საქმე №ას-1521-2024 17 იანვარი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ე.გ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ს-ს.კ.მ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე.გ“-ის (შემდეგში, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მესაკუთრე ან კასატორი) სარჩელი, შპს „ს.ს-ს.კ.მ–ის“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვისა და, ნივთის დაბრუნების დაყოვნებისათვის, საიჯარო ქირის ოდენობით, 21 463 ლარის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ლითონის დამამუშავებელი ჩარხი. ძირითადი სარჩელით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 8998.6 ლარის გადახდა დაეკისრა. შეგებებული სარჩელი, მოსარჩელისთვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარეთა სააპელაციო საჩივრები, შესაბამისად, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. მოსარჩელემ (კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია, ხანდაზმულობის გამო, თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, არასწორია, რადგან მოპასუხეს წერილობით წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე, არამედ მან შეგებებული სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვაში ბუნდოვნად ახსენა ამის შესახებ. ამის გათვალისწინებით, მოსარჩელე/კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ხანდაზმულობის ფაქტზე მოპასუხემ საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე მიუთითა და განმარტავს, რომ ეს მოპასუხეს შესაგებელში უნდა დაეფიქსირებინა. კასატორს მიაჩნია, რომ მცდარია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ მოპასუხემ ხანდაზმულობაზე მიუთითა შეგებებულ სარჩელში საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე, რადგან ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, ამასთან ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს დაყენებული, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ თავისი საპროცესო უფლების რანგში არ გამოიყენა.
5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია, შესაბამისად არ ეთანხმება აღნიშნულზე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის პირობებში დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შეფასებით, იმ პირობებში როდესაც მხარეები აღარ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მესაკუთრის ფართს, უნდა გავრცელებულიყო ხელყოფის კონდიქცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 982-ე მუხლი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია მოპასუხის მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე შედავებასთან დაკავშირებით. ძირითადი სარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნაა ნივთით სარგებლობის ხელშეშლის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება ჯამში 21 463 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საშემფასებლო დასკვნით განსაზღვრულ ყოველთვიურ საიჯარო ქირას 01.12.2014 წლიდან 01.12.2022 წლამდე. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 2012- 2014 წლებში, სადავო არ არის. ასევე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს გადაეცა სადავო ნივთი, რომელიც მესაკუთრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, არ დაბრუნებია.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა... ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა 6 თვის ვადით და მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად არ უბრუნებს მოპასუხე კუთვნილ ნივთს.
11. მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში მოსარჩელემ სარჩელს დაურთო შპს „ე.ჯ–ის“ დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა, სადავო პერიოდზე. მოპასუხე მოთხოვნას არ დაეთანხმა იმ ზოგადი პოზიციიდან გამომდინარე, რაც მთლიანად სარჩელის საწინააღმდეგოდ დააფიქსირა, ზიანის ოდენობაზე კი მას საპირისპირო მტკიცებულება ანდა მოსაზრება არ წარმოუდგენია.
12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა, მოპასუხემ მას დაუპირისპირა შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში და სასამართლომაც გაიზიარა, რომ 19.09.2019 წლამდე არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2022 წლის 19 სექტემბრიდან საიჯარო ქირის 8998.6 ლარის გადახდის ვალდებულება.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს საიჯარო ქირის გადახდა 2014 წლიდან უნდა დაკისრებოდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ 2023 წლის 28 თებერვალს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომელშიც მკაფიოდ არის მითითებული, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 196-211).
14. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებზე, კერძოდ, მოპასუხის მიერ 2023 წლის 28 თებერვალს შეგებებული სარჩელის წარდგენის გამო, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (წინამდებარე საქმეზე მოსარჩელეს/კასატორს) შესაგებლის წარმოსადგენად საპროცესო ვადა გაუგრძელა 2023 წლის 30 მარტის განჩინებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 228-229). საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 6 თებერვალს კიდევ ერთი მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 275-276), ხოლო მორიგ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც 2024 წლის 12 მარტს განისაზღვრა, მიიჩნია, რომ საქმე მოზადებულია არსებითად განსახილველად და მთავარ სხდომაში გადაზარდა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამავე კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობაზე) წარადგინა საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელში, შესაბამისად მოპასუხის მიერ დაცულია სსსკ-ით დადგენილი მტკიცებულებების წარდგენის წესი.
16. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა; თბილისი; 2004; 170; იხ. სუსგ-ები: Nას-1122-2019, 23.07.2021წ.; №ას-801-2021 15.10.2021წ.; №ას-444-2022 15.07.2022წ.; №ას-752-2023 14.07.2023წ.).
17. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის კვლევისას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტშია ასახული და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
18. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა მოძრავი ნივთის დაბრუნება და საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა, როგორც ეს მართებულად აქვთ გამოყენებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა 3 წლით. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა 2014 წლის 1 დეკემბრიდან საიჯარო ქირის ანაზღაურება, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით მისთვის ზიანის მიყენებაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და, ამის გათვალისწინებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
21. საკასაციო სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81), შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე სასამართლო მსჯელობას აღარ განავითარებს.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ე.გ–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, 05.11.2024 წლის #074 საგადახდო დავალებით გადახდილი 624 ლარის 70% - 436.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე