Facebook Twitter

ბს-1057-1008(კ-06) 14 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 მარტს ი. კ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 2002-2003 წლებში “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, არ მიუღია სანივთე ქონების კომპენსაცია.

მოსარჩელის განმარტებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება არ დაუფარავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 732,03 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლე) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 715,50 ლარის გადახდა დაეკისრა; ი. კ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 16,57 ლარის დაკისრების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისთვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 715,50 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი აწესებდა სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ უზრუნველყოფას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ზე 2002-2003 წლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის ტანსაცმელი ან მისი შესაბამისი ფულადი კომპენსაცია 715,50 ლარის ოდენობით არ გაცემულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ი. კ-ეს ფორმის ტანსაცმლის ტარება არ ევალებოდა ან სამსახურში სამხედრო ფორმის გარეშეE ცხადდებოდა. ამდენად, ი. კ-ეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურში ყოფნისას უნდა მიეღო სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სანივთე ქონების შეძენისა და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობა არ წარმოადგენდა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი აღნიშნულის წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სანივთე ქონების კომპენსაციის _ 715,50 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმა იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და აღნიშნული არ შეიძლება გავრცელდეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი. შესაბამისად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ი. კ-ის მოთხოვნას სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე.

კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ის აუცილებელი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და სანივთე ქონების საკუთარი სახსრებით შეძენის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა წარმოშობილი დავალიანების მიზეზი _ სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების კომპენსაციის გაუთვალისწინებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.