საქმე №ას-1540-2024 30 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ჰ.ფ.ჰ., მ.ჰ.ა.ქ. (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ყ–ი (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) – ვ.შ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით ე.ყ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰ.ფ.ჰ–ის და მ.ჰ.ა.ქ–ის (შემდგომში - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქალაქ თბილისში, .........., მე-6 სართულზე მდებარე ბინა №19ა (საკადასტრო კოდით №.......) და საცხოვრებელი ბინა თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს – მოსარჩელეებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეთა სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებებით, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 03 ივლისის განჩინებით, რომლითაც საკასაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა კასატორის პრეტენზია და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი (მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა კუთვნილი სადავო უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის გარემოება) სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული; აუცილებელი იყო იმ გარემოების დადგენა, იდენტურია თუ არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა ბინისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №2 სახელოსნოს ფართები.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ 2022 წლის 05 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები:
5.1. იდენტურია თუ არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა (საკადასტრო კოდი №........) ბინისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №2 სახელოსნოს ფართები (საკადასტრო კოდი №.........);
5.2. რა ნახაზები უდევს საფუძვლად №19ა ბინისა (საკადასტრო კოდი №.......) და №2 სახელოსნოს (საკადასტრო კოდი №..........) ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როდის არის შედგენილი თითოეული მათგანი, შეესაბამება თუ არა ნახაზები ერთმანეთს ან ხომ არ არის რომელიმე ერთი ნახაზი გამოყენებული რომელიმე ორი ქონების აზომვისას;
5.3. სად მდებარეობს კონკრეტულად ბინა №19ა (საკადასტრო კოდი №...........) და სახელოსნო №2 (საკადასტრო კოდი №.......) და ემთხვევა თუ არა მათი ფაქტობრივი არსებობა ერთმანეთს (მოხდეს სადარბაზოებისა და კონკრეტული მდებარეობის მითითება);
5.4. ფაქტობრივად რომელ საკადასტრო კოდზე არსებულ ფართს ფლობს მოპასუხე.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2023 წლის 23 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნა, შემსრულებელი ექსპერტი: ლ.კ–ის (კ.ზ–ვის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 10 წლის სტაჟით). აღნიშნულ საექსპერტო დასკვნაში დასკვნის ველში მითითებულია შემდეგი:
6.1. „ქ. თბილისში, .......... მდებარე N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ., საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ I ბინას, რომელიც შედგება №3, №4, №5, №6, №7, №9 და №10 ოთახებისაგან (იხ. დანართ №1-ზე წითელი ფერით მონიშნული ბინა), „საქქალაქმშენპრექტი“-ს მიერ შესრულებული ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 2-5 და გ-თ ღერძებში მდებარე I ბინას (იხ. დანართ №2-ზე წითელი ფერით მონიშნული ბინა) და 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ VI სართულზე არსებულ ბინა №19ა-ს, ხოლო ქ.თბილისში, ........... მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ II სახელოსნოს, რომელიც შედგება №14, №15 და №16 ოთახებისაგან (იხ. დანართ №1-ზე ყვითელი ფერით მონიშნული სახელოსნო) და „ს“-ს მიერ შესრულებული ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 5-8 და ა-ე ღერძებში მდებარე II სახელოსნოს (იხ. დანართ №2-ზე ყვითელი ფერით მონიშნული სახელოსნო) და 2016 წლის 11 მარტს ინდ. საწარმო „გ“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე არსებულ სახელოსნო №2-ს და ანტრესოლს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები არ არის იდენტური;
6.2. ექსპერტიზის წინაშე დასმულ მეორე კითხვაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ხსენებული საკითხი სცილდება ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციის სფეროს;
6.3. ქ. თბილისში, ......... მდებარე №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ., საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ 1 ბინას, რომელიც შედგება №3, №4, №5, №6, №7, №9 და №10 ოთახებისაგან (იხ. დანართ №1–ზე წითელი ფერით მონიშნული ბინა), „ს“-ს მიერ შესრულებული ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 2-5 და გ-თ ღერძებში მდებარე I ბინას (იხ. დანართ №2-ზე წითელი ფერით მონიშნული ბინა) და 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ VI სართულზე არსებულ ბინა №19ა-ს, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს პირველ სადარბაზოში, ხოლო ქ. თბილისში, ....... მდებარე №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ II სახელოსნოს, რომელიც შედგება №14, №15 და №16 ოთახებისაგან (იხ. დანართ №1-ზე ყვითელი ფერით მონიშნული სახელოსნო) და „ს“-ს მიერ შესრულებული ............. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 5-8 და ა-ე ღერძებში მდებარე II სახელოსნოს (იხ. დანართ №2-ზე ყვითელი ფერით მონიშნული სახელოსნო) და 2016 წლის 11 მარტს ინდ. საწარმო „გ“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე არსებულ სახელოსნო №2-ს და ანტრესოლს, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს მეორე სადარბაზოში;
6.4. ქ. თბილისში, .......... N4ა-ში მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. ფაქტობრივი მდგომარეობით ე.ყ–ის ფაქტობრივ მფლობელობაშია“.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პალატამ 2023 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ის ნამდვილად ფლობს იმ ფართს, რა ფართზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, თუმცა, მისი მოსაზრებით, დადგინდა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრების უფლება სწორედ მის მფლობელობაში არსებულ ფართზე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს ნამდვილად ეკუთვნით სხვა ფართი, ნომერი 19ა, რომელშიც ვერ შევიდა ექსპერტი და იქ ცხოვრობენ სხვა სუბიექტები და არა მოპასუხე. მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი ფაქტობრივად ფლობს იმ ფართს, რომელიც საჯარო რეესტრშიც მისსავე სახელზეა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და არანაირ გადაფარვას არ აქვს ადგილი მის კუთვნილ ფართსა და მოსარჩელეთა კუთვნილ სხვა ფართს შორის.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. საქმეში განთავსებული „რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №173533 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებები; განახლდა ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების მოქმედება. აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტების თანახმად, 2012 წლის 3 აგვისტოს ჰ.ფ.ჰ–მა (ერთ-ერთმა მოსარჩელემ) №882012427735 განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ........) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. №882012427735 განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივი გეგმა სარეგისტრაციო ფართის მითითებით. 2012 წლის 07 აგვისტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №882012427735-07 (07.08.2012) გადაწყვეტილება და უძრავი ნივთის მონაცემები დაზუსტდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ....... №4-ა, მე-4 სართული, ბინა №19ა, ფართობი: 84.85 კვ.მ.; რეგისტრაციის შესახებ №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებით, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და №882012427735 განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მე-4 სართულის ნაცვლად, მიეთითა მე-6 სართული (იხ. ტ. 3, ს.ფ. 177-187);
8.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 3.2.17. პუნქტის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის შესახებ №882012427735-07 (07.08.2012) გადაწყვეტილების მიღების დროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდა დაედგინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ ინფორმაციასთან, კერძოდ, 1) №882012427735 სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული, ქ. თბილისში, ............. №4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართები, სააღრიცხვო მასალაში დაცული ფორმა №5-6-ის მიხედვით, წარმოადგენდა სახელოსნოს; 2) სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი (ოთახების ტექნიკური მახასიათებლები) არ შეესაბამებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ბინის აღწერილობას (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი - 39 კვ.მ, საერთო ფართი - 64 კვ.მ.); 3) ქ. თბილისში, .......... №4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე 87.12 კვ.მ. უძრავ ნივთზე (სახელოსნოზე) დგინდებოდა სახელმწიფოს უფლება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 05 იანვრის №05/11 მომართვა, საკადასტრო კოდი: ........); 4) დგინდებოდა მ.ჯ–ის მიერ 2008 წელს №882008060279 განცხადებას თანდართულ №19ა ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული და №882012427735 სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში ჰ.ფ.ჰ–ის მიერ (ერთ-ერთი მოსარჩელის) წარდგენილ იმავე ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების მონაცემების აშკარა შეუსაბამობა. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ზემოაღნიშნული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე. ამასთან, რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების კანონიერებების შემოწმებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში დადგინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ №882012427735 განცხადებას დართული შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშვნა არ შეესაბამება №19ა ბინის ადგილმდებარეობას, მონიშნული ფართი წარმოადგენს 2012 წლისთვის სახელმწიფოს და დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ №2 სახელოსნოს (საკადასტრო კოდი .........) (იხ. ტ. 3, ს.ფ. 177-187);
8.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 3.2.21. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეებმა უძრავი ქონება შეიძინეს დაუზუსტებელი მონაცემებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო №4ა-ში მდებარე №19ა ბინის მდებარეობის მაიდენტიფიცირებელი რაიმე სახის მონაცემი, რომლის მიმართაც მათ უძრავი ნივთის შეძენის მომენტში შესაძლოა ჰქონოდათ კანონიერი ნდობა. ამავე გადაწყვეტილების 3.2.23 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლისას ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილმა პირმა იმსჯელა აღნიშნული აღმჭურველი აქტების მიმართ მესაკუთრეთა კანონიერი ნდობის არსებობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა №19ა ბინა შეიძინეს დაუზუსტებელი მონაცემებით და №19ა ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების შემდეგ, ჰ.ფ.ჰ–ის მიერ (ერთ-ერთი მოსარჩელის) წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად განხორციელდა №19ა ბინის მონაცემების დაზუსტება. ამასთან, №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით ქ.თბილისში, ........ №4ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება №19ა ბინაზე რეგისტრირებული იქნება დაუზუსტებელი მონაცემებით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 177-187);
8.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 2018 წლის 08 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №173533 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული №19ა ბინის ფართად განისაზღვრა 64.00 კვ.მ. (ს/კ: .........); აღნიშნულ ამონაწერში №19ა ბინის მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემი, გარდა მისამართისა - ქალაქი თბილისი, ......... №4ა, არ არის ასახული (იხ. ტ. 3. ს.ფ. 238-239);
8.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება ქალაქი თბილისი, .......... მდებარე, ფართით 64.00 კვ.მ. (ს/კ: .........) №19ა ბინაზე, თუმცა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მითითებულ ფართს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე;
8.6. ქ. თბილისში, ........ N4ა-ში მდებარე N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. ფაქტობრივი მდგომარეობით მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია (მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნა);
8.7. ქ. თბილისში, ........ №4ა-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ. და ქ. თბილისში, .......... №4ა-ში მდებარე ........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. არ არის იდენტური უძრავი ქონებები და მათ შორის რაიმე გადაფარვას ადგილი არ აქვს, კერძოდ, ქ.თბილისში, ......... №4ა-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ., წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ 1 ბინას, რომელიც შედგება №3, №4, №5, №6, №7, №9 და №10 ოთახებისაგან, „ს“-ს მიერ შესრულებული ............. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 2-5 და გ-თ ღერძებში მდებარე I ბინას და 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ VI სართულზე არსებულ ბინა №19ა-ს, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს პირველ სადარბაზოში, ხოლო ქ.თბილისში, .......... №4-ში მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ II სახელოსნოს, რომელიც შედგება №14, №15 და №16 ოთახებისაგან და „ს“-ს მიერ შესრულებული ............. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტის +17,70 ნიშნულზე არსებული სართულის გეგმაზე 5-8 და ა-ე ღერძებში მდებარე II სახელოსნოს და 2016 წლის 11 მარტს ინდ. საწარმო „გ“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვითი ნახაზზე არსებულ სახელოსნო №2-ს და ანტრესოლს, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს მეორე სადარბაზოში (მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნა).
9. სააპელაციო პალატამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნა სრულად გაიზიარა, მიიჩნია რა, რომ იგი მომზადებულია კვალიფიციურად, მასში დეტალურად არის აღწერილი კვლევისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მასალები, სრულყოფილად და დამაჯერებლად სცემს პასუხს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტიზის განმახორციელებელი ექსპერტის კვალიფიკაციის მიმართ პალატას რაიმე შეკითხვა არ ჰქონდა, ვერც მხარეებმა მიუთითეს რაიმე ისეთ არგუმენტზე, რაც ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ექსპერტიზის დასკვნა მხედველობაში მიიღო საქმეში წარდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებისა და მოსაზრებების შეჯერების შედეგად იგი სარწმუნოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნით გაეცა პასუხი იმ საკვანძო შეკითხვას, რითაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე სააპელაციო ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დააბრუნა. კერძოდ, სააპელაციო პალატაში სრულყოფილად და ამომწურავად იქნა გამოკვლეული საკითხი, იდენტურია თუ არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა ბინისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №2 სახელოსნოს ფართები.
10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე ბინაზე №19ა (საკადასტრო კოდი №..........), რომლის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც მოთხოვნილია სარჩელით, თუმცა, არ დგინდება, რომ მოპასუხე სწორედ მათ კუთვნილ ფართს ფლობს ფაქტობრივად, ამის საპირისპიროდ დადგენილია, რომ მოპასუხეს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სხვა ფართი, კერძოდ, სახელოსნო №2, რომელიც წინამდებარე საქმეში სადავო ფართს არ წარმოადგენს. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ., და ქ. თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ. არ არის იდენტური უძრავი ქონებები და მათ შორის რაიმე გადაფარვას ადგილი არ აქვს, კერძოდ, VI სართულზე არსებული ბინა №19ა ფაქტობრივად მდებარეობს პირველ სადარბაზოში, ასევე VI სართულზე არსებული სახელოსნო №2 და ანტრესოლი ფაქტობრივად მდებარეობს მეორე სადარბაზოში. შესაბამისად, ვინაიდან დასახელებული ფართების იდენტურობა არ დგინდებოდა, სააპელაციო პალატამ აღარ იმსჯელა საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საკითხზე მხარეთა საკუთრების უფლების წარმოშობის ქრონოლოგიასთან დაკავშირებით (საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა ბინისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №2 სახელოსნოს ფართების იდენტურობის დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო პალატას ასევე უნდა განესაზღვრა, რომელ მათგანს უფრო ადრე წარმოეშვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება და აღნიშნულის შემდეგ გადაეწყვიტა სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხი).
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, არ დგინდებოდა რა, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ სადავო ფართს.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება არასრულ საექსპერტო კვლევას, რამაც მცდარი დასკვნის მომზადება განაპირობა;
13.2. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ............. №4ა, ბინა №19ა (ს/კ ..........), რომელიც შეძენილია 2012 წლის 17 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „პ.ფ“-საგან (იხ. ტ.1. ს.ფ. 21-22). მოსარჩელეებმა ბინა შეიძინეს თბილისი, ............. №4ა-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მე-2 სადარბაზოს, მე-6 სართულზე, რომლის მარცხენა მხარეს არის ბინა №19 და მარჯვენა მხარეს - ბინა №20, ხოლო მე-7 (სხვენ) სართულზე გრძელდება ნუმერაცია: ბინა №21, ბინა №22 და ბინა №23. იმავე ადგილმდებარეობაზე (ბინა №19 და ბინა №20-ის შუაში არსებული ფართი) პრეტენზია განაცხადა მოპასუხემ და შეიჭრა მასში 2015 წელს, რომლის უძრავი ქონება რეგისტრირებულია შემდეგი მონაცემებით: ქ. თბილისი, ............. №4ა, სახელოსნო №2 (ს/კ .........);
13.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელსაც ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, სად მდებარეობს (სადარბაზო, სართული) ქ. თბილისი, ............. №4ა-ში არსებულ სახლში ბინა №19ა და სახელოსნო №2. სააგენტოს 15.07.2024 წლის №153562 პასუხში აღნიშნულია, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ......... და ....... საკადასტრო კოდებით აღრიცხული საიდენტიფიკაციო მონაცემები: „ქალაქი თბილისის, ........... N4ა, ბინა 19ა“ და „ქალაქი თბილისი, ........... N4ა, სახელოსნო №2“ სააგენტოს განსაზღვრული არ არის. სამისამართო რეესტრზე დაყრდნობით მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია მათი ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე“. უფრო ადრე, 10.06.2015 წელს სააგენტოს გაცემული აქვს №142904 წერილი, სადაც ბინა №19ა-ს ადგილმდებარეობად მითითებულია მე-6 სართული (იხ. ტ.1. ს.ფ. 25);
13.4. ქ. თბილისი, ............. №4ა, ბინა №19ა-ს პირველადი რეგისტრაცია მოხდა 1999 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით №1-752 (ნოტარიუსი: გ–ნი), ბინა №19ა საერთო ფართით 64 კვ.მ. (ოროთახიანი), საცხოვრებელი ფართით - 39 კვ.მ. საკუთრებაში გადაეცათ მ.ს. ასულ ჯ–ს და დ.ა. ასულ ი–ს. იმავე საფუძვლებით და იმავე პირებზე საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია მოხდა 2003 წლის 30 ივლისს (იხ. ტ.1. ს.ფ. 212-213, 214). შემდგომში, იგივე ბინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 28 თებერვლის №01/32-22 განკარგულების საფუძველზე შეიძინა ა.ბ–მა და დარეგისტრირდა მის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882008052075-03 (04.03.2008) გადაწყვეტილებით (საკადასტრო კოდი: ...........), ხოლო შემდგომ იგი შეიძინა შპს „პ.ფ–მ“ და გაასხვისა მოსარჩელეებზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 208). შემდეგ მ.ჯ–ი მიმართავდა გარკვეულ მანიპულაციებს და ცდილობდა იმავე მრავალბინიანი სახლის 1-ელ სადარბაზოში სხვენის თუ გარკვეული ფართობის რეგისტრაციას და წარადგენდა სხვადასხვა აზომვით ნახაზებს, რამაც ხელი შეუშალა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტი ეყრდნობა აღნიშნულ აზომვით ნახაზს, რომელსაც კავშირი არ აქვს ბინა №19ა-სთან;
13.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნულმა ექსპერტმა თავისი 08.02.2023 წლის დასკვნით, სახელოსნო №2-ის ადგილმდებარეობად განსაზღვრა მე-2 სადარბაზო მე-6 სართული №19 და №20 ბინებს შორის ფართი, ხოლო მოსარჩელეთა კუთვნილ ბინა №19ა-ზე მიუთითა 1-ელი სადარბაზოს მე-6 სართული, რაც მცდარია და არ გამომდინარეობს ბინის პრივატიზაციის დოკუმენტებიდან. ამის გამო მოსარჩელე მხარემ მოითხოვა განმეორებითი ექსპერტიზა, რაც არ დაკმაყოფილდა. ექსპერტიზის დროს მოხდა მხოლოდ მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე №19 და №20 ბინებს შორის ფართის დათვალიერება (კვლევა), ხოლო 1-ელი სადარბაზოს მე-6 სართულზე არსებული ფართების დათვალიერება (კვლევა) არ მომხდარა. ექსპერტი ამას იმით ხსნით, რომ კარი არ გაუღეს. ეს უკვე ადასტურებს, რომ კვლევა არ არის სრულყოფილი, რამაც გამოიწვია მცდარი დასკვნის მომზადება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საარქივო მასალები და ახალი მტკიცებულება. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 16 ნოემბერს იშუამდგომლა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომლითაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალებოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება კომისიური წესით შსს ორგანოებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. ექსპერტიზის ჩატარებისას პოლიციისა და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ჩართვის მოთხოვნა განპირობებულია საკვლევი ობიექტების დათვალიერების დროს წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოფხვრით. კერძოდ, უკვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროს დათვალიერდა მხოლოდ ერთი უძრავი ქონება - მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულის ფართი, რომელიც მოქცეულია №19 და №20 ბინების შუაში. სხვა ფართის დათვალიერება ვერ მოხერხდა, რადგანაც იქ მაცხოვრებელმა პირებმა ექსპერტი დათვალიერებაზე არ დაუშვეს;
13.6. არ არის შეფასებული საქმეში არსებული 1999 წლის 18 თებერვლის უზუფრუქტის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დგინდება, რომ საქართველოს არქიტექტორთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ჰქონდა ქ. თბილისში, ........... №4ა-ში სხვენ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - №2 სახელოსნო (იხ. ტ.1 ს.ფ. 243-251). ეს სახელოსნო გადაეცა შემდგომში მოპასუხეს, რომელმაც, თავის მხრივ, სახელოსნოს ¾ ნაწილი ჩუქებით საკუთრებაში გადასცა თავის შვილს - ვ.შ–ძეს (შემდგომში - „მესამე პირი“) და იგი დღეს აცხადებს, რომ მისი საკუთრება მე-6 სართულზეა. სინამდვილეში კი, მე-6 სართულზე საცხოვრებელი ბინებია, მათ შორის, ბინა №19ა, რომელიც მდებარეობს მე-2 სადარბაზოში მე-6 სართულზე №19 და №20 ბინების შუაში, ხოლო მომდევნო სართული არის მე-7 (სხვენ) სართული. როგორც წესი, სხვენ-სართული ეწოდებოდა ბოლო სართულს. მრავალბინიანი სახლი 7-სართულიანია, ხოლო ექსპერტის მიერ დათვალიერებული უძრავი ქონება მდებარეობს მე-6 სართულზე №19 და №20 ბინების შუაში. დასკვნაში არ არის იმის დასაბუთება, თუ როგორ შეიძლება №19 და №20 ბინების შუაში იყოს ან/და აღმოჩენილიყო არასაცხოვრებელი ფართი - სახელოსნო N2;
13.7. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 62-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტების ნუმერაცია წარმოებს მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის მისასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარე განაპირა სადარბაზოდან/შესასვლელიდან (კიბიდან) მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ. ბინებისა და სხვა ფართობების ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი“. ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტებია: „მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის სადარბაზო, ბინა და სხვა ფართობი“. ქ. თბილისში, ........... №4ა-ში არსებული შენობა წარმოადგენს 2 სადარბაზოსაგან შემდგარ მრავალბინიან შენობა-ნაგებობას. ამ შენობაში ექსპერტის მიერ დათვალიერებული უძრავი ქონება მდებარეობს მე-2 სადარბაზოში მე-6 სართულზე არსებული №19 და №20 ბინების შუაში. ჩვენი ინფორმაციით და შეფასებით, სწორედ ეს არის ბინა №19ა, მე-7 (სხვენ) სართულზეა №21, №22 და №23 ბინები. ნუმერაცია არის უწყვეტი, თანმიმდევრული, სადარბაზოდან/შესასვლელიდან მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ, როგორც ამას ინსტრუქცია განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე არსებული №19 და №20 ბინების შუაში ფიზიკურად ვერ იქნება სახელოსნო №2;
13.8. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულება - სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმი. 2007 წელს ერთ-ერთ სხვა საქმეზე დაინტერესებული პირის სტატუსით ჩართული მოპასუხე სადავოდ ხდიდა, რომ მისთვის გადაცემული ფართობი მდებარეობდა მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე. კერძოდ, 2007 წლის თებერვალში სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმში იგი განმარტავს, რომ მე-6 სართულის ზევით არსებობს კიდევ სხვენ-სართული. დათვალიერება შეეხო ქ. თბილისი, ............. №4ა, მე-6 სართულზე №19 და №20 ბინებს შუა სადავო ფართს და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მხარეები იყვნენ ა.მ–ი, მისი წარმომადგენელი რ.ხ–ია და დაინტერესებული პირი - წინამდებარე საქმეში მოპასუხე (იხ. ტ.1. ს.ფ. 114). ამჟამად კი, პირიქით, მოპასუხე ამტკიცებს, რომ სახელოსნო №2 მდებარეობს მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე №19 და №20 ბინებს შუა, ხოლო მოსარჩელეების მიერ შეძენილი ბინა 1-ელ სადარბაზოშია. მისივე განცხადებით, გაყოფის შედეგად ბინა მოექცა 1-ელ სადარბაზოში, რაც არ დასტურდება. უზუფრუქტის ხელშეკრულებით საპირისპირო დგინდება, რომ სახელოსნო №2 მდებარეობს სხვენ-სართულზე (იხ. ტ.1 ს.ფ. 243-251);
13.9. ახალი მტკიცებულებით დგინდება, რომ ამჟამად მოსარჩელეების კუთვნილი ბინა №19ა თავდაპირველ მესაკუთრეს გამოეყო შემდეგი ადგილმდებარეობით: ........... №4, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა N19ა (იხ. დანართი 3). კერძოდ, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 29.01.1997 წლის №17 გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი: „ს. ჯ–ს 6 სულზე /თვითონ, მეუღლე, ოთხი შვილი/ გაფორმებული აქვს 86 კვ.მ ფართის 4 ოთახიანი ბინა ........... №4-ში დაზარალებულთათვის ასაშენებელ სახლში /განკარგულება N 4-08/60, 05.02.96 წ./.დღეისათვის სახლის პროექტის კორექტირების შედეგად მე-6 სართულზე აღნიშნული 4 ოთახიანი ბინის ნაცვლად მიღებულია ორი ოროთახიანი ბინა /39.64 კვმ და 51.5 კვმ/, რომელთაგან ერთი ოროთახიანი ბინა გაუფორმდა დაზარალებულ ოჯახს. მოქალაქე ს. ჯ–ნი მოითხოვს მეორე ოროთახიანი ბინის გაფორმებას ორ სულზე /დედა, შვილი - მარინე/. საკითხი განხილულ იქნა დაზარალებულ მოქალაქეთა საბინაო საკითხთა კომისიაზე /ოქმი N7, 22.01.97 წ./ და შემოდის დადებითი წინადადებით. გამგეობამ გადაწყვიტა: მიღებულ იქნას დაზრალებულ მოქალაქეთა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და მოქალაქე ს. ჯ–ის შვილს - მარინა ჯ–ს გაუფორმდეს ორ სულზე /თვითონ, ბებია/ 39 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინა ........... №4, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №19ა, რაზედაც გაიწეროს სათანადო ორდერი, ხოლო მოქალაქე ს. ჯ–ის 5 სულიანი ოჯახი /თვითონ, მეუღლე და სამი შვილი/ გათვალისწინებულ იქნას ოროთახიან ბინაში ....... ქუჩა №5-ში მეორე რიგის ასაშენებელ კორპუსში“. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან იმ ბინის მესაკუთრეები, რომლის თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ მ.ჯ–ი და დ. ი–ი, შემდეგ ა.ბ–ი, შემდეგ კი შპს „პ.ფ“ და ბოლოს მოსარჩელეები;
13.10. ბინის ორდერის №016850 მიხედვით, ქ. თბილისში მოქალაქე ჯ–ი მ. ს. ასულს, ოჯახით 2 სული, მიეცა საცხოვრებელი სადგომი ............. №4, მე-2 სადარბაზო, ბინა N19ა მე-6 სართულზე, მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 39 კვ. მეტრი. ასეთ ვითარებაში, მოპასუხე ცდილობს, რომ გარკვეული მანიპულაციებით, ნახაზებითა და ა.შ. შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და ბინა №19ა-ს ადგილმდებარეობად მიუთითოს 1-ელი სადარბაზო, რაზეც არაფერი მიუთითებს და ექსპერტმაც მისი დათვალიერების გარეშე მოამზადა მცდარი დასკვნა;
13.11. მოპასუხის კუთვნილი სახელოსნო №2 რეგისტრაციის დროს, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.05.2011 წლის ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტული ადგილმდებარეობა: სადარბაზო, სართული და ა.შ. (იხ. ტ.1. ს.ფ.111). საქმეში არსებული არცერთი ოფიციალური საბუთით არ დგინდება, რომ იგი მე-6 სართულზე და თანაც მე-2 სადარბაზოშია. იმავე 1999 წლის 18 თებერვლის უზუფრუქტის ხელშეკრულებით დგინდება, რომ საქართველოს არქიტექტორთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ჰქონდა ქ. თბილისში, ........... №4ა-ში სხვენ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - №2 სახელოსნო (იხ. ტ.1. ს.ფ. 243-251);
13.12. მოპასუხეს არ აქვს სადავო ბინის ფლობის უფლება. მის საკუთრებაში არსებული სახელოსნო №2 არის სხვა უძრავი ქონება, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არ იდენტიფიცირდება. ის ფაქტი, რომ მოპასუხე ჯერ შეიჭრა ბინა №19ა-ში, მერე ააზომინა იგი, როგორც სახელოსნო №2, არ წარმოადგენს სახელოსნო №2-ის ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის სათანადო მტკიცებულებას, რასაც დაეყრდნო ექსპერტი და გასცა მცდარი დასკვნა. ცალკე აღებული აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს იდენტიფიკაციისათვის სათანადო მტკიცებულებას, რადგანაც იგი მზადდება დამკვეთის მოთხოვნით და მის მიერ მითითებული მონაცემებით. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც უდავოდ მოწმობს ბინა №19ა-ს პრივატიზაციის მასალები - თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 29.01.1997 წლის №17 გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ დაკონკრეტებულია სადარბაზო და სართული (მე-2 სადარბაზოს მე-6 სართული);
13.13. ექსპერტიზის 08.02.2023 წლის №000892723 დასკვნა შესაბამისობაში არ მოდის ბინა №19ა-ს პრივატიზაციის მასალებთან, რომლებიც უტყუარად მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მიუთითებენ. ასეთ ვითარებაში, ექსპერტიზის დასკვნა საპირისპიროს - 1-ელი სადარბაზოს მე-6 სართულზე მიუთითებს და ექსპერტს 1-ელი სადარბაზოს ფართი არ გამოუკვლევია ადგილზე. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის უტყუარ მტკიცებულებად მიღება დაუშვებელია, თანაც, მისი კვლევითი ნაწილი არ ემყარება რაიმე უტყუარ მტკიცებულებებს და მთლიანად სხვადასხვა აზომვითი ნახაზების ურთიერთშედარებით არის გაკეთებული. ეს იმ ვითარებაში, როცა მოპასუხე შეიჭრა ბინა №19ა-ში და მისი აზომვითი ნახაზი მოამზადებინა, როგორც სახელოსნო №2-ის აზომვითი ნახაზი. ცხადია, ეს უკვე დაემთხვეოდა მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულს;
13.14. საჯარო რეესტრში სახელოსნო №2-ის პირველადი რეგისტრაცია მოხდა 1999 წლის 18 თებერვლის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში და სარეგისტრაციო მასალებში სახელოსნო №2-ის ადგილმდებარეობა განსაზღვრული არ არის, თუმცა, იყო სხვენ-სართულზე არასაცხოვრებელი ფართი (იხ. ტ.1 ს.ფ.243-251). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.01.2011 წლის N05/111 წერილშიც სახელოსნოს სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციაზე, არ არის მითითებული ადგილმდებარეობა (იხ. ტ.1. ს.ფ.98). 2014 წლის 17 ივლისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს საკუთრებაში აქვს გადაცემული ქ. თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე სახელოსნო №2. აქაც, ადგილმდებარეობა მითითებული არ არის (იხ. ტ.1, ს.ფ.252-256).
14. კასატორებმა საკასაციო საჩივარში იშუამდგომლეს საქმეზე მტკიცებულების სახით თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის №17 გადაწყვეტილების (ოქმი №1 §17, თარიღი: 29 იანვარი 1997 წელი, „მთაწმინდის რაიონის პროკურატურის თანამშრომლის მოქალაქე ს. დ. ძე ჯ–ის საბინაო საკითხის შესახებ“) დართვა შემდეგი საფუძვლით: 2024 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც განიხილებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეები, ხოლო მესამე პირად ჩართული იყო წინამდებარე საქმეში მოპასუხე, ამ უკანასკნელმა იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვა და წარმოადგინა არქივიდან გაცემული დოკუმენტი. ვიდრე მხარეები გამოხატავდნენ პოზიციებს საქმისათვის მტკიცებულების დართვაზე, მოპასუხემ უარი თქვა შუამდგომლობაზე და უკან გაიწვია მის მიერ წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტი (იხ. დანართი 1: 19.09.2024 წლის სასამართლო სხდომის ოქმი). ეს იყო თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის №17 გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, მოსარჩელე მხარემ არქივიდან გამოითხოვა მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელე მხარეს გადაეცა 2024 წლის 25 სექტემბრის საარქივო ცნობით (იხ. დანართი 2). 2024 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დასრულებული იყო განხილვა და უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება (30.11.2023). აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მისი წარდგენა;
15. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მოითხოვეს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ასევე წარმოადგინეს შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლითაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალება განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება კომისიური წესით შსს ორგანოებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ........... №4ა-ში ბინა №19ა-ს ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად; სასამართლო განჩინების შესრულება უნდა დაევალოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კომისიური წესით ექსპერტიზას ატარებს 3 ექსპერტის შემადგენლობით. კასატორების განმარტებით, მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ჩატარება სწორედ კომისიური წესით, რადგანაც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ შედგენილ აზომვით ნახაზებს და მის შედარებას სახლის პროექტთან, ამ ნახაზების ნაწილი მომზადებულია მოპასუხის მიერ, ნაწილი ვინმე ჯ–ის თუ ი–ის მიერ, რომელიც რაღაც მანიპულაციებით იყო დაკავებული და ეს დოკუმენტები არ წარმოადგენს ობიექტურ და უტყუარ ინფორმაციას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
20. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ თბილისში, ........... №4ა-ში, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართულზე მდებარე ბინა №19ა-ს (საკადასტრო კოდი №.......), გამოთხოვა და მოსარჩელეთათვის აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
21. სსკ-ის 172.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა კუთვნილი სადავო უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის გარემოების სათანადოდ გამოსაკვლევად, რა მიზნითაც სააპელაციო სასამართლოს მიეცა მითითება, რომ დაედგინა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა ბინისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №2 სახელოსნოს ფართების იდენტურობის საკითხი.
23. ზემოაღნიშნული საკითხის დასადგენად სააპელაციო პალატამ დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაავალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები არ არის იდენტური (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1. ქვეპუნქტი), ამასთან, ბინა №19ა (№.........) ფაქტობრივად მდებარეობს პირველ სადარბაზოში, ხოლო №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2 ფაქტობრივად მდებარეობს მეორე სადარბაზოში (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3. ქვეპუნქტი). ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2 (იხ. წინამდებარე განჩინების 6.4. ქვეპუნქტი).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
25. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
26. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე №19ა ბინაზე (საკადასტრო კოდი №........), თუმცა, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ აღნიშნულ ფართს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა.
27. საკასაციო საჩივარში კასატორები სადავოდ ხდიან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.
28. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება [სსსკ-ის 162.1 მუხლი]. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში [სსსკ-ის 172-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 102.2 მუხლით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
30. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მტკიცებულების სისწორეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1377-2014, 24 ივნისი, 2015 წელი).
31. საკასაციო პალატა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იგი მომზადებულია კვალიფიციურად, ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად, დეტალურად და დამაჯერებლად არის გაცემული პასუხები სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებზე. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, ექსპერტის მიერ მოხდა საქმის შესწავლა, ასევე მხარეების თანდასწრებით მან ადგილზე მოახდინა საკვლელი ობიექტის დათვალიერება და შესწავლა, ექსპერტმა კვლევა აწარმოა წარმოდგენილი მასალებისა და ადგილზე საკვლევი ობიექტის შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით (იხ. ტ. 4. ს.ფ. 77), ხოლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს კვალიფიციური შედავება და ვერ მიუთითეს ისეთ წონად არგუმენტებზე, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა აღნიშნული დასკვნის სანდოობასა და სისწორეს.
32. კასატორები არ ეთანხმებიან ექსპერტის მიერ №19ა ბინის ადგილმდებარეობად 1-ელი სადარბაზოს განსაზღვრას და აპელირებენ იმაზე, რომ ექსპერტიზის დროს მოხდა მხოლოდ მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე №19 და №20 ბინებს შორის ფართის დათვალიერება (კვლევა), ხოლო 1-ელი სადარბაზოს მე-6 სართულზე არსებული ფართების დათვალიერება (კვლევა) არ მომხდარა.
33. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბინა №19ა მდებარეობს პირველ სადარბაზოში. კვლევით ნაწილში ექსპერტი შენიშნავს, რომ ექსპერტიზის ადგილზე ჩატარების პერიოდში მოხდა მხოლოდ ბინა №19ა-ს სადარბაზოდან დათვალიერება, შიდა სივრცეში მოხვედრა და მისი შესწავლა ვერ განხორციელდა, ვინაიდან არცერთი მხარე არ ფლობდა ხსენებულ ბინას. შესაბამისად, აღნიშნული ბინის ადგილზე შესწავლის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია ბინა №19ა-ს ადგილმდებარეობის დადგენაზე კვლევის გაგრძელება.
34. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ საქმეში მთავარი სადავო საკითხია მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ბინის ფლობის გარემოება, რომელიც, მოსარჩელეთა განმარტებით, მე-2 სადარბაზოში მდებარეობს, ის ფაქტი, რომ ექსპერტმა ვერ შეისწავლა №19ა ბინის შიდა სივრცე, რომელიც, მისივე დასკვნის თანახმად, მდებარეობს პირველ სადარბაზოში და ამასთან, არცერთი მხარე მას არ ფლობს, ვერ მოახდენს არსებით გავლენას დასკვნის სისწორეზე.
35. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას №016850 ბინის ორდერის მონაცემებთან ექსპერტიზის დასკვნის წინააღმდეგობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 13.10 ქვეპუნქტი), საკასაციო პალატა მიუთითებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე - 1999 წლის 29 მარტს გაფორმებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე, რომელშიც ბინა №19ა-ს ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სადარბაზო მითითებული არ არის (იხ. ტ. 1. ს.ფ. 212-213).
36. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე (იხ. ტ. 4, ს.ფ. 78-79), რომლის თანახმად:
36.1. ქ. თბილისში, ........... №4ა-ში №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ.; აღნიშნული უძრავი ქონების პირვანდელ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1999 წლის 29 მარტს გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანებამ უსასყიდლოდ გადაცა მ.ჯ–ს და დ. ი–ს ........... №4ა-ში მდებარე ბინა №19ა, 2 ოთახიანი, საერთო ფართით 64 კვ.მ. და აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში ხსენებული ბინა აღირიცხა მ.ჯ–ის და დ; ი–ის სახელზე;
36.2. 2004 წელს აღნიშნული ბინა №19ა გატანილ იქნა იძულებით აუქციონზე. აუქციონზე გატანამდე 2004 წლის 17 მაისს მომზადებულ იქნა საცხოვრებელი ბინის აუდიტორული შეფასება, რომლის მიხედვითაც, მ.ჯ–ის და დ. ი–ის კუთვნილი ბინა №19ა განთავსებული იყო ექვსსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე. იგი წარმოადგენდა სამოთახიან ბინას, ფართით 64 კვ.მ.; დამხმარე ფართზე განთავსებული იყო: ჰოლი, აბაზანა ტუალეტი, სამზარეულო და ოთახი ანტრესოლში, რომელიც მოწყობილი იყო ლიფტის თავზე, ხოლო ძირითადი საცხოვრებელი ოთახები იყო: ერთი დიდი და ორი პატარა ერთმანეთში გამავალი ოთახები. ანალოგიური ინფორმაცია დაფიქსირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დოკუმენტაციაშიც;
36.3. ზემოაღნიშნულ აუდიტორულ შეფასებაში ასახული ბინა №19ა-ს აღწერილობა შეესაბამება ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ I ბინის მონაცემებს. კერძოდ, მხოლოდ აღნიშნულ ბინაში არის განთავსებული ანტრესოლის ოთახი, რომელიც მდებარეობს ლიფტის თავზე;
36.4. ამასთან, 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული VI სართულზე არსებული ბინა №19ა (აღნიშნული შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით მ.ჯ–ის მიერ საჯარო რეესტრში 2008 წლის 07 მარტს №882008060279-03 განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა ბინა №19ა-ს ჩანაწერის ცვლილება და ამონაწერის მომზადება, ხოლო საჯარო რეესტრმა უარი განუცხადა, ვინაიდან აღნიშნული ბინა ხსენებულ პერიოდში უკვე წარმოადგენდა ა.ბ–ის საკუთრებას) მისი მონაცემების გათვალისწინებით წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ I ბინას. განსხვავება ფიქსირდება მხოლოდ შიდა გეგმარებაში. შესაბამისად, აღნიშნულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული ბინა №19ა-ს მდგომარეობას თუ შევადარებთ აუდიტორულ შეფასებაში ასახული ბინა №19ა-ს მდგომარეობას, ისინი ასევე შესაბამისობაში მოვლენ ერთმანეთთან. კერძოდ, შეფასებაში დაფიქსირებული ძირითადი საცხოვრებელი ოთახებიდან ერთი დიდი ოთახი შეესაბამება №1 ოთახს...ხოლო №6 ოთახი არის ის ოთახი, რომელიც განთავსებულია ლიფტის თავზე, რაც ასევე თანხვედრაშია აუდიტორულ შეფასებაში დაფიქსირებული ბინა №19ა-ს აღწერილობის. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბინა №19ა წარმოადგენს ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ I ბინას და 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა“-ს მიერ მომზადებულ შიდა აზომვით ნახაზზე (დამკვეთი ს. ჯ–ი) ასახულ VI სართულზე არსებულ ბინა №19ა;
36.5. 2008 წელს იძულებითი აუქციონის გზით ა.ბ–მა შეიძინა მ.ჯ–ის და დ. ი–ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე ბინა №19ა და საჯარო რეესტრში №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ.-ის მესაკუთრედ დაფიქსირდა ა.ბ–ი. კერძოდ, საჯარო რეესტრის 2008 წლის 04 მარტს და 2010 წლის 19 მაისს მომზადებულ ამონაწერებში ბინა №19ა-ს მესაკუთრედ ფიქსირდება ა.ბ–ი;
36.6. 2011 წელს ასევე აუქციონზე გატანილ იქნა ა.ბ–ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ........... №4ა-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ, რომელიც შეიძინა შპს „პ.პ“-მა. აუქციონზე გატანამდე 2011 წლის აქტის (უძრავი ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ) მიხედვით მოხდა ა.ბ–ის კუთვნილი ბინის №19ა-ს აღწერა. 2011 წლის 22 დეკემბრის აუქციონზე ასევე დაფიქსირებული იქნა ბინის ფოტოსურათები. ხსენებულ აქტში ასახული აღწერილობისა და აუქციონზე არსებული ფოტოსურათების მიხედვით აუქციონზე გატანილი ა.ბ–ის საკუთრებაში არსებული ბინა №19ა-ს, ფართით 64,0 კვ.მ., მონაცემები შეესაბამება ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე ასახულ II სახელოსნოს მონაცემებს, რომელიც შედგება №14, №15 და №16 ოთახებისაგან;
36.7. შესაბამისად, 2004 და 2008 წლებში აუქციონზე გატანილი ბინა №19ა მდებარეობს სხვადასხვა ადგილას. კერძოდ, მ.ჯ–ის და დ. ი–ის საკუთრებაში არსებული ბინა №19ა, რომელიც 2008 წელს აუქციონზე შეიძინა ა.ბ–მა, წარმოადგენდა სხვა ბინას, ხოლო 2011 წელს აუქციონზე გატანილი ა.ბ–ის საკუთრებაში არსებული ბინა №19ა, რომელიც შეიძინა შპს „პ.პ“-მა, წარმოადგენს სხვა ბინას;
36.8. შემდგომში აღნიშნული ბინის მესაკუთრეები ხდებიან მოსარჩელეები და აღნიშნული პერიოდისათვისაც ისინი არიან მესაკუთრეები;
36.9. ამასთან, საჯარო რეესტრში №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე ერთხელ მომხდარია ბინის ფართის ცვლილება (დაზუსტება), კერძოდ, ბინა №19ა-ს ფართი ნაცვლად 64 კვ.მ.-ისა განისაზღვრა 85,85 კვ.მ. ფართით. ხსენებული ფართის დაზუსტება მოხდა 2012 წლის 03 აგვისტოს შპს „ს.ბ“-ის მიერ მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სადაც ასახულია ლიტ „ა“-ს VI სართულის გეგმაზე არსებული II სახელოსნო. მაგრამ შემდგომ ისევ მოხდა ცვლილება და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას და მისი ფართი ისევ განისაზღვრა 64 კვ.მ.-ით.
37. გარდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისა, საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №173533 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებები და განახლდა ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების მოქმედება. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა უძრავი ქონება შეიძინეს დაუზუსტებელი მონაცემებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო №4ა-ში მდებარე №19ა ბინის მდებარეობის მაიდენტიფიცირებელი რაიმე სახის მონაცემი. №19ა ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების შემდეგ, ჰ.ფ.ჰ–ის მიერ (ერთ-ერთი მოსარჩელის) წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად განხორციელდა №19ა ბინის მონაცემების დაზუსტება. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რეგისტრაციის შესახებ №882012427735-07 (07.08.2012) გადაწყვეტილების მიღების დროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდა დაედგინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ ინფორმაციასთან, კერძოდ, 1) №882012427735 სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული, ქ. თბილისში, ............. №4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართები, სააღრიცხვო მასალაში დაცული ფორმა №5-6-ის მიხედვით, წარმოადგენდა სახელოსნოს; 2) სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი (ოთახების ტექნიკური მახასიათებლები) არ შეესაბამებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ბინის აღწერილობას (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი - 39 კვ.მ, საერთო ფართი - 64 კვ.მ.); 3) ქ. თბილისში, .......... №4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე 87.12 კვ.მ. უძრავ ნივთზე (სახელოსნოზე) დგინდებოდა სახელმწიფოს უფლება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 05 იანვრის №05/11 მომართვა, საკადასტრო კოდი: .........); 4) დგინდებოდა მ.ჯ–ის მიერ 2008 წელს №882008060279 განცხადებას თანდართულ №19ა ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული და №882012427735 სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში ჰ.ფ.ჰ–ის მიერ (ერთ-ერთი მოსარჩელის) წარდგენილ იმავე ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების მონაცემების აშკარა შეუსაბამობა. დადგინდა ასევე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ №882012427735 განცხადებას დართული შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშვნა არ შეესაბამებოდა №19ა ბინის ადგილმდებარეობას, მონიშნული ფართი წარმოადგენდა 2012 წლისთვის სახელმწიფოს და დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ №2 სახელოსნოს (საკადასტრო კოდი ........). დადგინდა ასევე, რომ №882012427735-07 (07.08.2012) და №882012490515-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით ქ.თბილისში, ......... №4ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება №19ა ბინაზე რეგისტრირებული იქნებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით (იხ. წინამდებარე განჩინების 8.1, 8.2 და 8.3 ქვეპუნქტები).
38. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ჩატარდა ქ. თბილისში, ............. №4ა-ში მდებარე ბინა №19ა-ს (საკადასტრო კოდი ........) ადგილზე დათვალიერება. გადაწყვეტილების თანახმად, თავდაპირველად დათვალიერდა მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე ფართი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მოხდა აღნიშნულ ფართში მდებარე ანტრესოლის და ლიფტის შახტის მდებარეობის შედარება და დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში ანტრესოლი ლიფტის შახტის თავზე არ მდებარეობს, ლიფტის შახტა მდებარეობს ანტრესოლის გასწვრივ. გ. (ლ.) ჯ–ის განმარტებით, პირველ სადარბაზოში მე-6 სართულზე მდებარე ფართში მისი ოჯახის წევრები დღესაც ცხოვრობენ, თუმცა აღნიშნული ბინა დარეგისტრირებული არ არის. მისივე მითითებით, ბინის აშენების დღიდან მისი ოჯახი ფლობდა ორივე ბინას. პირველ სადარბაზოში მათ მფლობელობაშია ბინა №12, ხოლო №19ა ბინა მდებარეობს მე-2 სადარბაზოში და რეგისტრირებული იყო მ.ჯ–ის და დ. ი–ის სახელზე. გ. ჯ–მა უარი განაცხადა პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე ბინის დათვალიერებაზე. შესაბამისად, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და 2004 წლის 14 მაისს შედგენილ აუდიტორულ შეფასებაში ასახულ №19ა ბინის აღწერილობასთან შედარება. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დათვალიერდა ქ. თბილისში, ............. №4ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-6 სართული და დადგინდა, რომ პირველ სადარბაზოში ლიფტი ადის მე-5 სართულამდე, ხოლო ლიფტის შახტის თავზე ე.ი. მე-6 სართულზე მდებარეობს ოთახი, რომლის დათვალიერებაზეც მფლობელმა უარი განაცხადა. ამასთან, პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე არ ფიქსირდება სხვენში ასასვლელი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 182).
39. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 2018 წლის 08 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №173533 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული №19ა ბინის ფართად განისაზღვრა 64.00 კვ.მ. (ს/კ: .........); აღნიშნულ ამონაწერში №19ა ბინის მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემი, გარდა მისამართისა - ქალაქი თბილისი, ........... №4ა, არ არის ასახული (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტი, ტ. 3. ს.ფ. 238-239).
40. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის, სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაშია ქალაქი თბილისი, ........... №4ა-ში მდებარე ბინა №19ა, ფართით 64.00 კვ.მ. (ს/კ: .......), თუმცა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მითითებულ ფართს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე. მოპასუხეს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელოსნო №2, რომელიც წინამდებარე საქმეში სადავო ფართს არ წარმოადგენს. ასევე დადგენილია, რომ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №19ა, ფართით 64,0 კვ.მ., და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელოსნო №2, ფართით 85,68 კვ.მ. და ანტრესოლი, ფართით 16,22 კვ.მ., არ არის იდენტური უძრავი ნივთები და მათ შორის გადაფარვას ადგილი არ აქვს. საკასაციო პალატას საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის შეფასების შედეგად შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა განპირობებულია სწორედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №19ა ბინის მონაცემებში მომხდარი არაზუსტი ცვლილებების გამო.
41. კასატორები ითხოვენ ასევე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 173.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები [თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება].
43. ამდენად, განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის წინაპირობები შემდეგია: საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს არ უნდა გააჩნდეს სპეციალური ცოდნა; აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი უნდა იყოს; საქმეში არსებული ექსპერტის დასკვნა არ უნდა იყოს სრული; სასამართლო არ უნდა ეთანხმებოდეს ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით; საქმეში არსებული რამდენიმე ექსპერტის დასკვნა უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს (იხ. სუსგ საქმე №ას-1002-963-2016, 15 მარტი, 2019 წელი).
44. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/02/2023წ. №000892723 ექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულია და არ იკვეთება ისეთი საკითხის განმარტების აუცილებლობა, რომლის გარეშე შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების გამოტანა. შესაბამისად, არ არსებობდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
47. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობებს საქმეზე მტკიცებულების დართვისა და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები]. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობები საქმეზე მტკიცებულების დართვისა და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საარქივო ცნობა, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება №17, მიღების ბარათი, განცხადება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 15 ივლისის №153562 წერილი), მთლიანობაში „6“ ფურცლად და 2025 წლის 27 იანვრის №ა-265-25 განცხადებაზე თანდართული CD დისკი (ტ. 4. ს.ფ. 241-246, 268).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჰ.ფ.ჰ–ისა და მ.ჰ.ა.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორების შუამდგომლობები საქმეზე მტკიცებულების დართვისა და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საარქივო ცნობა, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება №17, მიღების ბარათი, განცხადება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 15 ივლისის №153562 წერილი), მთლიანობაში „6“ ფურცლად და 2025 წლის 27 იანვრის №ა-265-25 განცხადებაზე თანდართული CD დისკი (ტ. 4. ს.ფ. 241-246, 268);
4. კასატორებს ჰ.ფ.ჰ–სა და მ.ჰ.ა.ქ–ს დაუბრუნდეთ თ.ქ–ის მიერ (პ/ნ: ........) 2024 წლის 23 დეკემბერს №8674 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი
ა. ძაბუნიძე