26 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1408-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“
მოწინააღმდეგე მხარეები _ ს.პ.ს. გ.ო–ის იურიდიული კომპანია, გ.ო–ი, მ.ს–ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.პ.ს. „გ.ო–ის იურიდიულმა კომპანია“-მ გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“-ს მიმართ, 43 000 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის, მ.ს–ასა და გ.ო–ის წინააღმდეგ და 75273.36 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
3. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 43 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 13 თებერვალს დაიდო იურიდიული მომსახურების №05/16 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ“, მოპასუხე შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“) სამართლებრივი რეკომენდაციების გაცემისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის ვალდებულება, ასევე, შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ“-ს წინააღმდეგ შეგებებულ სარჩელზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი რეკომენდაციების გაცემა და წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე კომპანია ზემოაღნიშნულ სასარჩელო წარმოებაზე განახორციელებდა წარმომადგენლობას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ასევე, სააღსრულებო წარმოებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების საფასური განისაზღვრა 5000 ლარით, რომელიც დამკვეთს უნდა გადაეხადა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების ფასი განისაზღვრა 2000 ლარით, რომელიც დამკვეთს უნდა გადაეხადა ორ ნაწილად. კერძოდ, პირველი ნაწილი (1000 ლარი) უნდა გადახდილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან (ნებისმიერი მხარის მიერ, მოსარჩელე/მოპასუხე) სამი სამუშაო დღის ვადის, ხოლო მეორე ნაწილი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან სამი დღის ვადის დაცვით. დამკვეთმა იკისრა ვალდებულება, მოწინააღმდეგე მხარის სარჩელსა და დამკვეთის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, მისთვის სასარგებლო შედეგის შემთხვევაში (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე - მორიგება), იურიდიული კომპანიისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა მიღებული სარგებლის 1.5%, ხოლო დამკვეთის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნაზე მისთვის სასარგებლო შედეგისას სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების მიღება, ასევე მორიგება), იურიდიული კომპანიისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა მიღებული სარგებლის 4%. დამკვეთმა იკისრა შემსრულებლის მიერ გაწეული ყველა ანაზღაურებადი ხარჯის დაფარვის ვალდებულება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხარჯებს, სანოტარო გადასახადებსა და თარგმანთან დაკავშირებულ ხარჯებს (ხელშეკრულების 3.8. პუნქტი).
6.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება შესაძლოა, ვადამდე შეწყვეტილიყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, აგრეთვე, დამკვეთის მხრიდან ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში - შემსრულებლის ინიციატივით. შემსრულებელს დამკვეთისათვის წერილობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შემსრულებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად, ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა შემსრულებლისათვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ და სათანადოდ დაესაბუთებინა შეწყვეტის მიზეზი.
6.3. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა 6000 ლარი, რაც მოიცავს პირველ ინსტანციაში საქმისწარმოებისათვის 5000 ლარს და სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილ 1000 ლარს. უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების შესაბამისი 1000 ლარი და ე.წ. წარმატების ჰონორარი, მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.
6.4. მოპასუხემ 2016 წლის 05 აპრილს მ.ს–ასა და გ.ო–ზე გასცა სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა სამივე ინსტანციის სასამართლოში, ასევე - სააღსრულებო საქმისწარმოების უფლებამოსილება 2016 წლის 05 ოქტომბრამდე ვადით. 2016 წლის 05 ოქტომბერს გაიცა იმავე შინაარსის მინდობილობა 2017 წლის 05 ოქტომბრამდე ვადით მ.ს–ას მიმართ.
6.5. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ს.წ.ქ–ის" შეგებებული სარჩელი და მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯს მუდმივმოქმედი ფილიალი“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო. 2019 წლის 8 თებერვალს ძალაში შევიდა შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს მუდმივმოქმედი ფილიალი“-ს სარჩელის უარყოფისა და შ.პ.ს. „ს.წ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
6.6. მ.ს–ასა და გ.ო–ის მონაწილეობით 06.04.2016, 02.06.2016, 14.06.2016, 15.06.2016, 20.06.2016 წლებში გაიმართა სასამართლო სხდომები პირველი ინსტანციის სასამართლოში. მ.ს–ა და გ.ო–ი მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების განხილვისას, 08.07.2016 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, პირველ ჯერზე, საქმის განხილვისას 03.02.2017, 10.03.2017, 17.03.2017 წლების სასამართლო სხდომებზე მონაწილეობდა მ.ს–ა, მასთან ერთად, დამკვეთის წარმომადგენლად - სხვა წარმომადგენელი ლ.ც–ძე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მეორე ჯერზე, 26.04.2018წ., 24.05.2018წ., 14.06.2018წ. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე დამკვეთის წარმომადგენლად მონაწილეობდა სხვა წარმომადგენელი - ლ.ც–ძე. საკასაციო სასამართლოში საქმე, ორივე ჯერზე, განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
6.7. აპელანტი ამტკიცებდა, რომ ელ. ფოსტის მეშვეობით, 2018 წლის 02 ივლისს მოსარჩელე იურიდიულ კომპანიას, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა შეტყობინების მიღება იურიდიულ კომპანიას არ დაუდასტურებია. მოსარჩელის განმარტებით, შეტყობინება არ მიუღია, თუმცა არ უარყო ამავე ელ.ფოსტის მისამართზე მოპასუხისგან სხვა შეტყობინებების მიღება. 2019 წლის 14 თებერვალს მოპასუხის სახელით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მატერიალურად, ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მოსარჩელეს, რომელიც ჩაბარდა გ.ო–ს და რომლის მიღებაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა.
6.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს როგორც მხარეთა შორის დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე - დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სამოქალაქო კოდექსის 709-ე-710-ე მუხლები).
6.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არ ვლინდებოდა საკასაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. პალატამ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებს: იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთმა იკისრა 1000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება (ტომი I, ს.ფ. 21-25); დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე იურიდიული კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა სასამართლო სხდომები პირველი ინსტანციის სასამართლოში. ეს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გამართულ სასამართლო სხდომაზეც. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (03.02.2017წ., 10.03.2017წ., 17.03.2017წ.) საქმის განხილვისას მონაწილეობდა იურიდიული კომპანიის ერთერთი წარმომადგენელიც (ტომი II, ს.ფ. 210-238,239-252,253-262, ტომი III, ს.ფ. 14-18). დადგენილი იყო ისიც, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე (ტომი I, ს.ფ. 171-196). მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა პირადად ჩაიბარა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება 02.06.2017 წელს (ტომი III, ს.ფ. 166, 174). საკასაციო სასამართლოს გზავნილის თანახმად, მოსაზრებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 5 დღე გზავნილის ჩაბარებიდან (ტომი II, ს.ფ. 93-94). საკასაციო სასამართლოს გზავნილი, განჩინება და საკასაციო საჩივრის ასლი გადაეცა მოპასუხის სხვა წარმომადგენელს, რაც მასვე ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა 2017 წლის 05 ივნისს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით მოსარჩელე იურიდიული კომპანიის ადვოკატს გაეგზავნა 2017 წლის 09 ივნისს (ტომი II. ს.ფ. 92). ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ საკასაციო შესაგებელი სასამართლოში უკვე წარდგენილი იყო მოპასუხის მიერ (ტომი II, ს.ფ. 98-99).
6.10. ზემოხსენებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს (დამკვეთს) გააჩნდა სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის მოსარჩელისათვის დროულად მიწოდების ვალდებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, საპროცესო კანონმდებლობა კი, არ ითვალისწინებს აღნიშნულ ეტაპზე კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებათა წარუდგენლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე-413-ე მუხლები). ასევე, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, თავად წარედგინა საკასაციო შესაგებელი ან მონაწილეობა მიეღო საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა დაბრუნების შემდეგ საქმის განხილვაში, კერძოდ, როგორც აღინიშნა, საკასაციო წარმოების ეტაპზე საკასაციო შესაგებელი მოპასუხეს უკვე წარდგენილი ჰქონდა, ხოლო საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მოსარჩელეს არ ეცნობა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ, შესაძლებლობის ფარგლებში, შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ავალდებულებს მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს საკასაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევისათვის შეთანხმებული საზღაური.
6.11. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 3.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის სარჩელსა და დამკვეთის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, მისთვის სასარგებლო შედეგის შემთხვევაში (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე მორიგება), მოსარჩელე იურიდიული კომპანიისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა მიღებული სარგებლის 1.5%; ხოლო დამკვეთის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნაზე მისთვის სასარგებლო შედეგის (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების მიღება, ასევე მორიგება) შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა მიღებული სარგებლის 4 %.
6.12. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული შეგებებული სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 96-129), ასევე, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასებები, რის შედეგადაც დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში დამკვეთის სასარგებლოდ გადაწყდა - სრულად დაკმაყოფილდა დამკვეთის შეგებებული სარჩელი, არ დაკმაყოფილდა დამკვეთის მოწინააღმდეგე მხარის თავდაპირველი სარჩელი (ტომი I. ს.ფ. 26-63). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - დავა დასრულდა დამკვეთის სასარგებლო შედეგით (ტომი I. ს.ფ. 130-170). საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 171-196). საბოლოოდ, დადგენილი იქნა, რომ საქმე დასრულდა დამკვეთის - მოპასუხის სასარგებლო შედეგით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით (ტომი II, ს.ფ. 307-322).
6.13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმომადგენლის მიერ მომზადებული სარჩელი (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელი) თავადვე მეტყველებს, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა დავის დადებითად დამთავრებაში. საქმეში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის მიხედვით, ამჟამინდელი მოპასუხის ძირითადი ინტერესი შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ“-ს მიერ ვალდებულების შესრულების (საქონლის შენახვის ხარჯისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასთან ერთად) მიღება იყო, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის - შ.პ.ს. „ჩ.რ. №-ე ბ.ჯ“-ს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით. ძირითადად, სწორედ ეს იყო, რასაც სამოქალაქო საქმიდან მარწმუნებელი ელოდა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნტებისა და 206-ე მუხლების შესაბამისად, საქმეზე მხარის სასარგებლო ან საწინააღმდეგო შედეგს განაპირობებს პოზიციები და მტკიცებულებები - წარდგენილი მხარის მიერ საქმის პირველ და საგამონაკლისო შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (ს.უ.ს.გ. №ას-346-2021,14.07.2021წ; №ას-1084-2021, 01.12.2021წ. №ას-664-635-2016, 02.03.2017წ, №ას-680-2021. 26.01.2022წ). პალატის განმარტებით, საყურადღებო იყო ისიც, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მოპასუხის (დამკვეთის) მიერ საქმეზე არ ყოფილა მითითებული რაიმე სხვა გარემოებასა და/ან მტკიცებულებაზე, რომელიც წარდგენილი იქნა მოსარჩელის მონაწილეობის შემდგომ წარმართულ სხდომებზე, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია გადაწყვეტილების საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოსარჩელის აქტიური და უშუალო მოქმედებით მიიღო მოპასუხემ (დამკვეთმა) საქმეზე სასარგებლო შედეგი, რაც ქმნიდა მხარეთა შორის შეთანხმებული ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ დამკვეთის მხრიდან გადახდის ვალდებულებას.
6.14. რაც შეეხება მინდობილობის ვადის გასვლის საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლი. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ხოლო ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (შდრ. №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი). პალატამ სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ელ ნაწილზეც მიუთითა, რომლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამასთან, 51-ე მუხლი გამოიყენება გარიგების მსგავსი ნების გამოვლინებების მიმართაც, მაგალითად, შეტყობინება, გაფრთხილება, ვადის დანიშვნა და ა.შ. თუკი მათი ნამდვილობისათვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღება (იხ: ლადო ჭანტურია, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი", წიგნი I, მუხლი 51, გვ. 296, თბილისი, 2017).
6.15. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 7.1. პუნქტს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი იყო, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (7.2.1. პუნქტი). ასევე, შემსრულებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა შემსრულებლისათვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ და სათანადოდ დაესაბუთებინა შეწყვეტის მიზეზი. ჯეროვანი დასაბუთებისა და კონკრეტული საფუძვლის შემთხვევაში, ხელშეკრულება მოშლილად ჩაითვლებოდა (7.2.2. პუნქტი).
6.16. დადგენილი იყო, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდეგ, კერძოდ, 2019 წლის 14 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით (ტომი II, ს.ფ. 114). ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ წარმოდგენილა. ამასთან, საყურადღებო იყო ისიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლი (მარწმუნებელს უფლება აქვს საქმისწარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს), სწორედ აპელანტს (მოპასუხეს) წარმოუშობდა ვალდებულებას, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტისა და გაცემული მონდობილობის გაუქმების თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთ მტკიცებულებაზე, რომ მან ან მისმა წარმომადგენელმა სხვა წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი ადვოკატის (ადვოკატების) დაქირავების შესახებ აცნობა სასამართლოს. სწორედ „გონივრული განსჯის“ (სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი) საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივად არ შემწყდარა დავალების ხელშეკრულება მოსარჩელისთვის ფოსტის მეშვეობით შეტყობინების მიღებამდე.
6.17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მინდობილობების ვადის გასვლასთან არ დაუკავშირებია, ეს პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით გააგზავნა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა იურიდიულ კომპანიას (ტომი I, ს.ფ. 171-196; ტომი II, ს.ფ. 101-102). ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელემ ინტერესი დაკარგა საქმის მიმართ და არ მოუთხოვია ახალი მინდობილობების გაცემა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხემ ახალი მინდობილობები მოსარჩელის მოთხოვნის გარეშე გასცა (ტომი I. ს.ფ. 128-129). გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, მინდობილობის გაუქმება იმ დროს, როცა საქმეზე უკვე დადგა დამკვეთის სასარგებლო შედეგი, ამ უკანასკნელს არ ათავისუფლებს „წარმატების ჰონორარის“ გადახდის ვალდებულებისაგან, რადგან ამ ეტაპზე დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება განხილულიყო როგორც შეთანხმებული ჰონორარის გადახდისაგან თავის არიდების მცდელობა.
6.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის წარმომადგენლობით ნაწარმოებ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნიდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გარდა ფიქსირებული გასამრჯელოსი, მოსარჩელეს წარმოეშვა ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ მოთხოვნის უფლებაც. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
6.19. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მის მიერ მოთხოვნილი თანხის გამოანგარიშების საფუძველი. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტება, რომ გააჩნდა მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისაგან ანაზღაურების განზრახვა და, რომ მან ასეთი დავალება მისცა დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე, არც დამკვეთს და არც მის სხვა წარმომადგენელს არ დაუყენებია სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობა. მათი მხრიდან ასეთი სახის შუამდგომლობის დაყენების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, თუკი დამკვეთს მართლაც სურდა გაწეული სასამართლო ხარჯების მიღება მოწინააღმდეგე მხარისგან, ხელს არაფერი უშლიდა ამ განზრახვის განხორციელებაში. ცხადი იყო, ამაში ხელს ვერც მის მიერ დაქირავებული ადვოკატები ვერ შეუშლიდნენ. საყურადღებო იყო ისიც, რომ აპელანტმა მოითხოვა დავის საგნის ღირებულების 4%-ის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც ამ ოდენობის ხარჯი არ გაუწევია.
6.20. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით მოსარჩელის ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ აპელანტის პრეტენზიებიც.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. შემდეგი საფუძვლებით:
7.1. ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ჰონორარი, ანუ ძირითადი გასამრჯელო, რომელიც მხარეს მიეცემოდა უშუალოდ მომსახურებისათვის (საქმის წაგებისა და მოგების შემთხვევაშიც) და წარმატების ჰონორარი, წარმატების საკომისიო, რომელიც გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად დასრულებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემთხვევაში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ცალსახად დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმომადგენლობის ნაწილში ფაქტობრივად დასრულდა. რეალურად მოსარჩელე კომპანიას საკასაციო სასამართლოში მონაწილეობა არ მიუღია. მოსარჩელემ ბოლოს მიიღო მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოში (პირველ ჯერზე), შემდგომ უზენაეს სასამართლოში, აპელაციასა და კვლავ უზენაეს სასამართლოში მოსარჩელეს არ განუხორციელებია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოსთვის მოსარჩელეს მიეცა შეთანხმებული ჰონორარი, 5000 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო 1000 ლარი - სააპელაციო სასამართლოში.
7.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ხელშეკრულების თანახმად, წარმატების ჰონორარის მოთხოვნის უფლების წარმოშობა დამოკიდებულია არა რომელიმე კონკრეტული ცალკეული ინსტანციის წარმატებით დასრულებაზე, არამედ - საბოლოო შედეგზე. ამ ანაზღაურების მისაღებად, კასატორისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა შესულიყო კანონიერ ძალაში და ამ შემთხვევაში მიიღებდა მხარე წარმატების ჰონორარს.
7.3. სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტოოდენ ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტის დადგომა არ ნიშნავს კონკრეტული პირობის შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში, საბოლოოდ, კასატორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული პირობა არის ე.წ. პოტესტატური პირობა, რომლისთვისაც აუცილებელია, მხარის ჩართულობა. პირობა მხოლოდ მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, თუ იგი მხარის უშუალო მონაწილეობის, ქმედების შედეგია. ე.ი ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული საბოლოო შედეგი უშუალოდ მხარის იურიდიული მომსახურების შედეგად უნდა დამდგარიყო, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან მხარემ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში, რისთვისაც მიეცა შეთანხმებული ანაზღაურება.
7.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში საქმე წარმატებით არ დასრულებულა. საკასაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა ხელახლა განსახილველად, როდესაც, მოსარჩელის მიმართ გაცემულ მინდობილობას უკვე ვადა ჰქონდა გასული. მინდობილობის გაგრძელება კი, მოსარჩელეს აღარ მოუთხოვია. მოსარჩელე უზენაესი სასამართლოდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას „ფორმალურ დაბრუნებას“ უწოდებს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტიულობისათვის, საქმის უკან დაბრუნება საკმაოდ დიდ საფრთხესა და რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებულ საქმეზე შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, საჭირო იყო ადვოკატის ხელახალი ჩართულობა, აქტიურობა და ძალისხმევა.
7.5. საქმის სააპელაციო სასამართოში დაბრუნების შემდგომ კასატორს იურიდიულ მომსახურებას უწევდა სხვა ადვოკატი. საბოლოოდ, კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალში შევიდა არა მოსარჩელის, არამედ - სხვა ადვოკატის მეშვეობით. მოსარჩელე კომპანია მაშინ გამოეთიშა საქმეს, როდესაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო კანონიერ ძალაში შესული, ამ შედეგამდე საქმემ მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე კიდევ 3 ინსტანცია განვლო. შესაბამისად, ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული შედეგი მოსარჩელის იურიდიული მომსახურების შედეგად არ დამდგარა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებაა.
7.6. მინდობილობაზე ვადის გასვლის შემდგომ, თუ მოსარჩელეს რაიმე ინტერესი ჰქონდა საქმის მიმართ, ვალდებული იყო, მიემართა მოპასუხისათვის მინდობილობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია. ამგვარი უმოქმედობა კი, ცალსახად მეტყველებს შესასრულებელი სამუშაოს მიმართ მოსარჩელის ინტერესის დაკარგვაზე.
7.7. აღსრულების გართულების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, მხარე ვალდებული იყო, დაეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობა. აღნიშნული საპროცესო ღონისძიება მოსარჩელემ არ განახორციელა, რითაც იმთავითვე რისკის ქვეშ დადგა კასატორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. უზრუნველყოფის ღონისძიება, კასატორის საქმეზე განხორციელდა მხოლოდ მეორე ინსტანციის სასამართლოში, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გზით, ახლად ჩართული, სხვა ადვოკატის მიერ (დაყადაღებული იქნა იმჟამინდელი მოწინააღმდეგე მხარის უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები).
7.8. მოსარჩელის მხრიდან დროული რეაგირების პირობებში სასამართლო ცალკე განჩინებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა კასატორის ქონებას ყადაღისგან. მოსარჩელე მხარის პირდაპირი ვალდებულება იყო, დროლად და სათანადო დოკუმენტაციით მიემართა სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით, რაც მან არ განახორციელა.
თავად მოსარჩელემაც განმარტა, რომ კასატორის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იყო საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. ამ კუთხით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა და იმჟამინდელ მოსარჩელეს დაევალა სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა მოსალოდნელი ზიანის 486 397 ლარის უზრუნველყოფა, რაც არ განხორციელდა.
მხარეს არ მოუპოვებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, იმჟამინდელი მოსარჩელის მიერ „შებრუნებული უზრუნველყოფის“ შეუსრულებლობის თაობაზე მტკიცებულება. შეჯიბრობითობის პრინციპის ფარგლებში, მოსარჩელეს უნდა წარედგინა ცნობა, რომ შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯს მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ არ განათავსა თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე. 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, კასატორს უარი ეთქვა 2016 წლის 07 ივნისის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან იმჟამინდელი მოსარჩელის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განუთავსებლობის თაობაზე ცნობა არ ერთვოდა.
ყადაღის შენარჩუნების გამო, კასატორის ქონება ვერ დაიტვირთა იპოთეკით და მან ვერ აიღო საბანკო გარანტია. 2016 წლის 11 ივლისს შ.პ.ს. „დ.ს–მა“ კასატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დაასრულა, საბანკო გარანტიის წარუდგენლობის გამო. ამჟამინდელი მოსარჩელის მხრიდან საპროცესო მოქმედების დროულად განხორციელების შემთხვევაში, ქონებას მოეხსნებოდა ყადაღა და კასატორი თავისუფლად შეძლებდა მის გამოყენებას საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად. შედეგად, 572 300 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაუქმებით, არ მიადგებოდა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
7.9. როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 05 ოქტომბრამდე, მოსარჩელეს არ მოუთხოვია მინდობილობის ვადის გაგრძელება. კასატორმა მოსარჩელეს 2018 წლის 02 ივლისს აქტიურ ელფოსტაზე გაუგზავნა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების თაობაზე კორესპონდენცია, რაც მოსარჩელემ რეაგირების გარეშე დატოვა და აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე კონკლუდენტურად დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-ე და სხვა ზოგადი ვალდებულებითი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობა სრულდება ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, ხელშეკრულებიდან გამსვლელ სუბიექტს წარმოეშვება მეორეული მოთხოვნის უფლებები, ხოლო არაკეთილსინდისიერ კონტრაჰენტს მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
7.10. შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ნათლად დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორმა სოლიდური თანხა დახარჯა: წარდგენილი იქნა ექსპერტიზისა და აუდიტის დასკვნები, ფაქტების კონსტატაციის ოქმი, ნათარგმნი დოკუმენტაცია და სხვა. მოსარჩელეს რომ დაეყენებინა შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, სასამართლო შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯს მუდმივმოქმედი ფილიალს“, 75 273.36 ლარს დააკისრებდა. შემოსავლის დაკარგვის პირდაპირი და უშუალო კავშირი მოვალის მიერ ვალდებულის დარღვევასთან იკვეთება იმით, რომ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის დაყენება მოსარჩელის პირდაპირი ვალდებულება იყო, რაც მან არ შეასრულა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად აქვს კასატორს მოწინააღმდეგე მხარეებისათვის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასამრჯელოს (უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების ჰონორარისა და ე.წ. „წარმატების ჰონორარის“) გადახდის ვალდებულება და ვლინდება თუ არა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, რწმუნებულებზე ზიანის დაკისრების წინაპირობები.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება.
14. ადვოკატი, როგორც პროფესიონალი, კლიენტთან გაფორმებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ცხადია, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში სამართლებრივად იბოჭება იმ შეთანხმებით, რომლის ძირითადი პირობების შემთავაზებელი თვითონვეა (იხ. ს.უ.ს.გ.Nას-1161-1116-2016).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო ე.წ. „pro bono“ ანუ, უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც.
საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf (შდრ: ს.უ.ს.გ. Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წელი; Nას-1117-2020, 25.03.2021წელი).
16. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს. საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის ის გასამრჯელო (ჰონორარი), რაც მხარეთა შორისაა შეთანხმებული.
17. „წარმატების ჰონორარის“ მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რა შემთხვევაში წარმოეშვებოდა ხელშემკვრელ მხარეს - მოპასუხეს აღნიშნული ჰონორარის გადახდის ვალდებულება და შემდგომ, განხორციელებულია თუ არა მისი შესრულების წინაპირობები (შდრ. ს.უ.ს.გ. Nას-1117-2020, 25 მარტი, 2021 წელი). მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშვება შეთანხმებული „წარმატების ჰონორარის“ მოთხოვნის უფლება, თუ გამოვლინდება სწორედ მოსარჩელის პირდაპირი და უშუალო იურიდიული მომსახურების შედეგად ამ შედეგის დადგომა (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-894-2021, 23 დეკემბერი, 2021 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 13 თებერვალს დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც, მოსარჩელემ იკისრა გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე შ.პ.ს. „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ“, მოპასუხე შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“) პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოპასუხის წარმომადგენლობის ვალდებულება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების საფასური განისაზღვრა 5000 ლარით, რომელიც დამკვეთს უნდა გადაეხადა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების ფასი განისაზღვრა 2000 ლარით, რომელიც დამკვეთს უნდა გადაეხადა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი (1000 ლარი) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან (ნებისმიერი მხარის მიერ, მოსარჩელე/მოპასუხე) სამი სამუშაო დღის, ხოლო მეორე ნაწილი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან სამი დღის ვადის დაცვით.
ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, „დამკვეთმა იკისრა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის სარჩელსა და დამკვეთის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომის შემთხვევაში (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე - მორიგება), ს.პ.ს. „გ.ო–ის იურიდიული კომპანიას“ ჰონორარის სახით გადაუხდიდა მიღებული სარგებლის 1.5 %-ს; ხოლო დამკვეთის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნაზე მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომის (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების მიღება, ასევე - მორიგება) შემთხვევაში, ს.პ.ს. „გ.ო–ის იურიდიული კომპანიას“ ჰონორარის სახით გადაუხდიდა მიღებული სარგებლის 4 %-ს.
უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბიუროს ჯგუფსა“ და შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ას“ შორის დავა დასრულდა ამ უკანასკნელის სასარგებლო შედეგით.
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვლინდებოდა მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული იურიდიული მომსახურების შესაბამისი გასამრჯელოს ანაზღაურების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, სახელდობრ: დადგენილია და არც საკასაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება 2017 წლის 02 ივნისს პირადად მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა ჩაიბარა. აღნიშნული გზავნილის თანახმად, მოსაზრებების წარდგენის ვადად განისაზღვრა გზავნილის ჩაბარებიდან 5 დღე. საკასაციო სასამართლოს გზავნილი, განჩინება და საკასაციო საჩივრის ასლი ამჟამინდელმა კასატორმა 2017 წლის 05 ივნისს გადასცა სხვა წარმომადგენელს, ხოლო მოსარჩელე იურიდიული კომპანიის ადვოკატს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა მხოლოდ 2017 წლის 09 ივნისს და აცნობა, რომ საკასაციო შესაგებელი სასამართლოში უკვე წარდგენილი ჰქონდა. უდავოა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მხრიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომების თაობაზე აღარ ეცნობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა თავად წარედგინა საკასაციო შესაგებელი ან მონაწილეობა მიეღო საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ საქმის განხილვაში, რადგან ამჟამინდელმა კასატორმა დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკასაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მოსაზრებათა წარუდგენლობის გამო, მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-413-ე მუხლები). აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელემ, შესაძლებლობის ფარგლებში, შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც საკასაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველს ქმნის.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, წარმატების ჰონორარის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰონორარი ადვოკატის მიერ კლიენტისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურია, რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ეს შესაძლოა იყოს ფიქსირებული თანხა ან საათობრივი განაკვეთი, რომელიც კლიენტმა უნდა გადაიხადოს, განურჩევლად საქმის შედეგისა. „წარმატების ჰონორარი“, იგივე „კონტინგენტური ჰონორარი“ („success fee“, „contingent fee“) წარმოადგენს ანაზღაურების იმ ფორმას, როდესაც, ადვოკატის ჰონორარი დამოკიდებულია საქმის წარმატებით დასრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ ადვოკატი მიიღებს ჰონორარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე კლიენტის სასარგებლოდ დასრულდება. წარმატების ჰონორარი ოდენობა, როგორც წესი, განისაზღვრება მიღწეული შედეგის მიხედვით, მაგ. მიღებული/მოგებული თანხის პროცენტული წილით.
საერთაშორისო პრაქტიკაში, წარმატების ჰონორარი ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც კლიენტს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი წინასწარ გადაუხადოს ადვოკატს ჰონორარი. ამგვარი შეთანხმება ადვოკატს დამატებით მოტივაციას აძლევს, მაქსიმალურად დაიცვას კლიენტის ინტერესები, რადგან მისი ანაზღაურება პირდაპირ დამოკიდებულია საქმის წარმატებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ჰონორარზე შეთანხმებები იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და დოკუმენტურად გაწერილი, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გაურკვევლობები ადვოკატსა და კლიენტს შორის. უნდა იყოს გათვალისწინებული პროფესიული ეთიკის ნორმები და კანონმდებლობაც, რათა უზრუნველყოფილი იქნას ორივე მხარის უფლებების სათანადო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულებით დამკვეთმა იკისრა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის სარჩელსა და დამკვეთის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, სასარგებლო შედეგის შემთხვევაში (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე - მორიგება), რწმუნებულისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა მიღებული სარგებლის 1.5 %, ხოლო დამკვეთის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნაზე სასარგებლო შედეგის (სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების მიღება, ასევე - მორიგება) შემთხვევაში - მიღებული სარგებლის 4 %.
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ს.წ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
უდავოა, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში წარადგინა დაზუსტებული შეგებებული სარჩელი, ასევე, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასებები, რის შედეგადაც, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში დამკვეთის სასარგებლოდ გადაწყდა - სრულად დაკმაყოფილდა დამკვეთის შეგებებული სარჩელი, უარყოფილი იქნა დამკვეთის მოწინააღმდეგე მხარის თავდაპირველი სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც კვლავ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა საკასაციო საჩივარი და საქმე დასრულდა დამკვეთის - მოპასუხის სასარგებლო შედეგით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სწორედ მოსარჩელის აქტიური და უშუალო მოქმედების შედეგად (რაც გამოიხატა შეგებებული სარჩელისა და მტკიცებულებების წარდგენაში, საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობაში) მიიღო მოპასუხემ (დამკვეთმა) საქმეზე სასარგებლო შედეგი. აღნიშნულის დასტურია ისიც, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მოპასუხეს არც რაიმე ახალ გარემოებაზე მიუთითებია და არც ახალი მტკიცებულება წარუდგენია.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების შედეგად, დამკვეთმა მოიპოვა სამართლებრივად მისთვის სასურველი შედეგი, რაც დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ზემოხსენებული დავა კასატორის სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ კასატორისათვის დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული "წარმატების ჰონორარის" დაკისრება საფუძვლიანია, გამომდინარეობს მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმებიდან და შეესატყვისება სამოქალაქო სამართლის პრინციპებსა და იურიდიული მომსახურების სტანდარტებს.
21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მინდობილობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლი. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით, სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ხოლო ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი).
პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამასთან, 51-ე მუხლი გამოიყენება გარიგების მსგავსი ნების გამოვლინებების მიმართაც, მაგალითად, შეტყობინება, გაფრთხილება, ვადის დანიშვნა და ა.შ. თუკი მათი ნამდვილობისათვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღება (ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 51, გვ. 296, თბილისი, 2017).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 7.1. პუნქტს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი იყო, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (7.2.1. პუნქტი). შემსრულებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა შემსრულებლისათვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ და სათანადოდ დაესაბუთებინა შეწყვეტის მიზეზი. ჯეროვანი დასაბუთებისა და კონკრეტული საფუძვლის შემთხვევაში, ხელშეკრულება მოშლილად ჩაითვლებოდა (7.2.2. პუნქტი).
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ, 2019 წლის 14 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების ჩაბარების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ამასთან, ამჟამინდელ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტისა და გაცემული მონდობილობის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავალების ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 14 თებერვლამდე, მოსარჩელისათვის ფოსტის მეშვეობით შეტყობინების ჩაბარებამდე. პალატის მოსაზრებით, მინდობილობის გაუქმება იმ დროს, როდესაც, საქმე დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა, ამ უკანასკნელს არ ათავისუფლებს „წარმატების ჰონორარის“ გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ მოთხოვნის უფლება.
22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე იყო ვალდებული, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ - ზიანის გამომწვევიც (სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 408-ე მუხლები).
საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის გამოანგარიშების საფუძვლიანობა. მას არ წარუდგენია სასამართლოსთვის მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) განმარტება, რომ ჰქონდა გაწეული სასამართლო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისაგან ანაზღაურების განზრახვა და, რომ ასეთი დავალება მისცა დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იყო ის დადგენილი გარემოება, რომ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე, არც დამკვეთს და არც მის სხვა წარმომადგენელს არ დაუყენებია შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მათი მხრიდან ასეთი სახის შუამდგომლობის დაყენების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, თუკი დამკვეთს მართლაც სურდა გაწეული სასამართლო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისგან ანაზღაურება, ხელს არაფერი უშლიდა. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებო იყო, რომ მოპასუხემ მოითხოვა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით იურიდული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც მისი მხრიდან ამ ოდენობის ხარჯის გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
23. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობების დაგვიანებით დაყენებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დგინდება.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4139.57 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ს.შ.ქ–ა“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5913.67 ლარის (საგადასახადო დავალება №611, გადახდის თარიღი: 24.11.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 4139.57 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი