6 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-643-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „მ.ყ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - „ს.ე.დ.თ.ლ.შ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.ყ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი საზოგადოება, შპს ან კომპანია), ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით „ს.ე.დ.თ.ლ.შ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 158 000 ევროსა და 135 792.88 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
- კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოწესრიგებულიყო, რადგან ვლინდებოდა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პროდუქციის მიწოდების ფაქტი. ასევე დაუსაბუთებლად გამოიკვეთა სავარაუდო ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში საფასურის გადაუხდელობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ, რაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს (იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. სამეწარმეო საზოგადოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2015 წლის 2 სექტემბრიდან. საზოგადოების პარტნიორები რამოდენიმეჯერ შეიცვალნენ და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის მისი პარტნიორები არიან: ე.ო–ი (33%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), ა.ტ.ნ.ოღლუ - (32%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), და დ.ე.ა–ა - (35%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი).
4.4. 2016 წლის 14 ნოემბერს ა.ტ.ნ.ოღლუსა (როგორც „წილის დამთმობს“) და ა.ა–ს (როგორც „წილის მიმღებს“), ასევე 2017 წლის 2 თებერვალს ე.ო–სა (როგორც „წილის დამთმობს“) და ა.ა–ს (როგორც „წილის მიმღებს“) შორის გაფორმებული წილის დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ა.ა–ი საზოგადოების 33% წილის მფლობელ პარტნიორად დარეგისტრირდა.
4.5. ა.ა–ი საზოგადოების პარტნიორი 2017 წლის 14 დეკემბრამდე იყო, ამავდროულად იგი თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის „ს.ე.დ.თ.ლ.შ“-ს 100%-ანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია.
4.6. სახელწოდების შეცვლამდე მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას „ა.დ.თ.ლ.შ–ის“ სახელწოდებით ახორციელებდა.
4.7. 2017 წელს მოსარჩელე კომპანიის სახელით განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონელის შეძენა და მათი საქართველოში ტრანსპორტირება.
კერძოდ მიწოდებული პროდუქციაა:
ა) 2017 წლის 20 ოქტომბერს - 22800 აშშ დოლარის ლამინატი, ტრანსპორტირების ხარჯი - 2100 აშშ დოლარი, ჯამურად - 24900 აშშ დოლარი;
ბ) 2017 წლის 25 ოქტომბერს - 10043 აშშ დოლარის კერამიკული ფილა, ტრანსპორტირების ხარჯი - 2250 აშშ დოლარი, ჯამურად - 12293 აშშ დოლარი;
გ) 2017 წლის 27 ოქტომბერს - 5849,88 აშშ დოლარის კერამიკული ფილა, ტრანსპორტირების ხარჯია - 2250 აშშ დოლარი, ჯამურად - 8099,88 აშშ დოლარი;
დ) 2017 წლის 26 ოქტომბერს - 21000 აშშ დოლარის საიზოლაციო მასალა;
ე) 2017 წლის 26 ოქტომბერს - 21000 აშშ დოლარის დიზელის გენერატორი;
ვ) 2017 წლის 15 ნოემბერს - 14000 აშშ დოლარის დიზელის გენერატორი;
ზ) 2017 წლის 15 ნოემბერს - 8500 აშშ დოლარის დიზელის გენერატორი.
4.7.1. პროდუქციის ტრანსპორტირება მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე - საქართველო, ყაზბეგი, სოფელ ......, განხორციელდა.
საქონლის მიღებას მოპასუხეც ადასტურებს.
4.8. 2017 წლის 13 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში, კომპანია „ა.დ.თ.ლ.შ–მა“ (მოსარჩელე კომპანიის ძველი სახელწოდება) თურქეთში არსებული კომპანია - „E“- სგან ბეტონის კომპაქტური ქარხანა შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა. ქარხნისა და მისი ტრანსპორტირების ღირებულება ჯამურად - 158 000 ევროა.
4.8.1 ნივთი მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობის ადგილას იქნა მიწოდებული და ბეტონის კომპაქტური ქარხანაც ამჟამად მოპასუხის საკუთრებაა.
4.9. პროდუქციის მიწოდების საკითხი მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე განიხილებოდა და ნივთების შეძენა მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხდებოდა (იხ. ინვოისები, ფაქტურები, საბაჟო დეკლარაციები).
5. ნასყიდობის ფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და 400.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებლად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა) დანაწესს ეფუძნება.
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება).
კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს.
სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, იმ საკითხზე, რომ მხარეთა შორის დადებულია განჩინების 4.7 პუნქტში მითითებული პროდუქციისა და ბეტონის კომპაქტური ქარხნის ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელემ/გამყიდველმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, გადასცა ნივთი შემძენს, ხოლო მოპასუხემ/მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა.
9. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქონლის მიწოდება კომპანიის მიმართ არსებული პარტნიორის საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ანაგარიშში წარმოებდა და ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის არ არსებობდა. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში დავის არსი შეეხება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას და არა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, როგორც მოპასუხის ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან საწარმოს წინაშე ვალდებულების შესრულების საკითხს.
10. უდავოა, რომ მოპასუხემ შეთანხმებული პროდუქცია ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიიღო რაც საპასუხო მოქმედების, ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 429-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს.
კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება.
კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისაგან სხვადასხვა დასახელების პროდუქციისა და ბეტონის კომპაქტური ქარხნის მიღებას, რის საფუძველზეც შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის ფასი - 158 000 ევრო და 135 792.88 აშშ დოლარი.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს პ.ლ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 000 ლარის (საგადასახადო დავალება #22692120027, გადახდის თარიღი 05.07.2024წ), 3 000 ლარისა (საგადასახადო დავალება #24010930896, გადახდის თარიღი 03.10.2024წ) და 2 000 ლარის (საგადასახადო დავალება #24356055640, გადახდის თარიღი 28.10.2024წ), ჯამურად 8 000 ლარის 70% - 5600 ლარი,, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ყ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ.ყ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს პ.ლ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 000 ლარის (საგადასახადო დავალება #22692120027, გადახდის თარიღი 05.07.2024წ), 3 000 ლარისა (საგადასახადო დავალება #24010930896, გადახდის თარიღი 03.10.2024წ) და 2 000 ლარის (საგადასახადო დავალება #24356055640, გადახდის თარიღი 28.10.2024წ), ჯამურად 8 000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა