საქმე №ას-497-2023 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი) წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 1 644 341.74 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. მოსარჩელემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, მართლზომიერად შეფასდა დელიქტური სამართლის მიხედვით, ვინაიდან მოსარჩელე მოთხოვნის მთავარ გარემოებად ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე უთითებდა, რომლის საფუძველზეც ზიანი მიადგა.
5.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. მოსარჩელე/აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ბანკმა განახორციელა გარანტიების ავიზირება, რითიც დადასტურდა საბანკო გარანტიების ავთენტურობა (ნამდვილობა) - რომ გარანტიები გაცემულია საბანკო დაწესებულების მიერ, რითაც შემსყიდველი (ბენეფიციარი) შეცდომაშია შეყვანილი.
5.4. მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ავიზირების პროცესში ბანკს არ მოეთხოვებოდა, არ მოუკვლევია და შესაბამისად არც ბენეფიციარისთვის დაუდასტურებია ფლობდა თუ არა Point Bank Ltd საბანკო საქმიანობის ლიცენზიას, რადგან გარანტიების ავიზირების პროცესში მას, როგორც მეორე მეავიზე მხარეს, ევალებოდა და დარწმუნდა კიდეც უკრაინული ბანკისგან მიღებული შეტყობინებების ნამდვილობაში, რაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მოთხოვნამდე გარანტიებისთვის დადგენილი უნიფიცირებული წესების მიხედვით ელექტრონულ საბუთთან მიმართებაში გულისხმობს, რომ ბანკმა დადგენილი წესით განახორციელა შეტყობინების გამომგზავნი მხარის („Credit Dnepr bank“) იდენტიფიცირება, ასევე მისგან მიღებული მონაცემების სისრულისა და უტყუარობის დადგენა.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი იყო 2015 წლის 4 დეკემბრის, 8 დეკემბრის, 16 და 24 დეკემბრის და 2016 წლის 13 იანვრის წერილები, რომლითაც დასტურდება, რომ საბანკო გარანტიები ბანკმა მიიღო არა უშუალოდ გარანტიის გამცემი ბანკისგან („Point Bank Ltd“), არამედ SWIFT-ს სისტემის მონაწილე სხვა ინსტიტუტების გავლით, კერძოდ უკრაინული ბანკისგან „Credit Dnepr bank“, რომელმაც, თავის მხრივ შეტყობინებები მიიღო საინვესტიციო კომპანია „R.T.Z“-სგან (მოსკოვი, რუსეთი), ხოლო ამ უკანასკნელმა უშუალოდ გარანტიის გამხსნელი ბანკისგან და მიიჩნევს, რომ საბანკო გარანტიების ავიზირების პროცესში, მოპასუხე მოქმედებდა არა როგორც მეავიზე არამედ როგორც მეორე მეავიზე, რომლის ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინა ბენეფიციარისათვის, რომ ნათლად დარწმუნდა მიღებული შეტყობინების ნამდვილობაში და რომ შეტყობინება ზუსტად ასახავდა იმ გარანტიის პირობებს რაც მიიღო ავიზირების მეორე მხარისგან. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა, ასევე საქმეში არსებული სვიფტ შეტყობინებების ანალიზი, საიდანაც დგინდება, რომ საინვესტიციო კომპანია „რტ–ი“ „კ.დ.ბ–ს“ სთხოვს მოახდინოს წინამდებარე შეტყობინებების ავიზირება ბ–ისათვის პასუხისმგებლობის გარეშე და რომ არავითარი საჩივარი არ იქნებოდა წარდგენილი მათი და კ.დ.ბ–ის მიმართ.
5.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს არ მოეთხოვებოდა, არ მოუკვლევია და შესაბამისად, არც ბენეფიციარისთვის დაუდასტურებია, ფლობდა თუ არა „Point Bank Ltd“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიას, რადგან გარანტიების ავიზირების პროცესში მას ევალებოდა და განახორციელა მხოლოდ SWIFT-ით მიღებული შეტყობინების (ავიზოს) ავთენტურობის (ნამდვილობის) დადასტურება და ადრესატისათვის მისი უცვლელად და სრულად გადაცემა, ბენეფიციარის რაიმეში ან რამე ფორმით დარწმუნების ან/და დამატებითი ვალდებულების ან სხვა სახის პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რისი დასტურიცაა მოპასუხის უკლებლივ ყველა (2015 წლის 4 დეკემბრის, 8 დეკემბრის, 16 და 24 დეკემბრის, და 2016 წლის 13 იანვრის) წერილებში საგანგებო ხაზგასმა იმის თაობაზე, რომ წინამდებარე წერილებთან ერთად ბანკი ბენეფიციარს გადასცემდა გარანტიის ტექსტს, ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე და თუ წარდგენილი საბანკო გარანტიები არ შეესაბამებოდა ბენეფიციარისა და გარანტიის გამცემ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას, წერილობით 2 საბანკო დღის განმავლობაში ბენეფიციარს უნდა ეცნობებინა მოპასუხე ბანკისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა გარანტიების ავიზირება. მეტიც, 2015 წლის 24 დეკემბერს და 2016 წლის 13 იანვარს მოპასუხემ მერიას გაუგზავნა SWIFT-ით მიღებული გარანტია და პირდაპირ მიუთითა ბენეფიციარს, რომ იგი არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ, ასევე ბ–ი არ იღებდა არანაირ ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს ბენეფიციარის წინაშე და წერილი წარმოადგენდა მხოლოდ საინფორმაციო დოკუმენტს.
5.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევებს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტავს, რომ URDG 758-ე წესების მიხედვით, ბანკი წარმოადგენდა მეავიზე მხარეს, რომელმაც განახორციელა გარანტიის ავიზირება ბენეფიციარის - მერიის წინაშე უშუალოდ - პირდაპირ, გარანტიის - პ.ბ–ის და გარანტიის ავიზირებით მან დაუდასტურა ბენეფიციარს - მერიას გარანტიის ნამდვილობა.
6.3. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს მიერ ჩაითვლება, რომ მოპასუხე ბანკი წარმოადგენდა მეორე მეავიზე მხარეს, URDG 758-ე წესების მიხედვით, ბანკს, როგორც მეავიზე მხარეს გარანტიის ავიზირებისას ასევე ევალებოდა ბენეფიციარის წინაშე გარანტიის ნამდვილობის დადასტურება. შესაბამისად, აღნიშნულით არ იცვლება მოპასუხის ვალდებულება და პასუხისმგებლობა ბენეფიციარის წინაშე და გარანტიის ნამდვილობასთან დაკავშირებით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი მერიის წინაშე.
6.4. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილების მიხედვით ის არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორისა და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ, ამასთან ბანკი არ იღებდა არანაირ ფინანსურ თუ სხვა სახის ვალდებულებებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავდა, რომ გარანტიები ნამდვილი იყო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:
11.1. მოსარჩელესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალ „კ.ჯ–ას“ (მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 15 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N268 ხელშეკრულება.
11.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. მიმწოდებელს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში (2016 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი), ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 4 279 990 ლარით.
11.3. უცხოური საწარმოს ფილიალ „კ.ჯ–ამ“ (მიმწოდებელი) შემსყიდველს წარუდგინა უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიები; კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული შპს „პ.ბ–ის“ მიერ 2015 წლის 1 დეკემბერს გაცემული N512/5-51/545 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N268 ხელშეკრულება) და 2015 წლის 18 დეკემბერს გაცემული N512/5- 51/545 ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;
11.4. საერთაშორისო ბანკთაშორისი საფინანსო სატელეკომუნიკაციო არხის SWIFT-ის საშუალებით მიღებული ზემოაღნიშნული გარანტიების ავიზირება ბენეფიციარის წინაშე განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა საბანკო დაწესებულებამ (მოპასუხე ბანკმა), რომელიც წარმოადგენს განსახილველ სარჩელზე მოპასუხე მხარეს.
11.5. მერიამ უცხოური საწარმოს ფილიალ „კ.ჯ–ას“ 2015 წლის 15 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N268 ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით წინასწარ გადაუხადა 1 621 185.41 ლარი;
11.6. მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ 251 109.43 ლარის ღირებულების სამუშაო, რის შემდეგაც კომპანიამ შეწყვიტა სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
11.7. ხელშეკრულების მიხედვით, მერიის მიერ მიმწოდებლისთვის ავანსად გადახდილი თანხიდან გაიქვითა 190 843.17 ლარი, მიმწოდებელს დამატებით აუნაზღაურდა 22 599.85 ლარი, ხოლო 37 666.41 ლარი დაკავებულ იქნა; შესაბამისად მიმწოდებლისათვის გადახდილი ავანსის თანხამ, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ მოხმარებია, შეადგინა 1 430 342.24 ლარი.
11.8. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის N917 ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყდა შემსყიდველის მიერ და მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (4 279 990 ლარი) 5% - 213 999.50 ლარი, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 12.3. პუნქტის საფუძველზე.
11.9. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა უსფ „კ.ჯ–ას“ და შპს „კ–ს“ საავანსო თანხის დაბრუნებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნებით, ასევე მიმართა გარანტორს - შპს „პ.ბ–ს“ მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების ფარგლებში, 10 სამუშაო დღის ვადაში 1 430 342.24 ლარისა და 213 999.50 ლარის გადახდის მოთხოვნით, თუმცა მიმწოდებელი და გარანტორი კომპანიების მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.
11.10. გარანტორი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2017 წლის 6 სექტემბერს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია შპს „ფ–ს“ შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
11.11. შპს „ფ–ის“ მიერ შპს „პ.ბ–ის“ ფინანსური სტატუსის მოკვლევის შედეგად დადგინდა რომ: დაფუძნებიდან (2006 წლის 22 ნოემბერი) 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით თვითდეკლარირების საფუძველზე კომპანიას მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი, რაც გულისხმობს რომ იგი არ ეწევა არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი.
11.12. აჭარის ა/რ პროკურატურის 2019 წლის 18 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მერია ცნობილია დაზარალებულად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხოლო ბათუმის მერის, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის და უფროსის მოადგილის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რითაც ბათუმის მერიას მიადგა 1 370 076 ლარის ზიანი.
12. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
14. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
15. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების დასკვნების და სამართლებრივი შეფასება, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მართლზომიერია, კერძოდ, მოსარჩელე სადავო საკითხის გადაწყვეტას მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორიცელების აღკვეთას უკავშირებდა, რომელიც დელიქტური ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარეობს.
17. სსკ-ის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 408.1-ე მუხლით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია ზემოაღნიშნული მუხლებით.
18. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა („გენერალური დელიქტი“). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ (სუსგ №ას-332- 317-2016, 09.12.2016). სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი).
19. მხარეთა შორის სადავო გარემოება იყო, რომ ავიზირების პროცესში მოპასუხეს არ მოეთხოვებოდა, არ მოუკვლევია და შესაბამისად არც ბენეფიციარისთვის დაუდასტურებია ფლობდა თუ არა Point Bank Ltd საბანკო საქმიანობის ლიცენზიას, რადგან გარანტიების ავიზირების პროცესში მას, როგორც მეორე მეავიზე მხარეს, ევალებოდა და დარწმუნდა კიდეც უკრაინული ბანკისგან მიღებული შეტყობინებების ნამდვილობაში, რაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მოთხოვნამდე გარანტიებისთვის დადგენილი უნიფიცირებული წესების მიხედვით ელექტრონულ საბუთთან მიმართებაში გულისხმობს, რომ ბანკმა დადგენილი წესით განახორციელა შეტყობინების გამომგზავნი მხარის („Credit Dnepr bank“) იდენტიფიცირება, ასევე მისგან მიღებული მონაცემების სისრულისა და უტყუარობის დადგენა.
20. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, თუ ვინ ითვლება მოცემულ შემთხვევაში მეავიზედ (მეორე მევიზედ), რა ევალებოდა მას გარანტიის ავიზირებისას და შესაბამისად ადგილი ქონდა თუ არა მოპასუხე ბანკის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას საავანსო და შესრულების საბანკო გარანტების/ცვლილებების ავიზირების პროცესში, რაც განაპირობებდა შემსყიდველი კომპანიის ბენეფიციარის შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულ განმარტებებს სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო. ავიზო (იტალ. avviso) — საქმიან წრეებში და განსაკუთრებით საბანკო პრაქტიკაში ნიშნავს ოფიციალურ შეტყობინებას ანგარიშსწორების ან სასაქონლო ოპერაციის შესრულების შესახებ. ავიზო ეგზავნება ერთი კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარეს. ავიზო გამოიყენება საერთაშორისო გარანტიებში, როდესაც გარანტია იგზავნება სვიფტის ან სხვა ელექტრონული ფორმატით. ტერმინი „ავიზირების“ განმარტებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს, თუმცა საბანკო სექტორისათვის უცხო არ არის უცხოური თუ ადგილობრივი საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტალური ოპერაციების ავიზირება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილ მოთხოვნამდე გარანტიებისთვის უნიფიცირებული წესების (პუბლიკაცია N758) საფუძველზე.
21. აღნიშნული უნიფიცირებული წესების პირველი მუხლის თანახმად: უნიფიცირებული წესები მოთხოვნითი გარანტიებისთვის გამოიყენება ნებისმიერი სახის მოთხოვნითი გარანტიისთვის ან კონტრგარანტიისთვის, თუ მასში პირდაპირ მითითებულია დაქვემდებარება ამ წესებზე. ეს წესები სავალდებულოა მოთხოვნითი გარანტიის ან კონტრგარანტიის ყველა მხარისათვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა და ზომისა, რაც შეცვლილია (მოდიფიცირებულია) ან გამორიცხულია მოთხოვნითი გარანტიით ან კონტრგარანტიით. საქმეში არსებული სვიფტ შეტყობინებების შინაარსით დასტურდება, წარმოდგენილი გარანტიები ექვემდებარება უნიფიცირებულ წესებს (პუბლიკაცია N758), ყოველგვარი გამონაკლისის გათვალისწინების გარეშე.
22. URDGN758-ის მე-2 მუხლი (ტერმინთა განმარტება) ავიზირების მხარეს განმარტავს, როგორც მხარეს, რომელიც ავიზირებას უკეთებს გარანტიას გარანტის თხოვნით, ხოლო, URDGN758-ის მე-10 მუხლით (გარანტიის და ცვლილების ავიზირება) განსაზღვრულია რომ: 1) გარანტია შესაძლებელია იყოს ავიზირებული - ავიზირების მხარის მიერ. ავიზირების მხარე ატყობინებს ბენეფიციარს, რომ გარემოების შესაბამისად ის ნათლად დარწმუნდა გარანტიის ნამდვილობაში და რომ გაგზავნილი შეტყობინება ზუსტად ასახავს იმ გარანტიას, რაც მიიღო ავიზირების გამცემმა; 2) ავიზირებული გარანტიით, ავიზირების მეორე მხარე, ამით უდასტურებს ბენეფიციარს, რომ ნათლად დარწმუნდა მიღებული შეტყობინების ნამდვილობაში და რომ შეტყობინება ზუსტად ასახავს გარანტიის პირობებს რაც მიიღო ავიზირების მეორე მხარისგან; 3) ავიზირების მხარე ან ავიზირების მეორე მხარე, გარანტიის ავიზირებას ატარებს რაიმე დამატებითი დარწმუნების ან ვალდებულების გარეშე ბენეფიციარის წინაშე; 4) თუ ავიზირების მხარე არ არის მზად, ან არ შეუძლია გარანტიის ან მასში ცვლილების ავიზირება, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გარანტიის გამცემს; 5) თუ ავიზირების გამცემი მხარე თანახმაა ჩაატაროს ავიზირების პროცედურა, მაგრამ ვერ დარწმუნდა გარანტიის ან ავზირებაზე შეტყობინების თვალსაჩინო ნამდვილობაში, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ინსტრუქტაჟის გამცემს. თუ მიუხედავად აღნიშნულისა, ავიზირება მაინც მოხდება, მაშინ ავიზირების გამცემმა უნდა შეატყობინოს ბენეფიციარს, რომ ვერ შეძლო დარწმუნებულიყო თვალსაჩინო ნამდვილობაში; 6) გარანტმა, რომელმაც გამოიყენა ავიზირების მხარე გარანტიის ავიზირებისას, შეძლებისდაგვარად, გარანტიაში ცვლილების შეტანისას უნდა გამოიყენოს იგივე ავიზირების მხარე.
23. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილ წერილებს მიაქცევს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ საბანკო გარანტიები მიიღო არა უშუალოდ გარანტიის გამცემი ბანკისგან, არამედ სვიფტის სისტემის მონაწილე სხვა ინსტიტუტების გავლით, კერძოდ უკრაინული ბანკისგან „Credit Dnepr bank“, რომელმაც, თავის მხრივ შეტყობინებები მიიღო საინვესტიციო კომპანია „Rico Trust Zao“-სგან (მოსკოვი, რუსეთი), ხოლო ამ უკანასკნელმა უშუალოდ გარანტიის გამხსნელი ბანკისგან და მიიჩნევს, რომ საბანკო გარანტიების ავიზირების პროცესში, მოპასუხე მოქმედებდა არა როგორც მეავიზე, არამედ როგორც მეორე მეავიზე, რომლის ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინა ბენეფიციარისათვის, რომ ნათლად დარწმუნდა მიღებული შეტყობინების ნამდვილობაში და რომ შეტყობინება ზუსტად ასახავდა იმ გარანტიის პირობებს რაც მიიღო ავიზირების მეორე მხარისგან. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა, ასევე საქმეში არსებული სვიფტ შეტყობინებების ანალიზი, საიდანაც დგინდება, რომ საინვესტიციო კომპანია „რ.ტ–ი“ „კ.დ.ბ–ს“ სთხოვს მოახდინოს წინამდებარე შეტყობინებების ავიზირება ბ–ისათვის პასუხისმგებლობის გარეშე და რომ არავითარი საჩივარი არ იქნებოდა წარდგენილი მათი და კ.დ.ბ–ის მიმართ.
24. სადავო ფაქტობივი გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ 2018 წლის 24 ოქტომბრის წერილი წარმოადგინა, რომლითაც ბანკი ქალაქ ბათუმის მერიას ატყობინებს, რომ „საბანკო სექტორში ავიზირება ხორციელდება უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ მოქმედი პრაქტიკის და გამოცდილების მიხედვით“ და საქართველოს სხვადასხვა ლიცენზირებული ბანკებიდან მიღებული წერილობითი პასუხების შეფასებისა და ავიზირების პროცესის მარეგულირებელი უნიფიცირებული წესების შინაარსის გათვალისწინებით, ასკვნის რომ პრაქტიკაში ბანკების მიერ გარანტიის ავიზირება ხორციელდება გარანტიის ავთენტურობის ანუ მისი ნამდვილობის დადასტურების გზით, ხოლო „ტერმინი ავთენტიფიცირებული - გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტებისთვის და ნიშნავს, რომ მხარეს, რომელსაც წარედგინა დოკუმენტი, შეუძლია ცალსახად განსაზღვროს გამგზავნი და დარწმუნდეს, რომ მიღებული მონაცემები სრული და შეუცვლელია (URDG N758. მუხლი 2); საერთაშორისო უნიფიცირებული წესებით, ავიზირებას ტექნიკური, პრაქტიკული ხასიათი აქვს და დამოწმება ხდება, სპეციალური „გასაღებით“ ანუ ციფრების კომბინაციით მიღებული კოდის შეტანით პროგრამაში.
25. „ავიზირებადი ბანკის ფუნქცია გამოიხატება მხოლოდ დოკუმენტალური ოპერაციის აუთენტურობის და ნამდვილობის დადგენაში და ავიზირებად ბანკს არ გააჩნია ფინანსური პასუხისმგებლობა და/ან ვალდებულება აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში“ - განმარტებულია საქართველოს ბანკის 11.10.18წ წერილში; სს „ლ.ბ–ი“ ადრესატს ასევე განუმარტავს, რომ „ავიზირებადი ბანკი კისრულობს ვალდებულებას დაადასტუროს უცხო ქვეყნის ბანკისგან მიღებული შეტყობინების ავთენტურობა და მიღებული შეტყობინება უცვლელად გადასცეს ბენეფიციარს სს „ლ.ბ–ის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გარეშე“; ანალოგიური შინაარსის შემცველია სს „ქ.ბ–ის“ განმარტებაც: „გარანტიის „ავიზირება“ არის ბანკის მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის და ვალდებულების გარეშე მიღებული გარანტიის გადაცემა ბენეფიციარის სასარგებლოდ. ავიზირების წერილში ბანკი ადასტურებს SWIFT-ის სისტემით კოდირებული ფორმატით მიღებული საბუთის ნამდვილობას. გადაწყვეტილებას გარანტიის მიღებაზე იღებს ბენეფიციარი“. სამივე ბანკის წერილობით პასუხებთან სრულ შესაბამისობაშია 2022 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ პირთა - ნ.ც–ისა და თ.ს–ძის ჩვენებებიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საბანკო გარანტიათა ავიზირების პროცესში, როგორც მოპასუხე ბანკის თანამშრომლები და რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ SWIFT-ის საშუალებით, ორი ფინანსური ინსტიტუტის დასაკავშირებლად, აუცილებელია ერთმანეთთან გაცვლილი ჰქონდეთ ე.წ. „გასაღებები“. ავიზირების პროცესში, ისევე როგორც სისტემაში დარეგისტრირების მომენტში, მოწმდება დასარეგისტრირებელი იურიდიული პირი და მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული საკომუნიკაციო არხით. ავიზირების პროცესის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, მოპასუხე ბანკს ევალებოდა და დარწმუნდა კიდეც უკრაინული ბანკისგან SWIFT-ით მიღებული შეტყობინებების (საბანკო გარანტიების) ნამდვილობაში და მხოლოდ მას შემდეგ წარუდგინა იგი ადრესატს.
26. ამდენად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ავიზირების პროცედურა, მოთხოვნების გაგზავნა და კომუნიკაცია სრულად ხორციელდებოდა ავტორიტეტული საერთაშორისო ბანკთაშორისი საფინანსო სატელეკომუნიკაციო არხის - SWIFT-ის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა არანაირი საფუძველი, ეჭვი შეეტანა უკრაინული ბანკისგან SWIFT-ით მიღებული შეტყობინებების ნამდვილობაში და მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარანტიის გამხსნელი ბანკი არ აღმოჩნდა საბანკო დაწესებულება, სხვა მტკიცებულებების საქმეში არ არსებობის პირობებში, არ შეიძლება შეფასდეს ბანკის მხრიდან ბენეფიციარისადმი არაკეთილსინდისიერ ან არამართლზომიერ დამოკიდებულებად, თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებებსაც რომ SWIFT-ში გაწევრიანება ბანკების გარდა შეუძლიათ საგადასახადო, ფასიანი ქაღალდების და სახაზინო ბაზრის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებს, ბროკერებს/დილერებს, საინვესტიციო მენეჯერებს, კორპორაციებს, ბირჟებს და სხვა შესაბამის სუბიექტებს.
27. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მერიას თავად ჰქონდა საშუალება და როგორც საბიუჯეტო სახსრების განმკარგავს გააჩნდა ვალდებულებაც, საავანსო გადახდის განხორციელებამდე მოეძიებინა და გადაემოწმებინა ინფორმაცია გარანტორი ბანკის სანდოობის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საავანსო ანგარიშსწორებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ავიზირების პროცესში მოპასუხე ბანკი (იხ. 24.12.15წ და 13.01.2016 წერილები) წერილობით მიუთითებდა ბენეფიციარს, რომ იგი არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ და არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებებს ბენეფიციარის წინაშე.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს დელიქტური ნორმების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის შედეგის შეცვლის წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის ქმედებების არამართლზომიერება.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი