Facebook Twitter

საქმე №ას-1458-2024 31 იანვარი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.კ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ.კ–ია, ნ.ა–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.კ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვანი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი პ.კ–იას (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან არასრულწლოვნის მამა) და ნ.ა–იას (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან არასრულწლოვნის ბებია) მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე არასრულწლოვანი (დაბ. 05.11.2010 წ.) არის პირველი მოპასუხის შვილი და მეორე მოპასუხის შვილიშვილი;

3.2. ქ. ფოთში, ......., სართული 3, ბინა N26-ის (ს/კ ........) თანამესაკუთრეები, 2019 წლის 30 დეკემბრამდე, მოსარჩელე, მ.ფ–ია (არასრულწლოვნის დედა) და პირველი მოპასუხე იყვნენ (30.1 კვ.მ - ა.კ–ია, მ.ფ–ია; 15.05 კვ.მ - პ.კ–ია) (იხ. ს.ფ. 21-22);

3.3. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2019 წლის 25 დეკემბერს, დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ს/კ ....... უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. ფოთი, ........., სართული 3, ბინა N26-იდან თავისი კუთვნილი წილი - 15.05 კვ.მ., პირველმა მოპასუხემ აჩუქა დედას - მეორე მოპასუხეს (იხ. ს.ფ. 23-26);

3.4. მეორე მოპასუხეს ს/კ ....... უძრავი ქონების მომიჯნავედ აქვს საცხოვრებელი ბინა N25, ს/კ .......... უდავოა, რომ პირველი მოპასუხე 2017 წლიდან ცხოვრობს დედასთან ერთად (იხ. ს.ფ. 21-22, 104; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება - ს.ფ. 87-103);

3.5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს (არასრულწლოვნის მამას), არასრულწლოვანი შვილის, სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (იხ. ს.ფ. 87-103);

3.6. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით, პირველი მოპასუხის მიერ გადახდილია საალიმენტო თანხა 2 960 ლარი, ხოლო 2022 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენდა 1 760 ლარს (იხ. ს.ფ. 17, 58-59);

3.7. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოცემული დავის პერიოდში, პირველმა მოპასუხემ სრულად დაფარა არასრულწლოვანი შვილის მიმართ საალიმენტო დავალიანება და მას არ გააჩნია არც მიმდინარე და არც დაგროვილი საალიმენტო ვალდებულება (იხ. ს.ფ. 50).

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების - პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა. ამ მიზნით, აუცილებელია შემოწმებული იქნეს თითოეული მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

6. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.

7. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).

8. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას.

9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 25 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროსაც და მას შემდეგაც, ორი წლის განმავლობაში - 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით პირველი მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა საალიმენტო ვალდებულებას და მის გადახდას თავს არ არიდებდა.

10. ასევე დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს მეორე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის მომიჯნავედ, სადაც 2017 წლიდან პირველი მოპასუხე ცხოვრობს.

11. მოპასუხეთა მითითებით, ჩუქების მიზანი იყო, მეორე მოპასუხეს ორივე ქონების გაერთიანებით გაეზარდა მისი საცხოვრებელი ფართი, რათა პირველ მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონოდა შეექმნა ახალი ოჯახი.

12. მართალია, პირველ მოპასუხეს გააჩნდა საალიმენტო დავალიანება, თუმცა, ისიც უდავოა, რომ მან დავის პერიოდში სრულად გადაიხადა მიმდინარე დავალიანება და არანაირი საალიმენტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ აღარ გააჩნია. ეს გარემოებები კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩუქების გაფორმება არ ემსახურებოდა საალიმენტო დავალიანებისაგან თავის გადახდის არიდებას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეები არიან დედა-შვილი, ვერ დაედება საფუძვლად სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების ბათილად ცნობას.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზანი იყო არასრულწლოვნის მამის მიერ საალიმენტო ვალდებულების გადახდისგან თავის არიდება;

13.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზე, თუ როდის დაფარა პირველმა მოპასუხემ საალიმენტო დავალიანება.

13.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობას ეფუძნება, მოპასუხეები სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში მათ მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებით ხასიათს გამორიცხავენ და მიუთითებენ, რომ მოსარჩელის მამას შვილის მიმართ ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდების მიზანი არ ჰქონია, რაც იმითაც დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ საალიმენტო დავალიანება სრულად დაფარა. რაც შეეხება, მეორე მოპასუხეს მან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე საკუთარი შვილის (პირველი მოპასუხის) წილი ქონება გაიერთიანა, სადაც მოპასუხეები ისედაც ერთად ცხოვრობდნენ.

20. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

21. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).

22. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.

23. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გამოვლინდა პირთა ნათესაური კავშირი, საკასაციო სასამართლომ სწორედ სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიიჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას-1314-2020, 22.02.2022წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-1212-1138-2015, 06.06.2016წ; N ას 871-821-2015, 05.02.2016წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015წ; წN ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ.).

24. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ., ას-167-2021, 28.02.2023 წ.)

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეები დედა-შვილი არიან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება. სხვა მხრივ კი მოსარჩელე ვერ სთავაზობს სასამართლოს მოვლენათა ჯაჭვის იმგვარ განვითარებას, რაც უთუოდ შექმნიდა საფუძველს გარიგების მონაწილე მხარეთა ნების არანამდვილად მიჩნევისათვის.

26. კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება, დაუსაბუთებელია, რადგან გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი მსჯელობა და შედეგი, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას შეესაბამება, რაც ამ განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მრავლადაა მითითებული (იხ. ზემოთ).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მოსარჩელის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე