საქმე №ა-6772-შ-161-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.დ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ე. (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-10 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობა (მზრუნველობის დარეგულირება)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-10 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რადგან მოსარჩელეს დედას, ლ.დ–ს მცირეწლოვანი შვილის ჩ.ა.დ–ის მიმართ გააჩნია მეურვეობის უფლება, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის დებულებების შესაბამისად აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება მის მზრუნველობაში მყოფ ბავშვზე მეურვეობის შესახებ, დადგინდა, რომ მოსარჩელეს უკვე გააჩნია მეურვეობა და გადაწყდა, რომ საჭირო არ არის დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.
2. შუამდგომლობას თან ახლავს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანს შეეცვალა გვარი და ის გახდა ჩ.ა.ე.
3. 2024 წლის 26 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.დ–მა და თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-10 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ლ.დ–ის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს ა.ე–ს, საქმეში მითითებულ მისამართზე: თურქეთის რესპუბლიკა, ანტალია, ......., ...... ბულვარი #... საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილი მიმღებს ვერ ჩაბარდა არასრული საკონტაქტო ინფორმაციის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ.დ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-10 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმის მოსმენა ღია სასამართლო სხდომაზე წარიმართა. მოპასუხეს სათანადოდ ეცნობა, თუმცა მან სარჩელს არ უპასუხა და არც სხდომას დასწრებია. გადაწყვეტილებაში, ასევე, მითითებულია, რომ მცირეწლოვანი ჩ.ა–ი 2015 წლის 22 სექტემბერს დაიბადა, ქორწინების გარეშე. თურქეთის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულების თანახმად, "თუ დედა და მამა არ არიან დაქორწინებულები მეურვეობა ეკუთვნის დედას" ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შესახებ გადაწყდა, რომ საჭირო არ არის დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. მეურვეობა ეკუთვნის მოსარჩელეს და ბავშვზე კანონიერი უფლებები მას აქვს.
7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების შესახებ საბოლოო შეტყობინებაში მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მხარეებს ეცნობათ 08.09.2022 წ. და შესაბამისად, რადგან მხარეებმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს ორი კვირის ვადაში, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 23.09.2022 წ. შევიდა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც ლ.დ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
13. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-10 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რადგან მოსარჩელეს დედას, ლ.დ–ს მცირეწლოვანი შვილის ჩ.ა.დ–ის მიმართ გააჩნია მეურვეობის უფლება, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის დებულებების შესაბამისად აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება მის მზრუნველობაში მყოფ ბავშვზე მეურვეობის შესახებ, დადგინდა, რომ მოსარჩელეს უკვე გააჩნია მეურვეობა და გადაწყდა, რომ საჭირო არ არის დამატებითი გადაწყვეტილების მიღება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე