საქმე №ას-209-2022 30 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „თ.ე.ე–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „თ.ე.ე–ი“ (შემდეგ - მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ა–ის“ (შემდეგ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტი და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტისათვის გათვალისწინებული თანხის მიუღებელ შემოსავლად კვალიფიკაციას და ამტკიცებს, რომ მხარეებმა ასეთი შემთხვევისათვის პირგასამტეხლო გაითვალისწინეს. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
5.1. 2019 წლის 7 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება 2019 წლის 15 ნოემბრიდან 2020 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით ქ. თბილისში, ........ მდებარე გარე სარეკლამო ფარზე, ხოლო სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 16 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დღგ-ს ჩათვლით;
5.2. მოპასუხემ გადახდა შეწყვიტა 2020 წლის აპრილიდან. ხელშეკრულება კი, ვადამდე ცალმხრივად შეწყდა 2020 წლის 8 მაისის მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილით. სასამართლომ დაადგინა, რომ მომსახურების დავალიანება შეადგენს 1761.29 აშშ დოლარს, რაც საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
6. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტისათვის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების წინაპირობები და ოდენობა.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტისათვის გათვალისწინებული თანხა შინაარსობრივად პირგასამტეხლო იყო. პალატის შეფასებით, მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტისას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე შეთანხმდნენ. მოსარჩელემ კი, მიუღებელი შემოსავლის არსებობა ვერ დაადასტურა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ 8 692.04 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
8. 2019 წლის 7 ნოემბერს ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, „დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რაც არ არის გამოწვეული შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევით, ასევე – 4.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს შემსრულებელს 3.1. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი სრულად (მიუღებელი შემოსავლის სახით შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად)“.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის სრულად გადახდის ვალდებულების გათვალისწინების მიზანი იმ რისკის უზრუნველყოფა იყო, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტისას კონტრაჰენტს, შესაძლოა, წარმოშობოდა და რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობისათვის ხელშეკრულების შეწყვეტა საკმარისი იქნებოდა. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლის ე.წ. საჯარიმო თანხა - ფულადი საზღაური მხარეებმა მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, შესაძლოა, გაითვალისწინონ (ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით გერმანიის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა ხელშეკრულებიდან გასვლის სანაცვლოდ). საჯარიმო თანხა განსხვავდება პირგასამტეხლოსგან, რამდენადაც ის არ არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელსაც შესაძლო ზიანის ანაზღაურების ფუნქციაც აქვს, საჯარიმო თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების ადგილს იკავებს და მისი მიზანია სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან მხარეების გათავისუფლება და არა - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან, ის არც მიუღებელი შემოსავალია, რამდენდაც მხარეთა მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისათვის საჯარიმო თანხის გათვალისწინების შემთხვევაში მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რამდენადაც ვალდებულება დარღვეულად არ მიიჩნევა. ამდენად, საჯარიმო თანხა თავისი ბუნებით ხელშეკრულებიდან გასვლის სანაცვლოდ გადასახდელი თანხაა, გარკვეულწილად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების შეძენა, თუმცა - არა პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ზიანი (მიუღებელი შემოსავლის სახით). ამ ინსტიტუტის საშუალებით კონტრაჰენტს წარმოეშობა შესაძლებლობა, არ დაკარგოს ის სარგებელი რასაც იგი მოვალისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას მიიღებდა (შდრ. ს. ჯორბენაძე., საჯარიმო თანხის არსებობის პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში, „შედარებითი სამართლის ჟურნალი“, №2/2019).
10. რაც შეეხება მის ოდენობას, მართალია, პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მხარეთა ნების ავტონომიაში ვერ ჩაერევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჯარიმო თანხისას არ მოქმედებს ის ძირითადი პრინციპები, რომელიც დამახასიათებელია კერძოსამართლებრივი ურთიერთობისთვის (შდრ. ს. ჯორბენაძე., საჯარიმო თანხის არსებობის პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში, „შედარებითი სამართლის ჟურნალი“, №2/2019). განსახილველ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის შესაგებლის ფარგლებში, არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული თანხის დროის კონკრეტული მონაკვეთით განსაზღვრის საფუძველი, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელემ ბანერი კვლავ გააქირავა, კერძოდ, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, სარეკლამო ბანერზე განთავსებულია არა მოპასუხის, არამედ ერთ-ერთი პოლიტიკოსის სარეკლამო გამოსახულება. შესაბამისად, პალატის განსჯით, მართალია, მხარეებმა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის გაითვალისწინეს მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის სრულად გადახდის ვალდებულება, თუმცა, რაკი მოპასუხემ დაამტკიცა, რომ 2020 წლის 8 ოქტომბრისათვის მოსარჩელეს იგივე სარეკლამო ბანერი უკვე გაქირავებული ჰქონდა (მოსარჩელეს არ უმტკიცებია დათქმული ქირის შემცირება, სარეკლამო ბანერის შედარებით დაბალ ფასად გაქირავება და სხვა), მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან არიდების მიზნით, მიზანშეწონილია მომსახურების ღირებულების სწორედ ამ დრომდე დაკისრება.
11. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საჯარიმო თანხა მოპასუხეს უნდა დაეკისროს გასვლიდან - 2020 წლის 8 მაისიდან 2020 წლის 8 ოქტომბრამდე მომსახურების გადაუხდელი ნაწილის ოდენობით, რაც ყოველთვიური მომსახურების - 1 400 აშშ დოლარის გათვალისწინებით შეადგენს 7 000 აშშ დოლარს.
12. კასატორის შემდეგი პრეტენზია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებისათვის (გადაუხდელი ქირა 1761.29 აშშ დოლარი) გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 0.5%-ის სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებას უკავშირდება, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული პირგასამტეხლოს - 1627.32 აშშ დოლარისა და სარჩელის შეტანის დღიდან - 2020 წლის 10 აგვისტოდან 2021 წლის 17 ივნისამდე (დაზუსტებული მოთხოვნა) - 8.8 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სასამართლომ კი, მოპასუხეს დააკისრა 162.73 აშშ დოლარისა და ყოველდღიურად - 0.88 აშშ დოლარის გადახდა. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
13. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.
14. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთ-ერთია ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-504-2024, 04.10.2024წ.; №ას-1068-2024, 30.10.2024წ.).
15. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-327-2019. 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 05.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019წ.; №ას-51-2024 , 14.02.2024წ.; №ას-503-2024, 14.06.2024წ.).
17. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-310-2022, 16.12.2022წ.; №ას-889-2022, 23.03.2023წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.; №485-2024, 28.06.2024წ.).
18. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პალატა ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს დავალიანების ძირითადი თანხის - 1761.29 აშშ დოლარის 0.25%-ით, შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო - 1627.32 აშშ დოლარი, უნდა შემცირდეს 813 აშშ დოლარამდე, ხოლო 2020 წლის 10 აგვისტოდან 2021 წლის 17 ივნისამდე (311 დღე) მოპასუხეს პირგასამტეხლო – 1761.29 აშშ დოლარის 0.25% უნდა დაეკისროს, რაც ყოველდღიურად - 4.4 აშშ დოლარია. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორი არ მდიდრდება, არამედ კომპენსირდება მისი დანაკარგი. პალატის განსჯით, კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ დავალიანების ძირითადი თანხის 0.5%-ის მოპასუხისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და 0.25%-ს დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოდ მიიჩნევს.
19. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, ხოლო წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი 8 692.04 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 7 000 აშშ დოლარისა და დავალიანებული ძირითადი თანხის (1761.29 აშშ დოლარის), 0.25%-ის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 1 171 ლარი (საიდანაც 504 ლარი მოპასუხეს უკვე დაკისრებული აქვს პირველი ინსტაციის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად), სააპელაციო საჩივარზე 1 337.62 ლარი, საკასაციო საჩივარზე 1 884.6 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, დაეკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ.ე.ე–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „თ.ე.ე–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა (პირველი პუნქტი) და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „თ.ე.ე–ის“ სარჩელი შპს „ა–ისათვის“ საჯარიმო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ა–ს“ დაეკისროს 7 000 აშშ დოლარის გადახდა შპს „თ.ე.ე–ის“ სასარგებლოდ;
5. შპს „ა–ს“ შპს „თ.ე.ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 813 აშშ დოლარი და დავალიანების ძირითადი თანხის - 1761.29 აშშ დოლარის 0.25% ყოველდღიურად (რაც 4.4 აშშ დოლარია), 2020 წლის 10 აგვისტოდან 2021 წლის 17 ივნისამდე (311 დღე);
6. შპს „ა–ს“ მოსარჩელე შპს „თ.ე.ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2 691.56 ლარის გადახდა;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა