საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1058-1011(კ-07) 17 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2005 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მოპასუხე გ. ჭ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 3000 ლარით დაჯარიმება და მისთვის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება (ს.ფ 2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა საცხოვრებელი სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა (ს.ფ. 39-40).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, დაუმთავრებელი მიშენების დაკანონებისათვის ვადის მიცემა და დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლება (ს.ფ. 47).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 114-118).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლა, დაკისრებული ჯარიმის გაუქმება და მიშენების დაკანონებისათვის ვადის მიცემა (ს.ფ. 123).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. ჭ-ეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, სათანადო ასლების დართვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გ. ჭ-ეს ჩაბარდა 2007 წლის 8 დეკემბერს, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 18 დეკემბრისა. მიუხედავად ამისა, კასატორს _ გ. ჭ-ეს დღემდე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.