საქმე №ას-914-2024 14 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ი (მხარდამჭერი ნ.თ–ლი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.ჩ–ი, გ.ჩ–ი, ზ.ფ–რი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს, შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1212675,33 ლარისა და 774496,07 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 845316 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, ზ.ფ–რის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ის წარმომადგენელმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2023 წლის 22 დეკემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი - რ.მ–ლი (ტომი IX, ს.ფ. 455).
- სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2024 წლის 15 თებერვალს.
4. დადგენილი ფაქტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 70-ე-74-ე და 2591-ე მუხლებთან სუბსუმირების შედეგად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 23 დეკემბრიდან და ამოიწურა 2024 წლის 5 თებერვალს (რადგან გასაჩივრების ბოლო მე-14 დღე ემთხვეოდა კვირა დღეს), ამასთან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა დაგვიანებით - 2024 წლის 15 თებერვალს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა (ტომი X, ს.ფ. 3-6).
5. 2024 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებაზე ზ.კ–ის მხარდამჭერმა ნ.თ–ლმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას (ტომი X, ს.ფ. 38-42). კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-3 დღეს (25-26 დეკემბერს) აპელანტის მხარდამჭერი, სასამართლოს შიდა ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე აპირებდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გასაჩივრებას.
- აპელანტის მხარდამჭერმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლამდე - 26 დეკემბერს, სასამართლოს მიმართა და დააფიქსირა მოსაზრება სარჩელზე გამოყენებულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მათი წარმომადგენელი ხ.დ–ნი და თავად მხარდამჭერი, განუწყვეტლივ უკავშირდებოდნენ მოსამართლის თანაშემწეს შიდა ნომერზე და მოითხოვდნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემას, თუმცა თანაშემწე პასუხობდა, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემა ჭიანურდებოდა.
- აპელანტის მხარდამჭერმა, 2024 წლის 7 თებერვალს კვლავ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით.
- მხარემ საპროცესო ვადის დაცვის მიზნით, 2024 წლის 15 თებერვალს წარადგინა ფორმალური სააპელაციო საჩივარი, და მოგვიანებით აპირებდა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას.
- მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 6 მარტს, სადაც მითითებული იყო, რომ გასაჩივრების ვადა შეადგენდა 14 დღეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებული საფუძველი.
- კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე (საქმეები Nას-843-807-2014, Nას-1377-2022, Nას-204-194-2016) და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო და აღნიშნული მომენტიდან 20-30 დღის განმავლობაში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ის მხარდამჭერი ნ.თ–ლის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ეყრდნობა ძირითადად იმ არგუმენტს, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მომზადდა დაგვიანებით, მხარე განუწყვეტლივ მოითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, რაც სასამართლოს მიერ არ მომხდარა. საბოლოოდ, მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 6 მარტს, გადაწყვეტილებაში კი მითითებული იყო 14 დღიანი გასაჩივრების ვადის თაობაზე, რაც მხარემ დაიცვა და სასამართლოს სააპელაციო საჩივარი წარედგინა 15 თებერვალს, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ (იხ. სუსგ. საქმე N749-2023, 2023 წლის 05 ივლისი).
13. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. სუსგ. საქმე N749-2023, 2023 წლის 05 ივლისი).
14. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება). საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მხარემ ფორმალური სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის 15 თებერვალს, მაშინ როდესაც მოხმობილი ნორმების შესაბამისად ათვლილი გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2024 წლის 5 თებერვალს (რადგან გასაჩივრების ბოლო მე-14 დღე ემთხვეოდა კვირა დღეს), შესაბამისად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მხარეს არ დაუცვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის 369-ე მუხლებით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები.
15. მეორე მხრივ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.).
16. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული პრაქტიკის მხედველობაში მიღებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებდით შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ის (მხარდამჭერი ნ.თ–ლი, მოსარჩელე) მეორე არგუმენტს და მივიჩნევდით, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პერსპექტივა მაინც არ არსებობს რადგანაც, მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა დარღვეული აქვს იმ დროიდანაც, როდესაც თავად უთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა. სახელდობრ, კერძო საჩივარში აღნიშნულია და საქმის მასალებითაც უცილობლად დასტურდება (ტომი IX. ს.ფ. 473), რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.თ–ლს ჩაბარდა 2024 წლის 6 მარტს, შესაბამისად მისივე მტკიცებით, ვადის ათვლა სწორედ აღნიშნულ თარიღს უნდა დაკავშირებოდა. საქმეზე წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 10 აპრილს (ტომი X. ს.ფ. 10-32), კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. როდესაც დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით (ნაცვლად 2024 წლის 20 მარტისა, 2024 წლის 10 აპრილს) მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, ამასთან, მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უსაფუძვლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
19. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para.).
20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
21.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ის (მხარდამჭერი ნ.თ–ლი, მოსარჩელე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი