03 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-237-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.თ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
არასრულწლოვანი - მ.თ–ძე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესისა და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (სარჩელში); არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ი.თ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და ნ.ბ–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების განმავლობაში, კერძოდ, 2013 წლის 1 დეკემბერს, მხარეებს ქალიშვილი - მ.თ–ძე შეეძინათ (შემდეგში - არასრულწლოვანი).
2. 2016 წლის სექტემბრიდან მოსარჩელის სახლი მოპასუხემ არასრულწლოვან შვილთან ერთად დატოვა, რის გამოც ამ დროიდან ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ამავე პერიოდიდან არასრულწლოვანი დედის საცხოვრებელ მოსამართზე ცხოვრობს.
3. არასრულწლოვანი დედასთან თავს კარგად გრძნობს, მასთან აქვს მიჯაჭვულობა, მამასთან ურთიერთობის წინააღმდეგია და მასთან შეხვედრა არ სურს.
4. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში მოსარჩელე შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზეა დასაქმებული, რომლის შრომის ანაზღაურება თვეში 700 ლარს შეადგენს.
5. მოპასუხეს ხშირად უწევს საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში გამგზავრება, სადაც მეუღლე ჰყავს, რომელიც ფოთის მკვიდრია და საბერძნეთში მუშაობს. დედისა და არასრულწლოვნის სურვილია, არდადეგების პერიოდი ამ უკანასკნელმა დედასთან ერთად საბეძნეთში გაატაროს, სადაც მეუღლესთან ერთად მოპასუხეს საცხოვრებელი ქირით აქვს გადაცემული.
6. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით სურს მამამ მისცეს ნებართვა, რადგან მის გარეშე პასპორტის აღებას ვერ ახერხებს და საზღვარს ვერ კვეთს.
7. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა, რომ არასრულწლოვნის ნახვის დღეებად დადგენილიყო - პარასკევი, შაბათი და კვირა; ამასთან, თუკი მოპასუხე საქართველოს ტერიტორიას დატოვებდა, მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანი აღსაზრდელად მამას გადასცემოდა და მის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო, ხოლო, მამის ნებართვის გარეშე დედას არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა აკრძალვოდა.
8. მოგვიანებით, სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა: არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე არასრულწლოვნის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება; მოსარჩელისთვის მამის უფლებების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნისთვის საზღვრის გადაკვეთის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღების ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვა და, შესაბამისად, შვილის საზღვარგარეთ მამის თანხმობის გარეშე გაყვანაზე მოპასუხისთვის უფლების მინიჭება.
9. 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოსარჩელემ მოპასუხის შეგებებული სარჩელი ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, ამ უკანასკნელის მოთხოვნების უარყოფა ითხოვა.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით:
10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელეს საშუალება მიეცა, ურთიერთობა ჰქონოდა თავის არასრულწლოვან შვილთან და მონაწილეობა მიეღო მის აღზრდაში, შესაბამისად, მოსარჩელეს ნება მიეცა, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში და, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველი თვის მეორე პარასკევს, საღამოს 18:00 საათიდან კვირის საღამოს 18:00 საათამდე, არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წაეყვანა; მოპასუხეს დაევალა, რომ მოსარჩელისათვის ხელი არ შეეშალა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაში;
10.2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა; სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 27 ივნისიდან - მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე - არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოსარჩელეს ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა; არასრულწლოვნის თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღების ნაწილში მოსარჩელეს მშობლის უფლება ნაწილობრივ შეეზღუდა, შესაბამისად, მისი შვილის საზღვარგარეთ მამის თანხმობის გარეშე გაყვანაზე მოპასუხეს უფლება მიეცა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესში შედის, არდადეგების პერიოდში, დროებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ დედასთან ერთად შეუზღუდავად გადაადგილება, რაც დედასა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით (რაც შემოწმებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ და გაცემულია შესაბამისი დასკვნა), გამორიცხავს ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის შეუსაბამო, წინასწარ განჭვრეტადი რაიმე გარემოების არსებობას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 1205-ე მუხლი).
12.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა 250 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლის არსებობის თაობაზე (სსკ-ის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები).
13. ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებულ ნაწილში ამ განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:
- საზღვარგარეთ მოპასუხის ოჯახის არსებობის შესახებ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლოს არ გამოუკვლევია, არასრულწლოვნის რომელ საუკეთესო ინტერესს ემსახურება საზღვარგარეთ ახლობლებთან მოგზაურობა, არის თუ არა კონკრეტული ქვეყანა უსაფრთხო, შეექმნებოდა თუ არა არასრულწლოვანს ენობრივი ბარიერი, ზოგადად რამდენად ჯანსაღ გარემოს შეუქმნის საზღვარგარეთ წაყვანა არასრულწლოვანს.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 19 ივლისის დასკვნის მიხედვით, კასატორი აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვნის მოვლისა და აღზრდის საკითხებში, თუმცა განქორწინების შემდეგ მოსარჩელემ და მისმა ოჯახის წევრებმა მამას შვილის ნახვის საშუალებაც არ მისცეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ დასახელებული დასკვნა მტკიცებულებად გამოიყენა, მაგრამ მისი არსი არასწორად განმარტა, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ იგი შეფასების მიღმა დატოვა.
- სასამართლომ არასწორად დააკისრა კასატორს სარჩელის აღძვრის დღიდან (2019 წლის 27 ივნისიდან) ალიმენტის გადახდა. მისი გადახდის ვალდებულების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან საქმის განხილვის დრო მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით ამავე სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისთვის ძირითადი მნიშვნელობისაა კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნა.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საკითხში.
სხვა ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რამდენადაც გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
16. ალიმენტის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1214-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი შემდეგია: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ალიმენტის დაკისრების საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).
ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).
პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ 250 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრება მართებული გადაწყვეტილებაა.
ზემომითითებული დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა, მათ შორის, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიღო მხედველობაში ის საკითხი, რომ მითითებულ დრომდე კასატორს გადახდილი არ ჰქონდა ალიმენტის თანხა, მის მიერ საალიმენტო თანხის შესაგებლით აღიარებული 150 ლარიც კი, მაშინ როდესაც საქმე არასრულწლოვანი შვილის სარჩოდ (ალიმენტის სახით) გადასახდელ სახსრებს შეეხება, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ორივე მშობელს თანაბრად აკისრია.
16.1. რაც შეეხება კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნას, მოცემული საკითხის გაანალიზებისას შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი:
16.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი).
მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში“ (იხ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016).
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის სტანდარტის დაწესებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი აქვს, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები).
ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (იხ. სუსგ-ას Nას-434-2021, 30.07.2021).
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ.: სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016.; №ას-1323-2023, 07.02.2024).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
16.3. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული სარჩელი იმგვარად დაკმაყოფილდა, რომ არასრულწლოვნის თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღების ნაწილში კასატორს მშობლის უფლება ნაწილობრივ შეეზღუდა, შესაბამისად, მისი შვილის საზღვარგარეთ მამის თანხმობის გარეშე გაყვანაზე მხარეს მიეცა უფლება.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:
1). 2016 წლის სექტემბრიდან მოსარჩელის სახლი მოპასუხემ არასრულწლოვან შვილთან ერთად დატოვა, რის გამოც ამ დროიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ამავე პერიოდიდან არასრულწლოვანი დედის საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობს, დედასთან თავს კარგად გრძნობს, მასთან მიჯაჭვულობა აქვს.
2). საბერძნეთში მოპასუხეს მეუღლე ჰყავს, რომელიც რომელიც იქ მუშაობს, რის გამოც საქართველოდან ხშირად უწევს გამგზავრება.
3). მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ასაკი და, თავად ამ უკანასკნელის ნება-სურვილი - საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით მამამ მისცეს ნებართვა, რადგან მშობლის თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება პასპორტის აღება და საზღვრის კვეთა.
სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) გამომდინარე, ზემომითითებული გარემოებები საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, რადგან კასატორს მათთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
ამასთან, მოპასუხის ხელახლა დაქორწინების, ამ უკანასკნელის მეუღლის საბრძნეთში ცხოვრებისა და, ხსენებული მოტივით საქართველოდან მოპასუხის ხშირად გამგზავრების საჭიროების შესახებ ფაქტობრივი გარემოებები კასატორის მიერ საკასაციო საჩივრით შედავებულია, თუმცა შედავების არარელევანტურობის პირობებში საკასაციო პალატა კასატორის მოსაზრებებს არ იზიარებს; ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკისთვის მიცემულ განმარტებაში მოპასუხე აღნიშნულ საკითხებზე თავადვე მიუთითებდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 175-176). შესაბამისად, სსსკ-ის 131-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მითითებული გარემოება საკასაციო პალატისთვის მხედველობაშია მისაღები.
თითოეული ზემოთ დასახელებული გარემოების საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად საკასაციო სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგან რწმენა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, შემდეგი სახით უნდა ჩამოყალიბდეს:
კასატორს ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილისთვის მისი თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს უფლება მიეცეს - მამის თანხმობის გარეშე გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ - ყოველი კალენდარული წლის ივლისსა და აგვისტოში, არაუმეტეს 20 დღისა და დეკემბერსა და იანვარში, არაუმეტეს 20 დღისა.
საკასაციო პალატის დასკვნით, ბავშვის ასაკისა და მისი სასწავლო რეჟიმის/სასკოლო არდადეგების გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პერიოდი გონივრულია და სრულად შეესაბამება მოზარდის სრულყოფილი აღზრდა/განვითარების ინტერესებს. აღნიშნული პერიოდის ცვლილება სამომავლოდ შესაძლებელია და ის უპირველეს ყოვლისა დამოკიდებული იქნება არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესსა და ნება-სურვილზე (შდრ. იხ. სუსგ-ას Nას-334-2021, 16.05.2021).
17. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი ორ მოთხოვნას აერთიანებდა, საიდანაც ერთ-ერთი მოთხოვნის (ალიმენტის მოთხოვნა) ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინამდებარე გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა. ხსენებული გარემოების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 55-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი.თ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების 2.3 პუნქტი და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.თ–ძეს ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობის უფლება მისი შვილის, 2013 წლის 1 დეკემბერს დაბადებული მ.თ–ძისთვის მისი თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღების ნაწილში, შესაბამისად, ნ.ბ–ძეს უფლება მიეცეს - მამის თანხმობის გარეშე გაიყვანოს მისი შვილი, მ.თ–ძე, საზღვარგარეთ - ყოველი კალენდარული წლის ივლისსა და აგვისტოში, არაუმეტეს 20 დღისა და დეკემბერსა და იანვარში, არაუმეტეს 20 დღისა;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე