Facebook Twitter

საქმე №ა-5810-შ-152-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის გადასახადებისა და შემოსავლების ამოღების სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "D. G."

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ღსს "გომსელმაშის" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს "D. G"-ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 აშშ დოლარის, როგორც მოსაკრებლის, გადახდა 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით. მოპასუხეს ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 169.75 ბელორუსული რუბლის გადახდა დაეკისრა.

2. 2024 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის გადასახადებისა და შემოსავლების ამოღების სამინისტროს ინსპექციამ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან ინსპექცია) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 4 118.73 ბელორუსული რუბლის ნაწილში.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმე წარიმართა ღია სასამართლო სხდომაზე საქმის მონაწილე მხარეთა წარმომადგენელი პირების მონაწილეობის გარეშე. ქალაქ გომელის პროკურორი იცავდა მოსარჩელე კომპანიის ინტერესებს მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ 2022 წლის 16 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 80 007.08 აშშ დოლარისა და 11 361.35 აშშ დოლარის, როგორც მოსაკრებლის, 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, ამოღების თაობაზე.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ წერილობით მიმართა უცხო ქვეყნის სასამართლოს და განმარტა, რომ სანქციების გამო ბელარუსისა და რუსეთის ბანკები ცუდად მუშაობდნენ, რის გამოც ითხოვა გრაფიკი დავალიანების გადასახდელად: პირველი ნაწილი - 2024 წლის ბოლომდე და მეორე ნაწილი 2025 წლის მაისამდე. მოპასუხე ითხოვდა, რომ მას მოსაკრებლის გადახდა არ დაჰკისრებოდა. მოპასუხე ითხოვდა, საქმე მისი მონაწილეობის გარეშე განეხილათ.

6. მოპასუხის განცხადება წარდგენილია 2024 წლის 8 აგვისტოს და მას ხელს აწერს კომპანიის დირექტორი ზ.ლ–ი.

7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ძირითადი დავალიანების ნაწილში დავა არ გაგრძელებულა.

8. ინსპექციის შუამდგომლობას, ასევე, თან ახლავს მოპასუხე კომპანიის დირექტორისათვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მასალების 2024 წლის 15 იანვარს ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ინსპექციის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლი მოპასუხეს გაეგზავნა და განესაზღვრა ვადა მოსაზრების წარმოსადგენად.

10. სასამართლო შეტყობინება მოპასუხე კომპანიის დირექტორს ჩაჰბარდა, მან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, განცხადება წარმოადგინა და განმარტა, რომ მისთვის უცხო ქვეყანაში განხორციელებული სამართალწარმოების შესახებ ცნობილი უზენაესი სასამართლოს გზავნილის მიღების შემდეგ გახდა. მოპასუხის განმარტებით მას სასამართლო უწყება სათანადო წესით არ ჩაჰბარებია, არ ჩაჰბარებია სარჩელი და არც შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა მიეცა, მას არ მიეცა შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა.

11. მოპასუხის განმარტებით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რის თაობაზეც იგი შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის დროს იმსჯელებს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ძირითადი დავალიანების ნაწილში მოსარჩელესთან მორიგებას მიაღწია, ხოლო მოსაკრებლის გადახდაზე იგი თავიდანვე უარს ამბობდა.

12. მოპასუხემ ითხოვა, რომ ინსპექციის შუამდგომლობა განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით და იგი არ დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) დებულებები.

14. მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

15. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობათა განხილვის სამართალწარმოება სპეციფიკურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიყენება „revision au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. საკასაციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პ.13).

17. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც „გათანაბრების თეორიის“ სახელით არის ცნობილი იურიდიულ დოქტრინაში. „გათანაბრების თეორიის“ საფუძველზე, უცხოური აქტი აღქმულ უნდა იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.)

18. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ასევე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

19. მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ პოზიცია წარმოადგინა და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო უცხო ქვეყანაში წარმოებული სასამართლო პროცესის შესახებ და იგი არ ეთანხმება მისთვის მოსაკრებლის დაკისრებას. მოწინააღმდეგე მხარე ინსპექციის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას შუამდგომლობს.

20. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებითი განხილვა, მოპასუხის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ #ა-2777-შ-69-2024, 05.07.24 წ.).

22. მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შესამოწმებელი საკითხების მიმართ, საკასაციო სასამართლო უარყოფს, რადგან საქმის მასალებში განთავსებულია დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანია მიწვეულ იყო საქმის განხილვაზე და მოპასუხე კომპანიის დირექტორმა განცხადებით მიმართა უცხო ქვეყნის სასამართლოს და განუმარტა, რომ იგი თანახმაა დავალიანების ძირითადი თანხა 2 ეტაპად გადაიხადოს, თუმცა მოპასუხე არ დაეთანხმა მოსაკრებლის დაკისრებას. მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი თანახმაა საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იქნას განხილული (იხ. ამ განჩინების 5-6 პუნქტები).

23. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსპექციის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის წინაპირობა არ არსებობს, რადგან მოპასუხე საცნობ გადაწყვეტილებას არსებითთად, მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში, ხდის სადავოდ, ხოლო რაც შეეხება პროცესუალურ საკითხს მიეცა თუ არა მას შესაძლებლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო, თავად მოპასუხის მიერ წარდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ მას ასეთი შესაძლებლობა მიეცა.

24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება სავსებით შეესაბამება მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებს და სპეციალური კანონის 68-69-ე მუხლების მოთხოვნებს.

25. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება მოთხოვნილ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "D. G"-ის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის გადასახადებისა და შემოსავლების ამოღების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს "D. G"-ს ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 169.75 ბელორუსული რუბლის გადახდა დაეკისრა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე