საქმე №ას-677-2024
25 ნოემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ღ–ძე (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ.ტ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მ.ღ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით, კერძოდ, დ.ტ–ს არასრულწლოვან შვილთან - ა.ტ–თან (დაბ.18.06.2019 წ.) ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად: მამას, დ.ტ–ს, მიეცეს უფლება, ყოველი კვირის პარასკევი, დღის 15:00 საათიდან, ორშაბათს დღის 15:00 საათამდე ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვანთან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ასევე, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე, თვის პირველი 15 დღე არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, დ.ტ–ის სარჩელი (დაზუსტებული) მ.ღ–ძის მიმართ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ.ტ–ს არასრულწლოვან შვილთან - 2019 წლის 18 ივნისს დაბადებულ, ა.ტ–თან, ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის, შაბათი და კვირა 10:00 საათიდან, 13:00 საათამდე დროის მონაკვეთი, ღამე დარჩენის უფლების გარეშე, ბავშვის დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, დანარჩენ ნაწილში დ.ტ–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ტ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით, დ.ტ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
4.2.1 მოსარჩელე და მოპასუხე 2007 წლის 12 იანვრიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2007 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ა.ტ–ი (სახელისა და გვარის შეცვლამდე „ლ.ღ–ძე“). მხარეთა თანაცხოვრება შეწყდა ბავშვის დაბადებამდე.
4.2.2 მოპასუხე, მ.ღ–ძე, 2009 წლიდან, გარკვეული პერიოდი შემოსავლის მიღების მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მხარეებმა კვლავ ერთ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება.
4.2.3 2019 წლის 18 ივნისს, დ.ტ–ს და მ.ღ–ძეს შეეძინათ შვილი - 2019 წლის 18 ივნისს დაბადებული, ა.ტ–ი.
4.2.4 მცირეწლოვანი ა.ტ–ი ცხოვრობს დედასთან - მ.ღ–ძესთან ერთად, მის კუთვნილ ბინაში, მდებარე - ქ. თბილისი, ......... სახლში შექმნილია არასრულწლოვანისათვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო.
4.2.5 ა.ტ–ი ირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ფ–ი“.
4.2.6 მხარეებს ერთმანეთთან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვთ და მათ შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია 2021 წლის სექტემბრიდან.
4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის დავების განხილვისას, სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა წარმოადგენს.
4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
4.5 სააპელაციო პალატამ, ყურადღება გაამახვილა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დანაწესზე, რომლითაც დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.
4.6 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გარანტირებულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეთ შვილთან. ეს უფლება გათვალისწინებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, რაც განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდის საკითხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მის ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას თითოეულ მშობელთან.
4.7 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით, დავის განხილვაში მონაწილე პირთა განმარტებებით, ასევე თავად მცირეწლოვანის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ორივე მშობელი, ბავშვის თანდასწრებით, ერთმანეთის მიმართ აფიქსირებს ნეგატიურ განწყობას, რაც ცხადია უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს, სამომავლოდ მამასთან უფრო მყარი ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ეს საკითხი ორივე მშობლის მიერ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ამ მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი მითითებები და განმარტებები გააკეთა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და პალატა მას სრულად იზიარებს.
4.8 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მისი შემდგომი ფსიქო-ფიზიკური განვითარებისთვის, ვინაიდან, სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის სწორედ ორივე მშობელთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის ასაკი, სხვა თვისობრივი მაჩვენებლები, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები, საქმის მასალებში წარმოდგენილი დასკვნები, ფსიქოლოგის, ასევე, არასრულწლოვნის ადვოკატის განმარტებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავად არასრულწლოვნის ნება-სურვილი და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მცირეწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის სხვაგვარად განსაზღვრის საფუძველი და წინაპირობები.
4.9 სააპელაციო პალატის შეფასებით, დავა განხილულია სამართლებრივად სწორად, საპროცესო დარღვევების გარეშე, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, დ.ტ–მა, რომელმაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორმა განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს სწორედ მისი ოჯახური ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა, უფლება მიიღოს ორივე მშობლის მხრიდან მზრუნველობა, სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ძმასთან და მამასთან, რაც დღეის მდგომარეობით მცირეწლოვან ა.ტ–თან მიმართებით არის შეუძლებელი, ვინაიდან მოპასუხე მხარე მოსარჩელე დ.ტ–ს, ისევე როგორც საკუთარ შვილს ა–ს, შესაძლებლობას არ აძლევს მოინახულონ ა.ტ–ი გაატარონ ერთად ის მნიშვნელოვანი დრო, რაც აუცილებელია ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლების, ასევე ორივე მშობლის მხრიდან ზრუნვის უფლების რეალიზებისთვის. აღნიშნულ ფაქტს არასრულწლოვნები განიცდიან მძიმედ. განსაკუთრებით მძიმედ განიცდის აღნიშნულს ა.ტ–ი, ვინაიდან, ვერ ახერხებს საკუთარი დის ნახვას, რის გამოც ძალიან ნერვიულობს. აღნიშნული სტრესი კი ცალსახად ნეგატიურად აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება მცირეწლოვან ა.ტ–ს, ცხადია მას უჭირს მამასთან და ძმასთან დაშორება ვინაიდან, დროის დიდ ნაწილს მცირეწლოვანთან სწორედ ისინი ატარებდნენ. მცირეწლოვნის მდგომარეობას, მით უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარე მანიპულირებს ბავშვით და ცდილობს დააშოროს მამას და ძმას.
5.3 კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ბავშვის ინტერესებისა და უფლების გათვალისწინებით, იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში, სადაც ორივე მშობელს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარებაში, შეუქმნან ეფექტური გარემო სოციალიზაციისა და განვითარებისათვის, სოციალური მუშაკის დაკვირვებით, არ გამოკვეთილა გარემოება, რაც მიუთითებდა რომ ბავშვის რომელიმე მშობელთან ურთიერთობა შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. ამდენად, მიზანშეწონილია არასრულწლოვან ა.ტ–ს მიეცეს აქტიური და ჯანსაღი ურთიერთობის საშუალება, როგორც მამასთან, ისე ძმასთან - ა.ტ–თან.
5.4 კასატორის მითითებით, ღამე დარჩენის უფლებით წაყვანისა და ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში ბავშვის წაყვანის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საქმის განხილვის ეტაპზე დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს თბილისშიც აქვს ორი საცხოვრებელი სახლი, სადაც შესაძლებელია შვილთან ერთად ცხოვრება. გარდა ამისა, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, თუ მშობელმა წაიყვანა იგი არდადეგებზე დასასვენებლად მთისა და ზღვის კურორტებზე.
5.5 დასკვნის სახით, კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მსჯელობს მშობლების თანასწორუფლებიანობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ არ გამოკვეთილა მოსარჩელის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე რაიმე ნეგატიური გავლენის ფაქტი, თუმცა გადაწყვიტა სხვაგვარად, რითაც შეილახა როგორც არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესები ასევე, უგულებელყოფილი იქნა მოსარჩელის, როგორც მამის კანონიერი ინტერესები ჰქონდეს შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა. ყოველივე აღნიშნული კი, ცალსახად მეტყველებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
10. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მამისთვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება, კერძოდ, კასატორი ნაწილობრივ სადავოდ ხდის სასამართლოთა მიერ შვილთან ურთიერთობისთვის განსაზღვრულ წესს და გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა არასრულწლოვნის მოპასუხესთან ღამე დარჩენის პირობით კონკრეტული დღეების განსაზღვრის თაობაზე ასევე ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე არასრულწლოვანის 15 დღით წაყვანის შესახებ;
11. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა, მამისათვის შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის (იხ.: სუსგ. №ას-96-2022, 21.06.2022წ.; №ას-562-2023, 25.07.2023წ.; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.)
12. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
13. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
14. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ.: სუსგ. №ას-1112-1047-2015, 04.03.2016წ; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
16. აღნიშნული პრინციპი აისახა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
17. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
18. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცალსახად ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთი სწორი და მისაღები გადაწყვეტილებაა არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ.: სუსგ. №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-1579-2022, 10.11.2023წ.).
19. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და, შეძლებისდაგვარად, რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესები უნდა გათვალისწინდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეუნარჩუნდეს კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ.: სუსგ. №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას-434-2021, 30.07.2021წ.; №ას-414-2024, 24.04.2024წ.).
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
21. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები (იხ.სუსგ. საქმე №ას-95-2023 14.11.2024წ.).
22. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც აკონკრეტებს, რომ მოსმენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაკუთრებით, ნებისმიერ სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ეს დებულება ეხება ყველა შესაბამის სასამართლო წარმოებას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთან, შეზღუდვების გარეშე, რაც მაგალითად, მოიცავს მშობლებისაგან დაცილებას, მეურვეობას, მზრუნველობასა და შვილად აყვანას.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის 78.1-ე მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი.
24. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები, გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება, „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს – ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა.(იხ.: სუსგ. №ას-53-51-2016, 06.07.2016წ., №ას-70-2022, 16.02.2022 წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.)
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების, აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ.: Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ რეალიზებული იქნა არასრულწლოვნის მოსმენის უფლება და იგი სათანადოდ იქნა შეფასებული. პალატა, ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეზე გამოკითხული ფსიქოლოგის, ხატია ნადარეიშვილის ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, მხარეთა მხრიდან არ შესრულებულა სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგთან შესაბამისი კურსის გავლის შესახებ, გარდა ამისა, მშობლებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციისა და შესაბამისად, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ პერიოდისათვის არ არსებობს მამასთან დარჩენით წასვლაზე და არდადეგების მამასთან გატარების ნაწილში, დადებითი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი.
27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოკითხული მცირეწლოვანი, ა.ტ–ის ჩვენების, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის ასაკისა და ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობების, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ, არასრულწლოვნის მამასთან ურთიერთობის დადგენილი წესი, ამ ეტაპისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.
28. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. პროცესის ხარჯები:
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტისა (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ტ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი