საქმე №ა-6033-გან-17-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჩ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)
განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ზეგანაკვეთური სამუშაოსა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.ჩ–მა (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს ,,თ.ს.კ–იის" (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და ზეგანაკვეთური სამუშაოს, გამოუყენებელი შვებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხეების პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით: ლ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 64 420.05 ლარის ოდენობით; შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 64 420.05 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 06 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „თ.ს.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა ლ.ჩ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ,,საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან“, საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ჩ–ის სარჩელი შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 64 420.05 ლარის ოდენობით; შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 64 420.05 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 6 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებლის მოთხოვნა:
8. 2024 წლის 14 ნოემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება.
9. განმცხადებელმა მოითხოვა განიმარტოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა წარმოადგენს თუ არა საგადასახადო დაბეგვრის ინტერესს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას შეეხება სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
12. განსახილველი განცხადების განხილვა საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
14. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–ის სარჩელი შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 64 420.05 ლარის ოდენობით; შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 64 420.05 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 6 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
15. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს №2014/4611/2 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ზ.ლ–ძის ყოველთვიური შრომით ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 2400 ლარით; 2019 წლის 1 იანვრიდან ზ.ლ–ძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 2640 ლარს. ზემოთ მითითებული თანხა ზ.ლ–ძეს ერიცხებოდა დაბეგრილი სახით და აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი ზ.ლ–ძის თიბისი ბანკის ანგარიშიდან (შრომითი ხელშეკრულება N2014/4611/2 ტომი I. ს.ფ 30-31; შპს ,,თ. ს. კ–იის“ გენერალური დირექტორის 26.01.2021.წ. N01/193 წერილი, ტომი I, ს.ფ 123; ამონაწერი ზ.ლ–ძის თიბისი ბანკის ანგარიშიდან იხ. ტომი I, ს.ფ. 55-122);
16. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნული ,,ტაბელის“ საფუძველზე შედგენილ №07-02/25 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში ზ.ლ–ძის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარმა დრომ ჯამურად შეადგინა 360:35:00 საათი, 2017 წელს 1554:21:00 საათი, 2018 წელს 1344:41 საათი და 2019 წელს 785:35:00 საათი, ჯამში 4045:11:00 საათი. აუდიტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული თანხის დაანგარიშება განხორციელდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოებული სამსახურში გამოცხადების მაჩვენებლისა და შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებაში მითითებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესის გათვალისწინებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებელმა თანხამ აუდიტის დასკვნის თანახმად 4045:11:00 სთ-ზე, დარიცხული ოდენობით შეადგინა 64420,05 ლარი.
17. მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, გულისხმობს, რომ შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 64 420.05 ლარის ოდენობით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 64 420.05 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 6 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხული (დასაბეგრი) ოდენობით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეოთხე და მეხუთე პუნქტები განიმარტოს იმგვარად, რომ (4) შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 64 420.05 ლარის (დარიცხული) ოდენობით; (5) შპს ,,თ.ს.კ–იას“ ლ.ჩ–ის (როგორც ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 64 420.05 ლარის 0.07% (დარიცხული) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 6 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი