Facebook Twitter

21 მარტი, 2024 წელი,

საქმე № ას-1518-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი.გ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ა–ა“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - ნ.ზ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ.ა–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ი.გ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ.ზ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს - 4118.67 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 164.75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა (შემოსავლის ორდერი) და სსსკ-ის 96.1 მუხლის თანახმად, შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უშუალოდ მხარის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2023 წლის 18 აპრილს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, წარადგინა მინდობილობის დედანი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით დადგენილი ვადის გაგრძელება ითხოვა.

4.3. 2023 წლის 8 მაისს კი, აპელანტის წარმოამდგენელმა საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით, მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

4.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2023 წლის 17 აპრილის ჩათვლით უნდა შეევსო. მან სასამართლოს ხარვეზის ნაწილობრივ შევსების განცხადებით მიმართა 2023 წლის 18 აპრილს, ანუ ვადის დარღვევით.

2023 წლის 8 მაისის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ განჩინება რომლითაც უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და რომელშიც მთითბული იყო გადასახდელი თანხა და ანგარიში ნომერი, ბუღალტერმა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. რის საფუძველზეც ითხოვდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის აღდგენას.

4.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მითითებული გარემობა არ წარმოადგენდა საპატიოს სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის მიზნებისთვის. ამასთან, ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება უშუალოდ აპელანტს/კომპანიის დირექტორს ჩაბარდა.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 8 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 18 აპრილს დასრულდა, ვინაიდან 2023 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის (ორშაბათი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე) ჩათვლით იყო უქმე (სააღდგომო დღეები), ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრის თაობაზე განცხადებაც ვადის დაცვით (ფოსტას ჩაჰბარდა 18.04.2023წ) წარადგინა და არა არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

10. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას განცხადების შეტანის ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადების წარდგენის ვადის ათვლის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2023 წლის 14-17 აპრილი სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული იყო უქმე დღეები.

11. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ვადის უკანაკსკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

12. საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლი განსაზღვრავს უქმე დღეების ჩამონათვალს, სახელდობრ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უქმე დღეებია სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გადამავალია).

13. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2023 წლის 14-17 აპრილი იყო სააღდგომო და, შესაბამისად, უქმე დღეები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

14. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა 2023 წლის 17 აპრილს იწურებოდა, მაგრამ, ვინაიდან ეს დღე იყო უქმე, ხოლო მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე კი - 18 აპრილი, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დამთავრების დღედ სწორედ იგი მიიჩნევა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე განცხადება 2023 წლის 18 აპრილს ანუ კანონით დადგენილ ვადაში ფოსტაში ჩააბარა, რომელიც სასამართლოში იმავე წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც კერძო საჩივარის ავტორის მერ თუნდაც არ იყოს დაცული სსსკ-ის 416 მუხლით გათვალისწინებული კერძო საჩივრის წარდგენის ვადები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების შეტანის 10 დღიანი ვადის ამოწურვის თარიღის არაზუსტად განსაზღვრით, არსებითადაა დარღვეული მომჩივნის ინტერესები - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი.გ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე