Facebook Twitter

საქმე №ას-1321-2024 31 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.გ–ნმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.თ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 7 460 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 2 850 ლარისა და 1 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 19 ნოემბერს ა.დ–მა (შემდგომ - ფიზიკური პირი) სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მისთვის 7 460 აშშ დოლარის დაკისრება. იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელემ მიმართა ადვოკატს - მოპასუხეს, რომლისთვისაც უნდა გადაეხადა მომსახურეობის საფასური - 1000 აშშ დოლარი. 2018 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება გასცა მის სახელზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომაზე ამჟამინდელი მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, ფიზიკური პირის სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოუცხადებელ მხარეს დაეკისრა 7 460 აშშ დოლარის გადახდა. როგორც კი მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ, მან სხვა ადვოკატს მიმართა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილა. ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა სააპელაციო წესითაც, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან, საადვოკატო მომსახურების არაჯეროვნად შესრულების გამო, მას მიადგა ზიანი, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა თანხის გადახდა, ასევე, მოუწია ხარჯის გაწევა სხვა ადვოკატის მომსახურებისთვის. ამასთან, მოპასუხემ უნდა დაუბრუნოს უკვე გადახდილი საადვოკატო მომსახურების საფასურიც.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შეატყობინა მოსარჩელეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობის შესახებ. ასევე, აცნობა დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღი და ურჩია, მიემართა სხვა ადვოკატისთვის. ამრიგად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის, აგრეთვე, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 25 ნოემბერს მისი წარმომადგენელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ 2020 წლის თებერვლამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჰონორარის სახით გადაცემული 1000 აშშ დოლარის დაბრუნება და ზიანის - 7460 აშშ დოლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს ეთქვა უარი.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოება გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მას სასამართლო უწყება სააპელაციო საჩივარში თავად მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 71-ე მუხლით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვლოს მის მიერ მითითებულ მისამართზე კურიერის მეორე ვიზიტის თარიღიდან - 2024 წლის 8 ივლისიდან.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

13. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის, 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დატოვა განუხილველად. მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, რადგან 2024 წლის 26 ივლისამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნული გარემოება დასტურდება კერძო საჩივარზე დართული აპელანტის პასპორტის ასლით.

16. ამავდროულად, მხარემ მიუთითა, რომ გაასაჩივრა მოსარჩელის წინააღმდეგ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ ჯერ არ განხილულა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე წინამდებარე სააპელაციო საჩივრის განხილვა არამართლზომიერი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

19. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2024 წლის 16 მაისს, თუმცა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე (აპელანტმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, რადგან ივლისამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ პირად საკითხზე) სასამართლო პროცესი გადაიდო 2024 წლის 11 ივლისის 11:00 საათისათვის, რის შესახებაც აპელანტს სასამართლო უწყება ორჯერ - 2024 წლის 2 და 5 ივლისს გაეგზავნა (იხ. ტომი 2, ს.ფ 106-109) სააპელაციო და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრებში აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ტომი 1, ს.ფ 304, ტომი 2, ს.ფ 8, 24).

23. შპს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების შესაბამისი აქტებით დასტურდება, რომ 2024 წლის 2 და 8 ივლისს ადრესატს სასამართლო უწყება ვერ ჩაბარდა, ასევე, ვერ მოხერხდა მასთან სატელეფონო კავშირის დამყარება.

24. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

25. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

26. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

27. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულებია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (შდრ: სუსგ: №ას-208-2022, 29 აპრილი, 2022 წ; №ას-588-2022, პირველი ივლისი, 2022 წ.).

28. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტს სასამართლო უწყებით საქმის განხილვის თარიღი ეცნობა - მას სასამართლო უწყება სააპელაციო და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა და სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით არ ჩაბარდა, რაც მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებას უთანაბრდება.

29. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

30. განსახილველი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – 2024 წლის 26 ივლისამდე იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ პირად საკითხზე.

31. იმის შესაფასებლად, აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით, უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

33. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

34. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

35. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია (იხ. სუსგ საქმე №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. სუსგ საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024 წელი).

37. განსახილველ შემთხვევაში მსგავს გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

38. კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 2024 წლის 26 ივლისამდე იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, შესაბამისად, ვერ დაესწრებოდა საქმის განხილვას.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო, რა დროსაც სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა აპელანტის არგუმენტი, რომ 2024 წლის ივლისამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლო სხდომა დაინიშნა ამავე წლის 11 ივლისს, რის შესახებაც სასამართლო უწყებები გაიგზავნა ისეთ დროს, როდესაც აპელანტი საქართველოში უკვე დაბრუნებული უნდა ყოფილიყო. ამდენად, მხარეს შესაძლებლობა მიეცა, უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე საკუთარი გამოცხადება ან, უკიდურეს შემთხვევაში, კვლავ ეშუამდგომლა პროცესის გადადების შესახებ.

40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ აპელანტი იურიდიული განათლების მქონე პირი - ადვოკატია, შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი სასამართლო პროცესზე გამოცხადების მნიშვნელობა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. ასევე, აპელანტი აცნობიერებდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა სასარჩელო წარმოება. აღნიშნული გულისხმობს სასამართლო კორესპონდენციის მიღებისა და საქმის განხილვაზე გამოცხადების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მხარე ამას ვერ ახერხებს, მას შეუძლია, უზრუნველყოს დავაში წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც აპელანტს არ განუხორციელებია.

41. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

42. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით, რომელიც ჯერ არ განხილულა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული გარემოება მოცემული საქმის განხილვას ვერ შეაფერხებს.

43. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი