Facebook Twitter

საქმე №ას-1618-2023 26 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.კ.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (ყოფილი შპს „ს.კ.ა.ჯ–ი“) (მოსარჩელე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ს.კ.ა–ი“, სს „ს.კ.ი.ე.“ სს „ე.ჰ–ბი“ (ყოფილი სს „ს.კ.ე–სი“)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

1.1. სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შპს „ა.ჯ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ს.კ.პ–ი“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა:

1.1.1. მოპასუხისათვის 643 758 ლარის ანაზღაურების დაკისრება;

1.1.2. მოპასუხისათვის 2015 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით 643 758 ლარის წლიური 14.1%-ის დაკისრება, რაც შეადგენს 227 293.52 ლარს;

1.1.3. მოპასუხისათვის 2015 წლის 12 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 643 758 ლარის წლიური 14.1%-ის დაკისრება.

1.2. სარჩელის მიხედვით მოსარჩელესა და სს „ე-პ.ჯ–ას“ შორის 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისაგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №ICG/MED/ACC/LIFE 11/034, რომლის საფუძველზე დაზღვეული რისკები, 2011 წლის 8 ივნისის „დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ №111-01/11 ხელშეკრულების თანახმად გადაიზღვა მოპასუხე კომპანიაში.

1.3. გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ეკისრებოდა, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი ზარალის, რომელიც აღემატება დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოზიდული ნეტო სადაზღვევო პრემიის 110%-ს, ანაზღაურების ვალდებულება, მიუხედავად დაზღვევის ან გადაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისა (ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნეტო მოზიდული პრემია გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად მოზიდულ პრემიას გადაზღვევის პრემიის გამოკლებით, ყველა გაუქმების, დამატების და ცვლილების გათვალისწინებით).

1.4. გადაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოზიდული სადაზღვევო პრემიისა და ანაზღაურებული ზარალების შესახებ მოსარჩელის, როგორც ცედენტის მიერ ცესიონერისათვის/მოპასუხისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

1.5. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 2011 წლის 31 ოქტომბერს, შესაბამისად შეწყდა გადაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, რის მიუხედავადაც შპს „ა.ჯ–ს“ (მოსარჩელეს) დარჩა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გადაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადამზღვევის წილზე.

1.6. სს „ს.კ.ა. ბ.“ 2011 წლის 1 დეკემბერს შეიძინა მოპასუხის აქტივების და ვალდებულებების ნაწილი.

1.7. სს „ს.კ.ა. ბ.“ 2012 წლის თებერვალში მოითხოვა ნარჩენი გადაზღვევის სადეპოზიტო პრემიის ანაზღაურება, რაც მის მიერ დაკმაყოფილდა, თუმცა, ამავე სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დამდგარი ზარალების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ შეძენილი აქტივები და ვალდებულებები არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

1.8. მოსარჩელემ 2013 წლის 29 იანვარს მიმართა მოპასუხეს გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, წარუდგინა ასანაზღაურებელი ზარალის კალკულაცია, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

1.9. გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის მდგომარეობით მოპასუხის, როგორც ცესიონერის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 643 758 ლარს.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2.2. მოპასუხის განმარტებით 2011 წლის 1 დეკემბერს მასსა და სს „ს.კ.ა. ბ–ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება „სადაზღვევო პორტფელის, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების, სხვა აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მოპასუხემ გადასცა, ხოლო სს „ს. კ. „ა. ბ.“ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული „სადაზღვევო პორტფელი“, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, აქტივები და ვალდებულებები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების საფუძველზე.

2.3. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სს „ს. კ. „ა. ბ–ის“ გადაეცა მოპასუხე კომპანიის აქტივებისა და პასივების 100%. ამდენად, ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის უფლება-მოვალეობების ნაწილში უფლებამონაცვლე გახდა სს „ს.კ.ა.ბ–აი“.

2.4. მოპასუხის განმარტებით, არასათანადო მოპასუხე იყო, ხოლო, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სს „ს. კ. „ა.ბ “.

3. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების პოზიცია

3.1. 2013 წლის 2 ივლისიდან სს „ს.კ.ა–ი ბ.“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს „ს.კ. „ა–ი“, ხოლო 2014 წლის 31 ივლისს განხორციელდა მისი რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ს.კ. „ა–ს“ გამოეყო ორი იურიდიული პირი: სს „ს. კ. „ა–ი“ და სს „ს.კ.ე–სი“. რეორგანიზაციის დროს სს „ს.კ.„ა–მა“, კიდევ ერთხელ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მის საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს „ს.კ.„ი.ე.“, ხოლო საქმიანობის სფეროდ „ჯანმრთელობის და სამოგზაურო დაზღვევა“. შესაბამისად, სს „ს.კ.„ი. ე.“, წარმოადგენს სს „ს.კ.ა–ის“ სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს, რის გამოც მესამე პირად მხოლოდ სს „ს.კ. „ი. ე.“ უნდა იყოს ჩაბმული.

3.2. არ არსებობს რაიმე შეთანხმება/ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შეიძლება დაეკისროთ რაიმე თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან 2011 წლის 1 დეკემბერს მოპასუხესა და სს „ს.კ. „ა. ბ–ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება „სადაზღვევო პორტფელის, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების და სხვა აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემის შესახებ“, არ ითვალისწინებდა ალდაგი ბისიაის ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე შეესრულებინა რაიმე ვალდებულება. ხელშეკრულების „ა“ დანართში მოცემულია ამომწურავი ჩამონათვალი, თუ რა უფლებები შეიძინა და რა ვალდებულებები იკისრა მათმა მხარემ.

3.3. მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება იმის შესახებ, რომ „ა.ბ–აი“ მოსარჩელის წინაშე შეასრულებდა რაიმე ვალდებულებას, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელე მხარის მიმართ არსებული მოპასუხის მოთხოვნის დათმობის შესახებ „ა.ბ–ის“ სასარგებლოდ, რაც ასახულია კიდეც ხელშეკრულების „ა“ დანართში, კერძოდ, კომპაქტ დისკზე ჩაწერილ ერთ-ერთ ექსელის ფაილში, რომლის სახელწოდებაა „სადაზღვევო მოთხოვნები-წმინდა-25.11.2011“, მითითებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია წმინდა სადაზღვევო მოთხოვნა 37 555 ლარის ოდენობით, რომელიც 2011 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა „ა.ბ–ის“, რაც გახდა საფუძველი, რომ 2012 წლის 8 თებერვალს მოსარჩელე მხარეს წარედგინა ინვოისი №518349 და მოსთხოვა 3 773.58 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ შეასრულა.

3.4. 3 773.58 ლარის მოთხოვნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოგვიანებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაირკვა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული „გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ №HI-01/11 ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე, 2011 წლის 31 ოქტომბერს, ვინაიდან შეწყდა თავად მოსარჩელესა და სს „ე-პ.ჯ–ას“ შორის 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა 2011 წლის 24 ნოემბრის №5352/01/11 წერილით, თუმცა, თავად მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმების დროს აღნიშნულის თაობაზე მათთვის არაფერი უცნობებია. შესაბამისად, ისინი იძულებულნი იყვნენ შეემცირებინათ მოთხოვნა, ვინაიდან 2011 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ.

3.5. „ა.ბ–ის“ ზ/აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მხოლოდ უფლება და სანაცვლოდ არ უკისრია რაიმე ვალდებულების შესრულება. უდავოა, რომ მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ მოთხოვნის მფლობელის შეცვლას და მოთხოვნის ახალ მფლობელს მოვალის წინაშე რაიმე ვალდებულების შესრულება არ ეკისრება.

3.6. მოსარჩელემ „ა.ბ–ის“ სადაზღვევო პრემია 3 773.58 ლარი გადაუხადა 2012 წლის 5 ივნისს, თუმცა, თავის მხრივ, ხელშეკრულების ფარგლებში, მის წინაშე რაიმე ვალდებულების (თუნდაც სამომავლო) შესრულებაზე პრეტენზია არ განუცხადებია. მინიმუმ მისთვის ამ თარიღში გახდა ცნობილი, რომ მოპასუხესა და „ა. ბ–ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება გარკვეული უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ. მოსარჩელე მხარე არ მოახდენდა თანხის „ა.ბ–თვის“ გადახდას ისე, რომ არ დარწმუნებულიყო მოთხოვნის საფუძვლიანობაში, მას სულ მცირე 2012 წლის 5 ივნისს შეეძლო გაერკვია მოთხოვნის უფლებასთან ერთად ხომ არ იკისრა „ა. ბ.“ ამ ვალდებულების შესრულებაც, რაც მას არ განუხორციელებია.

3.7. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. ამდენად, გასულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

3.8. მესამე პირად ჩართულ კომპანიასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებულია სადაზღვევო პორტფელის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ცალსახად არის გაწერილი, რა გადმოეცა იმ დროისათვის „ა.ბ–ის“, რომელიც დღეს სამ კომპანიად არის დაშლილი. 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება მხარეებს შორის ერთი წლის ვადით. ის შეწყდა ვადაზე ადრე, 2011 წლის 24 ნოემბერს, რის თაობაზეც მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს, თუმცა, მოპასუხეს მათთვის არ უცნობებია ამის შესახებ და უბრალოდ გააფორმა 2011 წლის 1 დეკემბერს სადაზღვევო პორტფელის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2011 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზარალების გაცხადების თარიღი იყო ხელშეკრულებაში და ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 2012 წლის 1 სექტემბერი. აღნიშნული გაცხადებული არ ყოფილა. ზარალის შესახებ მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა 2013 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 5 თვის გასვლის შემდეგ, მაშინ როდესაც პორტფელის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მასსა და მოპასუხეს შორის. მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ კიდევ რაიმე გაცხადებული ზარალები შეიძლება ყოფილიყო მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

3.9. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მესამე პირებმა აიღეს რაიმე ვალდებულება ზარალზე, მაშინ, როდესაც მოთხოვნის დამთმობმა სუბიექტმა მათ მიყიდა პორტფელი თავისი კომპონენტებით, მანაც არ იცოდა იმ დროისათვის ასეთი ზარალების შესახებ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების „ა“ დანართის მე-3 პუნქტში არის დეტალურად გაწერილი, თუ რა ვალდებულებები აიღო „ალდაგი ბ.“. მათ შეძენილი აქვთ მხოლოდ წმინდა მოგების სახით გარკვეული თანხის მოთხოვნის უფლება და ეს მათ გადახდილი აქვთ.

3.10. მოპასუხის 2013 წლის 10 თებერვლის წერილში აღნიშნულია, რომ ზარალების წარდგენა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 1 სექტემბრამდე და რაგან ეს არ განახორციელა მოსარჩელემ, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა. აქ მოპასუხეს არ უხსენებია მესამე პირები და არც პორტფელის ნასყიდობა, რაც ადასტურებს, რომ არ აუღიათ არანაირი ვალდებულება სადავო თანხაზე. ხელშეკრულების გაფორმების დროს მხარეებმა არ იცოდნენ ამ ზარალის შესახებ, შესაბამისად, ვერ მიყიდიდა იმას, რაზედაც წარმოდგენა არ ჰქონდა.

3.11. მოთხოვნა ხანდაზმულია, თუმცა ის მიმართულია მოპასუხის მიმართ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საფუძვლები

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. საქალაქო სასამართლომ უპირველესად იმსჯელა მოპასუხედ დასახელებული პირის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს და მას მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მის მიმართ წარდგენილ მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის წარმოდგენა ამ მოთხოვნაზე მატერიალურ-სამართლებრივად არა პასუხისმგებელი პირის მიმართ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

4.3. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელემ მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება, თუმცა ამ უკანასკნელმა განხორციელებული სამართლებრივი ქმედებების შემდგომ ფაქტობრივად მასზე არსებული უფლება-მოვალეობები გადასცა სხვა იურიდიულ პირს.

4.4. სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდა მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობა - თავდაპირველად მოპასუხის მიერ მოთხოვნის დათმობის, ხოლო მოგვიანებით დათმობილი მოთხოვნის მიმღები პირის - სს „ს.კ. „ა.ბ–ის“ მიერ რეორგანიზაციის განხორციელებით. კერძოდ, მოპასუხედ დასახელებულმა პირმა ჯერ მოთხოვნის დათმობის - ცესიის საშუალებით დაუთმო თავისი უფლებები და მოვალეობები სს „ს.კ. ა.ბ–ის“, ხოლო, ამ უკანასკნელმა განხორციელებული რეორგანიზაციით ფაქტობრივად შექმნა სამი დამოუკიდებელი საწარმო, მათ შორის იმ დათქმითაც, რომ თითოეული მათგანი სოლიდარულად იქნებოდა პასუხისმგებელი თავდაპირველი საწარმოს/საზოგადოების გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე.

4.5. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე შპს „ს.კ.პ–ის“, როგორც იურიდიული პირის უფლებები და მოვალეობები (მათ შორის მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება) შესაბამისი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდაპირველად გადავიდა სს „ს.კ. ა.ბ–იზე“. ხოლო შემდგომ, მოთხოვნის მიმღებმა განხორციელებული რეორგანიზაციით - გაყოფით, შექმნა სამი დამოუკიდებელი საწარმო შესაბამისი უფლებამოსილებებით.

4.6. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების და განმარტებული სამართლებრივი დანაწესების საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, მას მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ის არ წარმოადგენს მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს.

4.7. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს დაუბრუნდა მომზადების სტადიიდან ხელახლა განსახილველად.

6.2. სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:

6.2.1. შპს „ს.კ.ა.ჯ–ს“ და სს „ე-პ.ჯ–ას“ თანამშრომლებს დანართი №2-ით განსაზღვრული პირები (შემდგომში „დამზღვევი“) და მესამეს მხრივ სს „ე-პ.ჯ–ას“ შორის 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება №ICG/MED/ACC/LIFE 11- 034 „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“.

6.2.2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, დამზღვევთან და კომპანიასთან წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, უზრუნველყოს დაზღვეულ პირთა სადაზღვევო მომსახურება.

6.2.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ის ძალაში შედის 2011 წლის 28 თებერვლის 24 საათიდან და მოქმედებს 2013 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

6.2.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 8 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება №111-01/11 „გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.

6.2.5. ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „ცესიონერი“ იღებს ვალდებულებას განახორციელოს „ცედენტის“ მიერ 2011 წლის 28 თებერვალს შპს „ე-პ.ჯ–ასთან“ დადებული „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულებით №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 არსებული რისკების გადაზღვევა.

6.2.6. ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო პერიოდი - „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2011 წლის 8 ივნისს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 2011 წლის 28 თებერვლის „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 მოქმედების ვადის შესაბამისად. ამასთან, „ცესიონერი“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით, აანაზღაუროს ზემოაღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამდგარი ზარალები მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების და/ან 2011 წლის 28 თებერვლის „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 მოქმედების ვადის გასვლისა.

6.2.7. 1.1.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ცედენტის მიერ 2011 წლის 28 თებერვლის „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 საფუძველზე ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა გადააჭარბებს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნეტო მოზიდული პრემიის 110%-ს, ცესიონერი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს „ცედენტს“ ზარალი, ამ გადაჭარბებული თანხის 100%-ის ოდენობით (რაც გულისხმობს ნეტო მოზიდული პრემიის 110%-ის ზევით ზარალის ოდენობის „ცესიონერის“ მხრიდან სრულად ანაზღაურების ვალდებულებას).

6.2.8. ნეტო მოზიდული პრემია გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად მოზიდულ პრემიას გადაზღვევის პრემიის გამოკლებით, ყველა გაუქმების, დამატების და ცვლილების გათვალისწინებით.

6.2.9. „ცესიონერის“ მიერ ზარალის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს 2011 წლის 28 თებერვლის „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულება №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 (მისი დანართების გათვალისწინებით).

6.2.10. 1.1.4. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება 2011 წლის 28 თებერვლის „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 საფუძველზე მოზიდული სადაზღვევო პრემიისა და ანაზღაურებული ზარალების შესახებ „ცედენტის“ მიერ „ცესიონერისათვის“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

6.2.11. 3.1. პუნქტის საფუძველზე „წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „ცედენტი“ ვალდებულია გადაუხადოს „ცესიონერს“ მინიმალური სადეპოზიტო გადაზღვევის პრემია ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით. ეს პრემია დაზუსტდება ხელშეკრულების პერიოდის გასვლიდან 6 თვის შემდეგ, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოზიდული პრემიის (ყველა გაუქმების, დამატების და ცვლილების გათვალისწინებით) 10%-ის ოდენობით.

6.2.12. 3.2. პუნქტის თანახმად, „ცედენტის“ მიერ ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგნაირად: - მინიმალური სადეპოზიტო პრემია-ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, პირველი გადახდა-არაუგვიანეს 2011 წლის 5 ივლისისა; - დაზუსტებული გადაზღვევის პრემია-არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა.

6.2.13. 3.2. პუნქტის თანახმად, „ცესიონერის“ მიერ ზარალის ანაზღაურება განხორციელდება „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 ვადის გასვლის შემდეგ, „ცედენტის“ მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ზემოაღნიშნული ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში და არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა.

6.2.14. 9.14. 2011 წლის 1 დეკემბერს მოპასუხესა და სს „ს.კ. ა.ბ–ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „სადაზღვევო პორტფელის, სადაზღვვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების და სხვა აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემის შესახებ“.

6.2.15. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გადამცემი თანახმაა გადასცეს მიმღებს სადაზღვევო პორტფელი, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და აქტივები, ხოლო მიმღები თანახმაა მიიღოს ზემოაღნიშნული სადაზღვევო პორტფელი, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და აქტივები წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6.2.16. 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან სადაზღვევო პორტფელთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, ისევე როგორც სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, ასევე „საკომპენსაციო ვალდებულება“, სხვა „აქტივები“ და ვალდებულებები გადადის მიმღებზე და მიმღები იღებს მათზე პასუხისმგებლობას, მაგრამ არაუმეტეს ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული ჯამური მოცულობის გათვალისწინებით, მათ შორის, არაუმეტეს აღნიშნული მუხლის თითოეული პუნქტით დადგენილი მოცულობების გათვალისწინებით.

6.2.17. ხელშეკრულების მე-3 მუხლი „გადაცემული „სადაზღვევო პორტფელის“, „სადაზღვვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების“, „აქტივების“, „სხვა ვალდებულებების“ ჯამური მოცულობები“, ითვალისწინებს მათ შორის: 3.1. აქტივები (სულ 6 227 114.00 ლარი): 3.1.1. სადაზღვევო მოთხოვნები, წმინდა - 2 978 917.00 ლარი; 3.1.2. გადაზღვევის მოთხოვნები, წმინდა - 480 591.00 ლარი; 3.1.3. გადამზღვეველის წილი გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვებში - 1 170 552.00 ლარი;

6.2.18. გადამზღვეველის წილი მომხდარი, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში - 307 139 ლარი და ა.შ.

6.2.19. 3.2. ვალდებულებები (სულ: 6 782 627.00 ლარი): 3.2.1.. გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი - 2 828 693.00 ლარი; 3.2.2. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვი - 585 482.00 ლარი; 3.2.3. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი - 91 420.00 ლარი; 3.2.4. სხვა სადაზღვევო ვალდებულებები (გადამზღვევლის მიმართ) – 2 755 563.00 ლარი და ა.შ.

6.2.20. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ „მიმღებმა“ „სადაზღვევო პორტფელი“, „სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები“, „აქტივები“ და „ვალდებულებები“ „გადამცემის“ ბალანსიდან უნდა გადაიწეროს საკუთარ ბალანსზე და ასევე უნდა დარეგისტრირდეს (როდესაც ასეთს კანონი ითვალისწინებს), როგორც „აქტივების“ ახალი მესაკუთრე.

6.2.21. 05.06.2012 წელს მოსარჩელის მიერ სს „ს.კ. ა.ბ–ისთვის“ გადახდილია სადაზღვევო პრემია - 3 773.58 ლარი, პოლისის/ხელშეკრულების №HI-01/11, ინვოისი №518349.

6.2.22. 2013 წლის 29 იანვრის წერილით მოსარჩელე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა მოპასუხის დროებით ადმინისტრატორს, წარუდგინა ინფორმაცია გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ანაზღაურებული ზარალების შესახებ და მიმართა თხოვნით გადაეხადა „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 საფუძველზე, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ამავე ხელშეკრულების შესაბამისად მოზიდული ნეტო სადაზღვევო პრემიის 110%-ის ზევით გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება, გადამზღვევლისათვის გადასახდელი პრემიის გამოკლებით 634 136.00 ლარის ოდენობით.

6.2.23. ამავე წერილის თანახმად, დაურეგულირებელი ზარალის ოდენობა სიცოცხლის და უბედური შემთხვევის დაზღვევაში შეადგენს 17 500.00 ლარს, ხოლო უარყოფითად დარეგულირებელი სიცოცხლის და უბედური შემთხვევის ზარალის ოდენობა განისაზღვრება 70 677.50 ლარით, რომელთა ანაზღაურების მოთხოვნას შესაბამისი გარემოებების დადგომის შემთხვევაში განახორციელებს მოსარჩელე.

6.2.24. აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მოპასუხე საწარმოში დანიშნული იყო იძულებითი ადმინისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ დარღვევის გამო 2011 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის №837 განკარგულებით. ამავე პასუხში მითითებულია, რომ მათ შორის გაფორმებული „გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის 28 თებერვლამდე, „ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ“ №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, ისინი ვალდებულნი იყვნენ დაზუსტებული ზარალის შესახებ ინფორმაცია წარედგინათ არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრამდე, ვინაიდან არაუგვიანეს ამ თარიღისა, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამდგარი ზარალი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის იყო ცნობილი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ მოპასუხე საწარმოში. ამ თარიღისათვის ანგარიშგების წარმოუდგენლობამ ლოგიკურად აფიქრებინა, რომ ვინაიდან დასრულებული იყო მოსარჩელესა და სს „ენერგო-პ.ჯ–ას“ შორის ხელშეკრულების მოქმედება და „გადაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების პირობების თანახმად, ცედენტს არ წარუდგენია ანგარიში, არც არსებობდა დამდგარი ზარალი.

6.2.25. მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიას აცნობა, რომ ხელშეკრულებების მასშტაბიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო დამდგარი ზიანი შეემოწმებინა და დაეზუსტებინა. მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნილი თანხის აღიარებასა და ანაზღაურებაზე.

6.2.26. სს „ს.კ.ა–ი ბისიაის“, 2013 წლის 2 ივლისიდან შეეცვალა სახელწოდება და გახდა სს „ს.კ.ა–ი“.

6.2.27. 2014 წლის 28 ივლისს დასრულდა სს „ს.კ.ა–ი ბისიაის“ რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სუბიექტი სს „ს.კ.ა–ი“.

6.2.28. სს „ს.კ.ა–ის“ 2014 წლის 29 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად, კრების დღის წესრიგი გახლდათ სს „ს.კ.ა–ის“ რეორგანიზაციის, კერძოდ, გაყოფის (არსებული საზოგადოებიდან ორის საწარმოს გამოყოფის გზით) დასრულება და რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ საწარმოთა (3 საწარმო) საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა: 1.1. სს „ს.კ.ი.ე–“; 1.2. სს „ს.კ.ა–ი“; 1.3. სს „ს.კ.ე–სი“.

6.2.29. კრების ოქმის 1.1.1 პუნქტით „რეორგანიზაციის შედეგად იცვლება საზოგადოების სახელწოდება და იქნება სააქციო საზოგადოება „სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“, რომელიც შეინარჩუნებს საზოგადოების არსებულ საიდენტიფიკაციო ნომერი 204919008 და რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ჯანმრთელობის, სიცოცხლის (არა დაგროვებადი და დაბრუნებადი) უბედური შემთხვევებით გამოწეული გარდაცვალებისა და/ან შრომისუუნარობისა და სამოგზაურო დაზღვევისა.

6.2.30. 1.1.5. პუნქტით სს „ს.კ.ი.ე–“ იქნება საზოგადოების უფლებამონაცვლე საზოგადოების მიერ განხორციელებულ ჯანმრთელობის, სიცოცხლის (არა დაგროვებადი და დაბრუნებადი), სამოგზაურო დაზღვევებთან და უბედური შემთხვევით გამოწვეულ გარდაცვალების და შრომისუუნარობის დაზღვევებთან დაკავშირებით, რაც ასევე გულისხმობს უფლებამონაცვლეობას აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უფლება-მოვალეობაში, გარიგებაში, სამართალურთიერთობაში, რომელიც დადებულია/წარმოშობილია და/ან დაიდება/წარმოიშვება რეორგანიზაციის დასრულების თარიღამდე ან მის შემდეგ და ასევე მოიცავს, ჩამოთვლილთაგან დაკავშირებულ ნებისმიერ დავაში/წარმოებაში უფლებამონაცვლეობასაც. ამასთან, აღნიშნული მიზნებისათვის სიცოცხლის დაზღვევაში იგულისხმება არა დაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა, მათ შორის უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების, რომლის მოსარგებლეები არიან ფიზიკური პირები და რომელთა რეალიზაციაც განხორციელებულია ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვასთან ერთად/ერთობლიობაში, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეულ შრომისუუნარობაში კი - ის დაზღვევები, რომლებიც ასევე განხორციელებულია ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ, ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვასთან ერთობლიობაში.

6.2.31. კრების ოქმის 1.2.1 პუნქტით „საზოგადოების რეორგანიზაციის, კერძოდ გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოს სახელწოდება იქნება სს „ს.კ. ა–ი“, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ყველა სახის დაზღვევა, გარდა ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევისა.

6.2.32. 1.2.5. პუნქტის თანახმად, სს „ს.კ.ა–ი“ იქნება საზოგადოების უფლებამონაცვლე საზოგადოების მიერ განხორციელებულ ყველა სახის დაზღვევასთან, მათ შორის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასთან და საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის ნებისმიერ საშუალებასთან (ღონისძიებასთან) დაკავშირებით, გარდა 1.1.5. პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისა (რომელთა უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „იმედი ელ“), რაც, ასევე გულისხმობს უფლებამონაცვლეობას აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უფლება-მოვალეობაში, გარიგებაში, სამართალ-ურთიერთობაში, რომელიც დადებულია/წარმოშობილია და/ან დაიდება/წარმოიშვება რეორგანიზაციის დასრულების თარიღამდე ან მის შემდეგ და ასევე მოიცავს, ჩამოთვლილთაგან დაკავშირებულ ნებისმიერ დავაში წარმოებაში უფლებამონაცვლეობასაც.

6.2.33. 1.3.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი საწარმოს სახელწოდება იქნება სააქციო საზოგადოება „ს.კ.ე–სი“, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ჯანდაცვის სფეროში საქმიანობა და რომლის მფლობელობაშიც გადავა ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამჟამად არის საზოგადოების პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში.

6.2.34. 1.4. პუნქტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად ფორმირებული სამივე საწარმო სოლიდარულად აგებს პასუხს თავდაპირველი საწარმოს/საზოგადოების გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე.

6.2.35. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 31/12/2015 წლის №01/131-ო ბრძანების თანახმად, მოპასუხე საწარმოში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837-ე და 2012 წლის 29 მაისის №669-ე განკარგულების თანახმად გამოცემული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9-ო ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად და შესაბამისად გაუქმდა ამ ბრძანებით დანიშნული იძულებითი ადმინისტრაცია.

6.2.36. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 31/12/2015 წლის №01/132-ო ბრძანების თანახმად, მოპასუხე საწარმოს, გაუუქმდა დაზღვევის/სიცოცხლის და დაზღვევის/არა სიცოცხლის ლიცენზიები.

6.2.37. ამავე ბრძანების თანახმად, დაიწყო მოპასუხის გაკოტრების საქმის წარმოება.

6.2.38. მოსარჩელის მიერ მოპასუხეს 2011 წლის 24 ნოემბერს ეცნობა, რომ მასსა და სს „ენერგო-პ.ჯ–ას“ შორის დადებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №ICG/MED/ACC/LIFE 11-034 გაუქმდა 31 ოქტომბრიდან, რაც ავტომატურად ნიშნავდა მათი გადაზღვევის ხელშეკრულების გაუქმებას ამავე თარიღიდან.

6.2.39. სამედიცინო კორპორაცია „ე–მა“ 2019 წლის 1 აპრილს განიცადა რეორგანიზაცია და საფირმო სახელწოდების ცვლილება, მას გამოეყო სამართალსუბიექტი სს „ე–ის კ–ები“, ხოლო თავად სს „სამედიცინო კორპორაცია „ე–მა“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ჩამოყალიბდა როგორც სს „ე.ჰ–ბი“. სააპელაციო განხილვის ეტაპზე, სს „ე.ჰ–ბის“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს „ვიანი“.

6.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად უთითებდა, რომ არასათანადო მოპასუხის მიმართ იყო მიღებული, ამასთან, საქმის განხილვისას მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებია არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა.

6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლოს, პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა და იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე უარს იტყოდა შეთავაზებაზე მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შესთავაზა მოსარჩელეს მოპასუხის შეცვლა, ასევე უარი თქვა დაზუსტებული სარჩელის განხილვაზე, სადაც თავდაპირველ მოპასუხესთან ერთად მოპასუხეებად დასახელებული იყო მესამე პირებად ჩართული კომპანიებიც.

6.5. საგულისხმოა, რომ სასამართლომ სხდომაზე მოსარჩელეს შესთავაზა სარჩელის გახმობა, ნაცვლად არასათანადო მოპასუხის ცვლილებისა (იხ. 18.05.2021წ. სხდომის ოქმი, 15:27:47-15:27:50), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გაუმართლებელია და არ შეესაბამება ზემოთ დასახელებული ნორმით განსაზღვრულ წესს.

7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მისი პოზიცია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ ვალდებულ პირს არ წარმოადგენს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებამდე სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძველზე უნდა გაერკვია მოპასუხედ დასახელებული პირი იყო თუ არა სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი.

7.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სათანადო/არასათანადო მოპასუხესთან დაკავშირებით არაა გასაზიარებელი, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესთავაზა მოსარჩელეს თავად დაესახელებინა სათანადო მოპასუხე.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო პალატამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მივიდა სამართლებრივ დასკვნამდე, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ სათანადო წესით გამოიკვლია თუ არა საქმეზე სათანადო მოპასუხეობის საკითხი.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა, თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ; N ას-1136-2023, 16.112023წ; N ას-1303-2023, 226.01.2024წ.).

13. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით, შესთავაზა მოსარჩელეს თავად დაესახელებინა სათანადო მოპასუხე. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი).

14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1258-2017, 29 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-158-158-2018, 23 თებერვალი, 2018 წელი). ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება, დავის საგნის განსაზღვრითა და მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის დადგენით იწყება. თუ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ არაა წარდგენილი, სარჩელი არ დაკმყოფილდება. სსსკ-ის 85-ე მუხლი ითვალისწინებს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.

16. საკასაციო პალატამ არაერთ განჩინებაში განმარტა ციტირებული ნორმის შინაარსი, რომ სასამართლოს მიერ საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობის დადგენისას, სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით. მითითებული საპროცესო მოქმედების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო განხილვის ეკონომიასთან და მეტად ეფექტური მექანიზმია დავის სწრაფად განსახილველად, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ. №ას-825-791-2016 12.06.2017წ).

17. აქვე, საკასაციო სასამართლო, ხაზგასმით განმარტავს, რომ სსკ-ის 85-ე მუხლი ითვალისწინებს, სასამართლოს უფლებამოსილებას არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. ნორმის შემდეგი

წინადადება - „თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.....“ სასამართლოსთვის იმპერატიულია, კერძოდ, თუ სასამართლო აღმოაჩენს, რომ საქმის მატერიალურსამართლებრივ შედეგზე, შესაძლოა, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირის ნაცვლად, სხვა პირი იყოს პასუხისმგებელი, მოპასუხის ცვლილების შეთავაზების ნაწილში სასამართლო ვალდებულია, უპირობოდ დაიცვას სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი და მოსარჩელეს, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სავალდებულოდ შესთავაზოს სათანადო მოპასუხის ჩართვა პროცესში, ხოლო, შეთავაზების შემდეგ, სასამართლო, მხოლოდ მოსარჩელის პასუხის გათვალისწინებით - „თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე“, სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, თანხმობის შემთხვევაში, შეცვლის მოპასუხეს ან ასეთი თანხმობის არარსებობისას არ დააკმაყოფილებს სარჩელს. დასახელებული საპროცესო საკითხის გადაწყვეტისთვის, არასათანადო მოპასუხის თანხმობა არაა საჭირო, ამასთან სარჩელის დაკამყოფილება არასათანადო მოპასუხის მიმართ, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს შექმნის.

18. ნიშანდობლივია, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების განხორციელებას, პროცესის ეტაპებთან მიმართებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მოხმობილი ნორმა, რაიმე დათქმას ან წინააღმდეგობას - „...თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს...“ - არ შეიცავს, თუ კონკრეტულად რა სტადიამდეა დასაშვები, არასათანადო მოპასუხის შეცვლა, სათანადო მოპასუხით. ამდენად, გარკვეული საპროცესო მოქმედებებისგან განსხვავებით, სადაც, მხარე შეზღუდულია მაგალითად მოსამზადებელი ეტაპის დასრულების მომენტით (იხ. სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილი), სათანადო მოპასუხის გამორკვევა და არასათანადო მოპასუხის შეცვლა, საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზეცაა შესაძლებელი. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასათანადო მოპასუხის შეცვლის შემთხვევაში, სათანადო მოპასუხის ჩართვა, პროცესის მომზადების სტადიიდან უნდა მოხდეს (იხ. სსკ-ის 216-ე მუხლი), ვინაიდან, განსხვავებით სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამონაცვლეობისა, სადაც უფლებამონაცვლისთვის, პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისთვის, რომელიც მან შეცვალა, წინამდებარე შემთხვევაში, არასათანადო მოპასუხის მიერ, მაგალითად თავდაცვისთვის წარდგენილი შესაგებელი, ახალი მოპასუხისთვის სავალდებულო ვერ იქნება, რადგანაც სათანადო მოპასუხის პოზიციების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და გაუმართლებლად დაარღვევს მხარეთა თანასწორობისა თუ შეჯიბრებითობის პრინციპს.

19. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და თავისი ინიციატივით შეცვალოს არასათანადო მოპასუხე. მოსამართლის ამგვარი ქმედება ჩაითვლება მხარის უფლების შეზღუდვად - თავად აირჩიოს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტი (მოპასუხე). სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელეს მხოლოდ შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოებაში მხარის შემოსაყვანად მოსარჩელის თანხმობაა საჭირო. ხოლო, თუ მოსარჩელე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას არ დაეთანხმა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 58-59).

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელშივე მიუთითა, რომ მოსარჩელესა და სს „ე-პ.ჯ–ას“ შორის 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისაგან კოლექტიური დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №ICG/MED/ACC/LIFE 11/034, რომლის საფუძველზე დაზღვეული რისკები, 2011 წლის 8 ივნისის „დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ №111-01/11 ხელშეკრულების თანახმად გადაიზღვა მოპასუხე კომპანიაში; გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ეკისრებოდა, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი ზარალის, რომელიც აღემატება დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოზიდული ნეტო სადაზღვევო პრემიის 110%-ს, ანაზღაურების ვალდებულება, მიუხედავად დაზღვევის ან გადაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისა (ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნეტო მოზიდული პრემია გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად მოზიდულ პრემიას გადაზღვევის პრემიის გამოკლებით, ყველა გაუქმების, დამატების და ცვლილების გათვალისწინებით); დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 2011 წლის 31 ოქტომბერს, შესაბამისად შეწყდა გადაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, რის მიუხედავადაც შპს „ა.ჯ–ს“ (მოსარჩელეს) დარჩა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გადაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადამზღვევის წილზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სს „ს.კ.ა–ი ბ.“ 2011 წლის 1 დეკემბერს შეიძინა მოპასუხის აქტივების და ვალდებულებების ნაწილი.

21. მოპასუხის განმარტებით, არასათანადო მოპასუხე იყო, ხოლო, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სს „ს.კ. ა.ბ–ი“.

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ს.კ.ა–ი ბისიაის“, 2013 წლის 2 ივლისიდან შეეცვალა სახელწოდება და გახდა სს „ს.კ.ა–ი“; 2014 წლის 28 ივლისს დასრულდა სს „ს.კ.ა–ი ბისიაის“ რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სუბიექტი სს „ს.კ.ა–ი“.

23. სს „ს.კ.ა–ის“ რეორგანიზაციის გზით, კერძოდ, გაყოფის (არსებული საზოგადოებიდან ორის საწარმოს გამოყოფის გზით) დასრულება და რეორგანიზაციის შედეგად წარმოიქმნა სამი საწარმო: სს „ს.კ.ი.ე–“; სს „ს.კ.ა–ი“; სს „ს.კ.ე–სი.

24. საკასაციო პალატა, მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სს „ს.კ.ა–ი“, სს „ს.კ.ი.ე.“ სს „ე.ჰ–ბი“ (ყოფილი სს „ს.კ.ე–სი“) ჩაბმული არიან მესამე პირების სტატუსით(დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე).

25. საკასაციო პალატა კვლავ მოიხმობს სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმას და განმარტავს, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი „მოსამართლეს შეუძლია“, არ უნდა განიმარტოს მოსამართლის უანგარიშგებო დისკრეციად სათანადო მოპასუხის ჩართვის საკითხის გადაწყვეტისას და არც უპირობო ვალდებულებად ამავე საპროცესო მოქმედების შესრულებაზე. ნორმაში გამოყენებული ტერმინი „შეუძლია“ გულისხმობს საქმის მასალებიდან გამომდინარე მოსამართლის შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე სათანადო მხარით. ამ ღონისძიებათა გატარება დაკავშირებულია საქმის დროულად განხილვასა და ასევე, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასთან. მხარეთა შეცვლისას მოსამართლე უნდა მოქმედებდეს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისი სურვილის შესაბამისად...თუ საქმის მასალებით ცალსახად დგინდება სათანადო მხარის არსებობა და მისი საქმეში ჩართვა არ არის დაკავშირებული გარკვეულ პროცესუალურ სირთულეებთან, მოსამართლე ვალდებულია, საქმეში ჩართოს სათანადო მხარე (იხ. სუსგ. №ას-522-496-2013, 25.12.2014წ, №ას-658-2022 15 თებერვალი 2023 წელი).

26. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს საქალაქო სასამართლოს მიერ სათანადო საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია მხარისთვის არასათანადო მოპასუხის, სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე. სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს 2021 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის ოქმზე, სადაც სასამართლომ მხარეს შესთავაზა სარჩელის გახმობა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ ხელახალი სარჩელის წარდგენა (იხ. 18.05.2021წ. სხდომის ოქმი;).

27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს უნდა წამოეჭრა მოპასუხის ჩანაცვლების საკითხი, რასაც ადგილი არ ქონია. პირველი ინსტანციის მიერ არ მომხდარა ამ უფლების რეალიზაცია, მით უმეტეს იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რაც იკვეთებოდა საქმის მასალებით და შესაბამისად საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ: მოპასუხედ დასახელებულმა პირმა ჯერ მოთხოვნის დათმობის - ცესიის საშუალებით დაუთმო თავისი უფლებები და მოვალეობები სს „ს.კ. ა.ბ–ის“, ხოლო, ამ უკანასკნელმა განხორციელებული რეორგანიზაციით ფაქტობრივად შექმნა სამი დამოუკიდებელი საწარმო, მათ შორის იმ დათქმითაც, რომ თითოეული მათგანი სოლიდარულად იქნებოდა პასუხისმგებელი თავდაპირველი საწარმოს/საზოგადოების გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე; ზემოთ მითითებული სამი დამოუკიდებელი საწარმო ჩაბმულია საქმეში მესამე პირის სტატუსით.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის გათვალისწინებული მოპასუხის ჩანაცვლების საკითხი მოსამართლემ უნდა წამოჭრას საქმის, და უპირველესად, მოსარჩელის ინტერესების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან სასარჩელო წარმოება სწორედ მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენის საშუალებაა და უწინარესად მისი ინტერესია შედეგზე ორიენტირებული მართლმსაჯულების წარმოება. (იხ. სუსგ №ას-658-2022 15 თებერვალი 2023 წელი).

29. საკასაციო სასამართლო, ხაზგასმით განმარტავს, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელითაც მიმართა სასამართლოს (მოსარჩელე უთითებდა, რომ სასამართლოს მეშვეობით მესამე პირისგან გამოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მისთვის ცნობილი გახდა მოპასუხეთა წრის ცვლილების თაობაზე.), სადაც მოპასუხეებად, წინამდებარე განჩინებაში დასახელებული მოპასუხის გარდა, ამავე განჩინებაში დასახელებული მესამე პირებიც მიუთითა (იხ. ტ. 7, ს.ფ. 25-161). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ არსებობდა დაზუსტებული სარჩელის მიღების წინაპირობა, ვინაიდან მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ იყო წარდგენილი, მოპასუხეთა წრის ცვლილებაზე სასამართლოს არ მიუმართავს მოსარჩელისთვის სსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და საქმისწარმოება გააგრძელა მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემული საქმის ფარგლებში სათანადო მოპასუხის საკითხია გამოსარკვევი და პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მომზადების ეტაპიდან უნდა იმსჯელოს ამ პირის, საქმეში მოპასუხედ ჩაბმის საკითხზე.

31. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.„ს.კ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე