Facebook Twitter

23 იანვარი, 2025 წელი,

საქმე #ას-1182-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებას გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების მოთხოვნით შპს „ა–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 139 729 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

- კასატორის მტკიცებით, უფლებამოსილი პირის მიერ მოსარჩელისთვის სამუშაოს შესრულებაზე დავალების გაცემისა და სათანადო ხასიათის შეთანხმების დადების ფაქტები, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა თანხის ანაზღაურების შესახებ იყო დაუსაბუთებელი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2015 წლის 12-13 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.

4.4. 2015 წლის 13-14 და 20-22 ნოემბერს გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებსა და საამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს შორის, სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების აღდგენითი სამუშაოების შემჭიდროვებულ ვადებში ორგანიზების მიზნით, შეხვედრები გაიმართა.

4.5. 2015 წლის 16 ნოემბერს - 30 000 ლარის ფარგლებში პროდუქციის შესყიდვის შესახებ, გამგებლის №1-707 ბრძანება გამოიცა.

4.6. 2015 წლის 21 ნოემბერს გორის გამგეობამ შპს „ნ–სა“ და შპს „პ–გან“ სათანადო მასალა შეიძინა.

4.7. 2015 წლის 22 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მოსარჩელის წარმომადგენელი/დირექტორიც ესწრებოდა მშენებლებს შორის შესაკეთებელი შენობები გადანაწილდა, კერძოდ, მოსარჩელეს კონკრეტული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაევალა, რაც საკუთარი მასალით შეასრულა კიდეც, კერძოდ:

4.7.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმეებმა/მშენებლებმა დაადასტურეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ საკუთარი მასალით, შეთანხმების გაფორმებამდე დაიწყეს (იხ. კ.დ–ის, ხ.ს–ის, გ.რ–ის ჩვენებები).

4.7.2. მოსარჩელეს სამუშაო მასალა მოპასუხისგან არ მიუღია, უმეტესი ნაწილი ჰქონდა თავად. 2015 წლის 23 ნოემბერს საწარმოდან შესაკეთებელ ობიექტებზე, საკუთარი ხარჯით შეძენილი მასალაც მიიტანა.

4.8. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის #SMP150000325 მიმართვა დაკმაყოფილდა და შემსყიდველს გამარტივებული შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობა მიეცა (იხ. შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ნოემბრის №1101 განკარგულება).

4.9. 2015 წლის 26 ნოემბერს იმავე წლის 12-13 ნოემბერს განვითარებული სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად საჭირო მასალის/სახურავის გამარტივებული შესყიდვის მართლზომიერად ცნობის თაობაზე, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №1138 განკარგულება გამოიცა.

4.10. 2015 წლის 3 დეკემბერს იმავე წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღების შენობების, კულტურის სახლების, რ.ს–ების, ა.შ–ების და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის მართლზომიერად ცნობის შესახებ, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №1291 განკარგულება გამოიცა.

4.11. 2015 წლის 15 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სამეწარმეო სუბიექტებს - შპს „ა–ლი“, შპს „მ–ი“, შპს „ჯ–ო“ და ფიზიკურ პირ კ.დ–ს შორის გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება გაფორმდა.

4.12. მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2850 განკარგულებით, მერიას ნება დაერთო 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები - 815 4700 ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განეხორციელებინა.

4.13. მოსარჩელემ სარეაბილიტაციო სამუშაოები - 2016 წლის 20 იანვარს დაასრულა.

4.14. მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ მიუღია.

4.15. 2016 წლის 26 იანვარს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი №SPA160002925 გამოცხადდა, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მათ შორის იმ შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის რეაბილიტაცია უკვე განხორციელებული იყო.

4.15.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 22 თებერვალს გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა. #3 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგის საკითხად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში მონაწილე სუბიექტების საკითხის განხილვა დადგინდა.

4.15.2. ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 22 თებერვალს №ა/550 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების ნაწილი უკვე გადახურული იყო და სამუშაოების ჩატარებას აღარ საჭიროებდა შემდეგი შენობები:

1. ა.ყ–ი - სოფელი .......;

2. დ.ბ–ძე - სოფელი .......;

3. ზ.ყ–ი - სოფელი .......;

4. პ.კ–ი - სოფელი .......;

5. ნ.მ–ი - სოფელი .......;

6. ი.ა–ი - სოფელი .......;

7. ტ.გ–ი - სოფელი .......;

8. ზ.ა–ძე - სოფელი .......;

9. ს.ს–ი - სოფელი .......;

10. ვ.ლ–ძე - სოფელი .......;

11. ვ.ლ–ძე - სოფელი .......;

12. ბ.ხ–ი - სოფელი .......;

13. თ.პ–ი - სოფელი .......;

14. თ.ლ–ძე - სოფელი .......:

15. რ.ს–ი - სოფელი .......;

16. პ.კ–ძე - სოფელი .......;

17. ა.შ–ა - სოფელი .......:

18. მ.ა–ვი - სოფელი .......;

19. გ.გ–ი - სოფელი .......;

20. ლ.რ–ვი - სოფელი .......;

21. ც.მ–ძე - სოფელი .......;

22. ლ.მ–ი - სოფელი .......;

23. მ.მ–ი - სოფელი .......;

24. მ–ი - სოფელი .......;

25. ნ.ხ–ი - სოფელი .......;

26. ო.რ–ძე – სოფელი .......;

27. ს.მ–ძე - სოფელი .......;

28. დ.დ–ი - სოფელი ........

4.15.3. სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ჩამოთვლილი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სატენდერო დოკუმენტაციიდან ამოიღო.

4.16. მოსარჩელემ 2015 წლის 12-13 ნოემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების შესაკეთებლად - 139 729 ლარი დახარჯა, კერძოდ თანხების მიზნობრიობა შემდეგია:

1. სოფელი ......., ა.ყ–ი - 7490.08 ლარი;

2. სოფელი ......., დ.ბ–ძე - 6295.59 ლარი;

3. სოფელი ......., ზ.ყ–ი - 5540.40 ლარი;

4. სოფელი ......., პ.კ–ი - 1751.19 ლარი;

5. სოფელი ......., ნ.მ–ი - 8166.16 ლარი;

6. სოფელი ......., ი.ა–ი - 1068.91 ლარი;

7. სოფელი ......., ტ.გ–ი - 6050.80 ლარი;

8. სოფელი ......., ზ.ა–ძე - 7598.47 ლარი;

9. სოფელი ......., ს.ს–ი - 6332.84 ლარი;

10. სოფელი ......., ვ.ლ–ძე -5985.33 ლარი;

11. სოფელი ......., ვ.ლ–ძე -1642.28 ლარი;

12. სოფელი ......., ბ.ხ–ი -1674.97 ლარი;

13. სოფელი ......., მარიამ კვინიკაძე - 3711.65 ლარი;

14. სოფელი......., თამაზ კვინიკაძე - 3405.65 ლარი;

15. სოფელი ......., თ.პ–ი - 5021.64 ლარი;

16. სოფელი ......., რ.ს–ი - 7261.28 ლარი;

17. სოფელი ......., პ.კ–ძე -7365.54 ლარი;

18. სოფელი ......., ა.შ–ა - 21833.29 ლარი;

19. სოფელი ......., მ.ა–ვი - 1262.40 ლარი;

20. სოფელი ......., გ.გ–ი - 3667.29 ლარი;

21. სოფელი ......., ლ.რ–ვი - 5210.19 ლარი;

22. სოფელი ......., ც.მ–ძე -3651.41 ლარი;

23. სოფელი ......., ლ.მ–ი - 4738.87 ლარი;

24. სოფელი ......., მ.მ–ი - 209.19 ლარი;

25. სოფელი ......., მ–ი თანხა - 624.81 ლარი;

26. სოფელი ......., ნ.ხ–ი - 1115.50 ლარი;

27. სოფელი ......., ო.რ–ძე - 4451.37 ლარი;

28. სოფელი ......., ს.მ–ძე - 4820.47 ლარი;

29. სოფელი ......., დ.დ–ი - 1781.26 ლარი.

4.16.1. მოსარჩელის გაანგარიშებით აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს - 140 883.46 ლარის.

4.17. მოპასუხეს ზემოაღნიშნული შენობების სახურავის შეკეთებაზე სხვა სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია, სამუშაოები არც სხვა კომპანიას არ უწარმოებია.

4.18. მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეა.

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა (ნარდობის ზეპირი ხელშეკრულება), რომელიც წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის დანაწესით - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 630.1 მუხლის დეფინიციით - ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. 987.1 მუხლით კი განსაზღვრულია, რომ პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

5.1. სსკ-ის 629.1 მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურება ისაა, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც კონკრეტულ საზღაურს იხდის.

5.2. ამდენად, ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე თავის წილ ვალდებულებას შეასრულებს (იხ.სუსგ საქმე № ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).

6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, არსებობდა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ზეპირი სახის ხელშეკრულება და მართებულად გამოიყენა თუ არა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები.

7. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე (რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე (გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი) და 69-ე (გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით) მუხლებზე და განმარტავს, რომ გარიგების ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა, ხოლო, გარიგების ფორმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არაა. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობებზე, თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან; არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ (სსკ-ს 327.1 და 327.2 მუხლები).

ზოგადად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით, მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი, თუმცა, აღნიშნული პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. მაშასადამე, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, თუმცა, თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი (იხ. სუსგ საქმე №ას-1166-2019, 6 აპრილი, 2020 წელი).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო; ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით და მისი ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სტიქიის/ძლიერი ქარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მოსარჩელის წარმომადგენელი/დირექტორიც ესწრებოდა, მშენებლებს შორის რამდენიმე შესაკეთებელი შენობები გადანაწილდა.

კერძოდ, მოსარჩელეს/მენარდეს კონკრეტული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვალდებულება დაეკისრა. ასევე დადგენილია, რომ მენარდემ სარეაბილიტაციო სამუშაოები - 2016 წლის 20 იანვარს დაასრულა, მოპასუხემ კი, შესრულებული სამუშაო მიიღო.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ, წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური.

სამუშაოს მიღების ვალდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგის ხარისხი. შესრულებული სამუშაოს მიღება კი წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 634-ე მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლება (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, 2016, გვ. 308).

14. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით შეთანხმებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც მოპასუხისთვის წარმოშობს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებას.

კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მითითებული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამრთლოს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა