Facebook Twitter

№ას-389-2023

13 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის N54 ბრძანება ნ.ბ–ის ექვს თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ნაწილში; მოსარჩელე ნ.ბ–ი აღდგენილი იქნა სოფელ ბორბალოს საბავშვო ბაღში დამლაგებლის პოზიციაზე; ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს“ ნ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სარგოს ოდენობით (დარიცხული 250, 350 და 380 ლარის ოდენობით, გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2020 წლის 3 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლითაც მოსარჩელე ნ.ბ–ი აღდგენილ იქნა სოფელ ბორბალოს საბავშვო ბაღში დამლაგებლის პოზიციაზე და ა(ა)იპ თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს ნ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სარგოს ოდენობით (დარიცხული 250, 350 და 380 ლარის ოდენობით, გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2020 წლის 3 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: სამსახურში აღდგენისა და მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ანაზღაურების ნაცვლად, ა(ა)იპ თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს ნ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით); დანარჩენ ნაწილში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

2024 წლის 22 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ბ–ის მეუღლემ - შ.ს–მა და წარმოადგინა ნ.ბ–ის გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-389-2023) წარმოება აწ გარდაცვლილი ნ.ბ–ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის დადგენამდე 6 თვის ვადით.

2024 წლის 06 ივნისს ნ.ბ–ის მეუღლეს - შ.ს–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ ვინაიდან, სამკვიდროს გახსნიდან გასული იყო 6 თვე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, რათა სასამართლოს შეძლებოდა უფლებამონაცვლის დადგენა და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული წერილი სასამართლო მოხელის მიერ საქმეში ნ.ბ–ის მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნა ორჯერ, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პილიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შ.ს–ის (პ/ნ ........; მისამართი: თეთრიწყარო, სოფელი, ......; ტ-........) მოძიება და მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გზავნილი/შეტყობინების (საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შესახებ, რათა სასამართლოს შეძლებოდა უფლებამონაცვლის დადგენა და საქმის წარმოების განახლება) ჩაბარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს 2024 წლის 17 აგვისტოს მომართვით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გზავნილი 2024 წლის 16 აგვისტოს ჩაჰბარდა პირადად შ.ს–ს.

მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საკასაციო პალატისთვის რაიმე განცხადებით არ მოუმართავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია ნ.ბ–ის (პ/ნ .......) სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით.

2025 წლის 11 თებერვალს საკასაციო პალატას მომართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, რომელმაც მიუთითა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2023 წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ.ბ–ის (პ/ნ .......) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ის სარჩელი ააიპ „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის N54 ბრძანების (ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნის ნაწილში) ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მოვალეობას შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

ზემოაღნიშნული ნორმების მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ამავდროულად, მოცემული ნორმის დათქმა - მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელის განუხილველად დატოვებას ითვალისწინებს.

სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ.ბ–ი გარდაიცვალა 2023 წლის 09 დეკემბერს, სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 09 ივნისს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2024 წლის 29 მარტიდან გასულია 9 თვე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს (მეუღლეს) შ.ს–ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ). ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა საკასაციო სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის თაობაზე, ორჯერ გაეგზავნა სავარაუდო უფლებამონაცვლე შ.ს–ს საქმეში ნ.ბ–ის მიერ მითითებულ მისამართზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შ.ს–ის მიერ საქმის წარმოების შეჩერების მიზნით წარდგენილი განცხადების მიხედვითაც, მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე - შ.ს–ი ცხოვრობს იმავე მისამართზე, სადაც ცხოვრობდა ნ.ბ–ი. აღნიშნული გზავნილების ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა მისი სახლში არყოფნის გამო, რის შემდგომაც, ზემოაღნიშნული მიმართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს მეშვეობით ჩაჰბარდა შ.ს–ს, 2024 წლის 16 აგვისტოს. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტით (ტ.2, ს.ფ. 442) დასტურდება, რომ მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე (მეუღლე) შ.ს–თან მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (.........) დაკავშირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ადრესატი სატელეფონო ზარს არ პასუხობს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის მომართვით დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2023 წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ.ბ–ის (პ/ნ ........) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება მიმდინარე საქმეზე 6 თვის ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში და მისი გასვლის შემდეგაც, მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის დადგენის მიზნით, ან შეჩერების ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს, ამავდროულად, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის მომართვით დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2023 წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ.ბ–ის (პ/ნ .......) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტიდან გამომდინარე, ნ.ბ–ის სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად და უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება) გათვალისწინებით, კასატორს - ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 531 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 31 ლარი და დარჩენილი 500 ლარის 70% - 350 ლარი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარეების მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით; 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნ.ბ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად.

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებები;

4. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს“ (23086..) დაუბრუნდეს 2023 წლის 15 მარტის №01376 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 531 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 31 ლარი და დარჩენილი 500 ლარის 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე