Facebook Twitter

09 დეკემბერი 2024 წელი

№ას-1266-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ფ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ც–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ფ.გ–ის მიმართ და მოითხოვა ჯანმრთელობისათვის გაწეული ხარჯის - 299.52 ლარის და მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.თბილისი, ......., ბინა N8) 2021 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება ზეპირსიტყვიერად.

5.2. მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ნაქირავებ ბინას დაცლიდა 2023 წლის 19 თებერვალს და გადასცემდა გასაღებს მოპასუხეს, რომელიც აპირებდა ბინის გარემონტებას და გაქირავებას სხვა პირზე.

5.3. 2023 წლის 23 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც სთხოვდა ბინის დაცლას 2023 წლის 18 მარტამდე. 2023 წლის 23 თებერვლის შეტყობინების პასუხად მოსარჩელემ მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება (28.02.2023 წლის წერილი), რომელშიც მიუთითა, რომ დამატებით ესაჭიროებოდა ვადა ბინის მოსაძებნად 2023 წლის 20 აპრილამდე.

5.4. 2023 წლის 19 მარტს, დილის საათებში, მოპასუხე (გამქირავებელი) გამოცხადდა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მისამართზე. მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვდა ბინის დაცლას, რის გამოც მოხდა კონფლიქტი, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე, მოსარჩელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.

5.5. 2023 წლის 19 მარტს მოსარჩელემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სამედიცინო ბარათის თანახმად, მოსარჩელე უჩივის ჩხვლეტის შეგრძნებას გულმკერდის არეში, გულის ფრიალს, აღენიშნება კანკალი და შფოთვა. 2023 წლის 23 მარტს და 04 აპრილს მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქოლოგთან, ხოლო 2023 წლის 09 ოქტომბერს ნევროლოგთან კონსულტაციაზე. ამ კონსულტაციებისა და შეძენილი მედიკამენტების ღირებულება შეადგენს 299.52 ლარს.

5.6. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხესთან წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად მას მიადგა, როგორც მატერიალური ასევე - მორალური ზიანი.

5.7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408.1, 409-ე, 413-ე მუხლები. პალატამ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობა, მისი გამოყენების წინაპირობები და მიუთითა, როგორც ზიანის მიყენების, ისე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი დაზარალებულ მხარეს ეკისრებოდა.

5.8. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შესაბამისად, არც მატერიალური და არც მორალური ზიანი არ არსებობდა. პალატა სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რაც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

5.9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიები და მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს. მოპასუხეს თავის ახსნა-განმარტებაში არასდროს დაუდასტურებია მოსარჩელისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. უფრო მეტიც, მოპასუხის განმარტებით, გაქირავებულ ბინაში მისვლისას, მოსარჩელემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მას დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, ამასთან, ამ ფაქტზე მოსარჩელის მიმართ დაწყებულია გამოძიება და მოპასუხე ცნობილია დაზარალებულად. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ ზემოხსენებულ საქმეზე ის ცნობილია ბრალდებულად და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოსთვისაა გადაცემული განსახილველად. შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის მიმართვასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცნობით ირკვეოდა, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება, თუმცა ეს უკანასკნელი დაზარალებულადაც კი არაა ცნობილი. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით არ დასტურდებოდა მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ან მუქარის ფაქტი (იხ. ტ.1., ს.ფ. 190). სადავო გარემოება არც მოწმე ი.ბ–ის ჩვენებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, მითითებულმა მოწმემ აჩვენა, რომ: 2023 წლის 19 მარტს, როდესაც სახლში იმყოფებოდა, გაიგო, რომ ქალი ითხოვდა შველას. ის არ შესწრებია, მოსარჩელის მხრიდან ძალადობას. შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მოპასუხე ინსცენირებას დგამდა. მან გაიგო, რომ მოპასუხე ითხოვდა შველას, თუმცა მისი მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ყოფილა, მისი სურვილი იყო სახლში შესულიყო და შესასვლელი კარი მარჯვენა ფეხით ეკავა. მანამდე რა მოხდა, მისთვის უცნობია, არ უნახავს (იხ. 14.09.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 14:38:59 წუთიდან). ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ეს ჩვენება არ შეიცავდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას. პალატამ მიუთითა, რომ არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 08 დეკემბრის სამედიცინო ცნობით არ დასტურდებოდა სადავო ფაქტები, რადგან მასში გადმოცემული იყო მხოლოდ მოსარჩელის განმარტება მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და დამუქრების თაობაზე, ასევე, ამ ცნობაში აღწერილი იყო პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, რაზეც თავად პაციენტმა მიუთითა. რაც შეეხება ცნობაში მითითებულ დიაგნოზს, არ დასტურდებოდა ამ დიაგნოზის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასთან (იხ. ტ. 1., ს.ფ. 191-192). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაწია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხემ მას მიაყენა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა და, ამ ქმედებით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტები, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და დამუქრების ფაქტებზე და, ამასთან, სამედიცინო დაწესებულებაშიც მივიდა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, არ ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს მოპასუხისათვის მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად, რადგან არ იყო შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელემ 2023 წლის 20 აპრილამდე ითხოვა ვადა. რეალურად კი, ამ დრომდე მოსარჩელეს მოპასუხესთან კომუნიკაცია არ სურდა. ამასთან, არასწორად დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2023 წლის 19 მარტს მოპასუხის მიერ ბინის დაცლის მოთხოვნის გამო მოხდა კონფლიქტი. რეალურად მოპასუხე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მივიდა მოსარჩელესთან და ბინის დაცლა სთხოვა, მაშინ, როცა მოსარჩელეს ქირის საფასური გადახდილი ჰქონდა. არასწორია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თითქოს მოსარჩელეს მხოლოდ ფსიქოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაცია დასჭირდა. ამის გარდა მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ფსიქიატრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა, თუმცა სასამართლოს მიერ ელექტრონული ვერსიის შექმნისას აღნიშნული გვერდი იყო გამორჩენილი და, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს თან არ ჰქონდა მითითებული ცნობა მატერიალურად, მოგვიანებით მისი ელექტრონულად გაგზავნის მიუხედავად, სამართლომ არ გაიზიარა ეს უკანასკნელი.

6.2. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მატერიალური და მორალური ზიანის არსებობა და ყოველივე ამის დასტურად მოსარჩელე მიუთითებს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის ქმედებების გამო აპელანტს მიადგა ზიანი, კერძოდ: 2023 წლის 19 თებერვალს მოპასუხის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მოსარჩელემ დარეკა 112-ში, რის საფუძველზეც პოლიციის მიერ შედგენილია რეაგირების ოქმი, ამით დასტურდება, სამართალდამცავებისათვის მიმართვა მყისიერად. ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ, მოსარჩელემ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმართა შესაბამის სპეციალისტს, რომლის დანიშნულ მკურნალობას დღემდე აგრძელებს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის დასტური ბინაში თვითნებურად შეჭრის მცდელობის თაობაზე, მოწმე ი.ბ–ის ჩვენება, 2024 წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნა და ფსიქიატრის მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულებებს რომლითაც დასტურდება მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად მოსარჩელეს მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი. ჩამოთვლილი მტკიცებულებების შემდეგ კი სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცების ტვირთი ვერ გაწია, არასწორია. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 575-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მას ჰქონდა უფლება, დაეცვა მისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისგანაც.

6.3. კასატორმა იშუამდგომლა საქმისათვის მტკიცებულებების დართვის თაობაზე. კერძოდ, მან ითხოვა 2024 წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნისა და 2024 წლის 27 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საქმისათვის დართვა. ამასთან, 2024 წლის 22 ნოემბრის განცხადებით იშუამდგომლა #007442524 ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლები წარმოადგენს.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016წ; სუსგ Nას-1426-2018; 11.04.2019წ.). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

13. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე - მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შდრ. სუსგ: Nას- 475-2019, 15.04.2021წ; Nას-1065-2020, 08.04.2021წ; Nას- 338-2019, 22.03.2021წ; N ას-1433-2021, 06.08.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; Nას-524-2021, 08.12.2021წ.). 15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 16. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მოქმედებების შედეგად მიადგა მოსარჩელეს ზიანი, ამ უკანასკნელს ეკისრებოდა, რომელმაც აღნიშნული სათანადოდ ვერ განახორციელა.

17. კასატორი მოპასუხის მოქმედებებით, ზიანის მიყენების დასადასტურებლად მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე: მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, #512 სამედიცინო ბარათი, შსს-ს მიერ გაცემული ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა.

18. მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით არ დასტურდებოდა მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ან მუქარის ფაქტი, მოწმის ჩვენება არ შეიცავდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, სამედიცინო ცნობით არ დასტურდებოდა სადავო ფაქტები, რადგან მასში გადმოცემული იყო მხოლოდ მოსარჩელის განმარტება მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და დამუქრების თაობაზე, ასევე, ამ ცნობაში აღწერილი იყო პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, რაზეც თავად პაციენტმა მიუთითა. რაც შეეხება ცნობაში მითითებულ დიაგნოზს, არ დასტურდებოდა ამ დიაგნოზის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასთან (იხ. პუნქტი 5.9.). პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაწია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის ქმედებით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტები, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და დამუქრების ფაქტებზე და, ამასთან, სამედიცინო დაწესებულებაშიც მივიდა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, არ ქმნიდა საკმარის ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს მოპასუხისათვის მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად.

19. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს თან ერთვის დოკუმენტები (27.06.2024წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 19.07.2024წ. წერილი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა #001997424) (ტომი 2, ს.ფ. 85-99) და 2024 წლის 22 ნოემბრის განცხადებით წარმოდგენილია დოკუმენტები (სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა #007442524 (ტომი 2, ს.ფ. 118-131) და კასატორი შუამდგომლობს მითითებული მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე,

20. ზემოაღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით კი, არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუშვებელია ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება.

21. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, მისი მსჯელობის საგანია მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად სწორად შეფასება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება (იხ. სუსგ ას-1217-2018, 13/12/2018წ.).

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული და 2024 წლის 22 ნოემბრის განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერმიუთითებს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. დ.ც–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №23820874697, გადახდის თარიღი: 20.09.2024წ., გადამხდელის ბანკი ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. დ.ც–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები (ტომი 2, ს.ფ. 85-99) და 2024 წლის 22 ნოემბრის განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები (ტომი 2, ს.ფ. 118-131).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი