Facebook Twitter

საქმე №ას-1380-2024 05 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე და კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით სს „ე-პ.ჯ–იას“ (შემდგომში - „შემსყიდველი“ ან „აპელანტი“ ან „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე და კ–იის“ (შემდგომში - „მიმწოდებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 130279.43 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2022 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ერთი მხრივ, მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა მოპასუხისთვის დაემზადებინა და საკუთრებაში გადაეცა ზამთრის სპეციალური ტანსაცმელი (ქურთუკები და კომბინიზონები), ხოლო მეორე მხრივ, შემსყიდველმა საქონლის გადაცემის სანაცვლოდ, მიმწოდებლისთვის 684 320 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის მიღება-ჩაბარების წესი; გარანტიები; ანგარიშსწორების წესი და პირობები; ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ასევე, ფულადი სანქციები ხელშეკრულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისათვის, კერძოდ, ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;

2.2. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შემსყიდველს საქონელი ვერ მიაწოდა, კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით მისაწოდებელი 136 808 ლარის ღირებულების ზამთრის სპეციალური ტანსაცმელი მიმწოდებელმა შემსყიდველს 2022 წლის 04 ივლისს მიაწოდა, რასთან დაკავშირებითაც შემსყიდველს პრეტენზია არ გააჩნია.

2.3. ამასთან, 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით მისაწოდებელი 205 416 ლარის ღირებულების სპეციალური ტანსაცმელი მიმწოდებელმა შემსყიდველს 2022 წლის 30 სექტემბერს მიაწოდა, ხოლო 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მისაწოდებელი 342 096 ლარის ღირებულების ზამთრის სპეციალური ტანსაცმელი კი, შემსყიდველს 2022 წლის 18 ოქტომბერს მიეწოდა;

2.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის შემსყიდველმა მიმწოდებელს, ხელშეკრულების 7.1 მუხლის საფუძველზე 144 754.92 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაარიცხა, რომელიც დაანგარიშდა არა ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (61+48 დღეზე) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან დაუკავდა 0.5%.

2.5. მიმწოდებელმა საქონლის დაგვიანებით მიწოდების ფაქტი დაადასტურა; მას პრეტენზია არც ვადაგადაცილების დღეებთან დაკავშირებით გამოუთქვამს, თუმცა, სახელშეკრულებო ვალდებულების დაგვიანებით შესრულებაში საკუთარ არაბრალეულობაზე მიუთითა, კერძოდ, საშუამავლო კომპანია შპს „ს–ის“ წერილზე მითითებით განმარტა, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან შეკვეთის ჩინეთში დროულად განხორციელებისა, ეპიდემიისას გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გამო, ქსოვილის დამზადება დროულად ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, შემსყიდველის მიმართ აღძრულ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. იმავდროულად, მოსარჩელემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა მის არაპროპორციულობაზე მითითებით და შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის საბოლოო ანგარიშსწორებიდან დაკავებული თანხის დაკისრება მოითხოვა.

3. მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება, საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629.1, მე-400, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით შემოწმდა.

4. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში მოსარჩელის არაბრალეულობაზე მითითება, არ გაიზიარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა რელევანტური მტკიცებულებების წარუდგენლობის მოტივით, რაც მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოშობდა.

5. პირგასამტეხლოს გონივრულობასთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

6. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 684 320 ლარით განისაზღვრა; მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 144,754.92 ლარი, ნებაყოფლობით შემცირების მიუხედავად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 21.15%-ს შეადგენდა; პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობა, ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 14,475.49 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის დაქვითული თანხიდან (144,754.92 ლარი) სხვაობის - 130,279.43 ლარის დაბრუნება დაევალა, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

8.1. ხელშეკრულების 7.1. მუხლის მიხედვით მოპასუხე უფლებამოსილი იყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. უდავოა, რომ კასატორმა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება სრულად არ გამოიყენა; გამოიჩინა კეთილი ნება და მიმწოდებელს პირგასამტეხლოს მოცულობა, თავისი ინიციატივით, შეუმცირა, კერძოდ, ნაცვლად ხელშეკრულების სრული ღირებულებისა, პირგასამტეხლო დაანგარიშდა შეუსრულებული ვალდებულების მოცულობიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაუკავდა არა ხელშეკრულებით განსაზღვრული 208 717.60 ლარი, არამედ 61 588.80 ლარით ნაკლები - 144 754.92 ლარი.

8.2. ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელეს არაერთხელ განემარტა, რომ ვადას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოპასუხისთვის. სპეციალური ტანსაცმლით თანამშრომელთა აღჭურვას ითვალისწინებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც ადგენს ჯარიმებს გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. მიმწოდებელი წარმოადგენს მეწარმე იურიდიულ პირს, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს და შეეძლო სწორად შეეფასებინა საკუთარი შესაძლებლობები, განესაზღვრა, თუ რა ზიანი მიადგებოდა მას ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესს და მოცულობას არ ეთანხმებოდა, შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულების დადებაზე და არც რაიმე ვალდებულება წარმოეშობოდა მოპასუხის მიმართ. მოსარჩელე კომპანიამ სწორად ვერ შეაფასა საკუთარი საწარმოო შესაძლებლობები ან უარეს შემთხვევაში, მას წინასწარ ჰქონდა განზრახული ხელშეკრულების ვადების დარღვევა და კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს იმ იმედით დაეთანხმა, რომ შემდგომ სასამართლოს გზით პირგასამტეხლოს ოდენობას აუცილებლად შეამცირებდა.

8.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო იმდენად უმნიშვნელო ოდენობამდე შემცირდა, რომ სრულიად გამორიცხა პირგასამტეხლოს სანქციის ფუნქცია. მეტიც, ახალისებს ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს, რომელსაც არავითარი მატერიალური ვალდებულება არ დაეკისრება, როგორც არ უნდა დაარღვიოს და როგორც არ უნდა წინასწარ შეთანხმებული იყოს პირობა. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში.

8.4. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.

8.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, რომ სასამართლომ იგი მიიღო საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, ვინაიდან განჩინება ეფუძნება მხოლოდ იმ ერთ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი. გადაწყვეტილების იმავე ნაწილში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ „მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი“, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს, ვინაიდან მხარის არგუმენტაცია დამყარებული იყო ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, რაც სრულიად კანონიერად და სამართლიანად არ გაითვალისწინა სასამართლომ, თუმცა, მაინც დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მიმწოდებლის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

12. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

13. განსახილველ სადავო საკითხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონშესაბამისობა წარმოადგენს.

14. კასატორი მიიჩნევს, რომ მიმწოდებელმა ბრალეულად დაარღვია საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რის გამოც, მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობით და პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა გაითვალისწინა საბოლოო ანგარიშსწორებისას. შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკავებული პირგასამტეხლოსგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება და სახელშეკრულებო ფასის გადახდის დაკისრება სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

17. სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ შემსყიდველმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, რაკი მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, რითაც შესრულების ვადა ბრალეულად დაარღვია, ამ უკანასკნელს დაერიცხა პირგასამტეხლო, თანაც არა ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ, შემსყიდელმა, საკუთარი ნებით, შეამცირა პირგასამტეხლო და მისი ოდენობა დაიანგარიშა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან (იხ., შესაგებელი, ს.ფ. 46). პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა კი, მიმწოდებლისათვის გადასახდელ საზღაურში გაქვითა. აქედან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 417-418-ე და 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა (სსკ-ის 361.2 მუხ.).

19. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილ ქონებრივ ზემოქმედებაში, კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე (სსკ-ის 394-ე მუხ).

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

21. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შემსყიდველს საქონელი ვერ მიაწოდა, კერძოდ, 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით მისაწოდებელი 205 416 ლარის ღირებულების ზამთრის სპეციალური ტანსაცმელი მიმწოდებელმა შემსყიდველს 2022 წლის 30 სექტემბერს მიაწოდა, ხოლო 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მისაწოდებელი 342 096 ლარის ღირებულების ზამთრის სპეციალური ტანსაცმელი კი - 2022 წლის 18 ოქტომბერს.

22. მიმწოდებელმა (მოსარჩელე) საქონლის დაგვიანებით მიწოდების ფაქტი დაადასტურა, მას პრეტენზია არც ვადაგადაცილების დღეებთან დაკავშირებით გამოუთქვამს.

23. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის შემსყიდველმა მიმწოდებელს, 144 754.92 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დააკისრა, რომელიც დაანგარიშდა არა ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (61+48 დღეზე) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან დაუკავდა 0.5%.

24. შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 144,754.92 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირდა 14,475.49 ლარამდე, რაც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზიას გამოთქვამს კასატორი, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობის ამგვარი შემცირებით პირგასამტეხლომ, კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, დაკარგა.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

27. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება რამდენიმე გარემოებას ექცევა, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

28. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია კი, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (სუსგ-ები Nას-1185-2023, 30.11.2023წ.; Nას-1210-2023, 18.01.2024წ., Nას-303-2024, 22.07.2024წ.).

30. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

31. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. ასეთ მიდგომას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის განმარტება ამ კანონის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას. კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა.

33. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც, უკვე შემდგომ, მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას. მაშასადამე, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს.

34. სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ: სუსგ Nას-390-2023, 18 მაისი, 2023წ., პ.66).

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსთვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, იმ იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს; ამასთან, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გადაწყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

37. ამასთან, სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს როგორც სარჩელსა და შესაგებელში, ასევე, პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების დამთავრებამდე.

38. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის შემსყიდველმა მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (61+48 დღეზე) პირგასამტეხლო დაუანგარიშა მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა და ნაცვლად 144,754.92 ლარისა განსაზღვრა 14,754.49 ლარით.

39. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოპასუხეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამიტომაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნები დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კასატორის (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

40. საკასაციო პალატა საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს დაკავებული პირგასამტეხლოს - 144,754.92 ლარის ნახევარს - 72,377.46 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.

41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

42. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 72,377.46 (144,754.92 - 72,377.46) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

43. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 2,895 ლარი.

44. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხა - 6,527.40 ლარი, უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხის (აპელანტი/კასატორი) სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „ე-პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ე და კ–იის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სს „ე-პ.ჯ–იას“ შპს „ე და კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 72,377.46 ლარის გადახდა;

5. სს „ე-პ.ჯ–იას“ შპს „ე და კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2,171.32 ლარის ანაზღაურება და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2,895 ლარის ანაზღაურება;

6. შპს „ე და კ–იას“ სს „ე-პ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 6,527.40 ლარის ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე