საქმე № ას-1013-2024 5 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.გ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი ( აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 15 ივლისს, დ.გ–ძეს (შემდგომში მსესხებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და მ.მ–ს (შემდგომში გამსესხებელი) შორის გაფორმდა N140740365 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს სამი თვით - 2014 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით - ასესხა 22 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. რუსთავი, .........., საკადასტრო კოდი N ........) (შემდგომში იპოთეკის საგანი);
2. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, სესხი სარგებლიანია. სარგებელი სესხისთვის განისაზღვრა ყოველთვიურად 3 %. მსესხებელი გამსესხებელს წინასწარ გადაუხდიდა 1 თვის სარგებელს.
3. ხელშკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეებს ნოტარიუსის მიერ განემარტათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსი (კერძოდ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე);
4. 2017 წლის 24 იანვარს ნოტარიუსმა რ.ჩ-ჩ–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაღვრა: სესხის თანხა 22 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - საერთო თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 16 ოქტომბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი;
5. 2014 წლის 15 ოქტომბრის N5366173 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მსესხებლის დისშვილმა, ე.უ–მა გამსესხებელს გადაურიცხა 1320 აშშ დოლარი;
6. 2014 წლის 14 ნოემბრის N5553093 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მსესხებლის დამ, ე.გ–ძემ (შემდგომში მსესხებლის და) გამსესხებელს გადაურიცხა 40 აშშ დოლარი;
7. 2014 წლის 14 ნოემბრის N1 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მსესხებლის დამ გამსესხებელს გადაურიცხა 620 აშშ დოლარი;
8. 2014 წლის 31 დეკემბრის N5867909 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მსესხებლის დისშვილმა გამსესხებელს გადაურიცხა 660 აშშ დოლარი;
9. 2015 წლის 16 იანვრის N5923352 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მსესხებლის დამ გამსესხებელს გადაურიცხა 2 660 აშშ დოლარი;
10. გამსესხებლის ხელწერილის მიხედვით, მან 2015 წლის 4 მარტს მსესხებლის დისგან მიიღო სესხის ძირითადი თანხა - 2500 აშშ დოლარი და 600 აშშ დოლარი;
11. მსესხებლის დის ხელწერილის მიხედვით, მან 2015 წელს კრედიტორისგან ისესხა 13 000 აშშ დოლარი 6 თვით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით, ხოლო 2015 წლის 29 მაისს კრედიტორისგან დამატებით ისესხა 500 აშშ დოლარი, თვეში 3% სარგებლით;
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, კრედიტორსა და მსესხებლის დას შორის დამტკიცდა მორიგება: მსესხებლის დამ განაცხადა თანხმობა, 2018 წლის 30 ოქტომბრამდე გამსესხებლისთვის გადაეხადა 3500 აშშ დოლარი.
13. მოსარჩელის მოთხოვნა:
13.1. მსესხებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გამსესხებლების მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში იმგვარად, რომ მოვალის ფულადი ვალდებულების მოცულობა შემცირდეს 17 500 აშშ დოლარით და განისაზღვროს 4 500 აშშ დოლარით.
14. მოპასუხის პოზიცია:
14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
15.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2017 წლის 24 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით; სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
16. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
16.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ:
16.1.1.მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
16.1.2.მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამართლებრივი დასკვნები:
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა 2017 წლის 24 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მსესხებლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 13 600 აშშ დოლარით;
17.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე, მუხლით და აღნიშნა, რომ მსესხებელმა ნაწილობრივ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დაადასტურა სესხის ძირითადი თანხიდან (22 000 აშშ დოლარი) 8 400 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (2014 წლის 15 ოქტომბრის N5366173 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის დისშვილმა, ე.უ–მა მოპასუხეს გადაურიცხა 1320 აშშ დოლარი; 2014 წლის 14 ნოემბრის N5553093 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის დამ მოპასუხეს გადაურიცხა 40 აშშ დოლარი; 2014 წლის 14 ნოემბრის N1 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის დამ მოპასუხეს გადაურიცხა 620 აშშ დოლარი; 2014 წლის 31 დეკემბრის N5867909 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის დისშვილმა მოპასუხეს გადაურიცხა 660 აშშ დოლარი; 2015 წლის 16 იანვრის N5923352 სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელის დამ მოპასუხეს გადაურიცხა 2 660 აშშ დოლარი; მოპასუხის ხელწერილის მიხედვით, მან 2015 წლის 4 მარტს მოსარჩელის დისგან მიიღო სესხის ძირითადი თანხა - 2500 აშშ დოლარი და 600 აშშ დოლარი) სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის დისა და დისშვილის მიერ გამსესხებლისთვის თანხების გადაცემა სწორედ მოსარჩელის სასესხო ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა, რადგან საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოპასუხესა და მოსარჩელის დას ან დისშვილს შორის რაიმე სახის ფულადი ვალდებულების არსებობა (საქმეში წარდგენილი მოსარჩელის დის ხელწერილით და ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის დამ მოპასუხისგან სესხი აიღო მოგვიანებით, 2015 წლის 29 მაისს).
18. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მისი საფუძვლები:
18.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18.2. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მას გამსესხებლისთვის ჯამურად გადახდილი ჰქონდა 17 500 აშშ დოლარი (რაც დასტურდებოდა საქმეში წარდგენილი საბანკო გადარიცხვის ქვითრებითა და ხელწერილებით) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა, 4 500 აშშ დოლარი, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით კიდევ უფრო შემცირებულია, ვინაიდან 2017 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელეს მოპასუხისთვის დამატებით ჩარიცხული აქვს 2000 ლარი.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
24. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ მის მიერ გადახდილი სესხის ძირითადი თანხა - 17 500 აშშ დოლარი სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მოპასუხისათვის გადახდილად.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ საქმე №ას-528-501-2015, 4 ნოემბერი, 2015 წელი). აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
26. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.
27. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთ შემთხვევას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
28. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი აცხადებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის სესხის ძირითადი თანხიდან, 22 000 აშშ დოლარიდან მას გადახდილი ჰქონდა 17 500 აშშ დოლარი, რაც დასტურდება როგორც საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრებით, ასევე საქმეში წარდგენილი ხელწერილებით, ხოლო ამჟამად ეს თანხა კიდევ შემცირებულია 2000 ლარით, რომელიც მსესხებელმა გამსესხებელს მოგვიანებით გადაურიცხა.
30. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოცემულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი, ეკისრებოდა მსესხებელს, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა 8 400 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილზე (9100 აშშ დოლარი (17500-8400=9100)) რომლის გადახდილად ცნობასაც იგი მოითხოვს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სრულად, სადავო თანხის, ჯამურად, 17 500 აშშ დოლარის კრედიტორის მიერ მიღების დადასტურების თაობაზე. სათანადო წერილობითი მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება ვალდებულების შესრულების შესახებ, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილი დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობისას ვალდებულების შესრულების მიღების წესის შესახებ და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1244.61 ლარის 70% - 871.2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ.გ–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №8528, გადახდის თარიღი 07.10.2024) 1244.61 ლარის 70% - 871.2 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი