Facebook Twitter

18 დეკემბერი 2024 წელი

№ას-1035-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - კ.მ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ.ბ–ძის მიმართ 1300 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 650 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. 2020 წლის 28 ივლისს მოპასუხესა და მ.მ–ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს (ადვოკატს) მოსარჩელისათვის სისხლის სამართლის საქმეზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ) საადვოკატო მომსახურება უნდა გაეწია. საადვოკატო მომსახურების ჰონორარი 1300 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ლარით) განისაზღვრა.

5.2. გამოძიების ეტაპსა და სასამართლოში მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დასაცავად 2020 წლის 28 ივლისს გამოიწერა №020/070 ორდერი. მოპასუხემ 2020 წლის 13 აგვისტოს მიიღო საადვოკატო მომსახურების ჰონორარი, 1300 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დადებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით.

5.3. მოსარჩელემ 2021 წლის 21 ივნისს საჩივრით მიმართა ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოპასუხისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დისციპლინურ საქმეზე მოპასუხის მიმართ დისციპლინური დევნა არ აღიძრა.

5.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი პირია იდავოს 2020 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე.

5.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, შესაფასებელი იყო, თუ რამდენად ვლინდებოდა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

5.6. მხარეთა შორის მთავარი სადავო გარემოება იყო, შეასრულა თუ არა მოპასუხემ დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად, სრულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აპელანტის მიერ შედავებული იქნა ის გარემოება, რომ მოპასუხემ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ შეასრულა, კერძოდ, ადვოკატმა (მოპასუხემ) არ გამოკითხა მოწმეები და სასამართლო პროცესებს ნაწილობრივ დაესწრო.

5.7. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული გარიგება დავალების ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც, რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელოს საკითხი შესრულებული დავალებისათვის მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მარწმუნებელი ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5.8. იმ გარემოების შესაფასებლად, თუ რამდენად გაუწია მოპასუხემ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობით, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განსაზღვრულ პირობას, რომლის მიხედვით, საადვოკატო მომსახურება იანგარიშება სამუშაო დროის ოდენობით და მოიცავს შემდეგ ელემენტებს: კლიენტთან შეხვედრისა და კონსულტაციის დროს; საპროცესო მოქმედებების შესრულების დროს; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის დროს; სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის დროს; თუ რომელიმე მოქმედება (სასამართლო პროცესი, საგამოძიებო მოქმედება და სხვა) დანიშნულ დროზე არ დაიწყო, სამუშაო დრო აითვლება დანიშნული დროიდან; საქმის მასალების გაცნობის დროს; საქმესთან დაკავშირებული მგზავრობის დროს; საქმის მასალების ანალიზისათვის საჭირო დროს (ანალიტიკური სამუშაო); საქმესთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოს; სამუშაო დრო გამოითვლებოდა საათებითა და წუთებით. აპელანტის მითითებით, ადვოკატმა ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მონაწილეობა არ მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში - არ გამოკითხა მოწმეები, ასევე, სასამართლო პროცესებს ნაწილობრივ დაესწრო; დანარჩენი მომსახურება ადვოკატმა გაწია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:11:56 - 12:12:45 სთ; 12:22:23 - 12:23:28 სთ.).

5.9. მოწმეების გამოკითხვის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ამავე სასამართლოში 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, კერძოდ:

მოწმე გ.კ–ის განმარტებით, რომ მოპასუხეს მიაწოდა ინფორმაცია გამოსაკითხ პირებთან დაკავშირებით და აცნობა, რომ შესაძლებელი იყო, მოსარჩელის ყველა იმ თანამშრომლის გამოკითხვა, რომლებიც შესაბამის დღეს სამსახურში მორიგეობდნენ. მოწმის მითითებით, მას თვითონაც სურდა, გამოსაკითხ პირთა შორის ყოფილიყო, თუმცა მოპასუხეს არავინ გამოუკითხავს. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ თანამშრომლებმა მოსარჩელის ინტერესების დასაცავად, საკუთრი ფინანსური რესურსით, სხვა ადვოკატი აიყვანეს. მოწმის განმარტებით, გამოსაკითხ პირებს შეეძლოთ დაედასტურებინათ გარემოება, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა შენობაში (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:30:54 - 16:57:46 სთ.);

მოწმე ე.ბ–ის განმარტებით, იმყოფებოდა მოსარჩელისა და მოპასუხის ერთ-ერთ შეხვედრაზე; იცოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არასრული იურიდიული მომსახურება გაუწია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:59:54 - 17:16:15);

მოწმე შ.კ–ძემ განმარტა, რომ არსებობდა პირთა წრე, რომელთა გამოკითხვა მოსარჩელის ინტერესების დასაცავად მიზანშეწონილი იყო. გამოსაკითხ პირებს შეეძლოთ იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა იმ ოთახში, სადაც დანაშაულის ჩადენაში ედებოდა ბრალი. ადვოკატი მ.ვ–ი მოსარჩელის თანამშრომლებმა საკუთარი ფინანსური სახსრებით აიყვანეს, სასამართლო განხილვის დასრულების ბოლო დროს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 18:00:41 - 18:21:22).

5.10. მოსარჩელის მითითებით, ელოდა, რომ ის პირები, რომლებიც მოპასუხემ არ გამოკითხა, გააქარწყლებდნენ მის მონაწილეობას წარდგენილ ბრალდებაში (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 18:34:15 - 18:34:38 სთ.). მოპასუხემ აღნიშნა, რომ გამოსაკითხ პირებთან კომუნიკაცია იყო საკმაოდ რთული, ვინაიდან ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ზოგიერთ მათგანს გამოკითხვაში მონაწილეობა არ სურდა. მოპასუხემ მოსამართლის შეკითხვაზე, გაიხსენებდა თუ არა იმ პირებს, რომელთაც გამოკითხვაზე უარი განაცხადეს, მიუთითა, რომ ზუსტი სახელებისა და გვარების გახსენება, გასული დროის ფაქტორის გათვალისწინებით, სირთულეს წარმოადგენდა. მოპასუხის განმარტებით, ერთი პირის გამოკითხვისთვისაც კი, დიდი ძალისხმევა გაწია; მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაუკავშირდა გამოკითხვის მსურველი რომელიმე პირი და მან უარი განაცხადა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 18:18:16 - 18:20:20 სთ.).

5.11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედიოდა იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც, მისი რწმენით, საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ დაადგენდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ადვოკატის მოვალეობა არაკეთილსინდისიერად, მარწმუნებლისათვის საზიანოდ შეასრულა, რამაც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება განაპირობა, ვინაიდან პალატა მოკლებული იყო საპროცესოსამართლებრივ შესაძლებლობას, დაედგინა ფაქტი იმის შესახებ, თუ რა შედეგი დადგებოდა იმ პირების გამოკითხვის შემთხვევაში, რომელთა გამოკითხვაც მოსარჩელეს სურდა სასარგებლო ინფორმაციის მიღების მოლოდინით. სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის სისხლის სამართლის საქმის სხვაგვარი განვითარების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები გამოიკითხებოდნენ, ასევე, ვერ შეაფასებდა ადვოკატის მიერ დაგეგმილი სტრატეგიის სისწორესა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს გაითვალისწინებდა მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების სისრულის კონტექსტით, კერძოდ, იმ გარემოების დასადგენად, ხომ არ არსებობდა პირთა წრე, რომელთა გამოკითხვაც მარწმუნებლის ინტერესი იყო და, ძალისხმევის გაწევის შემთხვევაში, ადვოკატისათვის აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა.

5.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას მოიცავდა, ნაწილობრივ, ერთი პირის გამოკითხვის ნაწილში იყო შესრულებული.

5.13. პალატის განსჯით, უდავო იყო, რომ: საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა; მოსარჩელემ სხვა ადვოკატი აიყვანა; მოპასუხე სასამართლო სხდომების ნაწილს არ ესწრებოდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მხრიდან სხვადასხვა საპროცესო მოქმედების ინტერესი ჰქონდა და ადვოკატმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად არ შეასრულა. იმავდროულად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები შეასრულა და ამას არც აპელანტი ხდიდა სადავოდ.

5.14. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის საადვოკატო მომსახურება, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს გაუწია, უნდა ანაზღაურებულიყო, ხოლო მოპასუხისათვის გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნების საფუძველი არსებობდა, ვინაიდან საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1.11. პუნქტის შესაბამისად, კლიენტი ადვოკატს მომსახურებისათვის 1300 აშშ დოლარს (ეკვივალენტ ლარს) გაწეული სამუშაოს შესაბამისად უხდიდა. აღნიშნული ღირებულება მოიცავდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისა და სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის დროს.

5.15. ვინაიდან დადგენილი იყო, რომ ადვოკატმა გამოკითხვის მსურველი პირები სრულად არ გამოკითხა, ასევე - მოპასუხე სასამართლო სხდომების ნაწილს არ ესწრებოდა და მოსარჩელის ინტერესების დაცვა სხვა ადვოკატმა განაგრძო, ცხადი იყო, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან საადვოკატო მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრული სრული მოცულობით არ გაეწია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გაწეული საადვოკატო მომსახურების პროპორციული ღირებულების გონივრული ოდენობა, რომელიც ანაზღაურებას არ უნდა დაქვემდებარებოდა გასაწევ საადვოკატო მომსახურებასთან მიმართებით, მოსარჩელის მოლოდინისა და ინტერესების გათვალისწინებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობის ნახევარი იყო.

5.16. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა და მოსარჩელის ინტერესების დაცვა სხვა ადვოკატმა განაგრძო, შესაბამისად, მოპასუხეს საადვოკატო მომსახურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა ანაზღაურებოდა, ხოლო იმ მომსახურების ტოლფასი ღირებულება, რომელიც ადვოკატმა კლიენტს ვერ გაუწია, მოპასუხეს უკან უნდა დაბრუნებოდა.

5.17. სარჩელით მოთხოვნილი იქნა მოპასუხისათვის 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნული ვალუტის დაკისრება, სარჩელის აღძვრის დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის დაანგარიშებით (სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა გადახდილი თანხის ნახევარი ნაწილის, კერძოდ, 650 აშშ დოლარის უკან დაბრუნება მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების მიზანშეწონილ ოდენობად, იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:33:22-12:34:28 სთ.). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფულის მსყიდველობითუნარიანობის შეცვლის შედეგად წარმოქმნილი ზიანის თავიდან ასაცილებლად, კერძოდ, თუ მხარეები სახელშეკრულებო დათქმით გაითვალისწინებენ ფულის კურსის (მსყიდველობითუნარიანობის) შესაძლო ცვლილებებს, ისინი შეძლებენ თავიდან აიცილონ ამ გარემოების შედეგად წარმოშობილი უსიამოვნება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის დათქმები წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევის საშუალებას უარყოფითი შედეგების რისკისაგან, ხოლო ასეთი დათქმების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თავისთავად იმოქმედებს „ნომინალიზმის პრინციპი“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა ფულის კურსის (მსყიდველობითუნარიანობის) შესაძლო ცვლილებების თაობაზე შეთანხმება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი 650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სარჩელის აღძვრის დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის დაანგარიშების მიხედვით, არ უნდა განსაზღვრულიყო, არამედ - უნდა დადგენილიყო 650 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება (ვალის ვალუტა), რაც ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში (გადახდის ვალუტა), უნდა განსაზღვრულიყო გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად.

5.18. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად სრულად არ გაუწია, ხოლო მოპასუხის მიერ მიღებული საადვოკატო ჰონორარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას ფარავდა, რწმუნებული ვალდებული იყო, მიღებული ჰონორარი უკან დაებრუნებინა იმ გათვლითა და პროპორციით, რაც შეუსრულებელ ვალდებულებებს შეესაბამებოდა. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს 1300 აშშ დოლარის ნაწილის, კერძოდ, 650 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა არა ზიანის ანაზღაურების კონტექსტით, არამედ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას, სასამართლომ დამატებითი მსჯელობა ამ მიმართებით აღარ განავრცო, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი ჰქონდა, რაც საადვოკატო მომსახურების იმ მასშტაბით მიუღებლობით გამოიხატებოდა, რასაც ამავე ხელშეკრულებით გაწერილი პირობების შესაბამისად ვარაუდობდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები დაეფუძნა შემდეგს:

6.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე და, ამ პრინციპიდან გამომდინარე, საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1.10 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (საადვოკატო მომსახურების ჰონორარი), რომელსაც კლიენტი უხდის ადვოკატს, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უკან არ ბრუნდება. რაკი ხელშეკრულებაში ცალსახად არის მითითებული, რომ კლიენტის ინიციატივით ხელშეკრულებას შეწყვეტის შემთხვევაში, ჰონორარი უკან არ ბრუნდება, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამ პუნქტით, რაც საკმარისი იქნებოდა მხარეთა შორის დავის გადასაწყვეტად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს რაიმე იმპერატიული დანაწესით არ ეკრძალებოდა ხელშეკრულებაში მსგავსი დებულების გათვალისწინება.

6.2. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება არ დასტურდება. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ კასატორი სასამართლო პროცესებს ნაწილობრივ დაესწრო, არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორი მოსარჩელის მხოლოდ ბოლო პროცესზე არ გამოცხადდა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა წინასწარ თავად განუცხადა, რომ არ სურდა ყოფილიყო მისი ადვოკატი. თუკი მოსარჩელეს სურდა მოპასუხეს მიეღო პროცესში მონაწილეობა, შეეძლო განეცხადებინა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მისი არყოფნის გამო პროცესის სხვა დროისათვის გადადება, რაც სასამართლოს მხრიდან როგორც წესი, დაკმაყოფილდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესამდე კასატორი მოსარჩელეს თვეების განმავლობაში იცავდა და აკითხავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ბოლო პროცესზე, მხოლოდ ფორმალური მხარე იყო დარჩენილი, კერძოდ კი, საპროცესო შეთანხმებისთვის მოსარჩელის ხელმოწერა, რაც რამდენიმე წუთში დასრულდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოპასუხემ ეს საქმე ფაქტობრივად ბოლომდე მიიყვანა, რაც ნიშნავს იმას, ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია.

6.3. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 03.11.2021 წლის N043/21 გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ მოპასუხის ქმედებებით ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და ეთიკური ნორმების დარღვევა არ იკვეთებოდა, სააპელაციო პალატამ ხსენებული დასკვნით არ იხელმძღვანელა, რაც არასწორია, ვინაიდან ადვოკატის მიერ ვალდებულების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხადია, რომ ეთიკის კომისია დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებდა მას, რაც არ გამოვლენილა.

6.4. როდესაც, მოპასუხე მხოლოდ ერთ ფორმალურ პროცესს (სადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა) არ დაესწრო და ისიც, მოსარჩელისვე ინიციატივით, გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ მოპასუხემ ბრალდებულის დაცვა ნაწილობრივ განახორციელა და როგორ განსაზღვრა ასანაზღაურებელი ჰონორარის მოცულობა 650 აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დასრულებული იყო, შესაბამისად, მის სასარგებლო პროპორციულ ანაზღაურებად არ შეიძლება მიჩნეულიყო უკვე გადახდილი ჰონორარის ნახევარი. სრულიად გაუგებარია, თუ რატომ გამოიყენა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლი ჰონორარის ნახევრის დაბრუნების წინაპირობად. ეს ნორმა ადგენს კლიენტისათვის თანხის გადახდის ვალდებულებას, ხოლო თანხის დაბრუნებაზე დანაწესს, საერთოდ არ შეიცავს.

6.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებით მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა არ მტკიცდება. უდავო ფაქტია, რომ მოპასუხემ სისხლის სამართლის საქმეში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და გამოკითხა ერთი მოწმე, ხოლო დანარჩენ მოწმეებს ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა. ერთ-ერთი მოწმისა და მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს შეეძლო სხვა მოწმეების დაკითხვაც და არ დაკითხა, ამიტომაც მათ დამატებით სხვა ადვოკატიც აიყვანეს, თუმცა გაურკვეველია, თუ შესაძლებელი იყო სხვა მოწმეების დაკითხვა და თუ ეს ბრალდებულის ინტერესი იყო, მოსარჩელის სხვა ადვოკატმა რატომ არ დაკითხა ისინი. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ სხვა მოწმეები, რომლებიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, პროცესში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. ასევე, გაურკვეველია, თუ მოსარჩელეს არ სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რატომ არ დაავალა ადვოკატს, ემოქმედა სხვა სტრატეგიით და რატომ მოაწერა საპროცესო შეთანხმებას ხელი. სისხლის სამართლის პროცესი თვეობით მიმდინარეობს და სტრატეგიის ცვლილება, პრობლემას არ წარმოადგენს.

6.6. არსებული მტკიცებულებებით, მოსარჩელისათვის საქმისათვის საუკეთესო შედეგი სწორედ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო, მით უფრო, რომ დანარჩენი ორი ბრალდებული აფორმებდა საპროცესო შეთანხმებას და ჩვენებებს მოსარჩელის წინააღმდეგ მისცემდა. ორი პირდაპირი ჩვენება კი, საკმარისი იქნებოდა მოსარჩელის გამამტყუნებელი განაჩენისთვის. აღნიშნული კარგად ჰქონდა გაცნობიერებული მოსარჩელეს და სწორედ ამიტომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. რაც შეეხება დაკითხულ დანარჩენ ორ მოწმეს, მათი ჩვენებები უსარგებლოა, ვინაიდან არსებითად არაფერს ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის მხრივ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, შესრულდა თუ არა კასატორის (ადვოკატის) მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

11. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

12. მოსარჩელემ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს: 2020 წლის 28 ივლისს დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს ევალებოდა სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევა, რისთვისაც მოპასუხისათვის გადახდილი იქნა ჰონორარი - 1300 აშშ დოლარი. მოპასუხე ჯეროვნად არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მოსარჩელემ ის ცალმხრივად შეწყვიტა. მოსარჩელის მტკიცებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს წინასწარ გადახდილი ჰონორარის, 1300 აშშ დოლარის ნახევარი - 650 აშშ დოლარი.

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის მესამე ნაწილიდან (თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, – გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე) და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ( პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება.

15. ადვოკატი, როგორც პროფესიონალი, კლიენტთან გაფორმებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ცხადია, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში სამართლებრივად იბოჭება იმ შეთანხმებით, რომლის ძირითადი პირობების შემთავაზებელი თვითონვეა (იხ.ს.უ.ს.გ.Nას-1161-1116-2016).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო ე.წ. „pro bono“ ანუ, უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც (იხ. სუსგ საქმე №ას-703-2023 30.10.2023წ; Nას-1448-2020, 5.02.2021წ; Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.)

შესაბამისად, კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობას, შეთანხმების მიღწევისას იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების /რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს/ შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება (აპეკ-ის 8.6 მუხლის მიხედვით, „ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ“), რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი).

საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf, (შდრ: ს.უ.ს.გ. Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; Nას-1117-2020, 25.03.2021წ; ს.უ.ს.გ. №ას-29-2021, 28.05.2021წ.).

17. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს. საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის ის გასამრჯელო (ჰონორარი), რაც მხარეთა შორისაა შეთანხემბული.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ გამხდარა სადავო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

18.1. 2020 წლის 28 ივლისს კასატორსა და მ.მ–ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს (ადვოკატს) მოსარჩელისათვის სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურება უნდა გაეწია. საადვოკატო მომსახურების ჰონორარი 1300 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ლარით) განისაზღვრა.

18.2. 2020 წლის 13 აგვისტოს კასატორმა მიიღო საადვოკატო მომსახურების ჰონორარი, 1300 აშშ დოლარი.

18.3. მოსარჩელემ ვადამდე შეწყვიტა მოპასუხესთან გაფორმებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

18.4. მოსარჩელემ 2021 წლის 21 ივნისს საჩივრით მიმართა ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოპასუხისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

18.5. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2021 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიმართ დისციპლინური დევნა არ აღიძრა.

18.6. საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, საადვოკატო მომსახურება იანგარიშება სამუშაო დროის ოდენობით და მოიცავს შემდეგ ელემენტებს: კლიენტთან შეხვედრისა და კონსულტაციის დროს; საპროცესო მოქმედებების შესრულების დროს; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის დროს; სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის დროს; თუ რომელიმე მოქმედება (სასამართლო პროცესი, საგამოძიებო მოქმედება და სხვა) დანიშნულ დროზე არ დაიწყო, სამუშაო დრო აითვლება დანიშნული დროიდან; საქმის მასალების გაცნობის დროს; საქმესთან დაკავშირებული მგზავრობის დროს; საქმის მასალების ანალიზისათვის საჭირო დროს (ანალიტიკური სამუშაო); საქმესთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოს; სამუშაო დრო გამოითვლებოდა საათებითა და წუთებით.

18.7. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსარჩელის თანმშრომლებიდან, რომელთა მოწმის სახით დაკითხვაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხემ გამოკითხა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

18.8. მოპასუხე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ყველა სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

18.9. მოპასუხე საადვოკატო მომსახურების ფარგლებში მოსარჩელეს შეხვდა და გაუწია კონსულტაცია; მიიღო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა; გამოკითხა ერთი მოწმე; დაესწრო სასამართლო სხდომების ნაწილს.

18.10. მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა ადვოკატი აიყვანა, რომლის მონაწილეობითაც მოსარჩელემ ბრალდების მხარესთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რითაც სისხლის სამართლის საქმისწარმოება დასრულდა.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის თანამშრომელთა სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვა მოსარჩელის ინტერესში შედიოდა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, უცნობია რამდენად მოსარჩელისათვის სასარგებლო ჩვენებებს მისცემდნენ აღნიშნული პირები და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ხსენებულ პირთა მოწმის სახით გამოკითხვა არც ახალ ადვოკატს უწარმოებია, უფრო მეტიც, მოსარჩელემ ბრალდების მხარესთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიზნებისათვის დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს რაიმე მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სასამართლო სხდომაზე მოპასუხის დაუსწრებლობას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ აღნიშნულ სხდომაზე კასატორის გამოუცხადებლობის მიზეზს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენდა, შესაბამისად, ამ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიუღებლობა, მოპასუხეს ბრალად არ უნდა შეერაცხოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება.

20. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო – გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული დავალების ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი და საზღაური შეადგენდა 1300 აშშ დოლარს. მოპასუხისათვის ჰონორარი გადახდილი იქნა წინასწარ, სრული ოდენობით. ხელშეკრულება ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელემ, რის გამოც, შესრულებული სამუშაოს კვალობაზე ის ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო. საკასაციო სასამართლო აქვე მიაპყრობს ყურადღებას საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1.10 პუნქტსაც, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (საადვოკატო მომსახურების ჰონორარი), რომელსაც კლიენტი უხდის ადვოკატს, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უკან არ ბრუნდება.

21. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ სამართლებრივი დახმარება მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს და განსაზღვრავს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას. ადვოკატის მოვალეობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო სხდომებზე დასწრებით, არამედ მოიცავს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, მტკიცებულებების შეგროვებას, სტრატეგიის დაგეგმვას, კლიენტის წარმომადგენლობას სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში და მოლაპარაკებების წარმოებას. თითოეული ეს კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და, კონკრეტულ შემთხვევებში, გადამწყვეტი შეიძლება გახდეს საქმის წარმატებული წარმართვისთვის.

ადვოკატის საქმიანობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სამართლებრივი დახმარების მთლიან, კომპლექსურ სურათს და არა მხოლოდ ცალკეულ საპროცესო მოქმედებებს. პროცესზე გამოუცხადებლობა ან მოწმის გამოუკითხველობა ვერ ჩაითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად, თუ ეს ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული და ადვოკატმა კლიენტის ინტერესების დასაცავად სხვა სამართლებრივი საშუალებები გამოიყენა. სამართლებრივი კონსულტაცია, საქმის სტრატეგიული მართვა და მტკიცებულებების სწორად შეფასება ხშირად ისეთივე ან კიდევ უფრო გადამწყვეტი შეიძლება იყოს, ვიდრე უშუალოდ სასამართლო პროცესზე დასწრება. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა, ადვოკატის საქმიანობის შეფასებისას, აუცილებელია, მისი მოქმედებების მთლიანობაში განხილვა, რათა სათანადოდ შეფასდეს მათი გავლენა კლიენტის ინტერესებსა და საქმეზე.

22. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საადვოკატო მომსახურების ფარგლებში მოპასუხე შეხვდა მოსარჩელეს და გაუწია კონსულტაცია; მიიღო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა; გამოკითხა ერთი მოწმე; დაესწრო სასამართლო სხდომების ნაწილს.

ბოლო, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იქნა მოსარჩელის მხრიდან დავალების ხელშეკრულების შეწყვეტით, რაც როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხება.

მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თვალსაზრისით, აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურმა ორგანომ, რომელიც ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის კონტროლის განხორციელებაზეა უფლებამოსილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ, მოპასუხის ქმედება ეთიკის ნორმების დარღვევად და დისციპლინურ გადაცდომად არ შეაფასა და, შედეგად, ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნა არ აღიძრა.

23. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის წინასწარ გადახდილი საზღაური, შეესატყვისება ამ უკანასკნელის მიერ გაწეულ საადვოკატო მომსახურებას, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი არ ვლინდებოდა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელი უარყოფილი იქნას.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. ვინაიდან კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი.

დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 75 ლარს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 138 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 138 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 63 ლარი.

ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. კ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. დ.ბ–ძეს (პ/ნ ........) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი), დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი (საგადახდო დავალება №22877254050, გადახდის თარიღი: 16.07.2024წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. კ.მ–ს (პ/ნ ......) დ.ბ–ძის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

6. კ.მ–ს (პ/ნ .......) სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (138 ლარი), დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 63 ლარი (საგადასახადო დავალება №9705, გადახდის თარიღი: 22.02.2024წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი") შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი