საქმე №ას-39-2023 14 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ღ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა (შემდეგში „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჯ.ღ–ძის (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა საიჯარო ქირის - 13 667.60 ლარის, პირგასამტეხლოს - 13056.50 ლარისა და ჯარიმის - 2500 ლარის, გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ჯ.ღ–ძეს შორის 2015 წლის 25 ნოემბერს, 15 წლის ვადით, დაიდო იჯარის ხელშეკრულება, გარდაბანში, სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: N.......) იჯარის უფლების გადაცემის თაობაზე.
2.2. მოპასუხეს წლების განმავლობაში არ გადაუხდია ქირა, რის გამოც მასვე დაეკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
2.3. მოიჯარეს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით გაეგზავნა გაფრთხილება მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ და ასევე მიეცა დამატებითი ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა აღნიშნულს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის საფუძველზეც შეწყდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.
2.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარისათვის წარმოშობილი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ დღემდე შეუსრულებელია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს 15 წლის ვადით, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, თუმცა არ დაეთანხმა სარჩელში მითითებული საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დარიცხვის წესს.
3.3. მოპასუხემ დასძინა, რომ ვინაიდან, მოსარჩელემ იცოდა, რომ მოპასუხე მხარე, მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლებდა ვალდებულების შესრულებას, იგი ვალდებული იყო გამოეყენებინა თავისი უფლება და შეეწყვიტა ხელშეკრულება, რათა, თავიდან აერიდებინა დავალიანების ზრდა და ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ფიზიკური პირის, უარეს მდგომარეობაში ჩაყენება. შესაბამისად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ 2018 წლის შემდეგ წარმოშობილი დავალიანება (როგორც ძირი თანხა, ისე პირგასამტეხლო და ჯარიმა) გამოწვეულია მოსარჩელის ბრალით და მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2. მოპასუხე ჯ.ღ–ძეს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 17 778.90 ლარის გადახდა, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანებაა 13 667.60 ლარი, პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო - 2611.30 ლარი, პირგასამტეხლო ინფორმაციის წარუდგენლობის გამო - 1500 ლარი.
4.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელე ასევე, მოპასუხე მხარემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ღ–ძისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, I აპელანტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაუხდელი საიჯარო ქირის თანხა შეადგენდა 13 667.60 ლარს, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა 13056.50 ლარსა და 2500 ლარით. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო - 2611.30 ლარი და პირგასამტეხლო ინფორმაციის წარუდგენლობის გამო - 1500 ლარი, სასამართლომ დაიყვანა სამართლიან და გონივრულ ოდენობამდე, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
5.3. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა II აპელანტი - ჯ.ღ–ძის შედავებაც, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი პირობები, რომლებიც მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა გაცნობიერებული და მხარეს მოეთხოვა 2015 წლის საიჯარო ქირის გადახდა იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 25 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ჯ.ღ–ძემ დადო იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურა ხელმოწერით, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იგი გაეცნო ხელშეკრულების შინაარსს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი განმარტება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების გაუცნობიერებლობის თაობაზე.
5.4. სააპელაციო პალატამ, ასევე არ გაიზიარა მეორე აპელანტის არც ის შედავება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ინფორმირებული იყო მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თუმცა მან არ შეწყვიტა ხელშეკრულება, რამაც გამოიწვია დავალიანების დაგროვება და მოპასუხის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ სურდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, პირიქით იგი ითხოვდა დავალიანების გადანაწილებას, იმ სახით რომ დავალიანების დაფარვა განეხორციელებინა 2019 წლიდან. ამასთან, მას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით არ მიუმართავს. ამდენად, მეიჯარის მხრიდან წერილით განსაზღვრულ ვადაში იჯარის ხელშეკრულების შეუწყვეტლობის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენებად მიჩნეულიყო.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი წარადგინა ჯ.ღ–ძემაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია.
6.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შემცირების ფაქტს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სათანადოდ არ შეფასებულა პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი, რის გამოც, პირგასამტეხლოს შემცირება უმართებულო იყო.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2015 წლის 25 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მეიჯარე) და ჯ.ღ–ძეს (მოიჯარე) შორის 15 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა გარდაბანში, სოფელ ახალსოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი .......). ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3231 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრისა;
- იჯარის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში წარადგინოს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით;
- იჯარის ხელშეკრულების 6.8 მუხლის შესაბამისად, „მოიჯარის“ მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში, პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, „მეიჯარეს“ უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. ამავე ხელშეკრულებების 7.1.2 მუხლის თანახმად, „ხელშეკრულება წყდება „მეიჯარის“ მიერ, „ხელშეკრულების“ 6.8. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში;
- მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა;
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1 ივნისის N 10/26499 წერილით მოიჯარეს აცნობა საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დავალიანების შესახებ და მოითხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდა, წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- 2018 წლის 2 მაისს ჯ.ღ–ძემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლის თანახმად, ჯ.ღ–ძემ შეატყობინა სააგენტოს, რომ მას არ გააჩნია დაგროვილი დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა, ხოლო იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოუსპობს მას თვითდასაქმების ერთადერთ საშუალებას. განცხადებით ჯ.ღ–ძე ითხოვდა დავალიანების გადანაწილებას, იმ სახით რომ დავალიანების დაფარვა დაწყებულიყო 2019 წლიდან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 04.05.2018 წელს წერილობით აცნობა ჯ.ღ–ძეს, რომ ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა ერთი წელი წერილის მიღებიდან. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი ჯ.ღ–ძეს ჩაბარდა 08.05.2018 წელს. შესაბამისად, მას იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის ვადა განესაზღვრა 08.05.2019 წლამდე;
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 მარტის N1/6-54 ბრძანებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ჯ.ღ–ძეს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ჯ.ღ–ძეს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება; - 2015 წლის 25 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 13 667.60 ლარს.
10. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა (საიჯარო ქირის გადახდა), ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად ეთქვა თუ არა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.
11. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
10. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში წარადგინოს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით ყოველ ასეთ დარღვევაზე. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, იგი მხოლოდ ხელშეკრულების დარღვევის საპატიოობის თაობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ამდენად, დასტურდება, რომ მოიჯარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების კანონისმიერი საფუძველი გააჩნდა, რის გამოც მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა - 13056.50 და 2500 ლარის გადახდის ვალდებულება.
11. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირა, ისე რომ არ უმსჯელია პირგასამტეხლოს გონივრულობაზე. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).
12. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605).
14. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
15. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ საქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი, №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირა მრავალი თვის განმავლობაში არ გადაუხდია, რის შედეგადაც გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანებამ შეადგინა - 13 667.60 ლარი. ამასთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათთან მიმართებით ხაზგასასმელია, რომ საიჯარო ფართს მხარე საშუალოდ ხუთი წლის განმავლობაში ფლობდა, ასევე, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ჯ.ღ–ძეს, მიუხედავად დავალიანების არსებობისა, არ სურდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და სთხოვდა სახელმწიფოს დავალიანების განწილვადებას, თუმცა ვალდებულებას მაინც არ ასრულებდა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ხსენებული სახელშეკრულებო დარღვევისთვის ჯ.ღ–ძეს პირგასამტეხლოს სახით კონტრაჰენტმა - 13 056.50 ლარისა (ქირის გადაუხდელობის გამო) და 2500 ლარის (ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო) გადახდის ვალდებულება დააკისრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, მხარეს შეუმცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შედეგადაც საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 2611.30 ლარამდე, ხოლო ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 1500 ლარამდე შემცირდა.
17. საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ნამდვილად შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხისთვის დაკისრებული ძირითადი ვალდებულების ჯამი 13 667,60 ლარით განისაზღვრა, ხოლო მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო 13 056, 50 ლარს შეადგენდა. ნათელია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო უთანაბრდება დაკისრებული ვალდებულების სრულ ოდენობას, რაც არაგონივრულია, ატარებს დამსჯელობით ხასიათს და არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს დაკისრების კანონისმიერი ფუნქციებიდან. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს კანონისმიერი ფუნქციის შესრულებას ვერც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი 2 611,30 ლარამდე შემცირება უზრუნველყოფს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარის ვალდებულების დარღვევის ხარისხი საკმაოდ მაღალია, იგი სრულად უგულებელყოფდა სახელმწიფოს მითითებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და იმ პირობებშიც კი, როდესაც დავალიანების გადანაწილებას მოითხოვდა, ვალდებულებას ნაწილობრივაც არ ასრულებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 6 833,8 ლარით უნდა განისაზღვროს, რაც დასაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ნახევარია და გონივრულია, როგორც დარღვეული ვალდებულების მოცულობისა და ხასიათის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. საკასაციო პალატის აზრით, მოპასუხისათვის სწორედ ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 6 833,8 ლარით უნდა განისაზღვროს.
18. რაც შეეხება ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ჯ.ღ–ძისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა განმეორებით არ ისაუბრებს პირგასამტეხლოს დაკისრების ფუნქციასა და მიზნებზე, თუმცა ამ კონკრეტული მოთხოვნის შინაარსთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი N 2-ის შესაბამისად. უდავოა, რომ მხარეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, თუმცა საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მოპასუხის იმ განმარტებას, რომლის თანახმადაც ვინაიდან სადავო ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 25 დეკემბერს, მას არ უნდა დაკისრებოდა 2015 წლისათვის ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. პალატა დასძენს, რომ წლის დასრულებამდე მხოლოდ 6 დღე იყო დარჩენილი და ვალდებულების შესრულების მიმართ ამგვარი ხისტი მიდგომა მეტად ფორმალისტურია და არ შეესაბამება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაეთანხმა მისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით 1500 ლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ამ ნაწილში სარჩელი სწორად დააკმაყოფილეს და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის საჭიროება.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 6 833,8 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 380,02 ლარის გადახდა (დაკისრებული გაზრდილი პირგასამტეხლო 6 833,8 ლარი - ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 2 611,30 ლარი = 4222,5 ლარი, II ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 4222,5 *4/100 = 168,9 ლარი, III ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 4222,5* 5/100 = 211,125 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 2 611,30 ლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ჯ.ღ–ძეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 6 833,8 ლარის, გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად; ჯ.ღ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 380,02 ლარის (168,9 ლარი + 211,12 ლარი) გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი