საქმე №ას-497-2022 11 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2018 წლის გადაწყვეტილებით ო.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ა.გ–ის, მ.ბ–ის, ა.გ–ისა და ბმა „ვ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე, „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, „ამხანაგობა“, ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 03.02.2010 წლის კრების ოქმი №5, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ..... (ყოფილი ვ–ის) ქუჩა №13-ში მდებარე 5.83 კვ.მ დამხმარე ფართი (ს/კ: .....) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.2. პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს აეკრძალათ მოსარჩელისთვის უძრავი ქონებით (ს/კ: .........) სარგებლობის ხელშეშლა და აღნიშნული ფართი გადაეცა ამხანაგობას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 12.01.2010 წლის კრების ოქმი №3, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი ვ–ის) ქუჩა №13-ში მდებარე 18.80 კვ.მ სხვენი (ს/კ: ........) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.4. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 21.10.2016 წლის კრების ოქმი №10, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი ვ–ის) ქუჩა №13-ში მდებარე 36.46 კვ.მ სხვენი (ს/კ: ......) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.5. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 25.10.2016 წლის კრების ოქმი №10 (2.63 კვ.მ დამხმარე ფართის ნაწილში), რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი ვ–ის) ქუჩა №13-ში მდებარე 31.86 კვ.მ საცხოვრებელი ფართი +2.63 კვ.მ დამხმარე ფართი (ს/კ: ..........) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 460 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების/სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილებით:
1. პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.2., 1.3. და მე-2 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. სარჩელი ამხანაგობის 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
4. მესამე მოპასუხისა და ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 და 1.5. პუნქტები).
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების/სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
3.1. ქ. თბილისში, ........ ქუჩა №13-ში მდებარე 19 კვ.მ ბინა №24 (ს/კ: ........) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
3.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.11.2011 წლის №A11033499-018/001 განკარგულების თანახმად, მოვალის (მეორე მოპასუხის) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ........, რეგისტრირებული წილია 19.00/625.00, იპოთეკის საგანს წარმოადგენს 19.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი .........), შემძენი 27.10.2011 წელს დასრულებულ პირველ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა მოსარჩელე. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის, სს „ვ.ბ.ჯ–იას“ სასარგებლოდ.
3.3. ამხანაგობის 12.01.2010 წლის კრების ოქმით პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა სამეურნეო სათავსის - 18.795 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ........ ქუჩა №13-ში მდებარე 18.80 კვ.მ №24ა სხვენის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
3.4. ამხანაგობის 03.02.2010 წლის კრების ოქმით პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა სამეურნეო სათავსის - 5.831 კვ.მ დამხმარე ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ........ ქუჩა №13-ში მდებარე 5.83 კვ.მ, ფართი №25-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
3.5. სასამართლოს განმარტებით, 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმების ბათილობის საფუძვლის არსებობა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ........ ქ. №13-ში მდებარე ბინა №24-ზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა 03.11.2011 წელს, აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე, მანამდე აღნიშნული უძრავი ნივთი ეკუთვნოდა მეორე მოპასუხეს, რომელსაც მასზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა 17.08.1994 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უდავოა, რომ მ.მ–ძემ აღნიშნული ქონება მიჰყიდა მეორე მოპასუხეს. ამრიგად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ოქმების მიღება, რომლითაც პირველ მოპასუხეს ამხანაგობის საერთო სარგებლობის ფართების (5.83 კვ.მ და 18.80 კვ.მ) ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებობის ფაქტი დაუდასტურდა, ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა ამხანაგობის წევრად მოსარჩელის გახდომას, ანუ ამ უკანასკნელის მიერ ქ. თბილისში, ........ ქ. №13-ში მდებარე სახლთმფლობელობაში ბინა №24-ზე საკუთრების შეძენას.
3.6. 12.01.2010 წელსა და 03.02.2010 წელს ამხანაგობის მიერ პირველი მოპასუხისთვის საერთო სარგებლობის ფართებზე (5.83 კვ.მ და 18.80 კვ.მ) მფლობელობის ფაქტის დადასტურებისას ქ. თბილისში, ........ ქ. №13-ში მდებარე ბინა №24 წარმოადგენდა მეორე მოპასუხის საკუთრებას, შესაბამისად, მითითებულ პერიოდში ამხანაგობის წევრიც ის იყო. მეორე მოპასუხეს 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმების მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, მოსარჩელეს, რომელმაც 03.11.2011 წელს უძრავი ქონების შეძენით ამხანაგობაში მეორე მოპასუხე ჩაანაცვლა, ამხანაგობაში მეორე მოპასუხის წევრობის განმავლობაში ამხანაგობის საერთო საკუთრებასთან განხორციელებულ გარიგებებთან, კონკრეტულ შემთხვევაში 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმებთან მიმართებით პრეტენზიის წარდგენის უფლება არ გადასცემია, აუქციონის წესით კი, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ მხოლოდ 19 კვ.მ ბინაზე მოიპოვა საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ გამოდგება ინტერნეტ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების აღწერაში მითითება მასზე, რომ სამზარეულო და აბაზანა-საპირფარეშო არის საერთო, რადგან აუქციონის წესით თბილისში, ........ ქ. №13-ში მდებარე 19 კვ.მ ბინის გასხვისებამდე საერთო სამზარეულო წელიწადნახევარზე უფრო მეტი ხნით ადრე უკვე გადასული იყო კერძო საკუთრებაში.
3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ ამხანაგობის მიერ 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის ოქმების მიღებისას მოსარჩელე ამხანაგობის წევრი არ ყოფილა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობაში მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედს - მეორე მოპასუხეს მოსარჩელისთვის დასახელებული ოქმებით განკარგული ქონებით სარგებლობის უფლება, მათ შორის, ამ ქონების განკარგვაზე ამხანაგობის მიმართ შედავების უფლება არ გადაუცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის ამხანაგობის ოქმების ბათილად გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რაც ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
3.8. ვინაიდან 03.02.2010 წლის ოქმით განკარგულ 5.83 კვ.მ უძრავ ნივთზე მოსარჩელის უფლების არსებობა არ დადგინდა, ვერ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ქონების ვინდიცირების შესახებ (სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები).
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების/სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.
9. სადავო 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმები, რომლებშიც ამხანაგობის წევრთა სახელით ფორმულირებულია ამხანაგობის გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში სამეურნეო სათავსების არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, წარმოადგენს გარიგებას - ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოვლენას (სსკ-ის 50-ე მუხლი) (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
10. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „სპეციალური კანონი“), ისე სსკ-ით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებსა და სხვა საკითხებს განსაზღვრავს სპეციალური კანონი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მიზანს სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნით, ამხანაგობის წევრებს უფლება მიეცათ, მრავალბინიან სახლებში მდებარე ინდივიდუალური და საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ერთობლივად ემართათ, თუმცა აქვე დაეკისრათ, ვალდებულება შეესრულებინათ კანონის დაცვითა და საფუძველზე (სუსგ №ას-383-2022, 06.10.2022წ.). კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა), ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე) და განმარტავს, რომ იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ, ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
12. სპეციალური კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. პალატა მიუთითებს, რომ წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.09.2009 წლის №2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-18).
13. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ ქ. თბილისში, ........ ქ. №13-ში მდებარე 19 კვ.მ ფართის ბინა №24-ზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.11.2011 წლის განკარგულების საფუძველზე (იხ. განკარგულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.19,20). შესაბამისად, 12.01.2010 წელსა და 03.02.2010 წელს ამხანაგობის მიერ პირველი მოპასუხისთვის ფართების მფლობელობის ფაქტის დადასტურებისას ბინა №24-ის მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი იყო მეორე მოპასუხე, რომელიც წინააღმდეგი არ იყო/ეთანხმებოდა ფართების პირველი მოპასუხის სახელზე განკარგვას (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.23; შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.84-94; მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.164,165). ამდენად, სადავო კრების ოქმების საფუძველზე ფართები ინდივიდუალური საკუთრების ობიექტებად ცალკე საკადასტრო კოდებით პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა მანამდე, ვიდრე მოსარჩელე შეიძენდა სახლთმფლობელობაში ბინა №24-ზე საკუთრების უფლებას (ტ.1, ს.ფ.25, 35). არ არსებობს სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთისა და სადავო უძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 420 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ო.ტ–ძეს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ბ.რ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადახდო დავალება №13473834138, გადახდის თარიღი 02.06.2022წ.) 70% – 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია