საქმე №ა-7220-შ-173-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ჩ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ზ–ია (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. ზაპოროჟიეს ორჯონიკიძის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ქ. ზაპოროჟიეს ორჯონიკიძის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) მ.ჩ–იას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ბ.ზ–იას (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 18 აგვისტოს დაბადებული, ი.ზ–იას რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2018 წლის 1 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ.კ–ამ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ორჯერ გაეგზავნა მოპასუხე ბ.ზ–იას, საქმეში არსებულ მისამართზე: ზუგდიდი, ....... ერთ საფოსტო უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ დედა უარს ამბობს ჩაბარებაზე და აცხადებს, რომ ადრესატი მოსკოვშია, ხოლო მეორე უკუგზავნილზე მითითებულია, რომ დედა უარს ამბობს ჩაბარებაზე და არ ამხელს ვინაობას.
6. საკასაციო სასამართლო გზავნილს ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 75-ე მუხლზე დაყრდნობით.
7. მოწინააღმდეგ მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მას ჯეროვანი წესით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, დრო და ადგილი, დაუსწრებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, პასუხი სარჩელზე არ წარუდგენია.
9. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
10. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
11. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია (შეად. სუსგ #ას-1060-შ-27-2020, 30.03.21 წ.).
13. სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე (იხ. ამ განჩინების 5-6 პუნქტები).
14. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 75-ე მუხლი ადგენს ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების პრეზუმფციას იმ შემთხვევაში, თუ იგი (მასთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრი) უარს განაცხადებს უწყების ჩაბარებაზე და თუ აღნიშნულის თაობაზე უწყების მიმტანი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს უწყებაზე
15. სსსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად უწყების მიმღები, მათ შორის ადრესატის ოჯახის წევრი, თუ უარს განაცხადებს უწყების მიღებაზე, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. საკანონმდებლო მოწესრიგება ცალსახად ადგენს, რომ მთავარია, ცხადი იყოს უწყების მიმღების ქმედუნარიანობა და ფაქტი, რომ ის ადრესატთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრია (საქმე №ას-1171-2020, 2.04. 2021 წ.).
16. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.
17. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უკრაინის, ქ. ზაპოროჟიეს ორჯონიკიძის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ზ–იას მ.ჩ–იას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 18 აგვისტოს დაბადებული, ი.ზ–იას რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2018 წლის 1 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე