საქმე №ას-188-2024 6 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.გ–მა (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2010 წლიდან 1 აპრილიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც ყოველწლიურად იდებოდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 1 წლის ვადით. აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით მეთორმეტედ, 2021 წლის 15 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება მათ შორის, ერთი წლის ვადით. შესაბამისად, 2021 წლის 15 სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლიდან ს.გ–ი შეუდგა მისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
2.2. 2022 წლის 17 იანვარს მოსარჩელეს ჩაბარდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის თ.ღ–ის 2022 წლის 17 იანვრის N1კ-08 ბრძანება, დაკავებული პოზიციიდან მისი გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმების დარღვევით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის მითითებით, მოსარჩელესა და საჯარო სკოლას შორის ნამდვილად შეწყდა შრომითი ურთიერთობა ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 17 იანვრის N1-კ-08 ბრძანების შესაბამისად, რაც განხორციელდა კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების დანართით დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის’’ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021 – 2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს, 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი იწყებოდა 2022 წლის 17 იანვარს, აქედან გამომდინარე, სკოლის დირექტორმა იხელმძღვანელა მთავრობის დადგენილებით და მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა მეორე სემესტრის დასაწყისში; ამასთანავე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის’’ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ შიდა და ღია კონკურსი ცხადდება სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში. სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში არსებული ვაკანტური პოზიცია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის ვერ შევსების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია კონკურსი; შესაბამისად, დირექტორმა იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმებით და მისი ქმედება სრულიად მართლზომიერია. მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მისი შრომითი ურთიერთობა უვადო ხასიათს ატარებდა. თუმცა უვადო ხასიათი თავისთავად არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს შესაბამისი შრომითი ურთიერთობა. სამართლებრივი საფუძველი კი, როგორც ბრძანებაშია მითითებული, არის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N 241 დადგენილების დანართით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი. მოსარჩელეს მტკიცების სახით არ აქვს წარმოდგენილი განცხადება, სადაც იგი ითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებას, აღნიშნული განცხადება საჯარო სკოლაში რეგისტრირებული არ არის. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი ითხოვს, მხოლოდ დოკუმენტაციის გადაცემას, რომელიც სკოლამ უმოკლეს ვადაში გადასცა და სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციაა დართული საქმეზე. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 17 იანვრის №1კ-08 ბრძანება მოსარჩელე ს.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლას მოსარჩელე ს.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 5500 ლარის გადახდა; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხე სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლას მოსარჩელე ს.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს.გ–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ს.გ–ს სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 220 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლის პოზიციაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 17 იანვრის N1კ-08 ბრძანებით, ს.გ–ი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. 17.01.2022 წლის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის ,,ვ“ და ,,ო’’ პუნქტების საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, რაც გულისხმობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობას; ხოლო ,,ო’’ პუნქტი - სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ს.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება, რომლის დანართით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021 – 2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, გამოსაკვლევია, აღნიშნული დადგენილება რამდენად ქმნიდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია ს.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება და მიუთითა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ, რომლის 38-ე მუხლი უთითებს პროფესიული უნარების გამოცდის გზით პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ სტატუსის ამაღლებასა და სტატუსის ამაღლებისთვის გათვალისწინებული კრედიტქულის დაგროვებაზე. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის მიხედვით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგნის გამოცდა არის მასწავლებლობის მსურველი ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო „პ“ ქვეპუნქტის თანხმად, პროფესიული უნარების გამოცდა არის წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. დადგენილებით, ასევე, განსაზღვრულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის %. კერძოდ, 60-დან ზემოთ - 10 კრედიტქულა; 50-დან 60-მდე - 7 კრედიტქულა; 40-დან 50-მდე - 4 კრედიტქულა; 30-დან 40-მდე - 1 კრედიტქულა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 12 ივლისის ცნობა, რომლის მიხედვითაც ს.გ–მა 2019 წელს მონაწილეობა მიიღო საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაში და დააგროვა 21 ქულა. შესაბამისად, ვინაიდან კრედიტის მინიჭება იწყება 30 ქულიდან, დგინდება, რომ მას კრედიტი არ აუღია და არც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოუპოვებია.
5.3. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სწორედ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება გახდა, რომელიც მიუთითებს, რომ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. პალატა მიუთითებს იმასაც, რომ კონკურსი ცხადდება ვაკანტურ პოზიციაზე, რაც აუცილებელს ხდის იმ მასწავლებლების გათავისუფლებას, ვისაც საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაში შესაბამისი ქულა არ მოუპოვებია და სტატუსი არ აუმაღლებია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილების მიზანი, მის პირველ მუხლშია განსაზღვრული და მიუთითებს, რომ მასწავლების პროფესიული განვითარების და კარიეული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, სკოლის მიერ მთავრობის დადგენილების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და არსებული მასწავლებლების კვალიფიციური კადრებით ჩანაცვლებისთვის გადადგმული ნაბიჯები მართლზომიერია.
5.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის/აპელანტის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურების მტკიცების ტვირთი დაძლეულია, რომელიც საწინააღმდეგოდაც მოსარჩელეს თავისი სტატუსისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ს.გ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 17 იანვრის N1კ-08 ბრძანება მართლზომიერია და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5.5. სასამართლომ მიუთითა, რომ ს.გ–ის სასარჩელო მოთხოვნებია მისი აღდგენა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე ან მის ტოლფას ვაკანტურ პოზიციაზე და მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 457.20 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი ოდენობა, დარიცხული). პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველია სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ ს.გ–ი მართლზომიერად გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. შესაბამისად, არ არსებობდა მისი სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიუთითებს, რომ გაუგებარია, პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომელი ცნო დადგენილად და რომელს არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო. სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არც სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა და არც მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმება მოახდინა.
6.2. კასატორის მტკიცებით, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს გასცდა სასამართლო, კერძოდ, სოფელ ოძისის სკოლა თავის საჩივარში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა არა მოთხოვნილ ნაწილში, არამედ გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და სრულად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რაც აპელანტს არ მოუთხოვია.
6.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების 38-ე მუხლი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით სკოლა ვალდებული არ არის გაათავისუფლოს მასწავლებელი. სკოლის ვალდებულება არის გამოაცხადოს კონკურსი მეორე სემესტრის დაწყებამდე 1 თვით ადრე. შესაბამისად, სოფელ ოძისის სკოლამ დაარღვია როგორც კონკურსის გამოცხადების ვადები, ასევე კონკურსის ჩატარების წესები. სკოლის მიერ თავისი არსით დარღვეულია 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რასაც სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა და არ იმსჯელა, აღნიშნული ნორმის სწორად გაგებაზე და სწორად განმარტებაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, როდესაც აღნიშნული ნორმის მიხედვით აპელაციამ სწორად ჩათვალა სკოლიდან მასწავლებლის განთავისუფლება და არ მიუთითა იმ დარღვევებზე, რომ ვალდებულება არ ჰქონდა ამ მუხლის საფუძველზე გაეთავისუფლებინა მეორე სემესტრის დაწყების დღეს (2022 წლის 17 იანვარს), რასაც ჰქვია კონკურსის გამოცხადების ვადების დარღვევა, კონკურსის წესების გარეშე ჩატარება. ფაქტობრივად კონკურსი არ ჩატარებულა არც გამოცხადებულა, რადგან სკოლამ - 2022 წლის 13 იანვარს გამოიცა N1კ-06 ბრძანება ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ; მანამდე 2021 წელს - ერთი წლით ადრე გამოცემული ჰქონდა N1კ-07 ბრძანება ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების ვაკანტური საათების შესავსებად შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ 2021 წლის 13 იანვრიდან 16 იანვრამდე (ორივე ბრძანების ნომრები და გაცემის თარიღები ალოგიკურია); შესაბამისად ერთი წლის ინტერვალით გამოცემული ბრძანებები გახდა კონკურსის ჩატარების საფუძველი, როდესაც სკოლა ვალდებული იყო კონკური გამოეცხადებინა არაუგვიანეს 2021 წლის 16 დეკემბერს (მეორე სემესტრის დაწყებამდე 1 თვით ადრე) და შრომის კოდექსის ნორმების შესაბამისად სკოლას უნდა იმავე დღეს (1 თვით ადრე) ეცნობებინა მასწავლებლისთვის შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.
რაც შეეხება 38-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებს, აქაც არასწორი განმარტება მოახდინა სააპელაციო სასამართლომ, რადგან დაეყრდნო იმ 21 ქულას რომელიც სულ სხვა ინდივიდუალური შეფასების ქულა იყო, სასამართლომ კი არასწორად დაუკავშირა კრედიტებს. ს.გ–ს ჯამში აქვს 7 კრედიტი დაგროვილი (იხილეთ - დანართი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 31 იანვრის MES 0 24 0000093476 წერილი).
6.4. კასატორის განმარტებით, სკოლამ კანონით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, ერთი თვით ადრე არ გააფრთხილა და წერილობით არ აცნობა დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ და არც 3 დღით ადრე არ იქნა გაფრთხილებული. ასევე, დასაქმებულს არც 1 თვის შრომის ანაზღაურების და არც 2 თვის ოდენობით კომპენსაცია, არ მიეცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შრომითი დავა განიხილა შრომის კოდექსის ნორმების გამოყენების გარეშე და ამ ნორმების სწორად განმარტების გარეშე.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ წარმოშობილი არ არის სშკ-ის 47-ე მუხლის „ვ“ და ,,ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი გარემოება, რაც განაპირობებდა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
11. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1535-2022, 5.04.2023წ; N ას-106-2023, 6.04.2023წ; N ას-146-2023, 11.04.2023წ.).
13. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის საქმე №ას-934-2018 გადაწყვეტილება; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის საქმე №ას-1432-1352-2017 განჩინება; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის საქმე №ას-1132-1088-2016 გადაწყვეტილება).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის საქმე №ას-941-891-2015 განჩინება; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის საქმე №ას-1502-1422-2017, განჩინება პ-14.4).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 17 იანვრის N1კ-08 ბრძანების (იხ. ს.ფ. 62) თანახმად, დადგენილია, რომ კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება, (რომლის დანართით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021 –2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს) და შრომის კოდექსის 47-ე მუხლის ,,ვ" და ,,ო" ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა და სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას).
17. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ, რომლის 38-ე მუხლი უთითებს პროფესიული უნარების გამოცდის გზით პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ სტატუსის ამაღლებასა და სტატუსის ამაღლებისთვის გათვალისწინებული კრედიტქულის დაგროვებაზე. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის მიხედვით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგნის გამოცდა არის მასწავლებლობის მსურველი ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული უნარების გამოცდა არის წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. დადგენილებით, ასევე, განსაზღვრულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტი. კერძოდ, 60-დან ზემოთ -10 კრედიტქულა; 50-დან 60-მდე - 7 კრედიტქულა; 40-დან 50-მდე - 4 კრედიტქულა; 30-დან 40-მდე - 1 კრედიტქულა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 12 ივლისის ცნობა, რომლის მიხედვითაც ს.გ–მა 2019 წელს მონაწილეობა მიიღო საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაში და დააგროვა 21 ქულა (იხ. ს.ფ. 147). შესაბამისად, ვინაიდან კრედიტის მინიჭება იწყება 30 ქულიდან, მიიჩნევა, რომ მას კრედიტი არ აუღია და არც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოუპოვებია.
18. შესაბამისად, კასატორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება, რომელიც მიუთითებს, რომ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. პალატა მიუთითებს იმასაც, რომ კონკურსი ცხადდება ვაკანტურ პოზიციაზე, რაც აუცილებელს ხდის იმ მასწავლებლების გათავისუფლებას, ვისაც საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაში შესაბამისი ქულა არ მოუპოვებია და სტატუსი არ აუმაღლებია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილების მიზანი, მის პირველ მუხლშია განსაზღვრული და მიუთითებს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, სკოლის მიერ მთავრობის დადგენილების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და არსებული მასწავლებლების კვალიფიციური კადრებით ჩანაცვლებისთვის გადადგმული ნაბიჯები მართლზომიერია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი გააჩნდა, შესაბამისად, არ არსებობს კასატორის/მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების თაობაზე მისი (დასაქმებულის) მსჯელობის გაზიარების საფუძველი.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
20. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის, 1 ან/და 2 თვის შრომის ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ ინსტანციაში სსსკ-ის 407-I მუხლის თანახმად, ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია და საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. (შდრ: სუსგ №ას-1592-2023, 30 იანვარი, 2024 წ.). საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და საკასაციო პალატა უფლებამოსილია შემოიფარგლოს კასატორის არსებითი ხასიათის პრეტენზიებზე მსჯელობით (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს.გ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ.ო–ის მიერ 19.03.2024წ. №39619898 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300.00 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი