Facebook Twitter

ას-673-2024

10 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ს.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, მამობის დადგენისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი ს.მ–ძის მიმართ მამობის დადგენის და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი.მ–ი ცნობილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვის - 2019 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ლ.მ–ძის მამად. ი.მ–ს არასრულწლოვან შვილთან - 2019 წლის 2 ოქტომბერს დაბადებულ ლ.მ–ძესთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა შემდეგი წესი: ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ვიდეოზარის საშუალებით, ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით 21:00 საათზე; ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი კვირის შაბათს, საქართველოში ყოფნის პერიოდში - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერობისათვის განესაზღვრა საქართველოში ყოფნის პერიოდში - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. აპელანტმა მოითხოვა ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კერძოდ, მოსარჩელისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერობის შემდეგი წესის განსაზღვრა: საქართველოში ყოფნის პერიოდში - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ს.მ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2. (ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით) და 3.3. (ყოველი კვირის შაბათს, საქართველოში ყოფნის პერიოდში - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით) პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა განჩინება. ი.მ–ის სარჩელი არასრულწლოვან შვილთან - 2019 წლის 02 ოქტომბერს დაბადებულ ლ.მ–ძესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში დარჩა განუხილველი.

პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

4.1. დადგენილია, რომ მხარეები - მოსარჩელე - ი.მ–ი და მოპასუხე ს.მ–ძე არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები.

4.2. მცირეწლოვანი ლ.მ–ძე დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2019 წლის 2 ოქტომბერს.

4.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ლ.მ–ძე არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს მოქალაქე.

4.4. ლ.მ–ძეს ადრეული ინტერვენციის პროგრამის მეშვეობით შესრულებული შეფასებების თანახმად, დასმული აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი, 2021 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით. არასრულწლოვანი ჩართულია ქალაქ ნიუ-იორკის ადრეული ინტერვენციის პროგრამაში (EIP). ლუკასი იღებს სპეციალურ ინსტრუქციას (ABA), მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპიის სერვისებს Prospect Kids LLC-ის მეშვეობით. ლ. დარჩება პროგრამაში 2022 წლის 1 ოქტომბრამდე ადრეული ინტერვენციის პროგრამის რეგულაციის შესაბამისად. თუ დასაშვებია, ბავშვი გადავა მომდევნო პროგრამაზე 2023 წლის 1 იანვრიდან, სადაც იგი გააგრძელებს მომსახურების მიღებას განათლების დეპარტამენტის მეშვეობით.

4.5. 2019 წლის დეკემბერში ს.მ–ძემ ლ. ჩამოიყვანა საქართველოში და დატოვა თავის დედასთან - შ.მ–ძესთან.

4.6. ი.მ–ი საქართველოში იმყოფება 2020 წლის 26 ივლისიდან.

4.7. 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში ჩამოვიდა ს.მ–ძეც, თუმცა მოგვიანებით მან დატოვა საქართველო, რა დროსაც ლ–ზე ზრუნავდა მისი დედა. 2021 წლის ბოლოს ს.მ–ძე კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და მოგვიანებით შვილთან ერთად დაბრუნდა აშშ-ში.

4.8. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის მცირეწლოვანი ლ.მ–ძე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დედასთან ს.მ–ძესთან ერთად (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

4.9. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და ამასთან, გამოირკვა, რომ საქმის განხილვის დროისათვის მცირეწლოვნის ადგილსამყოფელს წარმოადენდა ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გამორკვევა, იყო თუ არა საქართველოს სასამართლოს განსჯადი მხარეთა შორის განსახილველი დავა. პალატის მითითებით, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასებულიყო სხვადასხვა ნორმატიული აქტების - საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს კანონების შესაბამისად.

4.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონზე. მითითებული ნორმატიული აქტის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ე.ი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საქართველოს სასამართლო წარმოადგენს განსჯად სასამართლოს. ასევე მიუთითა „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციაზე (ჰააგის იურისდიქციის კონვენცია), რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 5 თებერვლის N1953-IIს დადგენილებით და ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან. აღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვების დაცვის ღონისძიებები წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს უფლებამოსილებას, რომელშიც არის ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი გარემო.

4.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რომ სწორედ მითითებული ნორმატიული აქტი (კონვენცია) განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფოს ორგანოებს გააჩნიათ ბავშვის პიროვნებისა ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღების იურისდიქცია; აღნიშნული ნორმატიული აქტი ადგენს იმასაც, თუ რომელი სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული ასეთი ორგანოების მიერ მათი იურისდიქციის განხორციელებისას, ასევე, მშობლის პასუხისმგებლობის დადგენისას და ა.შ. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტის - კონვენციის საფუძველზე უნდა დადგინდეს განსჯადობა მოცემულ სარჩელებთან მიმართებაში. სასამართლო მიუთითა ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციას აქვს უპირატესი სამართლებრივი ძალა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან შედარებით და შესაბამისად, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო კონვენციაში მითითებული სამართლის ნორმები. აღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით კი, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს, ან ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნიათ იურისდიქცია მიიღონ ბავშვის პიროვნების დაცვისაკენ მიმართული ზომები.

4.12. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის თანახმად, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ სარჩელის განხილვის იურისდიქცია გააჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს, იმის გამო, რომ ბავშვის - ლ.მ–ძის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ამერიკის შეერთებული შტატებია. ყოველივე აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ გასაჩივრებული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მეორე მხრივ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანი ლ.მ–ძის საცხოვრებელ ადგილს პერიოდულად წარმოადგენდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე საქართველო. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს აქვს საქართველოში საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი და/ან პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

5.2. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს სასამართლო წარმოადგენს ამგვარი დავების განსჯად სასამართლოს და მას უნდა გამოეყენებინა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი და არა „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებლი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენცია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის დროისათვის მცირეწლოვნის ადგილსამყოფელს წარმოადენდა ამერიკის შეერთებული შტატები, რის გამოც, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ სარჩელის განხილვის იურისდიქცია გააჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს.

10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს სასამართლო წარმოადგენს ამგვარი დავების განსჯად სასამართლოს, რადგან სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, ნაცვლად, „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებლი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციისა.

11. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განსჯადობაში/კომპეტენციაში იგულისხმება სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების გამოყენების ფარგლები. მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი პროცესუალური ნორმების საფუძველზე განსჯადობის დადგენის შემდეგ ხდება საერთაშორისო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა.

12. ქვეყნის შიგნით სასამართლო სისტემა თავად განსაზღვრავს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის ფარგლებს. არ არსებობს ეროვნული სამართლის მიერ წინასწარ დადგენილი რაიმე წესი საერთაშორისო კომპეტენციის შესახებ. თითოეული ქვეყნის სასამართლო თავად წყვეტს საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს და მას განიხილავს იმ ჩარჩოებში, რომელ ჩარჩოშიც ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის განხილვა მის კომპეტენციაში შედის. სახელმწიფოების ნაციონალურ სასამართლოთა საერთაშორისო კომპეტენციის საკითხები, როგორც წესი, რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით ანდა სპეციალური კანონებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ (სუსგ.: ა-4173-ბ-11-2019, 04.12.2019წ.).

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, „საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.“ ამავე კანონის მე-9 მუხლი კი, ითვალისწინებს საერთო საერთაშორისო კომპეტენციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს სასამართლოებს ენიჭებათ საერთაშორისო კომპეტენცია. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ: ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა; გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა; დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია; ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია; ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებლის გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა. საკასაციო პალატა საერთაშორისო კომპეტენციასთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებს განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციაზეც. განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია („specific contracts”), ძირითადად გამოიყენება ცალკეული სახის სამოქალაქო სამართლებრივი დავების მიმართ. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 13- მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

14. ზემოაღნიშნული მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლო წარმოადგენს მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოს. თუმცა, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 5 თებერვლის N1953-IIს დადგენილებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია და 2015 წლის 1 მარტიდან ძალაშია „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენცია. სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, აღიარებენ საერთაშორისო შემთხვევებში ბავშვთა დაცვის დახვეწის აუცილებლობას, სურთ აიცილონ წინააღმდეგობა თავის სამართლებრივ სისტემებს შორის იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარებისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან მიმართებაში, გვახსენებენ ბავშვთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ადასტურებენ, რომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

15. მითითებული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვების დაცვის ღონისძიებები წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს უფლებამოსილებას, რომელშიც არის ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი გარემო. პალატა ყურადღებას გაამახვილებს კონვენციის მიზანზე, რომელიც არის იმ სახელმწიფოს განსაზღვრა, რომლის ორგანოებს გააჩნიათ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღების იურისდიქცია; იმ სამართლის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება გამოყენებას ასეთი ორგანოების მიერ მათი იურისდიქციის განხორციელებისას, ასევე მშობლის პასუხისმგებლობის დადგენისას და ა.შ.

16. ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზემოაღნიშნული კონვენციის დანაწესები განსხვავებულად აწესრიგებს კომპეტენციის საკითხს, საკასაციო პალატა მოიხმობს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში... აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

17. შესაბამისად, „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენცია უპირატესია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან შედარებით და სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა კონვენციაში მითითებული სამართლებრივი ნორმები. შესაბამისად, მართებულად დაადგინა, რომ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ სარჩელის განხილვის იურისდიქცია გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს, როგორც ბავშვის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის ქვეყნის სასამართლოს.

18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში მართებულად დატოვა სარჩელი განუხილველი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე