საქმე №ას-1107-2024 31 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.ბ–ის უფლებამონაცვლე – თ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.ბ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო ფართიდან იზოლირებული 184 კვ.მ (საკადასტრო კოდი №......), რაც მოიცავს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე №2, №4, №5, №6, №7 ოთახებს და მეორე სართულზე მდებარე №5, №6 და №7 ოთახებს (ცალკე მისასვლელი კიბით).
3. მოსარჩელის კუთვნილი ოთახები, ამ ოთახებთან მისასვლელი გზის ჩათვლით, სრულად იზოლირებულია საცხოვრებელი სახლის დანარჩენი ნაწილისგან.
4. მხარეთა თანასაკუთრებაშია შენობის 125 კვ.მ-ის 3/4 წილი. დარჩენილი 1/4 წილის მესაკუთრეები არიან ი., ნ. და ლ. ბ–ები. წლების წინ მოპასუხე შეიჭრა და უკანონოდ დაიკავა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 184 კვ.მ-ის ნაწილი - №5, №6 და №7 ოთახები.
5. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გამამართლებელი განაჩენით იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. მოპასუხე კი მსჯავრდებულია მოსარჩელის მამის - ვ.ბ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, რომელშიც პროკურატურის დადგენილებით მოსარჩელის მამა ცნობილ იქნა დაზარალებულად.
6. მოსარჩელის არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე დღემდე აგრძელებს უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობას და სარგებლობას. ამასთან, მოსარჩელეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ესაჭიროება სოლიდური თანხა გადაუდებელი მკურნალობისათვის. თანხის მოძიების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკური სესხის აღება კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველსაყოფად, რაც შეუძლებელია მოპასუხის მიერ სადავო ფართის მართლსაწინააღმდეგო ფლობისა და სარგებლობის გამო.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა კუთვნილი ფართი გაუმიჯნავია. მისი განმარტებით, ცალკე სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში საზიარო ქონების გამიჯვნის შესახებ და სადავოდ გახადა 184 კვ.მ-ზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოპასუხე არსად შეჭრილა, ყველა ოჯახის წევრი იკავებს თავის კუთვნილ წილს, წლებია, ცხოვრობს სადავო ფართში ოჯახთან ერთად.
8. მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის განხილვის შეჩერების შესახებაც, სხვა სამოქალაქო საქმეზე წარმოების დასრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ამონაწერში სადავო უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებზე, სადაც მითითებულია შემდეგი დოკუმენტები: მიწის საგადასახადო სია; გარიგება უძრავი ქონების გაყოფის შესახებ, დამოწმების თარიღი - 28/03/2011, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური; საარქივო ცნობა №AA2011005643-03, დამოწმების თარიღი - 09/03/2011, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 06/04/2021, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სამკვიდრო მოწმობის გაცემა, დამოწმების თარიღი - 22/07/2018, ნოტარიუსი ლ. გ–ი; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 30/09/2020, საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ამონაწერი მიწის გადამხდელთა წიგნიდან.
12. საქმეში წარმოდგენილია უძრავი ქონების გაყოფის შესახებ 2011 წლის 28 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული გარიგება, სადაც მითითებულია, რომ 310,02 კვ.მ შენობა-ნაგებობების გაყოფა მოხდებოდა შპს „გ–ს“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართიდან 125,16 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მხარეები, მოსარჩელის მამა და სხვა ფიზიკური პირი. 184,86 კვ.მ-ს მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მოსარჩელის მშობლები. ამჟამად აღნიშნული ფართის მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მიწის ნაკვეთზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარჩებოდა თანასაკუთრებაში. გარიგებაზე თანდართულია შპს „გ–ს“ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი და სახლის პირველი და მეორე სართულის აზომვითი ნახაზები. სახლის პირველი სართულის №1 და №3 ოთახები და მეორე სართულის №1, №2, №3 და №4 ოთახები (125.16 კვ.მ) დაშტრიხულია დახრილი ხაზებით; ხოლო პირველი სართულის №2, №4, №5, №6, №7, №8 და მეორე სართულის №5, №6 და №7 ოთახები (184.86 კვ.მ) დაშტრიხვის გარეშეა.
13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შპს „გ–ს“ მიერ დაშტრიხული და დაუშტრიხავი ოთახების, მათი ნუმერაციის, შიდა ფართის, მდებარეობის და გარიგების რომელიმე მხარის კუთვნილებაში არსებობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში ინფორმაცია არ ასახულა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... . მდებარე უძრავი ქონება, ს.კ №....... , 2756 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და 310.02 კვ.მ შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია გ.ბ–ის, ე.ბ–ის, ი.ბ–ის, ი.ბ–ი, ლ.ბ–ისა და ნ.ბ–ის სახელზე. შენობის საერთო 125,16 კვ.მეტრიდან ¾ ნაწილი აღრიცხულია ი.ბ–ის, გ.ბ–ის და ე.ბ–ის სახელზე; შენობის საერთო 125,16 კვ.მეტრიდან 1/4 ნაწილი აღრიცხულია ი.ბ–ის, ნ.ბ–ისა და ლ.ბ–ის სახელზე, ხოლო შენობის საერთო 184,86 კვ.მ - მოსარჩელის სახელზე.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის - მოპასუხის მეუღლე ნ.ბ–ის განმარტებით, ის სადავო ფართში, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ცხოვრობს მრავალი წელია. მათ მფლობელობაში დაახლოებით 60-70 კვ.მეტრია, ზუსტი ფართის თქმა არ შეუძლია. ასევე, არ იცის მათ მფლობელობაში არსებული ფართი მოიცავს თუ არა №5, №6 და №7 ოთახებს, რადგან ოთახები გადაიტიხრა და აზომვითი ნახაზის ტექნიკურ შინაარსაც ვერ იგებს.
15. სააპელაციო პალატამ მოწმის განმარტებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ შენობის მეორე სართულზე რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა ოთახების განლაგება, ფართი და აღარ არის იმ მოცემულობით, როგორც ეს საჯარო რეესტრში წარდგენილ შპს „გ–ს“ მიერ შედგენილ ნახაზზეა ასახული.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არამარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).
17. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, გვ.105).
18. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს კომპეტენციაა.
19. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს მოპასუხესთან და სხვა პირებთან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული თანამესაკუთრეთა წილები არსებობს მხოლოდ იდეალური წილის სახით, საზიარო უფლება (თანასაკუთრება) გაუქმებული არ არის და მოსარჩელის საკუთრება რეალური წილის სახით გამოყოფილი არ არის.
20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 312-ე მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს საერთო საკუთრების ორ ფორმას: საზიარო და წილად საკუთრებას (სსკ-ის 173-ე მუხლი). წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში არის იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, თბილისი 2018, გვ. 88). ამასთან, იდეალური წილის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის საზიარო საგნის წილი უძრავი ქონების კონკრეტულ ფართზე მითითების გარეშე, ანუ, იდეალური წილის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული უძრავი ქონების რომელი ნაწილი, რომელი ფართი არის თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი წილის შესაბამისი. უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს (მოდავე მხარეები) შორის რეალური წილების განაწილების არარსებობისას, დღის წესრიგში დგება საზიარო ქონების გაყოფის შესახებ საკითხი. აღნიშნული კი, მოცემული დავის საგანს სცდება და საჭიროებს დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენას. დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მხარემ უნდა აღძრას სარჩელი, რადგან ყოველი პირი თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი მისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად.
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, მხარეთა შეთანხმებით, საცხოვრებელი სახლიდან სადავო 184.86 კვ.მ მიეკუთვნა მოსარჩელის მშობლებს, და მემკვიდრეობის გზით საკუთრებაში მიიღო მოსარჩელემ. შესაბამისად, რაკი მონაწილეთა მიერ გარიგებით განსაზღვრული სარგებლობის წესი რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში, ის მოსარჩელის მიმართ არ მოქმედებს, ვინაიდან მას საერთო საკუთრების გარდა, ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონების გაყოფის შესახებ გარიგებით მისი მშობლებისათვის მიკუთვნებული 184,86 კვ.მ.
22. განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამასთან, სადავო შენობის ნაწილი მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, ასევე არ არის გამიჯნული თანამესაკუთრეთა ოთახები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის რეგისტრირებული პირველ და მეორე სართულზე რომელი ოთახები ეკუთვნის მოსარჩელეს და რომელი - მოპასუხეს, ამასთან, უძრავი ქონება, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც ითხოვს მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობის იდეალური და არა რეალური წილის სახით. შესაბამისად, სარჩელის ამ ფორმით დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულება ვერ მოხდება, რადგან არ არის თვალნათელი, კონკრეტულად რომელ ფართზე შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მფლობელობა უკანონოდ.
23. როგორც ზემოთ აღინიშნა, დასახელებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებზე აღრიცხულია უძრავი ქონების იდეალური წილი, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გათვალისწინებით შეუძლებელია გამოსათხოვი ნივთის ზუსტი იდენტიფიცირება, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ცალსახად უნდა განისაზღვროს, ვისი მფლობელობიდან რომელი ნივთი უნდა იქნას გამოთხოვილი, რათა თუ მოპასუხე მხარე ნებაყოფლობით არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, მოსარჩელეს მიეცეს იძულებითი აღსრულების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მისი საკუთრების უფლების უკეთ დაცვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროს უძრავ ქონებაში მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი რეალური წილი. როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია იდეალური წილები, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს მოსარჩელის კუთვნილი ფართი, აღნიშნული კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.
24. სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ნივთის იდენტიფიცირება შეუძლებელია, აღნიშნული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.
27. მხარის მითითებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის კუთვნილ 184 კვ.მ უძრავი ნივთის საკუთრებაზე იდეალური წილის გავრცელება, რადგან იდეალური წილის უფლებით რეგისტრირებულია იმავე მისამართზე მდებარე 125 კვ.მ. სადავო 184 კვ.მ კი, სრულად იზოლირებულია. სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 17 იანვრის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ უწყებაში დაცული მონაცემები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია; საჯარო რეესტრში დაცული 2011 წლის შეთანხმება და თანდართული სართულებრივი გეგმა №……. საიდენტიფიკაციო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, რომელზეც დატანილია ფართის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 17 იანვრის №10732 წერილი, რომლითაც დასტურდება სადავო საკუთრების დაყოფისა და ახალი მონაცემების რეგისტრაციის ფაქტი. მითითებული მონაცემების მიმართ მოქმედებს სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რის გასაქარწყლებლად მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა ყველა საჭირო მტკიცებულება, მოწინააღმდეგე მხარის აღიარების ჩათვლით, რათა სარჩელი დაეკმაყოფილებინა. მოპასუხე მოსარჩელის შვილია და მსჯავრდებულ იქნა მამის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში. მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის კუთვნილი ფართის თვითნებურად დაკავება და განმარტა, რომ 2011 წელს ოჯახის წევრებს შორის შეთანხმების გაფორმებისას, რომელსაც მოპასუხემაც მოაწერა ხელი, ფართი უსამართლოდ განაწილდა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება თ.ბ–ი (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე). ამავე სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს მას. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
34. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
36. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).
38. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერითაც დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, რომლის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოსარჩელე მოითხოვს, მხარეთა და რამდენიმე სხვა ფიზიკური პირის თანასაკუთრებაშია.
39. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების გაყოფის შესახებ 2011 წლის 28 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული გარიგებს საფუძველზე, 310,02 კვ.მ შენობა-ნაგებობების გაყოფა მოხდებოდა შპს „გ–ს“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართიდან 125,16 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მხარეები, მოსარჩელის მამა და სხვა ფიზიკური პირი. 184,86 კვ.მ-ს მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მოსარჩელის მშობლები. ამჟამად აღნიშნული ფართის მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იგი დარჩებოდა მათ თანასაკუთრებაში. გარიგებას ერთვის შპს „გ–ს“ მიწის ნაკვეთის საკადასტრო, ასევე, სახლის პირველი და მეორე სართულების აზომვითი ნახაზები. სახლის პირველი სართულის №1 და №3 ოთახები და მეორე სართულის №1, №2, №3 და №4 ოთახები (125.16 კვ.მ) დაშტრიხულია დახრილი ხაზებით; ხოლო პირველი სართულის №2, №4, №5, №6, №7, №8 და მეორე სართულის №5, №6 და №7 ოთახები (184.86 კვ.მ) დაშტრიხვის გარეშეა.
40. შპს „გ–ს“ მიერ დაშტრიხული და დაუშტრიხავი ოთახების, მათი ნუმერაციის, შიდა ფართის, მდებარეობის და გარიგების რომელიმე მხარის კუთვნილებაში არსებობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში ინფორმაცია არ ასახულა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში დაცულ ინფორმაციაზე სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია ვერ გავრცელდება.
41. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონება, ს.კ №......, 2756 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და 310.02 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია გ.ბ–ის, ე.ბ–ის, ი.ბ–ის, ი.ბ–ი, ლ.ბ–ისა და ნ.ბ–ის სახელზე. შენობის საერთო 125,16 კვ.მეტრიდან ¾ ნაწილი აღრიცხულია ი.ბ–ის, გ.ბ–ის და ე.ბ–ის სახელზე, შენობის საერთო 125,16 კვ.მეტრიდან 1/4 ნაწილი აღრიცხულია ი.ბ–ის, ნ.ბ–ისა და ლ.ბ–ის სახელზე, ხოლო შენობის საერთო 184,86 კვ.მ - მოსარჩელის სახელზე.
42. მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან უტყუარად დგინდება, რომ მათ შორის სადავო სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით არაერთი დავა მიმდინარეობს. საქმეში წარმოდგენილი გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის ცნობით ირკვევა, რომ მითითებული სასამართლოს წარმოებაშია მოპასუხისა და მისი მეუღლის სარჩელი ვ. და ვ.ბ–ების წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის შესახებ.
43. ამავდროულად, საქმეზე მოწმის სახით დაკითულმა მოპასუხის მეუღლემ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაობის შედეგად ოთახების განლაგება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მითითებული ფაქტი ვერც მოსარჩელემ სათანადოდ ვერ უარყო.
44. შესაბამისად, მართლზომიერია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სადავო სახლთმფლობელობის ფართი შპს „გ–ს“ მიერ შედგენილი ნახაზისაგან განსხვავებულადაა გადანაწილებული/გადატიხრული.
45. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ მხარეების თანასაკუთრება ვრცელდება ქონების იდეალურ წილებზე, სადავო ფართი რეალურად გამოყოფილი არ არის, შესაბამისად, შეუძლებელია იმ ქონების იდენტიფიცირება, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს.
46. მსგავს დავებთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ: საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს მოპასუხესთან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ კასატორის წილი არსებობს იდეალური წილის სახით, მისი საკუთრებაც რეალური წილის სახით არ გამოყოფილა, შესაბამისად, შეუძლებელია, დადგინდეს მოსარჩელის კუთვნილი ფართი, ეს კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, ვინაიდან, სარჩელის ამ ფორმით დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ვერ აღსრულდება, რადგან არ არის თვალნათელი, კონკრეტულად რომელ ფართზე შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მფლობელობა უკანონოდ. ამდენად, უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს (მოდავე მხარეები) შორის რეალური წილების განაწილების არარსებობისას, სარჩელს კანონიერად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ საქმე №ას-1592-2023, 30.01.2024 წ. საქმე №ას-8-2024, 29.03.24 წ.).
47. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. მითითებულ მოთხოვნას მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და აღნიშნა, რომ სახლთმფლობელობის კონკრეტულ ნაწილებს მხარეები ფლობენ თანასაკუთრების უფლებით. ამდენად, სახეზე არ გვაქვს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რადგან საქმის მასალებით სახლთმფლობელობის წილების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს (მოდავე მხარეები) შორის რეალური წილების განაწილების არარსებობისას, დღის წესრიგში დგება საზიარო ქონების გაყოფის შესახებ საკითხი. აღნიშნული კი, მოცემული დავის საგანს სცდება და საჭიროებს დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-1592-2023, 30.01.2024 წ.).
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. მ–ძის მიერ 02.12.2024 წ. №24868409500 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ბ–ის უფლებამონაცვლე – თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ.ბ–ს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.მ–ძის მიერ 02.12.2024 წ. №24868409500 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი