Facebook Twitter

საქმე №ას-1131-2024 31 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის – 13862.16 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. 2023 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (13862.16 ლარის) 0.2%-ის დაკისრება მოითხოვა ვალდებულების წარმოშობის დღიდან (2022 წლის 22 სექტემბრიდან) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულება და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულებას ერთვის და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია“ და ხელშეკრულების №1 და №2 დანართები.

4. ხელშეკრულების 8.16. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია.

5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.მ. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით.

6. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით. 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა „KIA RIO“, სახელმწიფო ნორმით „.....“. ავტომანქანას მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი - ზ.ტ–ი (შემდგომ – მძღოლი). ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად.

7. 2022 წლის 22 სექტემბრის და 28 ოქტომბრის წერილებით მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, თვითნებურად შეიზღუდა ხედვის არეალი (დახედა ტელეფონს), რამაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინვოისით არ დგინდება, ზიანი გამოწვეული იყო უშუალოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ ავტომობილის შემდგომი/მანამდელი ექსპლუატაციით.

9. პირგასამტეხლოსთან მიმართებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით და (პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში) უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-იდან 0.02%-მდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 13862.16 ლარის ანაზღაურება, ასევე, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13862.16 ლარის 0.05%-ის გადახდა 2022 წლის 22 სექტემბრიდან 13862.16 ლარის სრულად გადახდამდე, ხოლო შეუსრულებლობისას – წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილის დაზიანების გამო, ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და 820-ე მუხლი.

13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულებას დაერთო და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია“ და ხელშეკრულების №1 და №2 დანართები. ხელშეკრულების 8.16. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია. სატენდერო დოკუმენტაციის 2.მ. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით.

14. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ზემოხსენებული სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მზღვეველს ავალდებულებდა, აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის ზიანი, მათ შორის, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 52-ე მუხლით და განმარტა, რომ ნების განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთათვის სადავოდ ქცეული ნების დადგენა, რაც უნდა განხორციელდეს გონივრული განსჯის შედეგად. აღნიშნული პრინციპი მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა გამოხატულ ნებაში, რასაც უპირატესობას ანიჭებს ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტებასთან მიმართებით. კანონი განმარტების კრიტერიუმად ადგენს გონივრულ განსჯას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ნების მიმღების შესაძლებლობებზე დაყრდნობით, არამედ გამოვლენილი ნების ობიექტური, მესამე პირის მიერ აღქმის კრიტერიუმით. განმარტება ასევე უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით. გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს სისტემური განმარტების საფუძველზე.

16. მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. აღნიშნული გარემოების დადგენამდე სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობები, რომელთა განმარტებაც აპელანტმა არ გაიზიარა.

17. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებში გამოვლენილი ნების განმარტების თაობაზე, თუმცა მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. განსახილველი შემთხვევა პალატამ მარტივ გაუფრთხილებლობად შეაფასა, რაც მზღვეველის სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

18. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „KIA RIO-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი. სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა მძღოლი. სააპელაციო ინსტანციაში მხარეებს სადავოდ აღარ გაუხდიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის უფლებამოსილმა მძღოლმა დახედა მობილურ ტელეფონს, რამაც გამოიწვია სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, მძღოლის მიერ ტელეფონზე დახედვა შეიძლება შეფასდეს თუ არა უხეშ გაუფრთხილებლობად.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად. იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

20. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ მობილურ ტელეფონზე დახედვა და აღნიშნულის შედეგად წინ მიმავალ ავტომობილზე შეჯახება, თავის მხრივ, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, რისთვისაც უფლებამოსილ მძღოლს საპატრულო ეკიპაჟმა გამოუწერა სამართალდარღვევის ოქმი და აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. შესაფასებელია, თუ რამდენად ჯდება ბრალეული მძღოლის ქმედება უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციაში, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული შემდეგი მსჯელობა - სასამართლოს მიერ არ დადგინდა მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით დარეკვის ან ზარის მიღების, რაიმე აპლიკაციით სარგებლობის, მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვის ან/და გაგზავნის ფაქტები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მობილურ ტელეფონზე დახედვა მისი სიტყვასიტყვითი და სასაუბრო ენაში დამკვიდრებული შინაარსით გულისხმობს წამიერ მოქმედებას. ტელეფონზე დახედვის მსგავსად, სავალი გზიდან მძღოლის ყურადღების გადატანა შეიძლება გამოიწვიოს თანამგზავრისკენ ან უკანა ხედვის სარკეში გახედვამ, ცენტრალურ კონსოლში ჩახედვამ, ავტომობილის სალონის ფუნქციებით სარგებლობამ და სხვა მსგავსმა წამიერმა მოქმედებებმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წამიერი ყურადღების გადატანის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევა არ წარმოადგენს ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორისაგან უჩვეულო გადახვევას. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვისას მძღოლის მიერ ტელეფონზე დახედვა არღვევს წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმებს, აღნიშნული დარღვევა არ აღწევს იმგვარ ხარისხს, რომ ობიექტურად შეფასდეს ამავე ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევად და აქედან გამომდინარე, უხეშ გაუფრთხილებლობად.

21. დამატებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაზღვეულ ავტომობილს მართავდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის შეუფერხებლობა და ინფორმაციის დროულად მიღება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მძღოლმა ავტომობილის მართვისას ერთ მომენტში დახედა ტელეფონს, შეიძლება მივიჩნიოთ მის ბუნებრივ რეაქციად და რაიმე განსაკუთრებული ხარისხის დაუდევრობად ეს ქმედება ვერ შეფასდება. პალატამ აქვე განმარტა, რომ მძღოლის სამსახურებრივ მდგომარეობაზე აქცენტი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს, ავტომობილის მართვისას ისარგებლოს მობილური ტელეფონით, თუმცა მნიშვნელოვანია მის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასების კუთხით. იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება უფლებამოსილი მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით ისეთი ტიპის სარგებლობა, როგორიცაა, მაგალითად, წერილობითი შეტყობინებების კითხვა/გაგზავნა, ზარის განხორციელება ან სხვა ისეთი ქმედება, რაც დიდი დოზით ყურადღების გადატანას იწვევს, პალატის მოსაზრებით, მობილურ ტელეფონზე დახედვა ვერ შეფასდება იმ უჩვეულოდ მაღალი ხარისხის დარღვევად, რაც უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობას მოგვცემდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან იმ ხარისხის ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდებოდა და მზღვეველს სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე მისცემდა უფლებას, უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის გაცემაზე. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო რისკი განხორციელებულია, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას სადაზღვევო თანხის გაცემისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

23. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13862.16 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რაიმე დასაბუთებული პრეტენზია აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის განხორციელების შედეგად მზღვეველს წარმოეშვა დამზღვევისთვის 13 862.16 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მართებულად იქნა შეფასებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

24. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის პრეტენზია ეფუძნება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხს, თუმცა არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მზღვეველს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება, რაზეც მზღვეველმა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევით, უარი განაცხადა. აღნიშნული კი სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს წარმოადგენს და, თავის მხრივ, იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული დასკვნა პასუხობს ასევე მოპასუხის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიას, რომ ვინაიდან არ დადგინდა უხეში გაუფრთხილებლობა და მზღვეველს არ წარმოშობია თანხის გაცემის ვალდებულება, მას ვერც პირგასამტეხლო დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ეს პოზიცია არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, შესაბამისად დგინდება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

26. რაც შეეხება დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შეფასების საკითხს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება.

27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე შეედავა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით და მოითხოვა მისი შემცირება ყოველდღიური 0.2%-იდან ყოველდღიურ 0.02%-მდე. სასამართლო პირგასამტეხლოს შესაბამისობის შეფასების საზომად გამოიყენებს წლიური პროცენტის ოდენობას. კერძოდ, 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს წლიურ 73%-ს, ხოლო 0.02% - წლიურ 7.3%-ს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს შეუსაბამოდ მაღალი. მაღალი პირგასამტეხლოს გამოთვლის თვალსაზრისით სასამართლო, მათ შორის, ყურადღებას მიაქცევს შესაფასებელი დავის სირთულეს და იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებისთვის შეგნებულად თავის არიდების ფაქტი არ გამოკვეთილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წლიური 73% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. შესაბამისად, აღნიშნული უნდა შემცირდეს მაღალ ოდენობამდე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-მდე, რაც წლიური პროცენტის სახით დაანგარიშებისას შეადგენს 18.25%-ს. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ზიანის ოდენობის - 13862.16 ლარის 0.05%-ის ოდენობით 2022 წლის 22 სექტემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობისას - წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით დაგროვილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაახლოებით 4500 ლარს შეადგენს, რაც უკვე წარმოადგენს მზღვეველის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების - 13862,16 ლარის, 32,5%-ს. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებაც უკვე საკმარისია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისთვის, თუმცა დამატებით პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავო იყო მზღვეველის ვალდებულების არსებობის საკითხი, რაც, ერთი შეხედვით, აშკარა გარემოებას არ წარმოადგენდა. მზღვეველს ალოგიკური საფუძვლით რომ ეთქვა უარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე, შესაძლოა სასამართლოს სრულადაც დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კომპლექსურად შესაფასებელი იყო, ჰქონდა თუ არა ადგილი უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც მზღვეველს ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა. მართალია, სასამართლომ საბოლოოდ არ გაიზიარა მზღვეველის პოზიცია, თუმცა დაზღვეულის პოზიციის მართებულობა შესაბამისი კვლევისა და შეფასების გარეშე, ერთი შეხედვით, აშკარა არ იყო. მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე დასაბუთებული იყო კონკრეტულ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რაც მართალია, არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, თუმცა ამ ფაქტის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მზღვეველს დაუსაბუთებლად არ უთქვამს უარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მართებულად შეფასება და 0,05%-მდე კანონიერად შემცირდა.

28. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და, საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

30. მოპასუხე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები.

31. მოცემული დავა შეეხება კონსოლიდირებული ტენდერით დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, თუ რამდენად შეიძლება საგამონაკლისო პირობების წრეზე პირდაპირ მიუთითებლობა იწვევდეს საკანონმდებლო ნორმების გამოყენების უფლებამოსილების შეზღუდვას და, მეორე მხრივ, დამდგარი შედეგი რამდენად შეიძლება ექცეოდეს „უხეში გაუფრთხილებლობის" ფარგლებში. კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

32. მხარემ განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში მძღოლის ქმედების სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებულ უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებას ადასტურებს მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, განხორციელებული ქმედების სიმძიმე. მძღოლს გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლსაწინააღმდეგო შინაარსი, შეეძლო განესაზღვრა მოსალოდნელი შედეგი, თუმცა მაინც ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება. არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელმაც უბიძგა მძღოლს ასეთი ქმედების განხორციელებისკენ, სადავო დარღვევა მიმართული არ იყო სხვისი სიცოცხლის ან/და ქონების გადარჩენისკენ, უკიდურესი აუცილებლობით და არც მისი ჩადენის მიზეზი არ წარმოადგენს დამდგარი შედეგის მიმართ თანაზომიერ საფუძველს.

33. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ანაზღაურდებოდა უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი ზიანი. სასამართლომ ვერ მიუთითა ხელშეკრულების მსგავსი შინაარსის ვერცერთ მუხლზე. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და, სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია მზღვეველს დაეკისროს იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე მან იკისრა. ამასთან, კასატორმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების ფარგლებში შეუძლებელი იქნებოდა სსკ-ის 829-ე მუხლის იმპერატიული შინაარსის უგულებელყოფა.

34. მოპასუხე კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელშეკრულებით მზღვეველის ვალდებულების გამორიცხვის შესახებ მიღწეული შეთანხმების არსებობისასაც კი, მზღვეველს შეუძლია, დაეყრდნოს სსკ-ის 829-ე მუხლს. „სასამართლოს შეფასებით, ასეთი მითითების მიუხედავად, სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხების მოსაწესრიგებლად“ (სუსგ №ას-566-566-2018, პარაგრაფი 23, სუსგ №ას-654-2019 პარაგრაფი 16).

35. მოპასუხე კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მით უფრო, სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენების მიზანი გაცილებით სცდება პირგასამტეხლოს გამოყენების რელევანტურ ფარგლებს, რაც მიმართული უნდა იყოს არა უსაფუძვლო გამდიდრებისკენ, არამედ მხარის უფლებების დარღვევის პრევენციისაკენ. პირგასამტეხლო არ უნდა წარმოადგენდეს მოვალის დასჯის მექანიზმს, არამედ უფრო რეალურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. აქვე განსახილველია მოვალის ბრალის ხარისხი, რისი არსებობაც არ დასტურდება, რადგან ავტოსატრანსპორტო შეკეთების ვადის გახანგრძლივება მოპასუხის ბრალით არ მომხდარა. მოპასუხეს ევალებოდა ზიანის ანაზღაურება, რაც დაუყოვნებლივ შეასრულა.

36. მოპასუხე კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელშეკრულების №1 დანართის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. მართალია, ხელშეკრულებით ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად განისაზღვრა დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დამდგარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაც, მაგრამ ეს ჩანაწერი, ვერ მიიჩნეოდა მხარეთა ისეთ შეთანხმებად, რომელიც მზღვეველს უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურებას დააკისრებდა. სადავო ჩანაწერი იმგვარად უნდა განმარტებულიყო, რომ ის გულისხმობდა მხოლოდ უფლებამოსილი მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.

37. მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელემ შეტყობინება დატოვა მოპასუხე კომპანიაში, რა დროსაც განმარტა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა მისი ბრალით, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დახედა მობილურ ტელეფონს, რის შედეგად შეეზღუდა მხედველობის არე, ვეღარ დაინახა წინ მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება და უკანა ნაწილში შეეჯახა მას. მოცემული ფაქტებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე მოპასუხემ მიიჩნია, რომ მძღოლის სამართალდარღვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ დაუდევრობასა და უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებას.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოსარჩელე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

42. 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულებას დაერთო და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა „სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია“ და ხელშეკრულების №1 და №2 დანართები.

43. ხელშეკრულების 8.16. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია. სატენდერო დოკუმენტაციის 2.მ. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით.

44. 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „KIA RIO-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი. სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა მძღოლი. სააპელაციო ინსტანციაში მხარეებს სადავოდ აღარ გაუხდიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის უფლებამოსილმა მძღოლმა დახედა მობილურ ტელეფონს, რამაც გამოიწვია სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა.

45. 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13862.16 ლარი.

46. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის მოქმედება შეიცავდა უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობის ნიშნებს.

47. საკასაციო პალატამ, სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია (სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.), სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

48. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ.

49. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებელი ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5 მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ №ას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ №ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).

50. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.

52. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.

53. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით.

54. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების „შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით“ (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).

55. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუალური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.

56. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.

57. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).

58. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, 150).

60. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ. ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.

62. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).

63. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება.

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

66. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

67. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ დამზღვევის მოქმედება სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება.

68. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ავტოსადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად სასამართლომ დაადგინა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ მობილურ ტელეფონზე დახედვა და აღნიშნულის შედეგად წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახება. მითითებული ქმედება დაკვალიფიცირდა მართლსაწინააღმდეგოდ და საპატრულო პოლიციამ მძღოლის მიმართ გამოწერა სამართალდარღვევის ოქმი.

69. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი მობილური ტელეფონით არ საუბრობდა, რაიმე აპლიკაციით არ სარგებლობდა, მოკლე ტექსტური შეტყობინება არ მიუღია და არ გაუგზავნია. შესაბამისად, მოწყობილობაზე მყისიერად დახედვა ვერ გამოიწვევდა მძღოლის დიდი ხნით მოცდენას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს. მისი სამუშაოს თავისებურების გათვალისწინებით, მობილურ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. შესაბამისად, სადავო დარღვევა განსაკუთრებით მძიმედ არ უნდა იქნეს მიჩნეული.

70. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომლის თანახმად მოპასუხემ, სადავო სადაზღვევო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან მისი გათავისუფლების საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

71. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

72. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

74. მოცემულ საქმეზე კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, დეტალურად გამოიკვლია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიხშირე და სიმძიმე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საჭიროება არ არსებობს.

75. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

76. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

77. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

78. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

80. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02/09/2024წ. №1725266843 საგადახდო დავალებით გადახდილი 639,15 ლარის, ასევე, 23/10/2024წ. №1729690911 საგადახდო დავალებით გადახდილი 126,45 ლარის, სულ – 765,6 ლარის 70% – 535,92 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ნ.ვ.დ–ვას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02/09/2024წ. №1725266843 საგადახდო დავალებით გადახდილი 639,15 ლარის, ასევე, 23/10/2024წ. №1729690911 საგადახდო დავალებით გადახდილი 126,45 ლარის, სულ – 765,6 ლარის 70% – 535,92 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი