Facebook Twitter

საქმე № ას-1270-2024 5 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „დ.ჯ–ი“(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „დ.ჯ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, გამყიდველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, მოპასუხისთვის პირგასამტებლოს დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი ნ.დ–ის (შემდგომში მოსარჩელე ან მყიდველი) სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 2022 წლის 28 აგვისტოდან ყოველთვიურად 915 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ქ. თბილისში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ........) მდებარე შენობა-ნაგებობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

2. კასატორის პრეტენზიით, მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ გაზარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სამოქალაქო კოდექსის 779-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფორსმაჟორული გარემოება, ქვეყანაში გავრცელებული კოვიდ-პანდემია და არასწორად არ მიიჩნია იგი პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობად.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2020 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო „წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ №77“;

7.2. გასაყიდ ქონებას წარმოადგენდა მშენებარე ბინა პროექტში - „დ.ი–ი 2“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ........, მე-20 სართულზე (პირველი სადარბაზო, ბინა №38. წილობრივი მონაცემები - 122 კვ.მ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა, რომ გადასაცემი ბინა მიყვანილი იქნებოდა დანართ №1-ში განსაზღვრულ სტადიამდე. გასაყიდი ქონების ღირებულება შეადგენდა 183 00 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;

7.3. ხელშეკრულების მიხედვით, ნივთობრივად უნაკლო ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე, არაუგვიანეს 2021 წლის 30 აგვისტოსი. დასრულებული სახლი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა. გამყიდველი უფლებას იტოვებდა, გადაედო მყიდველისთვის ბინის ჩაბარების თარიღი იმ ვადით, რა ვადითაც მყიდველი დააგვიანებდა რომელიმე შენატანის გადახდას;

7.4. ხელშეკრულების მიხედვით, თუ გამყიდველი ვერ ჩააბარებდა ბინას შეთანხმებულ ვადაში, ამ ვადიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა, მოეთხოვა პირგასამტეხლო - გადახდილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე;

7.5. 2022 წლის 13 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 2020 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება;

7.6. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველს სრულად აქვს დაფარული ბინის ღირებულება;

7.7. მხარეებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებულია მხარეთა შორის. მყიდველმა მოიწონა ნასყიდობის საგნის ხარისხი;

7.8. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად;

7.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 20 ივნისის ცნობის მიხედვით, თბილისში, ......... (ს/კ ........) მდებარე ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის;

7.10. ბინის ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს, გადახდილი თანხის 0.5%-ის (ყოველთვიურად 915 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის) მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება;

7.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა შეამცირა 5-ჯერ და განსაზღვრა 183 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა.

9. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია სწორედ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს მართებულობას შეეხება. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხის მითითება დაუძლეველ ძალაზე (ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემია) და უსაფუძლოდ გაზარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთი.

10. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

11. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე Nას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რაც ითვალისწინებდა მყიდველის უფლებას, მოეთხოვა პირგასამტეხლო მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ქსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ნასყიდობის საფასურის 0.5% (რაც წლიური 6%-ია). დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ (გამყიდველმა) დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ვერ უზრუნველყო შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება (ექსპლუატაციაში მიღება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა), რის გამოც, მყიდველმა მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (თვეში 915 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) გამყიდველისთვის გადახდის დაკისრება.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობისას ქვეყანაში არსებულმა კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია გამყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მისივე მოსაზრებით, ქმნიდა კიდეც პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას.

20. მითითებული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ქვეყანაში კოვიდ-პანდემია ოფიციალურად გამოცხადდა 2020 წლის მარტში, ხოლო მისი დასრულების თარიღად მიჩნეულია 2022 წლის დეკემბერი, წინამდებარე საქმის მასალებით კი დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება დღემდე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ მიიჩნევა კვალიფიციურ და იმგვარ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების შინაარსსა და უძრავი ქონების ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ საჯარო კანონმდებლობასაც (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად; მათ შორის, IV კლასის შენობა-ნაგებობა არის შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით. იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარების მიზნით უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. მითითებული ნორმატიული აქტის 1391 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე, ხოლო 139-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. მითითებულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“. დადგენილების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას) და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება მიეკუთვნება IV კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით, ამ ტიპის ქონების ექპლუატაციაში მიუღებლობით დამდგარი შედეგის სიმძიმის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის (ნასყიდობის საფასურის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე) გონივრულ ოდენობად მიჩნევის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად შეიცვალა პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი და გაიზარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხუთჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს თანხა. სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 629-ე, 417-ე-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „დ.ჯ–ს“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1727247391, გადახდის თარიღი 25.09.2024) 2395.05 ლარის 70% - 1676.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი