№ას-684-2024
21 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „წ. და გ.ტ–ბი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მოპასუხე შპს „წ. და გ.ტ–ბს“ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 2 336,40 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2025 წლის 13 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა (მოსარჩელე) - აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მიუთითა, რომ მოპასუხე შპს „წ. და გ.ტ–ბმა“, თავისივე ინიციატივით, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუხადა მის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად და მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი ურთიერთშეთანხმების აქტი. კასატორმა (მოსარჩელემ) აღნიშნა, რომ მოპასუხემ მას სრულად გადაუხადა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო - 10 934,35 ლარის ოდენობით, რის გამოც აღარ არსებობს დავის საგანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. კასატორმა ასევე იშუამდგომლა განსახილველ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლოbა და მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. კანონის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - აგროპროექტების მართვის ცენტრის 2019 წლის ქვეპროგრამის „მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NAT190005645, 37 ჰა ფართობზე ბაღის წვეთოვანი სარწყავის სისტემის შესყიდვის მიზნით, რომლის გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „წ. და გ.ტ–ბი". 2019 წლის 24 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N29 ხელშეკრულება, ღირებულებით - 77 880 ლარი. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (22/06/2019წ. ჩათვლით). აგროპროექტების მართვის ცენტრს, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „წ. და გ.ტ–ბს“ შორის 05/06/2019წ. გაფორმებული N29-1 სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების შემსყიდველ მხარედ განისაზღვრა სამინისტრო. შპს „წ. და გ.ტ–ბმა" ვერ შეძლო 2019 წლის 24 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და შპს "წ. და გ.ტ–ბს" სამინისტროს წინაშე დაეკისრა პირგასამტეხლო 10 934,35 ლარის ოდენობით.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე შპს „წ. და გ.ტ–ბს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო - 10934,35 ლარი. აღნიშნული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,წ. და გ.ტ–ბს’’ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 2 336,40 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აღნიშნული საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.
2025 წლის 13 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა (მოსარჩელე) - აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მიუთითა, რომ მოპასუხე შპს „წ. და გ.ტ–მა“ თავისივე ინიციატივით, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუხადა მის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად და მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი ურთიერთშეთანხმების აქტი. კასატორმა (მოსარჩელემ) აღნიშნა, რომ მოპასუხემ მას სრულად გადაუხადა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო - 10 934,35 ლარის ოდენობით, რის გამოც აღარ არსებობს დავის საგანი და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე:
1. შპს „წ. და გ.ტ–ბის“ 2024 წლის 11 დეკემბრის წერილი აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი, რომლითაც მოპასუხემ გამოთქვა სურვილი მოსარჩელისათვის გადაეხადა მის მიმართ არსებული დავალიანება სრულად და სამინისტროსგან მოითხოვა შესაბამისი რეკვიზიტები თანხის ჩასარიცხად (იხ. ტომი III, ს.ფ. 207);
2. შპს „წ. და გ.ტ–ბის“ 2024 წლის 27 დეკემბრის მიმართვა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი და საგადახდო დავალება 25231871332 (სს „საქართველოს ბანკის ქვითარი) რომლითაც დასტურდება, რომ შპს „წ. და გ.ტ–ბის“ დირექტორმა ე.ზ–მ 2024 წლის 26 დეკემბერს შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო - 10 934,35 ლარის ოდენობით, დანიშნულებაში მითითებულია შემდეგი: შემოსავალი ხელშეკრულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან. საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ. (იხ. ტომი III, ს.ფ. 209-210);
3. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის 27 დეკემბრის N 03/556 მიმართვა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახაზინო სამსახურისადმი, რომლითაც მოსარჩელემ სახაზინო სამსახურს მოთხოვა დაედასტურებინა ის ფაქტი შპს „წ. და გ.ტ–ბის“ მიერ ნამდვილად იყო თუ არა ჩარიცხული სადავო თანხა შესაბამის ანგარიშზე (იხ. ტომი III, ს.ფ. 219-2220);
4. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის N 01-10/63 მიმართვა მოსარჩელისადმი, რომლითაც სახაზინო სამსახური აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის 27 დეკემბრის N 03/556 წერილის პასუხად ადასტურებს შპს „წ. და გ.ტ–ბის“ მიერ ხაზინის შესაბამისს ანგარიშზე სადავო თანხის - 10 934,35 ლარის ჩარიცხვის ფაქტს (იხ. ტომი III, ს.ფ. 222-224);
5. მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ შპს „წ. და გ.ტ–ბის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს - 10 934,35 ლარის გადახდის შემდეგ მიმართავდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით და სასამართლოს წარუდგენდა შესაბამისს მტკიცებულებებს (იხ. ტომი III, ს.ფ. 225-226).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს „წ. და გ.ტ–ბმა“ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუხადა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N29 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო - 10 934,35 ლარი და აღნიშნული თანხის დაკისრება მიმდინარე საქმეში წარმოადგენდა დავის საგანს, მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მითითებული მუხლის შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,წ. და გ.ტ–ბს“ (ს/ნ ..........) დამატებით აეკრძალა, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........., ბინა N52 (+19.00 ნიშნული), ფართი: 102.62 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა; ასევე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „წ. და გ.ტ–ბის“ (ს/ნ ........) სს „ი.ს–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშს, 10 934.35 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა. (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „წ. და გ.ტ–ბის“ (ს/ნ ..........) საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, მათ შორის საბანკო ანგარიშს სს „თ.ბ–ში“ ბანკის კოდი TBCBGE22, GE45TB0857736080100006. 10 934.35 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით გაუქმდა ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნა შპს „წ. და გ.ტ–ბის“ საბანკო ანგარიშებს ყველა საბანკო დაწესებულებებში, გარდა სს „ი.ს–ში“ არსებული ანგარიშებისა 10 934.35 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.)
აქვე აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა (მოსარჩელემ/ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის ავტორმა) საქმის წარმოების შეწყვეტასთან ერთად, თვითონ მოითხოვა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელზე შპს „წ. და გ.ტ–ბის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო.
2. გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს „წ. და გ.ტ–ბს“ (ს/ნ .......) დამატებით აეკრძალა, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........., ბინა N52 (+19.00 ნიშნული), ფართი: 102.62 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
3.1 გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „წ. და გ.ტ–ბის“ (ს/ნ .......) სს „ი.ს–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებს, 10 934.35 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე