Facebook Twitter

საქმე №ას-1501-2024

06 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - შპს „კ–და“; შპს „ჯ.ა–ო“ (აპელანტები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი შპს „კ–დას“ (ს.ნ. .....) და შპს „ჯ.ა–ოს“ (ს.ნ. ........) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ NGCL000002060 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 818 008.59 (რვაას თვრამეტი ათას რვა ევრო და ორმოცდაცხრამეტი ცენტი) ევროს გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 282 978.76 (ორას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი ევრო და სამოცდათექვსმეტი ცენტი) ევრო, საპროცენტო სარგებელი 444 490.65 (ოთხას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცაათი ევრო და სამოცდახუთი ცენტი) ევრო, პირგასამტეხლო 90 539.18 (ოთხმოცდაათი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი ევრო და თვრამეტი ცენტი) ევრო; შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N GCL000002060 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 127.02 (ას ოცდაშვიდი ევრო და ორი ცენტი) ევრო 24.01.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 25.40 (ოცდახუთი ევრო და ორმოცი ცენტი) ევრო 24.01.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N GCL000001793 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 113 315.99 (ას ცამეტი ათას სამას თხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა საიდანაც ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი 94 972.89 (ოთხმოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცხრა ცენტი) აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო 18 343.1 (თვრამეტი ათას სამას ორმოცდასამი აშშ დოლარი და ერთი ცენტი) აშშ დოლარი; შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N GCL000001793 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 0.70 აშშ დოლარი 24.01.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

4. აღნიშნიული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

9. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ დირექტორს, ი.მ–ძეს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი ოფისის მენეჯერს ჩაჰბარდა 2024 წლის 16 დეკემბერს.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

12. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 05 (ხუთი) - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 17 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წილის 23 დეკემბერს. (ვადის უკანასკნელი დღე იყო არასამუშაო დღე შაბათი) ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 23.12.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-ას-590-2024, 29 მაისი, 2024 წელი; №ას-524-2024, 20 მაისი, 2024 წელი; №ას-322-2024, 17 აპრილი, 2024 წელი).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ–დას“ და შპს „ჯ.ა–ოს“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე