Facebook Twitter

საქმე №ას-1403-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - დ.ც–ი, ხ.ფ–ვა, რ.ც–ი, ა.ც–ი, გ.ც–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ი–ნი (მოსარჩელე)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ზ.ი–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა დ.ც–ის, ხ.ფ–ვას, რ.ც–ის, ა.ც–ისა და გ.ც–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის - მდებარე ქალაქი თბილისი, ......, შენობა №2, ბინა №2, საერთო ფართობი: 43.89 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 32.55 კვ.მ.), საკადასტრო კოდი №....... გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება.

2. მოპასუხეები პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის (მოსარჩელისთვის) გადაცემა.

4. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, შენობა №2, ბინა №2, საერთო ფართობი: 43.89 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 32.55 კვ.მ.), საკადასტრო კოდი №...... - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში ფიქსირდება 1996 წლის 22 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (რეესტრის N5- 463; ნოტარიუსი ლ. ქ–ძე) (ტ.1,ს.ფ. 20-22; 87-88).

5.3. მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო ფართს, კერძოდ, ქ.თბილისში, ....... (ყოფილი მისამართი: თბილისი, ქუჩა .......) №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართიდან შენობა №2, ბინა №2-ს, საერთო ფართით 43.89 კვ.მ., ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ქონებაზე დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო, მოპასუხეები ვერ ადასტურებდნენ ამავე ქონების ფლობის მართლზომიერებას. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაც დაფიქსირებული იყო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგული არ იყო, ამდენად, აპელანტის მითითება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სამომავლოდ აღძვრის შესახებ, განსახილველ დავაზე გავლენას ვერ იქონიებდა.

5.5. აპელანტი აგრეთვე უთითებდა სადავო საგნის საზიარო საკუთრებაზე, თუმცა, ამონაწერის მიხედვით სადავო ქონების მესაკუთრე მხოლოდ მოსარჩელე იყო. ამავე ამონაწერში მითითებული იყო სხვა მონაცემების ფართიც რომელიც რეგისტრირებული იყო ასევე სხვა პირის სახელზე, რაც გამორიცხავდა ფართის იდენტიფიცირებისა და მოპასუხეების შესაძლო მესაკუთრედ ცნობას სადავო ფართზე.

6. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

6.1. აპელანტებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6.2. კასატორების განმარტებით, მანველ ცქიფურიშვილი არის მოპასუხე დ.ც–ის მამა, არანაირი ბინა მას არ გაუყიდია და რაც მოპასუხეს ახსოვს ეს ნოტარიუსის სახლში მოსვლა და საუბარი იმაზე, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ერთობლივი ბიზნესის დაწყების სურვილი ქონდათ დაიწყეს კიდეც და ამ ბიზნესის გამო დავალიანების თაობაზე ხელის მოწერის გარდა, სხვა პროცედურა მათ არ განუხორციელებიათ. მოსარჩელე მოითხოვდა გარკვეული თანხის არსებობის დაფიქსირებას ნოტარიუსით და ამ პროცედურებს ესწრებოდა მოსარჩელის მამაც. სხვა მეტი პროცედურა მოპასუხის მამას და არც მოპასუხეს არ განუხორციელებია, ენდო ნოტარიუსს, მოსარჩელე მხარეს და დაუდასტურა გარკვეული თანხის არსებობა, მაგრამ ოდენობა აღარ ახსოვს. მის მერე 25 წელი გავიდა, სხვა რამეზე ნოტარიუსთან არასოდეს აღარ მისულან მოსარჩელე მხარე და მოპასუხის მამა და არც თავად მოპასუხე. კასატორების განმარტებით, მოსარჩელეს 25 წელია გამოსახლება არ მოუთხოვია.

6.3. კასატორებმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვეს საქმის განხილვის შეჩერება. კასატორების განმარტებით, სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვეს, სწორედ იმ ხელშეკრულების გაუქმება, რომლითაც მათი უძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცა. კასატორებმა განმარტეს, რომ ვინაიდან სარჩელი აქვთ წარდგენილი და სადავოდ ხდიან საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლად მითითებულ დოკუმენტს, წინამდებარე საქმის გადაწყვეტა სხვა საქმის დასრულებამდე შეუძლებელია.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია სწორი იურიდიული კვალიფიკაციისა და დავის გადაწყვეტისათვის.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე „მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“, 170-ე „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“ და 172-ე „მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“, მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

15. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას-707-677-2016.) იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, როგორც მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, აგრეთვე, მოპასუხეების მიერ აღნიშნული ქონების უკანონო ფლობა, ამდენად, სახეზეა კანონით გათვალისწინებული ისეთი საფუძვლები, რომელიც, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1,ს.ფ. 18-19).

18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კასატორები სადავო ქონების უკანონო ფლობას ვერ უარყოფენ, თუმცა, იმავდროულად განმარტავენ, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - სანოტარო წესით 1996 წლის 22 ოქტომბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოა და სხვა საქმის ფარგლებში ითხოვენ აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ამასთან, სადავო ქონებას მოსარჩელის გარდა სხვა მესაკუთრეც ჰყავს, რომელსაც ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს, მოსარჩელეების მიერ დაკავებული ფართის იდენტიფიცირება კი შეუძლებელია, ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების გამორიცხვის მიზნით წარმოდგენილი ის არგუმენტი, რომელიც შეეხება უკანონოდ დაკავებული ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ქონება რეგისტრირებულია ორი პირის სახელზე, აქედან, ცალსახად ირკვევა თითოეული მათგანის საკუთრებაში არსებული ფართების კვადრატულობა და ნაგებობები, ამდენად, სადავო ქონების იდენტიფიკაციის პრობლემა არაა სახეზე. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ თანაზიარი საკუთრების არსებობის შემთხვევაშიც, საერთო საკუთრების საგანზე, თითოეულ მესაკუთრეს აქვს უფლება მესამე პირებს წარუდგინოს მოთხოვნები ყველა მესაკუთრის სასარგებლოდ.

20. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორებმა ვერ წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მათი საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე, ან ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც კანონისმიერი ან სხვაგვარი შებოჭვის საფუძველზე გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და გახდებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების მითითება სხვა საქმის ფარგლებში აღძრული სარჩელის შესახებ, რომლითაც გასაჩივრებულია ამჟამინდელი მესაკუთრის უფლება სადავო ქონებაზე, ვერ გახდება მოცემულ ეტაპზე მესაკუთრის ნეგატიური უფლებამოსილების (...არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა...) განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება.

22. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს ასევე კასატორების შუამდგომლობაზე და განმარტავს, რომ საქმის განხილვის შეჩერების მოთხოვნა სხვა საქმის გადაწყვეტამდე დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის და შებამისად მისი საკუთრების უფლების მიმართ სარჩელის აღძვრა არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის შეჩერების უპირობო საფუძველს, რადგან სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა „შეუძლებელია“, არ შეიძლება განხილული იქნეს „მიზანშეუწონელია“ ან „არასასურველიას“ სინონიმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დავების გადაწყვეტა გონივრულ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება, უფრო მეტიც შესაძლოა დაუსრულებელი პროცესიც მივიღოთ (სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020წ; ას-1104-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი).

23. მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

24. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.;Nას-1542-1462-2017,30.01.2018წ.).

25. ამასთან, უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ყოფილმა მესაკუთრემ სადავოდ აქცია მისი საკუთრებიდან ნივთის გასვლის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა თეორიულად ყველა ყოფილ მესაკუთრეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადაწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს - რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას (იხ. სუსგ. Nას-246-2023 13.04.2023).

26. ამგვარად, საკასაციო პალატის განმარტებით, მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.;Nას-1719-2019,22.01.2020წ.).

27. კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში გამოიხატება, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებულია. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის არგუმენტი და წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის განხილვის შეჩერების საფუძველს ვერ წარმოშობს.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარე ვერ ადასტურებს, რომ განსახილველ და მის მიერ აღძრულის სარჩელის ფარგლებში სხვა საქმეზე არსებობის ისეთი აუცილებელი კავშირი რაც საქმის შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის საქმის განხილვას.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ც–ის, ხ.ფ–ვას, რ.ც–ის, ა.ც–ის და გ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ხ.ფ–ვას (გადამხდელი დ.ც–ი) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №24670476127, გადახდის თარიღი 18.11.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე