Facebook Twitter

¹ბს-1058-1009(კ-06) 22 იანვარი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 მაისს დ. ვ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 750 ლარის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის გაცემა (ს.ფ. 1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ს.ფ. 23).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 618,60 ლარის ოდენობით (ს.ფ. 37-39).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება (ს.ფ. 45-47).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 63-67).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება:

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების წარმოშობა გამოიწვია 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებების დასაფარავად. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, კონტროლის პალატა წარმოადგენდა საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნდა. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონტროლის პალატასთან ერთად წარმოადგენდა სოლიდარულ მოვალეს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 73-74).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.