საქმე №ა-1094-ა-9-2023 26 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – ა.ა–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – უ.მ. (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „განმცხადებელი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39 665 აშშ დოლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შევსების მიზნით, მხარეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ლ.ჯ–ას ჩაბარდა 2022 წლის 9 ივნისს.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს (ან მის წარმომადგენელს) სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და სასამართლოსთვის არც დამატებით რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობით მიუმართავს.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება.
11. 2023 წლის 7 მარტს ა.ა–ნის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
12. 2023 წლის 25 აპრილს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) განმცხადებელმა წარმოადგინა დაზუსტებული მოთხოვნა და მიუთითა, რომ საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით ა.ა–ნის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულია განსახილველად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
16. საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს არ განეკუთვნება, შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია.
17. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებლი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ა.ა–ნის მისამართზე რაიემ გზავნილის ჩაბარებას, ასევე, ადგილი არ ჰქონია მათ მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარებას მისი წარმომადგენლისათვის ან ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრისათვის, ასევე, გზავნილი ორგნიზაციას არ ჩაჰბარებია, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნები. რისი გავალისწინებითაც, სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს მიღებული გაჩინება და განახლდეს საქმის წარმოება. ამასთან, ქ.მ–ძე არ წარმოადგენს და არასოდეს არ წარმოადგენდა ა.ა–ნის წარმომადგენლების - ლ.ჯ–ასა და ლ.ც–ძის თანამშრომელს, დასაქმებულს ან პარტნიორს, საერთოდ უცნობია ვინ არის.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტებს, რომელიც სსსკ-ის 70-ე და 78-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე გზავნილის კანონით დადგენილ ჩაბარებას ეხება და მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტები, რომელთა შესახებ განმცხადებლები 2023 წლის 7 მარტის განცხადებაში მიუთითებენ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების ფარგლებში შეაფასა. საკასაციო პალატის მითითებით, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში კი, განმცხადებლის პრეტენზია სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამასთან, სწორედ განმცხადებელს უნდა წარმოედგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა სასამართლო გზავნილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობას. შესაბამისად, მან ვერ გააქარწყლა - საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილში ასახული ინფორმაცია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ლ.ჯ–ას (იხ. მინდობილობა ს.ფ. 182-184) გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2022 წლის 9 ივნისს ჩაბარდა თანაშემწეს ქ.მ–ძეს (ს.ფ. 293).
20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.
21. სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ........ N40, მე-10 სართული), სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ) ჩაბარდა ქ.მ–ძეს, რომელიც, როგორც ფოსტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, წარმოადგენს თანაშემწეს. კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ქ. თბილისი, ........., მე-10 სართული წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის სამუშაო ადგილს, ხოლო ადმინისტრაციას წარმოადგენს თავად ლ.ჯ–ა ან/და ლ.ც–ძე. მართალია კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს ქ.მ–ძის ამგვარ სტატუსს, თუმცა სურს იმის დამტკიცება, რომ იგი არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ქ.მ–ძეს ასევე ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდგომი გზავნილიც, კერძოდ, 2022 წლის 29 ივნისის განჩინება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, ა.ა–ნის წარმომადგენელმა ლ. ჯ–ამ, გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დაცვით წარადგინა კერძო საჩივარი. ყოველივე აღნიშნული ქმნის ფაქტობრივი პრეზუმციის საფუძველს, რომ თანაშემწე - ქ.მ–ძე წარმოადგენს სწორედ კერძო საჩივრის ავტორის სამუშაო ადგილზე მყოფ უფლებამოსილ პირს გზავილის ჩაბარებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის საქმე Nას-990-2022 განჩინება). რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ა.ა–ნის წარმომადგენელს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე კანონიერად დარჩა განუხილველად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ნის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი