საქმე ას-653-2023
02 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ლ.ა–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“), სს „ბ–ის“ მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სს ბ–ის გენერალური დირექტორის დ.ც–ას 03.08.2022 წლის N03.08/1 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.3 მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სს ბ–ში გათავისუფლებამდე დაკავებულ უფროსი მოლარის პოზიციაზე;
1.4 სს ბ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 02.08.2022 წლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად დარიცხული 1275.51 ლარის გადახდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია გადაწყვეტილების 3.1.1-3.1.8 პუნქტებში და 6.1-6.2 პუნქტებში მითითებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები.
3.3 სააპელაციო პალატამ, მოპასუხის შედავების გათვალისწინებით, შეაფასა ამ უკანასკნელის არგუმენტები, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოთხოვნა მართებულად ჩათვალა ხანდაზმულად.
3.4 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, საქმეზე მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება. სასამართლო მოსამზადებელ სხდომას ნიშნავს, თუ არსებობს ვარაუდი, რომ მხარეები მორიგდებიან ან მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან ამას მოითხოვს საქმის მომზადების ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მხარე არ უთითებს, რომ სურს დამატებით მტკიცებულების წარმოდგენა ან აქვს შუამდგომლობა.
3.5 სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქმეზე მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე და განმარტა რომ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს სურდა მტკიცებულების წარმოდგენა, ის ვალდებული იყო დაერთო სარჩელისთვის ან წარმოედგინა შუამდგომლობა, მტკიცებულების წარმოდგენისთვის ვადის განსაზღვრაზე. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მტკიცებულება მთავარი სხდომაზე წარედგინა სასამართლოსთვის, თუ მიუთითებდა საპატიო მიზეზს, რის გამოც მოსამზადებელ ეტაპზე ვერ შეძლო მისი წარმოდგენა, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2022 წლის 09 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.2 კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც სამართლებრივად შეფასდა განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
4.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ, რადგან ელექტრონულად დაუკავშირდა ბანკს დასაქმებული, ბანკის პასუხიც მიღებულად ითვლება, თუ ის გამოგზავნილია იმავე საშუალებით, რასაც კასატორი არ ეთანხმება.
4.4 კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 205-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩაენიშნა მოსამზადებელი სხდომა, რითაც მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა სრულფასოვნად წარედგინა მტკიცებულებები და მოთხოვნა კვალიფიციურად წარმოედგინა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, კასატორი ითხოვს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 09 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას.
4.5 კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა სხვა ფაქტორებზე, არ მისცა სამართლებრივი შეფასება გათავისუფლების ბრძანების კანონიერების საკითხს.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით, ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
10. მოსარჩელე 2007 წლიდან დასაქმებული იყო სს ბ–ში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე, 2014 წლიდან კი უფროსი მოლარის პოზიციაზე, უვადოდ. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის შეადგენდა დარიცხულ - 1275.51 ლარს.
11. მხარეთა შორის 27.12.2013 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების 9.4.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ, სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით შეატყობინოს ბანკს აღნიშნულის თაობაზე.
ამავე ხელშეკრულების 3.3.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს ბანკში მოქმედ შინაგანაწესს, ბანკის შიდა ნორმატიულ აქტებს (ინსტრუქციები, დებულებები) და შრომის ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
12. ხელშეკრულების 10.4 პუნქტით წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებს, რომ გაეცნო ბანკის შინაგანაწესს და ეთანხმება შინაგანაწესით დადგენილ პირობებს და მოთხოვნებს. ბანკის შინაგანაწესი და ამ ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
13. სს „ბ–ის“ 03.08.2022წ. N03.08/1 ბრძანებით, ლ.ა–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. მოსარჩელემ, 2022 წლის 04 აგვისტოს, ელექტრონულ ფოსტაზე, მოპასუხისგან მიიღო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება. 2022 წლის 05 აგვისტოს, მოსარჩელემ, ელექტრონული ფორმით, მოპასუხისგან მოითხოვა წერილობითი დასაბუთება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელეს წერილობითი დასაბუთება დამსაქმებლის მიერ, იმავე ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა 2022 წლის 10 აგვისტოს.
15. საქმეში არსებული 11.08.2022 წლის, ასევე 12.08.2022 წლის ელექტრონული წერილებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ იმავე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმართა დამსაქმებელს და ითხოვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
16. მოპასუხის მიერ, საქმეზე წარმოდგენილია მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, სადაც მხარე მიუთითებს, რომ სარჩელი კანონით დადგენილ ვადაში არ არის აღძრული და მოთხოვნა ხანდაზმულია.
17. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, პალატა შეაფასებს მოთხოვნის წარმოშობის და მისი განხორციელების სამართლებრივ ფარგლებს, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის, საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა წარმატებული ვერ იქნება.
18. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ N ას-1210-2018, 15.02.2019წ.), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღება სავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).
19. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019 წ. პ-34).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.).
21. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას (იხ. სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.). „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 22. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის სოციალური დატვირთვაა დასაქმებულის უფლება, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი ნების მისვლიდან ოცდაათ კალენდარულ დღეში მოითხოვოს დამსაქმებლისაგან ნების განმარტება (იხ. სშკ-ის 48.4 მუხლი), ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, მოთხოვნის წარდგენიდან შვიდ კალენდარულ დღეში დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება (სშკ-ის 48.5. მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაქმებული ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნებას სადავოდ გახდის სასამართლოში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ერთმნიშვნელოვნად დამსაქმებელს დაეკისრება (სშკ-ის 48.7. მუხლი) (იხ.სუსგ.ას-669-2020, 18.11.2020წ).
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 03.08.2022წელს; 04.08.2022წ. მოსარჩელეს, მის მიერ ბანკში დაფიქსირებულ ელ. ფოსტის მისამართზე - lizilo.amiranashvili@gmail.com, ჩაბარდა დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ 03.08.2022წ. N03.08/1 ბრძანება. აღნიშნულის პასუხად, 05.08.2022წ. მოსარჩელემ იმავე საკომუნიკაციო გზით მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რის პასუხადაც შრომის კოდექსით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს დამსაქმებლის 10.08.2022 წლის წერილით, იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, მიეწოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება. ჩაბარება დასტურდება 11.08.2022წ. დასაქმებულის მიერ ბანკის წარმომადგენელთან განხორციელებული საპასუხო კომუნიკაციით იმავე საკონტაქტო რეკვიზიტების საშუალებით (ს.ფ. 56-62).
24. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გასაჩივრების სპეციალური ვადა და დადგენილია, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, (არაუგვიანეს, 10.09.2022წ) სასამართლოში გაესაჩივრებინა დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელისვე მითითებით, სასამართლოს პირველი სარჩელი წარუდგინა 16.09.2022წ. ცალსახაა, რომ სარჩელი წარდგენილი იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მან წერილობითი დასაბუთება ელექტრონულ ფოსტაში შემთხვევით აღმოაჩინა 25 აგვისტოს და რომ იგი წერილობით დასაბუთებას ფოსტით ელოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს, მასზედ, რომ ვინაიდან მხარეთა შორის კომუნიკაცია მიმდინარეობდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ამ გზითვე მიიღო მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, ამავე გზით მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების წერილობითი დასაბუთება, მხარეს მოლოდინი ჰქონდა/უნდა ჰქონოდა, რომ წერილობით დასაბუთებას ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებდა. ამასთან, საქმეში არსებული 11.08.2022 წლის, ასევე 12.08.2022 წლის ელექტრონული წერილებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ დასაქმებულს მიმართა და ითხოვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციას, რომ წერილობითი დასაბუთება 25 აგვისტოს აღმოაჩინა და მას სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადა 25 სექტემბრამდე ჰქონდა, არ შეესაბამება ფაქტის რეალურად აღქმას.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია ასევე ეხება, პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხს, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა, განსახილველი შრომითი დავის არსებითად განსახილველად მომზადებულად ჩათვლისა და მთავარი სხდომის დანიშვნის გზით, რითაც, კასატორის პრეტენზიით, შეილახა მისი უფლება, წარედგინა მტკიცებულებები და მოთხოვნა კვალიფიციურად წარმოედგინა.
28. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს: საპროცესო კოდექსის ის თავი, რომელიც საქმის მომზადების სტადიას ეხება, ითვალისწინებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესაძლებლობასაც (205-ე მუხლი), მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს მოსამზადებელი სხდომა საქმის მომზადების სტადიის სავალდებულო ელემენტია და მისი დანიშვნა ყოველთვის აუცილებელია. მისი დანიშვნა სსსკ-ის 205-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მოსამართლის მიხედულებაზეა დამოკიდებული (იხ.სუსგ.№ას-1426-2023 26.01.2024წ.).
29. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელის პასუხად, მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 21 ოქტომბერს, რომლითაც სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. შესაგებლის ასლი გაუგზავნა მოსარჩელეს, რომელსაც ჩაბარდა (25.10.2022წ) და გაეცნო მას (იხ. ს.ფ. 69). სასამართლომ საქმეზე მთავარი სხდომა, 28.10.2022წ. განჩინებით დანიშნა, იმავე წლის 09 ნოემბერს. ამდენად, საქმის მომზადების სტადია დასრულდა სასამართლოს მიერ მთავარი სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ განჩინების გამოტანით. მითითებულ პერიოდში, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტის (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით) გაბათილება არ უცდია. ამასთან, სარჩელში მხარეს არ მიუთითებია, რომ სურს დამატებით მტკიცებულების წარმოდგენა ან აქვს შუამდგომლობა.
30. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მასზედ, რომ თუ სურდა მოსარჩელეს მტკიცებულების წარმოდგენა, ის ვალდებული იყო დაერთო სარჩელისთვის ან წარმოედგინა შუამდგომლობა, მტკიცებულების წარმოდგენისთვის ვადის განსაზღვრაზე. მოსარჩელე ასევე უფლებამოსილი იყო, მტკიცებულება მთავარი სხდომაზე წარედგინა სასამართლოსთვის, თუ მიუთითებდა საპატიო მიზეზს, რის გამოც მოსამზადებელ ეტაპზე ვერ შეძლო მისი წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში არცერთი დასახელებული შემთხვევა სახეზე არ არის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებისა და 2022 წლის 09 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხი, რის გამოც მართებულია დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სხვა ნაწილში კასატორის მოთხოვნების საფუძვლიანობა.
32. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
6. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ც.ჩ–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 03 აპრილს, N16610970011 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე