Facebook Twitter

10 აპრილი 2024 წელი №ას-1480-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ,, S. U. I-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P."

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი"

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-მ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - ,, S. U. I-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P."-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 366 917.87 ლარის წლიური 11.4%-ის გადახდა ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) ანაზღაურების სახით, 2017 წლის 31 დეკემბრიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით სრულად აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 62 462,00 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“ წარმოადგენს 02.06.2015წ. რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს. მისი წესდების შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობის მთავარი საგანია: საინვესტიციო საქმიანობები უძრავი ქონების პროექტების ფარგლებში საქართველოში და საზღვარგარეთ, კაპიტალის მოპოვების (სესხით და კაპიტალით), აქტივების მართვის და ქონების მართვის ჩათვლით, შენობების დეველოპმენტის, აშენების, ქირაობის, გაქირავების, გაყიდვის და მფლობელობის მიზნით (2.1 პუნქტი); საზოგადოებას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით (2.2 პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 60, 248- 256).

5.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, ამჟამად, პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-მ, 2017 წლის მდგომარეობით, მხარეთა შორის არსებული საშუამავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მომსახურება გაუწია „S. U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.“-ს, თუმცა „S.U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.“-მ საშუამავლო მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური - 141 546,90 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს არ გადაუხადა, რის გამოც ამ უკანასკნელმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-61).

5.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს სარჩელი, S.U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.-ს მიმართ, საშუამავლო მომსახურების საზღაურის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა და მოპასუხეს -„ S.U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.“-ს, შ.პ.ს. „ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 141 546,90 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-61).

5.4. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-მ 23.12.2020 წელს კვლავ მიმართა სარჩელით ფოთის საქალაქო სასამართლოს, „S.U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.“-ს მიმართ და კუთვნილი თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მან განიცადა ზიანი მისაღები თანხის წლიური 11.4%-ის ოდენობით სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით.

5.5. დადგენილია, რომ მოვალემ - „S.U-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. 6 P“-მ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2021 წლის 25 თებერვალს, კრედიტორს - შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს, გადაუხადა 340 915,70 ლარი, რაც წარმოადგენს 141 546,90 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტ ლარს, ვალდებულების წარმოშობის დროს - 2017 წლის 09 ივნისს არსებული უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის (2.4085) შესაბამისად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 295).

5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული შუამავლობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1, 411-ე მუხლებიდან გამომდინარეობდა.

5.7. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს და ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

5.8. პალატამ ყურადღება გაამახვილა ფულის, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგნის სყიდვაუნარიანობის მაღალ ხარისხზე და აღნიშნა, რომ მოვალემ ვალდებულების დარვევით, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა კრედიტორს. სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, კი ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდებოდა არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას.

5.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მტკიცებას არ საჭიროებდა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაარღვია შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პალატამ ხაზი გაუსვა მოსარჩელის საქმიანობის სფეროს, განმარტა საბანკო დეპოზიტის არსი და აღნიშნა, რომ ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, მით უფრო მეწარმე სუბიექტისათვის, ლოგიკური იყო, რომ სამეწარმეო სუბიექტი, რომლის ნებისმიერი ქმედება მიმართულია მოგების მისაღებად, კუთვნილ თანხას, ბიზნესსაქმინობაში სარფიანად დაბანდების შესაძლებლობამდე, განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე, მასზე სარგებლის დარიცხვის გზით მოგების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოსარჩელეს.

5.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით ზიანის მიყენების შესაძლებლობა მისთვის განჭვრეტადი ვერ იქნებოდა, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა ფულად-საკრედიტო ინსტიტუტს და მისი ბიზნეს საქმიანობა უძრავი ქონების ინვესტირებას უკავშირდებოდა და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელშემკვრელი მხარეები რამდენიმე წელია ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის, ცნობილი იყო ის რისკები, რის წინაშეც შეიძლება დამდგარიყო კომპანია, თუ ხელშეკრულების მხარეები გამოიჩენდნენ გულგრილობას და დროულად არ შეასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულ ზიანს უფრო თვალსაჩინოს ხდიდა, ფულადი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა, ვინაიდან თავისუფლად აკუმულირებული თანხა საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი მეწარმე სუბიექტისათვის, უზრუნველყოს მოგების მიღება, არა მხოლოდ მისი სხვადასხვა პროექტში დაბანდებით, არამედ საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე პალატამ სრულად გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების შესაძლებლობა გონივრული განსჯის ფარგლებში, მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო იყო და არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენებისა და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების წინაპირობა.

5.11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების - ს.ს. „ს.ბ“-ს მიერ განსაზღვრული წლიური სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთის 11.4%-ით და გონივრული და სამართლიანი იყო მისი განსაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წლიური სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რაც დადგენილი იყო იურიდიული პირებისთვის კონკრეტულად „მოთხოვნამდე დეპოზიტის“ პროდუქტით სარგებლობისათვის.

აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სხვადასხვა წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე, იურიდიული პირებისათვის, მოთხოვნამდე დეპოზიტის პროდუქტით სარგებლობისათვის, ეროვნულ ვალუტაში და დაადგინა, რომ აღნიშნულის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ზიანის ოდენობის დაანგარიშება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იყო 340 915,70 ლარი, ხოლო ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა 2018-2020 წლების მდგომარეობით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც 2018 წლის მდგომარეობით შეადგენდა 340 915.7 ლარის 5,44%-ს - 18 546 ლარს; 2019 წლის მდგომარეობით შეადგენდა 340 915.7 ლარის 6.03 %-ს - 20 557 ლარს; 2020 წლის მდგომარეობით შეადგენდა 340 915.7 ლარის 6.86%-ს - 23 389 ლარს; ჯამში - 62 492 ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული გარემოება, კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ახალი გადაწყვეტილების, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მიღების საფუძველი იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული თეორიული მსჯელობა არ უკავშირდება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე, საანაბრე პროცენტის დაკისრების თაობაზე, დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.

6.2. სააპელაციო სასამართლომ პროცესუალურ სამართლებრივი დარღვევებით განიხილა საქმე, რაც გამოიხატა შემდეგში: სასამართლომ 2022 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე მხარეებს არ მისცა მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიკერძოებულად, საკუთარი ინიციატივით მოიძია მტკიცებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ სასამართლომ ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ საკუთარი ინიციატივით მოიძია არასაჯარო ინფორმაცია და მეორე მხარეს არ მისცა მისი გაცნობისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამგვარი ქმედებით პალატამ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება.

6.3. სააპელაციო სასამართლომ მატერიალურ სამართლებრივი დარღვევებით განიხილა საქმე, რაც გამოიხატა შემდეგში: სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 412-ე მუხლი. მან ასევე იგნორირება გაუკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლების მანძილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას. კასატორმა მიუთითა საანაბრე პროცენტის დაკისრების საკითხზე 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე და განმარტა, რომ საანაბრე პროცენტის დაკისრების კუმულატიურ წინაპირობებს წარმოადგენს შემდეგი:

- არ უნდა არსებობდეს ეჭვის საფუძველი, რომ კრედიტორი თანხას ანაბარზე განათავსებს;

- მოვალისათვის სავარაუდო უნდა იყოს, რომ კრედიტორი თანხას ანაბარზე განათავსებს.

ამასთან კასატორმა მიუთითა, რომ პრაქტიკაში აღნიშნული წინაპირობები კმაყოფილდება მაშინ, როცა ა) კრედიტორის კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს ფულის სესხად გაცემა ანაბარზე თანხის განთავსება და ბ) ეს ცნობილია მოვალისათვის.

განსახილველ დავაში მოსარჩელე მხარის კომერციულ საქმიანობას წარმოადგენდა უძრავ ქონებაში ინვესტირება. მოსარჩელეს არაერთხელ საჯაროდ და ასევე მოპასუხის წინაშე გაცხადებული ჰქონდა, რომ მისი ბიზნესი იყო უძრავ ქონებაში ინვესტირება. იგივეს ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი ე.წ. „პროსპექტი“ სადაც აღწერილი იყო კომპანიის კომერციული საქმიანობის დეტალები. ამ უკანასკნელის მიხედვით, კომპანიის მიზანს წარმოდგენდა უძრავი ქონების განვითარება, შემოსავლის მომტანი უძრავი ქონების შეძენა და მისი შემდგომი განვითარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიუთითა, რომ საანაბრე პროცენტის დაკისრების ორი კუმულატიური პირობიდან არცერთი არ იყო სახეზე. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ მოპასუხისათვის შეუძლებელი იყო იმის ვარაუდი, რომ მოსარჩელე თანხას ანაბარზე განათავსებდა. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ასეთი ვარაუდის არსებობა წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

6.4. კასატორის მითითებით მოთხოვნა ხანდაზმულია. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა არა მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხზე, არამედ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ასახა და შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხის არგუმენტი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

მოთხოვნის ხანდაზმულობა გამოიხატება შემდეგში: საანაბრე პროცენტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2017 წლის 14 ივნისიდან (როდესაც მოპასუხემ მოსარჩელეს უარი განუცხადა ძირითადი თანხის ანაზღაურებაზე) შესაბამისად 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2020 წლის 14 ივნისს. ხოლო სარჩელი შეტანილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ - 2020 წლის დეკემბერში. შესაბამისად საანაბრე პროცენტის მოთხოვნა ხანდაზმულია. მართალია, მოსარჩელემ ძირი თანხის მოთხოვნით სასამართლოს 2018 წლის 10 იანვარს მიმართა, თუმცა აღნიშნული არ იწვევს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის შეწყვეტას, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით სარჩელის შეტანით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ინსტიტუტი გამოიყენება იგივე სარჩელის მიმართ. სარჩელი კი იმ შემთხვვაშია იგივე, თუ იგივეა ა. სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი), ბ.სარჩელის საფუძველი (ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მოსარელე ამყარებს თავის მოთოვნას) და გ. მხარეები. ამასთან, სამივე ელემენტი ერთდროულად უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე სარჩელი არ გვექნება.

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 10 იანვარს აღძრული სარჩელის (ძირი თანხის მოთხოვნის) და 2020 წლის დეკემბერში აღძრული სარჩელის (საანაბრე პროცენტის მოთხოვნის) საგანი განსხვავებული იყო შესაბამისად პირველ ჯერზე აღძრული სარჩელის შეტანა ვერ გამოიწვევდა საანაბრე პროცენტის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის შეწყვეტას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ტ.უ.ქ.ფ–ი“-მ მხარეთა შორის არსებული საშუამავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მომსახურება გაუწია ,, S. U. I-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P."-ს ამ მომსახურებისთვის გათვალისწინებული საზღაურის 141 546.90 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს. ასევე დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და მასზე იძულებითი აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2020 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სარჩელით ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა კუთვნილი თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მან განიცადა ზიანი მისაღები თანხის წლიური 11.4%-ის ოდენობით სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილება ძირი თანხის დაკისრების ნაწილში აღსრულებულია, რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაღაურების სასარჩელო მოთხოვნას, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ხოლო მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 62 492 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის იმ ლოგიკური ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

12. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მხარეთა მტკიცების ტვირთის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მტკიცებულებები და გარემოებები კომპლექსურად შეფასდეს (შდრ. ჩიტაშვილი ნ. „საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში“, თსუ, 2016, გვ. 154).

13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მხარეებს შორის არსებული რამდენიმეწლიანი სამეწარმეო საქმიანობა მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის ნათელს ხდიდა იმ რისკებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა დამდგარიყო კომპანია მხარეთა გულგრილობის შემთხვევაში, თუკი ისინი დროულად არ შეასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს. ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში კი აღნიშნული ზიანი უფრო თვალსაჩინო იყო ფულის, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტის თვისებიდან გამომდინარე.

ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს არც სარჩელში მითითებული ფაქტები და არც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის თაობაზე, იურიდიული პირებისათვის მოთხოვნამდე დეპოზიტის პროდუქტით სარგებლობისათვის, რის მიხედვითაც დაანგარიშდა ზიანის ოდენობა.

ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა ხაზს გაუსვამს მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების წესს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისთვის სავალდებულოა მოსარჩელე მიუთითებდეს, რომ თანხის დეპოზიტზე განთავსება მის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდოა მეორე მხარისათვის. ამ ფაქტების მითითების გარეშე მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს. მოცემული დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ ეხება, მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულება კი არ ქმნის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს (იხ.: სუსგ №ას-81-2020, 02.03.2020წ.; №ას-964-2018, 01.04.2020წ.; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019წ.; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ.; №ას-459-438-2015, 07.07.2015წ.).

14. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის არსებობის თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილი იქნეს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 3124 (სამიათასასოცდაოთხი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ,, S. U. I-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P."-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შ.პ.ს. ,,ტ.უ.ქ.ფ–ს" (ს/კ .......) ,, S. U. I-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P."-ის (ს/კ .........) სასარგებლოდ დაეკისროს 3124 (სამიათასასოცდაოთხი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის გადახდა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი