი ყურადღებიანობა არ გამოიჩინა და ამას მოჰყვა მისი გათიშვა ან ჩაძინება (შრდ. იხ. სუსგ. საქმეზე საქმე №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი). ასევე ხაზგასასმელია, რომ დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განხორციელებული განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. სადაზღვევო რისკის რეალიზაცია მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“ ღირებულებას. თავისთავად, რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. სადაზღვევო რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში ჰქონდათ ხელშეკრულების მხარეებს, სააპელაციო პალატის აზრით, მოიცავდა მომხდარ შემთხვევას. თუ ყოველ ადმინისტრაციულ ან სხვაგვარ გადაცდომას უხეშ გაუფრთხილებლობად მივიჩნევთ მზღვეველის მიერ გაწეული სადაზღვევო რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და დაზღვევაც კარგავს კანონით განსაზღვრულ მიზანს (შრდ. იხ. სუსგ. საქმეზე საქმე №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი).
27. საკასაციო საჩივარში მოყვანილ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი მძღოლის მოწმის სახით გამოკითხვასა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ვინაიდან საკასაციო საჩივარში არ არსებობს შუამდგომლობა ან/და მითითება კონკრეტული განჩინებების გასაჩივრების შესახებ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახის სამართლებრივი შეფასება მისცეს კასატორის ამ არგუმენტს.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების დამადასტურებელი გარემოებები. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 890 ლარი, თუმცა დავის საგანია 17212,59 ლარი (17212,53*5=860,53), შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27/06/2022წ. №1656332350 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 860,6 ლარის, 70% - 602,42 ლარი, ასევე, მასვე უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 29,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (ს/კ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 27/06/2022წ. №1656332350 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 29,4 ლარი და დარჩენილი 860,6 ლარის 70% - 602,42 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი