№ას-731-2023
23 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.გ.ტ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შემოწმების აქტისა და განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ქ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალული გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ გაზსადენის პერიოდული შემოვლა დათვალიერების პროცესში გაჟონვისა და უწესრიგობის აღმოჩენის მიზნით;
1.2.2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მრიცხველის შემოწმების პროცესში;
1.3.2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.4.4. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მრიცხველის შემოწმების პროცესში;
1.4.2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.4.8. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული გგს-ში/გგს-თან დღე-ღამის ნებისმიერ დროს მისვლისას;
1.5.უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ....... არსებული გაზგამანაწილებელი სადგურის 2017 წლის 10 ივლისის შემოწმების ფაქტი;
1.6.უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ....... არსებული გაზგამანაწილებელი სადგურის 2017 წლის 10 ივლისის შემოწმების აქტი N07534;
1.7.უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ..... არსებული გაზგამანაწილებელი სადგურისათვის 2017 წლის 10 ივლისს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი;
1.8.დაევალოს მოპასუხეს უზრუნველყოს მოსარჩელის კუთვნილი, გორის მუნიც. სოფ. სვენეთში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვადის (5 თვისა და 22 დღე) განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყოს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაზის მიწოდების დღიდან;
1.9.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 92 913.69 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ქ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ქ–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, შპს „ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1.1. შპს „ქ–სა“ და შპს „ს.გ.ტ.კ–იას“ შორის, 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N1/58 ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის მოიცავდა შემდეგს:
- გაზსადენის პერიოდული შემოვლა დათვალიერება, გაჟონვებისა და უწესრიგობის აღმოჩენის მიზნით (1.1.1. პუნქტი);
- დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით (1.1.2. პუნქტი).
6.1.2. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დამკვეთის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის სათანადო ექსპლუატაციას. „შემსრულებელი“ არ იყო პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველეყო „დამკვეთს“.
6.1.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 იანვრამდე.
6.1.4. შპს „ქ–სა“ და შპს „ს.გ.ტ.კ–იას“ შორის, 2018 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ იგივე შინაარსის N1/50 ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო მხარეთა შორის 2016 წლის 15 დეკემბერს და რომლის შინაარსიც სადავო არ გამხდარა მხარეთა შორის (იგულისხმება 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება).
6.1.5. შპს „ს.გ.ტ.კ–ია“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიანტს საქართველოს ტერიტორიაზე.
6.1.6. 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის თანახმად, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურის გეგმიური შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევა. კერძოდ, დადგინდა ბუნებრივი გაზის მრიცხველზე მექანიკური ზემოქმედება, რაც განაპირობებდა მრიცხველის არასწორ მუშაობას. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბ/აირის დატაცებას. გამოძახებულ იქნენ გორის შსს-ს თანამშრომლები. მომხმარებელს შეუწყდა ბ/აირის მიწოდება. მრიცხველი მოიხსნა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე.
6.1.7. წარმოდგენილი სარჩელით, შპს „ქ–მა“ მოითხოვა 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N1/58 ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3, 2.4.4 და 2.4.8 პუნქტების ბათილად ცნობა, ასევე, 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა; ამავე აქტის საფუძველზე გაზის შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და ბ/აირის უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6.1.8. ინდივიდუალური აუდიტორის - გ.გ–ის 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ბ/აირის შეწყვეტის შედეგად მოსარჩელის მიმართ მიყენებულმა ზარალმა, მისაღები მოგების ჩათვლით, სულ 92 913.69 ლარი შეადგინა.
6.1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეთა შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3, 2.4.4, 2.4.8 პუნქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში შპს „ქ–ის“ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
6.1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში სარჩელის მოთხოვნებად დარჩა 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, ამავე აქტის საფუძველზე გაზის შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და ბ/აირის უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.
6.2. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
6.3. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის უკანონოდ ცნობის ნაწილში, სარჩელი არსებითად ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენლების მიერ გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმება (მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანის ლუქის გახსნა) განხორციელდა ცალმხრივად, მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს (ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენისთანავე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი (შესაბამისი მხარის თანდასწრებით) და აცნობოს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნული ფაქტის შესახებ) და არაკანონიერად აქცევდა შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებსა და ბ/აირის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე, შემსრულებლის მიერ შედგენილი აქტის უკანონოდ აღიარებასა და ბ/აირის მოწოდების უსაფუძვლო შეწყვეტის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, სასამართლოს მიერ უნდა შემოწმებულიყო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა.
6.4. პალატამ მიიჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა (მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება), მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები წარმოადგენდა.
6.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის დარღვევაზე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური სტანდარტის თანახმად, მოპასუხეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი წარმომადგენლები გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმებისას (მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანის ლუქის გახსნისას) მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნების დაცვით.
6.6. მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ზემოთ ხსენებული გარემოების კვლევის ფარგლებში, რაიონული სასამართლოს მიერ, სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე თ.თ–ის განმარტების თანახმად, ორი პიროვნება, რომლებიც მათ (მოპასუხის წარმომადგენლებს) გაეცნენ შპს „ქ–ის“ თანამშრომლებად, მათთან შემოწმების შემდეგ მოვიდნენ (29.01.2020 წლის სხდომის ოქმი 17:39-დან); მოწმე გ.გ–ის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლებმა ჯერ მათი ოპერატორი გამოიძახეს (ქალბატონი, რომელიც ემსახურებოდა ამ ობიექტს), ხოლო შემდეგ ამ ოპერატორმა მოსარჩელის წარმომადგენლები გამოიძახა (იქვე 17:50-დან).
6.7. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არ იყო სათანადოდ შეფასებული ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობას და დასკვნებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი წინააღმდეგობაში მოდიოდა გადაწყვეტილების მე-8 გვერდის ბოლო აბზაცში განვითარებულ მსჯელობასთან). კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 10 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმება განხორციელდა ისე, რომ მოპასუხეს წინასწარ არ უცნობებია მოსარჩელისათვის და არც აქტის შედგენას არ დასწრებია მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო გადაწყვეტილების მე-8 გვერდზე, ბოლო აბზაცში განვითარებული მსჯელობის თანახმად, შემოწმების აქტი შედგენილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის მონაწილეობით, მიუხედავად აქტზე ხელმოწერის არარსებობისა.
6.8. ზემოაღნიშნული ურთიერთსაპირისპირო მსჯელობებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე გაურკვევევლი რჩებოდა გარემოება იმის შესახებ, ესწრებოდნენ თუ არა მოსარჩელის წარმომადგენლები შპს „ქ–ის“ კუთვნილი მრიცხველის ლუქის გახსნისა და აქტის შედგენის პროცესს.
6.9. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ შეიცავდა მსჯელობას მტიცებულებების კვლევისა და სამართლებრივ შეფასებების შესახებ ზიანის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით.
6.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულ არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახეზე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებდა სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავდა გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქმე უნდა დაბრუნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რათა სასამართლოს ხელახლა, სრულყოფილად გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეეფასებინა ისინი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით; მოწმეთა ხელახლა დაკითხვით გაერკვია, რამდენად იყო უზრუნველყოფილი მრიცხველის ლუქის გახსნისა და აქტის შედგენის პროცესში მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობა. ასევე, რამდენად სარწმუნოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, ზიანის კონკრეტული ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი პოზიცია, რათა მათ არ შეზღუდვოდათ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატის მითითებით, გორის რაიონულ სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისას, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის საკითხი უნდა განეხილა არსებითად, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დაედგინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატური სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გადაეწყვიტა დავა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.გ.ტ.კ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რის გამოც, უსაფუძვლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმებზე, რადგან არ არსებობს შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ ბრალეული ქმედება შპს „ქ–ისთვის“ ზიანის მიყენების საკითხში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9.2.კასატორი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით, გორის რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და სამართლიანად გაიზიარა შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ აქტი შედგენილ იქნა შპს „ქ–ის“ წარმომადგენლების თანდასწრებით, ხოლო, აქტზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ხელმოუწერლობა არ ნიშნავს, რომ აქტის შედგენა მოწინააღმდეგე მხარის თანდასწრებით არ მომხდარა. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა შპს „ქ–ის“ წარმომადგენლების ყოფნა შემოწმების დროს, შემოწმების პროცესზე სავალდებულო არ იყო იყო „გგს“-ის მესაკუთრის დასწრება, რადგან, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია შეუფერხებლად შევიდეს „გგს“-ის ტერიტორიაზე და განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რასაც საჭიროდ ჩათვლის. კასატორი განმარტავს, რომ იმ პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: „ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობის თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის“. აქვე, კასატორი აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს და უპირატესობა გააჩნია სამოქალაქო კოდექსთან მიმართებაში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საკითხებისა და ურთიერთობების რეგულირებისას. არცერთი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავისი უფლებამოსილების (მათ შორის, მრიცხველის შემოწმების) განხორციელებისას, ტრანსპორტირების სისტემის შემადგენელი ნაწილის (გგს-ის) მესაკუთრის დასწრების საჭიროებას. აღნიშნული დასტურდება ასევე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების" მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ადგენს, რომ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენისთანავე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი (შესაბამისი მხარის თანდასწრებით) და აცნობოს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნული ფაქტის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს ურთიერთობის მონაწილე მხარის ანუ გაზგამანაწილებელი სადგურის მფლობელის დასწრების გარეშე და მხოლოდ შემდეგ ეცნობოს მას ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შესახებ. აღნიშნულ სამართლებრივ ნორმას არასწორად განმარტავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-20 და 23-ე პუნქტებში.
9.3.კასატორის მითითებით, მიმდინარე სამოქალაქო საქმეში არ არის წარმოდგენილი შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ არაკეთილსინდისიერი ქმედების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ ქმედება (გგს-ის შემოწმების პროცესი) მის ყველა ეტაპზე სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობასა და კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ვინაიდან კასატორის ქმედება იყო კანონიერი და გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან და შესაბამისი ნორმატიული აქტებიდან, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს კასატორის ქმედებისა და აქტის უკანონოდ ცნობა.
9.4.კასატორის მოსაზრებით, ვინადან, მოწინააღდეგე მხარის უკანონო ქმედებიდან, (შპს „ქ–ის“ მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ სადგურზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე დაფიქსირებული მექანიკური დაზიანების შედეგად, რა დროსაც მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანი იყო ღია მდგომარეობაში, რაც იწვევდა მრიცხველის არასწორ მუშაობას, მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანზე მანიპულაციის საშუალებით ხდებოდა ბუნებრივი გაზის უფრო მეტი რაოდენობით გატარება, ვიდრე ამას აღიქვამდა მრიცხველი, გამომდინარე), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სადაც მოყვანილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და კასატორს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩვარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ; N ას-1136-2023, 16.112023წ; N ას-1303-2023, 226.01.2024წ.).
14. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ-ები საქმეზეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).
15. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011,10.01.2012წ.; №ას-173-2021,31.01.2021წ). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდეგნი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (სუსგ Nას-1167-2019, 22.07.2020წ.)
17. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაუდო ის მოტივაცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა, სრულყოფილად გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეეფასებინა ისინი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით; კერძოდ, სასამართლოს მოწმეთა ხელახლა დაკითხვით უნდა გაერკვია, რამდენად იყო უზრუნველყოფილი მრიცხველის ლუქის გახსნისა და აქტის შედგენის პროცესში მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობა. ასევე, რამდენად სარწმუნოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, ზიანის კონკრეტული ოდენობა.
18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (მისი წარმომადგენლები გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმებისას მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნების დაცვით) კვლევის ფარგლებში, რაიონული სასამართლოს მიერ, სხდომაზე უკვე დაიკითხნენ მოწმეები, ხოლო, თუ სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იყო სათანადოდ შეფასებული ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად მიეცა მოწმეთა ჩვენებებისათვის სამართლებრივი შეფასება და გაეზიარებინა ან არ გაეზიარებინა ქვედა ინსტანციის მიერ მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგები.
19. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მეორე საფუძველს მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მტიცებულებების კვლევისა და სამართლებრივ შეფასებების შესახებ ზიანის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით, რის გამოც სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად სარწმუნოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ზიანის კონკრეტული ოდენობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც დასახელებული მითითება წარმოადგენს იმგვარ საფუძველს, რის გამოც, გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განამრტებებისა და აუდიტის 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, შპს „ქ–ს“ მიადგა მატერიალური ზიანი 92913.69 ლარი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ზიანის კონკრეტული ოდენობასთან დაკავშირებით, ხოლო, თუ სააპელაციო პალატას არასაკმარისად მიაჩნდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, ასევე, მათი შეფასება და არ ეთახმებოდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, მას შეეძლო თავად შეეფასებინა, მოსარჩელის მხრიდან თუ რამდენად რელევანტური და ჯეროვანი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი მოპასუხისათვის ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების დასაკისრებლად.
20. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოსაც და შეუძლია ახლებურად დაადგინოს ფაქტები, ასევე არ გაიზიაროს ქვედა ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგები. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ თავადვე უნდა მისცეს მოწმეთა ჩვენებებს სამართლებრივი შეფასება და თვითონვე უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად სარწმუნოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ზიანის კონკრეტული ოდენობა. შემდგომ კი, საერთო სურათის, ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობის საფუძველზე, უნდა დაადგინოს მოთხოვნის განხორციელების სამართლებრივი ფარგლები და თავადვე გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
22. მოცემული ნორმების ანალიზის, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთებისა და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე