02 დეკემბერი 2024 წელი
№ა-666-ა-20-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ლ.გ–ძე, თ.გ–ძე, ა.ხ–ნი, მ.გ–ძე, გ.კ–ძე, გ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2020 წლის 27 ნოემბრის Nას-392-2019 წლის განჩინება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძის, გ.ჯ–ის, მ.გ––ძის, გ.ლ–ძის, ზ.ც–ის, ლ.გ–ძის, ა.ხ–ნის, გ.ხ–ძის, მ.თ–ძის, ო.ყ–ის, დ.ჯ–ის, ა.წ–ისა და თ.გ–ძის სარჩელი სს „თ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. სასამართლომ მოსარჩელეები აღადგინა სამსახურში, მოპასუხეს დაეკისრა, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 2 აპრილამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 5 ნოემბერს და აღსრულებულია.
3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2013 წლის 3 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ მათი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისად.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმისწარმოება ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეების - . და დ. კ–ების, გ.ჯ–ის, მ.გ––ძის, გ.ლ–ძის, ზ.ც–ის, ლ.გ–ძის, ა.ხ–ნის, გ.ხ–ძის, მ.თ–ძის, ო.ყ–ის, დ.ჯ–ის, ა.წ–ისა და თ.გ–ძის სარჩელზე სს „თ–ის“ მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
9. 2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.გ–ძის, თ.გ–ძის, ა.ხ–ნის, მ.გ––ძის, გ.კ–ძის, გ.ჯ–ის წარმომადგენელმა ქ.ყ–მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის Nას-392-2019 განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ (CASE OF „TSULUKIDZE AND RUSULASHVILI V. GEORGIA“ Applications nos. 4468121 and 17256/22), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის წარმოებისას და 2021 წლის 24 ნოემბრის და 2021 წლის 05 მარტის განჩინებების გამოტანისას, მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც კანონის თანახმად არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში, რაც რაც განმცხადებლების წარმომადგენლის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
10. 2024 წლის 22 ნოემბერს №2/21886-14 სამოქალაქო საქმე ლ.გ–ძის, თ.გ–ძის და სხვათა სარჩელისა გამო მოპასუხე სს „თ–ის“ მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, გამოთხოვილი იქნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან, დასახელებული სამოქალაქო საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გადმოეგზავნა 2024 წლის 29 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ლ.გ–ძის, თ.გ–ძის, ა.ხ–ნის, მ.გ––ძის, გ.კ–ძის და გ.ჯ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ. საქმეზე № ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, თუმცა, სარჩელითა თუ განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვა არ გულისხმობს უპირობოდ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სარჩელის/განცხადების მიღებას და მის არსებით განხილვა-გადაწყვეტას. განმცხადებელი ვალდებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს განცხადების სასამართლოში წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს შესაბამისი საქმე.
19. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ ერთ-ერთ წინაპირობას ეფუძნება. კერძოდ, განმცხადებელი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით (CASE OF „TSULUKIDZE AND RUSULASHVILI V. GEORGIA“ Applications nos. 4468121 and 17256/22), დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის წარმოებისას და 2020 წლის 05 მარტის და 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გამოტანისას, მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც კანონის თანახმად არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განმცხადებლის მიერ მოხმობილი პროცესუალური საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში (სსს-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი). განსახილველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსამართლეს, რომელმაც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, ეს კანონით ეკრძალებოდა.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობის დასადასტურებლად, წარმოდგენილ განცხადებას ერთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განჩინება ინგლისურ ენაზე. ევროსასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, დადგინდა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა. კერძოდ, ევროსასამართლომ გააერთიანა ლ.რ–ისა და ზ.წ–ძის საჩივრები, რომლებიც ითხოვდნენ აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენას. მითითებულ პირთა საქმეების განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობდა ორი სხვადასხვა საქმისწარმოების ფარგლებში, ერთი და იმავე მოწინააღმდეგე მხარის (სს „თ–ი“) მიმართ და ორივე საქმეში, დაყენებული იყო სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არ დაკმაყოფილდა და სწორედ ამ ნაწილში დაადგინა ევროსასამართლომ ევროკონვენციის დარღვევის ფაქტი, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის მითითებული გადაწყვეტილება კონვენციის 43-ე და 44 მუხლების თანახმად, საბოლოო არ არის და მისი გაცხადებიდან სამი თვის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის გადაცემა სასამართლოს დიდი პალატისათვის.
22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 43-ე მუხლის თანახმად, პალატის გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. კონვენციის 42-ე მუხლის თანახმად, პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამავე კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულების თანახმად კი, პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა, როდესაც: ა. მხარეები განაცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემას, ან ბ. პალატის გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში მათ არ მოუთხოვიათ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა, ან ც. დიდი პალატის კოლეგია უარყოფს 43-ე მუხლის საფუძველზე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნას.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
24. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელთა მიერ მითითებული გადაწყვეტილების მიღებიდან (29.08.2024) საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოსათვის მომართვამდეც (20.11.2024) არ არის გასული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 43-ე მუხლით განსაზღვრული სამი თვის ვადა, რა ვადაშიც უფლება აქვს მხარეს მოითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა და არ დასტურდება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება (CASE OF „TSULUKIDZE AND RUSULASHVILI V. GEORGIA“ Applications nos. 4468121 and 17256/22) შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ.გ–ძის, თ.გ–ძის, ა.ხ–ნის, მ.გ––ძის, გ.კ–ძის და გ.ჯ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს და დატოვებული უნდა იქნას განუხილველად.
26. ვინაიდან, არ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, განმცხადებლებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 372-ე, 399-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე, 425-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ–ძის, თ.გ–ძის, ა.ხ–ნის, მ.გ––ძის, გ.კ–ძის და გ.ჯ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოთ განმცხადებლებს, რომ უფლება აქვთ საერთო წესების დაცვით კვლავ მომართონ საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებაში მითითებული საქმის წარმოების განახლების განცხადების დასაშვებობისათვის დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში.
3. ლ.გ–ძეს, თ.გ–ძეს, ა.ხ–ნს, მ.გ––ძეს, გ.კ–ძეს, გ.ჯ–ს დაუბრუნდეთ ქ.ყ–ის (პ/ნ.........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი", საგადახდო დავალება N24670866341, გადახდის თარიღი: 18.11.2024 წ. სახაზინო კოდი 30073150).
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი