Facebook Twitter

28 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-174-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ნი, ვ.ქ–ია, შპს ,,ა. ს–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, შეთანხმების გაუქმება, მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ხ–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და დ.მ–ნს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) თანაცხოვრების პერიოდში სამი შვილი შეეძინათ: 2012 წლის 20 მაისს დაბადებული ს.მ–ნი, 2016 წლის 16 აგვისტოს დაბადებული ლ. და ლ. მ–ბი.

2. არასრულწლოვანი ბავშვები დედასთან, მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ.

3. პირველი მოპასუხე, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის საექსპერტო კრიმინალისტიკური ჯგუფის ექსპერტად მუშაობს, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელზე ასაღები) 1 176.59 ლარს შეადგენს.

4. პირველი მოპასუხის სახელზე მოძრავი ნივთები, კერძოდ კი - სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის.

5. პირველი მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ქ.ქუთაისში, მ.კოსტავას ქუჩის №43-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც 2020 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ.ბ–ის“ იპოთეკის უფლებაა დარეგისტრირებული.

6. სს ,,თ.ბ–ის“, სს ,,ს.ბ–სა“ და სს ,,ვ.ბ.ჯ–ას“ მიმართ პირველ მოპასუხეს შესასრულებელი ვალდებულებები გააჩნია.

7. 2019 წლის 27 მარტს, შპს ,,ა.ს–სა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მენარდე) და პირველ მოპასუხეს შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლითაც, პირველი მოპასუხე 13 135 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად მეორე მოპასუხისგან ყიდულობდა, ასაშენებელ მრავალბინიან კორპუსში (მდებარე ქ.ბათუმში, .....) მდებარე საცხოვრებელ ბინას (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა).

მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, პროექტის საჯარო რეესტრში განშლის განხორციელებისა და პირველი მოპასუხის მიერ გამყიდველის მიმართ ხელშეკრულების საგნის ფასის სრულად გადახდის შემდეგ, უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრება გახდებოდა.

ხელშეკრულების საგნის ღირებულება პირველ მოპასუხეს შემდეგი თანმიმდევრობით უნდა გადაეხადა: 1. 2019 წლის 30 მაისს - 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; 2. არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერისა - 9 135 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

შეძენილ ფართზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მშენებლობის დასრულებისა და სახლის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დარეგისტრირდებოდა, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

8. 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინაზე პირველი მოპასუხის სამომავლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა

9. 2021 წლის 2 მარტს, პირველ მოპასუხეს, მეორე მოპასუხესა და ვ.ქ–იას (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, სადავო ბინაზე 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით რეგისტრირებული სამომავლო უფლება მესამე მოპასუხეს გადაეცა და ხელშკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელმა აიღო.

10. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

10.1. მასსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2016 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

10.2. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, მათ სრულწლოვანებამდე, პირველი მოპასუხისათვის ყოველთვიურად 300-300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება;

10.3. სადავო ბინის 2/3 ნაწილზე მოპასუხეთა შორის 2021 წლის 2 მარტს დადებული სამმხრივი შეთანხმების გაუქმება;

10.4. სადავო ბინის 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით

11.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს სსგს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

11.3. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, პირველ მოპასუხეს, ალიმენტის გადახდა დაეკისრა, თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 200-200 ლარის, ჯამურად 600 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 10 მარტიდან - მათ სრულწლოვანებამდე;

11.4. 2021 წლის 2 მარტის შეთანხმების გაუქმებისა და მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნათა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

13.1.1. ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასების განსაზღვრის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შვილების რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნილებები, ასევე ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (ყოველთვიურად 200-200 ლარი, ჯამურად, 600 ლარი, რაც პირველი მოპასუხის შრომის ანაზღაურების ნახევარზე მეტს შეადგენდა და, რაც პირველ მოპასუხეს სადავო არ გაუხდია) გონივრული იყო და გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოპასუხისთვის უფრო მეტი ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.

13.1.2. პირველ მოპასუხეს გარიგების საგანზე საკუთრების უფლება 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით არ გადასცემია, ხსენებული გარიგებით ეს უკანასკნელი ვალდებულებით აღიჭურვა, რომ ნარდობის საგნის დამზადებისთვის თანხა გადაეხადა და დამზადებულ საგანზე საკუთრების გადაცემისა და საჯარო რეესტრში დარეგისტრების უფლება (ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მასზე თანასაკუთრების უფლება) მხოლოდ ამის შემდეგ წარმოეშობოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 102-ე მუხლის თანახმად, იმ ფაქტის მტკიცება, რომ პირველმა მოპასუხემ წინარე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა და 2021 წლის 2 მარტის სამმხრივი შეთანხმების დროსთვის შეთანხმებული საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, მოსარჩელის ვალდებულებაში შედიოდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

13.1.3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2021 წლის 2 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული „სამმხრივი შეთანხმება“ რეალურად იმ უფლებისა და ვალდებულების დათმობას წარმოადგენდა, რაც პირველ მოპასუხეს წინარე ხელშეკრულებიდან წარმოეშვა, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვალდებულები იყო - ნარდობის საფასური გადაეხადა და, თანხის გადახდის შემდეგ, უძრავი ქონება საკუთრებაში მიეღო.

ვინაიდან 2021 წლის 2 მარტის „სამმხრივი შეთანხმების“ გაფორმების დროისთვის პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასურის გადახდის ფაქტი ვერ დადგინდა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს არ წარმოშობია და არც მითითებული გარიგებით არ განუკარგავს.

შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით კუთვნილი წილის განკარგვის შესახებ მოსარჩელის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რაც აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილობასა და სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობას გამორიცხავდა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

სადავო ქონება მხარეებმა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინეს. მშენებარე ბინა ამ დრომდე შპს ,,ა. ს–ის“ სახელზე ირიცხება და ვალდებულების გრაფაში პირველი მოპასუხე მომავალ მესაკუთრედაა აღნიშნული. მოპასუხის მხრიდან სადავო გარიგების გაფორმება მოსარჩელისთვის კუთვნილი წილის გადაცემის გზაზე დაბრკოლების შექმნას ემსახურება. მოპასუხესთან ერთად მოსარჩელეც ნივთის სამომავლო მესაკუთრედ უნდა დარეგისტრირებულიყო, ამასთან ნივთის შეძენისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მოპასუხეს არ წარმოუდგენია და ეს საკითხი არც სასამართლომ გამოიკვლია სათანადოდ.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

18. საკასაციო პალატის განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი სადავო ბინის 2/3 ნაწილზე მოპასუხეთა შორის 2021 წლის 2 მარტს დადებული სამმხრივი შეთანხმების გაუქმებისა და სადავო ბინის 2/3 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

19. უძრავი ნივთის 2/3 ნაწილზე მოპასუხეთა შორის 2021 წლის 2 მარტს დადებული სამმხრივი შეთანხმების გაუქმებისა და სადავო ბინის 2/3 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვისას, საქმის მასალებით გამოვლენილი რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო, სახელდობრ:

- 2019 წლის 27 მარტს, მოერე მოპასუხესა და პირველ მოპასუხეს შორის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც, მეორე მოპასუხე 13 135 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად ყიდდა, ხოლო, პირველი მოპასუხე ყიდულობდა, ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში (მდებარე ქ.ბათუმში, ........) მდებარე საცხოვრებელ ბინას.

მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, პროექტის საჯარო რეესტრში განშლის განხორციელებისა და პირველი მოპასუხის მიერ გამყიდველის მიმართ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ, უძრავი ქონება მყიდველის საკუთრება გახდებოდა.

ნასყიდობის საგნის ღირებულება პირველ მოპასუხეს შემდეგი თანმიმდევრობით უნდა გადაეხადა: 1. 2019 წლის 30 მაისს - 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; 2. არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერისა - 9 135 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. შეძენილ ფართზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მშენებლობის დასრულებისა და სახლის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დარეგისტრირდებოდა, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

- 2019 წლის 27 მარტის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინაზე პირველი მოპასუხის სამომავლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა

- 2021 წლის 2 მარტს, პირველ მოპასუხეს, მეორე მოპასუხესა და, მესამე მოპასუხეს შორის, სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, სადავო ბინაზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით რეგისტრირებული სამომავლო უფლება მესამე მოპასუხეს გადაეცა და ხელშკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელმა აიღო.

დასახელებული საკითხის განხილვის მიზნით საყურადღებოა კანონის შემდეგი ნორმების დანაწესი:

სსკ-ის 1158.1 მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სსკ-ის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, ხოლო, 152-ე მუხლის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებული შედეგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მენარდის მიერ შესრულებისა და შემკვეთის მიერ მენარდისათვის საზღაურის გადახდის პირობებში მიიღწევა.

ამასთან, ნაკეთობის დამზადების შემთხვევაში, მოცემული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობა შესაბამისი ნაკეთობის დამზადებასთანაა დაკავშირებული, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის (სადაც სადავო ბინაა განთავსებული) აშენების ვალდებულების შესრულებაში გამოიხატებოდა.

ამრიგად, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის აშენებისა და მენარდისათვის შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების შემთხვევაში, შემკვეთი ნარდობის საგანზე საკუთრების უფლების მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლებით აღიჭურვება და სახელშეკრულებო ვალდებულებების პირნათლად შესრულების დროიდან მოცემული საგნის მესაკუთრედ მიიჩნევა.

შესაბამისად, სადავო ქონება პირველი მოპასუხის მიერ შეძენილად ამ უკანასკნელის მიერ ნარდობის საზღაურის სრულად დაფარვის პერიოდიდან მიიჩნევა.

20. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტების პირობებში სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ გარიგების საგანზე საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით არ გადასცემია, აღნიშნული გარიგების საფუძველზე ეს უკანასკნელი აღიჭურვა ვალდებულებით, რომ ხელშეკრულების საგნის საფასური გადაეხადა და მხოლოდ ამ ვალდებულების სრულად შესრულებისა და ბინის აშენების შემდეგ მიიღებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

ვინაიდან 2021 წლის 2 მარტის „სამმხრივი შეთანხმების“ გაფორმების დროისთვის პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის 2019 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდის ფაქტი მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა (რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების საფუძველზე ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთში შედიოდა), ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, მათ შორის, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, პირველ მოპასუხეს არ წარმოშობია.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, სადავო გარიგებით თანასაკუთრებაში მოსარჩელის წილი არ განიკარგა და ამ ნაწილში სარჩელი სწორად ჩათვალა წარუმატებლად.

21. რაც შეეხება მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, რომელიც საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეა აღძრული ხსენებული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოების გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 406-ე, 407.1 და 411-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას.

კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ხ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. მ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 1 961.37 ლარის (მათ შორის: #8588 საგადასახადო დავალებით გადახდილი 500 ლარი, გადახდის თარიღი - 8.05.2023წ. და #5362 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1 461.37 ლარი, 29.05.2023წ.) 70% - 1 372.95 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე