№ას-93-2025 31 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა.პ–ნიმ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე ვ.გ–ის მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ვ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ვ.გ–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტი - ვ.გ–ი და მისი წარმომადგენელი მ.ფ–ი. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2024 წლის 07 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 404-413).
07.11.2024 წლის სხდომის გადადების შესახებ ცნობის თანახმად არასრული შემადგენლობის გამო 2024 წლის 07 ნოემბერს დანიშნული სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო სხვა დროისთვის (იხ. ს.ფ. 417).
13.11.2024 წლის ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტის თანახმად მხარეებს ეცნობათ, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2024 წლის 21 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 418-419).
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 21 ნოემბერს სასამართლო სხდომას, რომელზედაც გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტი - ვ.გ–ი. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;
შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2024 წლის 11 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) დეკემბრიდან არაუგვიანეს 23 დეკემბრის (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში (ვინაიდან 21-22 დეკემბერი იყო დასვენების დღეები შაბათ-კვირა) გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2024 წლის 24 დეკემბერი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2025 წლის 13 იანვარი.
დადგენილია, რომ ვ.გ–მა 2024 წლის 24 დეკემბერს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 33-ე დღეს) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.
ასევე დადგენილია, რომ ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2025 წლის 20 იანვარს (ფოსტაში წარდგენილია 2025 წლის 18 იანვარს), გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ვ.გ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საპატიო მიზეზის არსებობის გამო საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სწორედ კანონით დადგენილ იმ გამონაკლისს მიეკუთვნება სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადები, რომელზედაც გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა, თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობისას, დაუშვებელია (სსსკ 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), ამდენად, მოთხოვნას ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ, საფუძველი არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ. საქმე №ას-470-438-2017,.02.06.2017წ; №ას-299-284-2016, 22.04.2016წ).
პალატას მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე