საქმე №ას-1125-2023 27 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ.(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.გ. (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს „ჰ.ფ.“-ს (შემდგომში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოში მოსარჩელის სახელზე მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალისათვის რეგისტრირებულია შემდეგი სასაქონლო ნიშნები: 1) სასაქონლო ნიშანი: MYRAMISTIN რეგისტრაციის თარიღი: 13.03.2015 რეგისტრაციის ნომერი: 25729 კლასი 5: ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სამედიცინო დანიშნულების ჰიგიენური პრეპარატები; სამედიცინო და ვეტერინარული დანიშნულების დიეტური საკვები და ნივთიერებები, ბავშვთა კვება; საკვები დანამატები ადამიანებისა და ცხოველებისათვის; სალბუნები, სახვევი მასალა; კბილის დასაბჯენი და კბილის ტვიფრის დასამზადებელი მასალა; მადეზინფიცირებელი საშუალებები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი პრეპარატები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები. 2) სასაქონლო ნიშანი; MYRAMISTIN რეგისტრაციის თარიღი: 02.04.2019 საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1393643. 05 - ფარმაცევტული პრეპარატები; ვეტერინარული პრეპარატები; ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები; ჰიგიენური პრეპარატები სამედიცინო დანიშნულებისათვის; სადეზინფექციო საშუალებები; სადეზინფექციო საშუალებები ჰიგიენური მიზნებისთვის; სამკურნალო საპნები; სადეზინფექციო საპნები; ქიმიური პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; ქიმიური პრეპარატები ფარმაცევტული მიზნებისათვის; დამხმარე საშუალებები სამედიცინო მიზნებისთვის; მიკრობიციდები; ბაქტერიციდები; დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკური პრეპარატები; პირის ღრუს სავლები სითხეები სამედიცინო დანიშნულებით; მალამოები ფარმაცევტული მიზნებისთვის; სამედიცინო სანთლები; ფარმაცევტული პრეპარატები კანის მოვლისთვის; სამკურნალო ლოსიონებით გაჟღენთილი ქსოვილი; ლოსიონები ფარმაცევტული მიზნებისთვის; ჭრილობის შეხორცებისთვის გამოსაყენებელი ტამპონები; ბალზამი სამედიცინო მიზნებისთვის; ხსნარები კონტაქტური ლინზებისთვის; სახვევი მასალა,
სამედიცინო; სამედიცინო პლასტირები. 3) სასაქონლო ნიშანი: MYRAMISTIN რეგისტრაციის თარიღი: 02.04.2019 საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1393644. 05 - ფარმაცევტული პრეპარატები; ვეტერინარული პრეპარატები; ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები; ჰიგიენური პრეპარატები სამედიცინო დანიშნულებისათვის; სადეზინფექციო საშუალებები; სადეზინფექციო საშუალებები ჰიგიენური მიზნებისთვის; სამკურნალო საპნები; სადეზინფექციო საპნები; ქიმიური პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; ქიმიური პრეპარატები ფარმაცევტული მიზნებისათვის; დამხმარე საშუალებები სამედიცინო მიზნებისთვის; მიკრობიციდები; ბაქტერიციდები; დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკური პრეპარატები;
პირის ღრუს სავლები სითხეები სამედიცინო დანიშნულებით; მალამოები ფარმაცევტული მიზნებისთვის; სამედიცინო სანთლები. ფარმაცევტული პრეპარატები კანის მოვლისთვის; სამკურნალო ლოსიონებით გაჟღენთილი ქსოვილი; ლოსიონები ფარმაცევტული მიზნებისთვის; ჭრილობის შეხორცებისთვის გამოსაყენებელი ტამპონები; ბალზამი სამედიცინო მიზნებისთვის; ხსნარები კონტაქტური ლინზებისთვის; სახვევი მასალა, სამედიცინო; სამედიცინო პლასტირები.
2.2. მოპასუხემ, საქპატენტში 2021 წლის 18 მაისს თავის სახელზე დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი. NEOMISTIN + გამ. (რეგ. №34050) შემდეგი საქონლის მიმართ: კლასი 05 ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სანიტარული პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; დიეტური ნივთიერებები სამედიცინო მიზნებისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაბჯენი საშუალებები, კბილის ტვიფრის დასამზადებელი საშუალებები; დეზინფექტანტები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი საშუალებები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ სადავო ნიშანი და დაპირისპირებული ნიშნები არ არის ერთმანეთის აღრევამდე მსგავსი, ამასთან, სადავო ნიშანი საქპატენტის მიერ დარეგისტრირდა 2021 წლის 18 მაისს, ხოლო სააგენტოში პრეპარატი, სავაჭრო დასახელებით „NEOMISTIN“ დარეგისტრირდა 2021 წლის 11 ნოემბერს, ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე როდესაც საქპატენტის (ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების ძირითადი მარეგულირებელი ორგანო საქართველოში) მიერ, სადავო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტით დარწმუნდა, რომ მისი კუთვნილი ნიშანი იყოს განმასხვავებელუნარიანი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო სადავო ნიშნით მარკირებულ სამედიცინო პრეპარატზე რეგისტრაცია სააგენტოში. მოპასუხის მიერ განხორციელებულ ამ თანმიმდევრულ ქმედებებში არ იყო არაკეთილსინდისიერი განზრახვა. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედებაც, კერძოდ, ხაზგასმა სამედიცინო პრეპარატების რეგისტრაციაზე სააგენტოში, ემსახურება მოპასუხის უსაფუძვლო დისკრედიტაციას და შესაბამისად, სასამართლოსთვის მცდარი შთაბეჭდილების შექმნას.
3.2. მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის. მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები სამართლებრივად უსაფუძვლოა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლებრივი ბარიერების და შესაბამისად, პრობლემების შექმნას კონკურენტისთვის, რაც თავისი არსით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნაირსახეობას წარმოადგენს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს სადავო ნიშნის რეგისტრაცია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის NEOMISTIN + გამ. (რეგ. №34050) რეგისტრაცია.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს ,,ჰ.ფ.“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მითითებით, წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის "ა" და "ე" ქვეპუნქტების თანახმად. სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებული სამართლებრივი ნორმების არასწორი განმარტება, მათი გამოუყენებლობა ხელს უწყობს არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება მსგავს საქმეებთან დაკავშირებით.
6.2. წინამდებარე საკასაციო საჩივრიდან ნათლად ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მთელი რიგი ზემოაღნიშნული სამართლის ნორმები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონები და გამოიყენა ისეთი ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. ყოველივე ამან კი არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე კასატორს გააუქმა სასაქონლო ნიშნის “Neomistin” (რეგისტრაციის №34050) რეგისტრაცია. ამით სასამართლომ კასატორის მიმართ დაარღვია სამართლებრივი ბალანსი. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივარში დასაბუთებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევებით და საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
6.3. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად კანონის ახალი ნორმების მითითება საპროცესო-სამართლებრივი დარღვევაა. მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში არ მოუთხოვია სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა კანონის აღნიშნული ნორმების საფუძველზე, იგი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტს.
6.4. დაპირისპირებული ნიშნები საყოველთაოდ ცნობილი არასდროს არ ყოფილა, რასაც ადასტურებს საქპატენტის ოფიციალური ვებ-გვერდი (https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/190/), სადაც ჩამოთვლილია საქართველოში საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული სასაქონლო ნიშნები. ამ ჩამონათვალში დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები არ ფიგურირებს. ყველა დაპირისპირებული ნიშანი რეგისტრირებულია მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, რომელშიც არსად არ ფიგურირებს აქტიური ნივთიერება myristoylamino, რაც აქტიური ნივთიერების არასწორი დასახელებაა ან აქტიური ნივთიერების ზუსტი დასახელება ბენზილდიმეთილ [3- (მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მომოჰიდრატი (Benzyldimethyl[3- (myristoylamino)propyl] ammonium chloride monohydrate). შესაბამისად, შეუძლებელია მომხმარებლის თვალში, დაპირისპირებული ნიშნების ნაწილი “MYRA” ასოცირდებოდეს საქონლის იმ ჩამონათვალთან, რომლის მიმართაც რეგისტრირებული ზემოაღნიშნული დაპირისპირებული ნიშნები. ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნევს სააპელაციო სასამართლო, რომ ზემოაღნიშნული გრძელი დასახელების შუაში მყოფი myristoylamino ასოცირდება “MYRA”-თან, მითუმეტეს, რომ ამ შუა ნაწილიდან ხელოვნურად ამოღებულ ნაწილშიც myristoylamino უშუალოდ არ ფიგურირებს “MYRA” (არამედ – myri).
6.5. კასატორის მტკიცებით, ყურადღება უნდა მიქცეოდა ნაწილს “MYSTIN” და უნდა უგულებელყოფილი ყოფილიყო სადავო ნიშნის ნაწილი “NEO” და დაპირისპირებული ნიშნების ნაწილი “MYRA” (იხ. განჩინება გვ.17, პ.22). რეალურად ვითარება სრულიად სხვაგვარადაა: ამ ნიშნების შედარებისას უნდა მომხდარიყო ნაწილის “STIN” უგულებელყოფა და უნდა შედარებულიყო სადავო ნიშნის ნაწილი “NEOMI” და დაპირისპირებული ნიშნების ნაწილი “MIRAMI”. აღნიშნულის დასადასტურებლად დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია სააპელაციო საჩივარში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახელმძღვანელოს გამოყენება პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით არც მოპასუხე და არც პირველი ინსტანციის სასამართლო არ ეწინააღმდეგება, პირიქით ეყრდნობიან კიდეც მას, თუმცა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მასში მოყვანილ ცალსახა მოსაზრებებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ მსჯელობს, თუ რის საფუძველზე უგულებელყო მან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული კასატორის არგუმენტები და მტკიცებულებები და რის საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (იხ. საკასაციო საჩივარი).
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაა სასაქონლო ნიშანი „MYRAMISTIN“, ხოლო მოპასუხის - შპს „ჰ.ფ.-ს“ საკუთრებაა სასაქონლო ნიშანი - „NEOMISTIN“. მოსარჩელის მითითებით, მისი სასაქონლო ნიშანი უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საქპატენტში და სადავო ნიშნების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება სპეციალურ კანონს.
11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილია და სადავო არ არის, რომ საქართველოში მოსარჩელის - მეგაინფარმ გმბჰ-ს სახელზე მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალისათვის რეგისტრირებულია შემდეგი სასაქონლო ნიშნები: სასაქონლო ნიშანი: MYRAMISTIN; რეგისტრაციის თარიღი: 13.03.2015; რეგისტრაციის ნომერი: 25729; კლასი 5: ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სამედიცინო დანიშნულების ჰიგიენური პრეპარატები; სამედიცინო და ვეტერინარული დანიშნულების დიეტური საკვები და ნივთიერებები, ბავშვთა კვება; საკვები დანამატები ადამიანებისა და ცხოველებისათვის; სალბუნები, სახვევი მასალა; კბილის დასაბჯენი და კბილის ტვიფრის დასამზადებელი მასალა; მადეზინფიცირებელი საშუალებები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი პრეპარატები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები.
11.2. სასაქონლო ნიშანი: MYRAMISTIN; რეგისტრაციის თარიღი: 02.04.2021 საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1393643; 05 - ფარმაცევტული პრეპარატები; ვეტერინარული პრეპარატები; ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები; ჰიგიენური პრეპარატები სამედიცინო დანიშნულებისათვის; სადეზინფექციო საშუალებები; სადეზინფექციო საშუალებები ჰიგიენური მიზნებისთვის; სამკურნალო საპნები; სადეზინფექციო საპნები; ქიმიური პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; ქიმიური პრეპარატები ფარმაცევტული მიზნებისათვის; დამხმარე საშუალებები სამედიცინო მიზნებისთვის; მიკრობიციდები; ბაქტერიციდები; დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკური პრეპარატები; პირის ღრუს სავლები სითხეები სამედიცინო დანიშნულებით; მალამოები ფარმაცევტული მიზნებისთვის; სამედიცინო სანთლები; ფარმაცევტული პრეპარატები კანის მოვლისთვის; სამკურნალო ლოსიონებით გაჟღენთილი ქსოვილი; ლოსიონები ფარმაცევტული მიზნებისთვის; ჭრილობის შეხორცებისთვის გამოსაყენებელი ტამპონები; ბალზამი სამედიცინო მიზნებისთვის; ხსნარები კონტაქტური ლინზებისთვის; სახვევი მასალა, სამედიცინო; სამედიცინო პლასტირები.
11.3. სასაქონლო ნიშანი: MYRAMISTIN რეგისტრაციის თარიღი: 02.04.2019 საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1393644; 05 - ფარმაცევტული პრეპარატები; ვეტერინარული პრეპარატები; ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები; ჰიგიენური პრეპარატები სამედიცინო დანიშნულებისათვის; სადეზინფექციო საშუალებები; სადეზინფექციო საშუალებები ჰიგიენური მიზნებისთვის; სამკურნალო საპნები; სადეზინფექციო საპნები; ქიმიური პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; ქიმიური პრეპარატები ფარმაცევტული მიზნებისათვის; დამხმარე საშუალებები სამედიცინო მიზნებისთვის; მიკრობიციდები; ბაქტერიციდები; დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკური პრეპარატები; პირის ღრუს სავლები სითხეები სამედიცინო დანიშნულებით; მალამოები ფარმაცევტული მიზნებისთვის; სამედიცინო სანთლები, ფარმაცევტული პრეპარატები კანის მოვლისთვის; სამკურნალო ლოსიონებით გაჟღენთილი ქსოვილი; ლოსიონები ფარმაცევტული მიზნებისთვის; ჭრილობის შეხორცებისთვის გამოსაყენებელი ტამპონები; ბალზამი სამედიცინო მიზნებისთვის; ხსნარები კონტაქტური ლინზებისთვის; სახვევი მასალა, სამედიცინო; სამედიცინო პლასტირები.
11.4. 2021 წლის 18 მაისს მოპასუხემ საქპატენტში თავის სახელზე დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი. NEOMISTIN + გამ. (რეგ. N34050) შემდეგი საქონლის მიმართ: კლასი 05 - ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სანიტარული პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; დიეტური ნივთიერებები სამედიცინო მიზნებისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაბჯენი საშუალებები, კბილის ტვიფრის დასამზადებელი საშუალებები; დეზინფექტანტები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი საშუალებები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები.
12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28.1. „ბ“ ქვეპუნქტიდან (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით), ,,გ" ქვეპუნქტისა (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია პარიზის კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ სახელმწიფოში განახორციელა ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელმა ან აგენტმა თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელი ან აგენტი ვერ წარადგენს შესაბამის დასაბუთებას) და ,,ვ" ქვეპუნქტიდან (იგი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას) გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი.
13. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, და მიუთითებს, რომ სსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
15. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას1726-2019, 9.12.2021წ; N ას-1598-2022, 17.02.2023წ; N ას-594-2021, 20.10.2023წ.). დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად კანონის ახალი ნორმების მითითება საპროცესო-სამართლებრივი დარღვევაა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ წარმომადგენლის ან აგენტის მიერ სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ერთ-ერთ სახესხვაობას, რომელიც „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ცალკე საფუძვლად არის გამოყოფილი. ამდენად, როგორც „ბ“, ისე „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეფასებისას უნდა განისაზღვროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერების კრიტერიუმები.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
17. ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს “სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია”, რომელიც საქართველოში ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან.
18. „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
19. სადავო სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მოპასუხეს ევალება, გააქარწყლოს მისი კეთილსინდისიერების მიმართ გაჩენილი გონივრული და საფუძვლიანი ეჭვები (იხ. სუსგ №ას-645-2020, 4 მაისი, 2022 წელი; №ას-772-772-2018, 24 ივლისი, 2020 წელი). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ სასაქონლო ნიშნის განმცხადებელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად. როდესაც საქმის ობიექტური გარემოებები მიუთითებს კეთილსინდისიერების პრეზუმფციის გაბათილების შესაძლებლობაზე, სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს ევალება, წარმოადგინოს იმ მიზნების ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა, რომელსაც ემსახურება სასაქონლო ნიშნის განაცხადის წარდგენა. ამასთან, მომხმარებელს საშუალება აქვს, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ან რომელიც მას ურჩიეს, რომელიც მას აინტერესებს. ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი, სწორი ინფორმაცია კონკრეტული პროდუქციის/საქონლის სახეობის, ხარისხის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ -საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც ინფორმირებული და დაცული იყოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2016 წლის 28 ივლისის საქმე Nას-62-56-2015 განჩინება).
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი: 1. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები; 2. მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით. კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის საქმე Nას- 541-513-2015 განჩინება).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად შეამოწმეს მოპასუხის კეთილსინდისიერების ფაქტი, კერძოდ, მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ ინტერესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად მიუთითა, რომ დგინდება სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერად რეგისტრაციის არსებობის ფაქტი. მოსარჩელის ნიშნებსა და მოპასუხის ნიშანს შორის არსებობს მაღალი დონის ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსება. ნიშნებს შორის ვიზუალურ და ფონეტიკურ მსგავსებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ნიშნები შეიცავს იდენტურ სიტყვიერ ელემენტს - „MISTIN“ (მისტინი), რომელიც როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ნიშანში ძირითადი განმასხვავებელუნარიანობის მქონე ელემენტებს წარმოადგენს. ნიშნებს შორის ვიზუალურ განსხვავებას განაპირობებს მხოლოდ ნიშნების აღწერილობითი/არაგანმასხვავებელუნარიანი და შესაბამისად, დაუცველი ელემენტები, ერთი მხრივ - „NEO“, ხოლო მეორე მხრივ „MYRA“, რაც ვერ უზრუნველყოფს ნიშნებს შორის ისეთ განსხვავებას, რომ გამოირიცხოს მათ შორის აღრევა. ამასთან, გარდა ნიშნების მსგავსებისა, იდენტურია მოსარჩელის და მოპასუხის სასაქონლო ნიშნების მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი, კერძოდ, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი MYRAMISTIN (რეგ. N25729) რეგისტრირებულია მე-5 კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სამედიცინო დანიშნულების ჰიგიენური პრეპარატები; სამედიცინო და ვეტერინარული დანიშნულების დიეტური საკვები და ნივთიერებები, ბავშვთა კვება; საკვები დანამატები ადამიანებისა და ცხოველებისათვის; სალბუნები, სახვევი მასალა; კბილის დასაბჯენი და კბილის ტვიფრის დასამზადებელი მასალა; მადეზინფიცირებელი საშუალებები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი პრეპარატები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები“ და მთლიანად მოიცავს მოპასუხის სასაქონლო ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალს - „ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სანიტარული პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; დიეტური ნივთიერებები სამედიცინო მიზნებისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაბჯენი საშუალებები, კბილის ტვიფრის დასამზადებელი საშუალებები; დეზინფექტანტები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი საშუალებები; ფუგიციდები, ჰერბიციდები“. ამასთან, ნაწილობრივ იდენტური და ნაწილობრივ მსგავსია მოსარჩელის სასაქონლო ნიშნების MYRAMISTIN (IR 1393643) და MYRAMISTIN (IR 1393644) მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი. ნიშნებს შორის არსებობს ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსებები, რასაც ნიშნებში არსებული იდენტური, ყველაზე განმასხვავებელუნარიანი ელემენტი - „MISTIN“ განაპირობებს, ამასთან, იდენტური საქონლის ჩამონათვალი, ერთობლიობაში სრულად აკომპენსირებს ნიშნებს შორის არსებულ უმნიშვნელო განსხვავებებს და წარმოშობს ნიშნების აღრევის შესაძლებლობას. ვინაიდან სარჩელის ავტორს სადავო სასაქონლო ნიშანი კანონით დადგენილი წესით აქვს რეგისტრირებული, ამასთან, დგინდება მოპასუხის მხრიდან (კასატორი) განსაკუთრებული უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე მსგავსი სასაქონლო ნიშნისა და მსგავსი საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება. მსგავსება კი ქმნის სასაქონლო ნიშნების ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობას, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45.1 მუხლებიდან გამომდინარე, მართებულია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
22. ამდენად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა სასაქონლო ნიშანზე საკუთრების მოპოვება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცვას ექვემდებარება (ECHR.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005) და მოპასუხის მხრიდან სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების გამო, სასარჩელო მოთხოვნა წარმატებულია. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის სხვა არგუმენტებს არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ აქვს მნიშვნელობა განსახილველი დავისათვის და ვერ იქონიებს გავლენას საქმის გადაწყვეტის შედეგზე.
24. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საკასაციო პრეტენზია. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ სპეციალური კანონი რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილობისათვის განსაზღვრავს, როგორც სხვადასხვა საფუძვლებს, აგრეთვე სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს. სპეციალური კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით „თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება სასაქონლო ნიშანზე ამ უფლების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ არის მითითებული“. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ.ფ.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჰ.ფ.“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ამხან. საადვოკატო ბიურო ,,მ. და პ.“ მიერ 13.10.2023წ. №18942307764 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი